Wednesday, October 30, 2013

მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მითი თუ რეალობა?

გიორგი ჯიქია




  როდესაც 1938 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ოტო ჰანმა პირველად მოახერხა ურანის ატომბირთვის გახლეჩა, მას წარმოდგენაც არ ექნებოდა, რომ ეს აღმოჩენა რადიკალურად შეცვლიდა სამომავლო საერთაშორისო ურთიერთობების ბუნებას. სამხედრო მიზნებისთვის ეს აღმოჩენა აშშ-მა გამოიყენა და 1945 წლისთვის წარმატებით დაასრულა გასაიდუმლოებული ,,მანჰეტენის პროექტი’’, შექმნა რა, ბირთვული ბომბი.
ეს იარაღი ომში მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს - 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს. აშშ-მა ორი ბომბი, ,,პატარა ბიჭუნა’’ და ,,სქელი’’, ჩამოყარა იაპონიის ქალაქებში - ხიროსიმასა და ნაგასაკიში. შედეგად მიღებულმა არნახულმა მსხვერპლმა და ნგრევამ იაპონია აიძულა კაპიტულაციას დათანხმებულიყო. ამან დაასრულა კიდეც მეორე მსოფლიო ომი. აშშ 1949 წლამდე ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო იყო, ხოლო შემდეგ მას საბჭოთა კავშირმაც ,,დაუმშვენა’’ გვერდი. ასე დაიწყო შეჯიბრი ბირთვულ შეიარაღებაში. სახელმწიფოები აგროვებდნენ ბირთვულ იარაღს, მაგრამ თანდათან ცხადი ხდებოდა, რომ ასეთი დამანგრეველი იარაღის გამოყენებას აზრი არ ჰქონდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ მეტოქეს ყოველთვის რჩებოდა საპასუხო დარტყმის მიყენების საშუალება წყალქვეშა ნავებიდან თუ საიდუმლო სარაკეტო ბუნკერებიდან. ამის გარდა, ბირთვული იარაღის დიდი რაოდენობით გამოყენებას მოჰყვებოდა გლობალური მასშტაბის რადიაციული დაბინძურება, ჭვარტლის დიდი რაოდენობით დაგროვება ატმოსფეროში, რაც მზის სხივების შემოსვლას შეაფერხებდა და მივიღებდით ბირთვულ ზამთარს. ეს უკანასკნელი კი ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სახელმწიფოებმა დაასკვნეს, რომ ბირთვული იარაღის ბრძოლაში გამოყენებას აზრი არ აქვს, მარტივი მიზეზის გამო - ასეთ შემთხვევაში  ომს გამარჯვებული არ ეყოლება.  ბევრი ექსპერტი (მაგ. უოლცი, კაპლანი, კისინჯერი...) სწორედ ბირთვული იარაღის ფაქტორით ხსნის იმ ფაქტს, რომ დაპირისპირება აშშ-სა და სსრკ-ს შორის ცხელ ომში ვერ გადაიზარდა. ბირთვულმა იარაღმა შემაკავებლის ფუნქცია შეიძინა.  პერიოდს 1945 წლიდან დღემდე ზოგჯერ ,,ბირთვულ მშვიდობას’’ უწოდებენ. ამის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ ყველა სახელმწიფოს ექნებოდა ბირთვული იარაღი, მაშინ ომები აღარ მოხდებოდა. საერთაშორისო სისტემის ეს მოდელი ,,ერთეული ვეტოს’’ სახელითაა ცნობილი.
რა თქმა უნდა, მხოლოდ სსრკ და აშშ არ არიან ბირთვული სახელმწიფოები, ,,ბირთვულ კლუბს’’ თანდათან უერთდებოდნენ დიდი ბრიტანეთი (1952), საფრანგეთი (1960), ჩინეთი (1964), ინდოეთი (1974), პაკისტანი (1998), ჩრდილოეთ კორეა (2006) და ისრაელი (სავარაუდოდ 1978 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამას თვითონ არ ადასტურებს) . 1968 წლიდან არსებობს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, რომელსაც დღემდე 190 სახელმწიფო შეუერთდა, თუმცა მათ შორის არ არიან ისრაელი, ინდოეთი, პაკისტანი, ჩრდ. კორეა. ჯერ კიდევ 1985 წლისთვის დედამიწაზე დაგროვილი ბირთვული არსენალი საკმარისი იყო კაცობრიობის 690-ჯერ გასანადგურებლად. სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო მასობრივი მოძრაობები ბირთვული განიარაღების მოთხოვნით. ბირთვული იარაღი მუდმივ განახლებასა და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებდა, რათა შემთხვევითი აფეთქება გამორიცხული ყოფილყო. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაღალ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. 1969 წელს დაიწყო მოლაპარაკებები სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის (SALT I) შესახებ, თუმცა ავღანეთის კონფლიქტის გამო შეწყდა და მხოლოდ 1986 წელს განახლდა (SALT II). 1987 წელს ვაშინგტონში დადებული ხელშეკრულების თანახმად აშშ-სა და სსრკ-ს უნდა გაენადგურებინათ საშუალო და მცირე რადიუსიანი სტრატეგიული რაკეტები. 2003 წელს რუსეთსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მათ 2012 წლამდე უნდა გაენახევრებინათ ბირთვული არსენალი. ბირთვული განიარაღება ჰოლივუდური ბლოკბასტერების თემაც გახდა, მაგალითისვის კარგია 2013 წელს გამოსული ფილმი G.I. Joe: Retaliation (შურისძიება).
ფილმში მოქმედება ასე ვითარდება: აშშ-ის პრეზიდენტი (ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაცია ,,კობრას’’ აგენტი, რომელმაც ნამდვილი პრეზიდენტი შეუმჩნევლად  ჩაანაცვლა ნანოტექნოლოგიური გრიმის წყალობით) სამიტზე იწვევს რვავე ბირთვულ სახელმწიფოს და  მათ ულტიმატუმს უყენებს: კაცობრიობის სასიკეთოდ, ისინი გაანადგურებენ საკუთარ ბირთვულ არსენალს, ან აშშ მათ ომს უცხადებს, თანაც ზრდილობიანად შეახსენებს რომ ამერიკის ბირთვული არსენალი საკმარისია თითოეული მათგანის სახელმწიფოს 14-ჯერ გასანადგურებლად. რა თქმა უნდა, ყველა უმაღლესი პირი უარს აცხადებს და შედეგად აშშ უშვებს თავის ბალისტიკურ რაკეტებს ყველა მათგანის სახელმწიფოში. ეს კი პანიკას იწვევს და საპასუხოდ რვავე ქვეყანა აშშ-ის მიმართულებით გზავნის მთელ ბირთვულ არსენალს. როდესაც ვითარება კულმინაციას აღწევს, აშშ-ის პრეზიდენტი მათ შეახსენებს, რომ ჯერ კიდევ არის შანსი გაანადგურონ საკუთარი ბირთვული არსენალი, თუმცა მსურველი კვლავ არავინაა. შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ყველა ამერიკული რაკეტის თვითგანადგურების მექანიზმს რთავს და ამერიკა ბირთვული იარაღის გარეშე რჩება. ამავდროულად,საფრთხე  ეხსნება დანარჩენ 8 სახელმწიფოს, რომლებსაც ბირთვული იარაღის ყველა ერთეული ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აქვთ გაშვებული. ისინი იძულებულნი ხდებიან, აშშ-ის მაგალითს მიბაძონ და საკუთარ რაკეტებს თვითგანადგურების ბრძანება მისცენ. ასე სამი წუთის განმავლობაში დედამიწაზე აღარ დარჩა ბირთვული იარაღი. სცენარი ნამდვილად საინტერესოა, ხოლო აღწერილი ეპიზოდი ყველაზე შთამბეჭდავი მთელ ფილმში. მაგრამ რა ხდება მას შემდეგ, რაც ბირთვული იარაღი აღარ რჩება მსოფლიოში?! ეს კი იყო უკანასკნელი „შემაკავებელი“ ფაქტორი, რომლის წყალობითაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობამ მსგავსი მასშტაბის დაპრისპირება აიცილა თავიდან. ფილმის სცენარის მიხედვით შემდეგ ჩნდება ახალი არარადიოაქტიური იარაღი, რომელიც განთავსებულია დედამიწის ორბიტაზე. მას შეუძლია ლონდონი რამდენიმე წამში გააქროს მსოფლიო რუკიდან (როგორც ხდება ფილმში). ეს იარაღი მთელ პლანეტაზე ბატონობის ძალაუფლებას აძლევს  მას,  ვისაც ხელშიც იგი აღმოჩნდება. შედეგად ისევ ვუბრუნდებით ჩაკეტილ წრეს, რომელშიც საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედების მიზანი ფიზიკური გადარჩენიდან ჰეგემონობამდე ბრძოლაა. ჰეგემონი კი ხდება ის, ვის ხელშიც ეს იარაღია. რა სჯობს საერთაშორისო ურთიერთობისთვის - ერთი ჰეგემონი, რომელსაც ერთ ღილაკზე დაჭერით ძალუძს ნებისმიერი სიდიდის ქალაქის განადგურება, რადიაციის გავრცელების საფრთხისა და საკუთარი ტერიტორიისთვის ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების გარეშე, თუ სახელმწიფოთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ბირთვული შეიარაღება, მაგრამ არ იყენებენ მას ერთმანეთის წინააღმდეგ, რადგან ,საბოლოო ჯამში, ეს მათ განადგურებასაც გამოიწვევს. ამ ორი უკიდურესობიდან რაციონალიზმი გვკანახობს მეორე ავორჩიოთ. ადამიანები ბევრს ოცნებობენ და საუბრობენ სამყაროზე ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს იარაღი დღეს მშვიდობის გარანტიც არის და რომ სწორედ მისი წყალობით გვაქვს გარკვეულწილად არსებული საერთაშორისო რეჟიმი. ბირთვული განიარაღება საჭიროა, მაგრამ ჯერ უნდა ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე - რა იქნება შემდეგ, როდესაც არცერთ სახელმწიფოს არსენალში ბირთვული ქობინი აღარ დარჩება?