Wednesday, March 19, 2014

ტომი და ჯერი ანუ ნაციონალიზმი უკრაინაში

[Enter Post Title Here]


ტომი-ჯერი
ანუ
ნაციონალიზმი უკრაინულად
სალომე ხვადაგიანი



Success or Defeat is just the result…
What is important is the quality of fight!



აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე უკრაინას ხელი უნდა მოეწერა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებისთვის. სამიტამდე ერთი კვირით ადრე უკრაინამ მოლაპარაკებები შეაჩერა...
ამ პერიოდიდან იწყება ის, რასაც მოგვიანებით სხვადასხვა წყარო სხვადასხვაგვარად თარგმნის - დასავლეთის აგენტურის შეთქმულება, სამოქალაქო ომი, ტერორისტების ბოგინი ან თავისუფლებისთვის ბრძოლა. 2013 წლის ნოემბერში, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, გაუსაძლისი პირობების გათვალისწინებით, ბევრი ვერც იფიქრებდა, რომ კიდევ დიდ ხანს შერჩებოდნენ მომიტინგეები მოედანს. უკვე 2014 წლის თებერვალია და ევრომაიდანი დაშლას არ აპირებს.
იბადება მარტივი კითხვა - რატომ?
„ქვეყნისათვის სიცოცხლის გაწირვა - ერმა იცის ამ შესაწირის ფასი. მათ ყოველთვის უყვარდათ სამშობლო არა იმიტომ, რომ იგი სახელგანთქმული და დიდებული იყო, არამედ იმიტომ, რომ იგი უცნობი იყო; თანაც მუდმივად საფრთხე ემუქრებოდა. მათი პატრიოტიზმი ქვეყნის მიმართ უზომო თანაგრძნობაა.” - ეს სიტყვები თავის დროზე მილან კუნდერამ თქვა, თან არა უკრაინელებზე, არამედ ჩეხებზე, თუმცა ვფიქრობ უკრაინელებზეც იგივეს იტყოდა, ვინმეს რომ ეკითხა. როდესაც პირველად ვნახე ევრომაიდანზე ჩაძინებული მომიტინგეები სუნთქვა შემეკრა, ვერ ვიფიქრებდი ცოცხლები თუ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ასე ერთმანეთზე მიწყობილნი, სიცივისგან გალურჯებულნი, თოვლის თხელი ფენით დაფარულნი, პირდაპირ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, ტალახსა და თოვლში... სწორედ მაშინ მივხვდი იქ ხალხი არ იდგა რომელიმე პოლიტიკოსის მხარეს, არ იდგა ეკონომიკური სარგებლისთვის, არ იდგა კომპრომისებისთვის. იქ იმ ხალხს ომი ჰქონდა, ომი, რომელიც ახლა არ დაუწყიათ - იქ ხალხს დღემდე ნაციონალიზმი ტოვებს.
როდის ხდება უკრაინული ნაციონალიზმის ჩამოყალიბება? რა მოვლენები ასაზრდოებს მას?
ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ამერიკაში ემიგრირებული უკრაინელები თავის თავს მოიხსენიებდნენ როგორც რუსებს ან პოლონელებს, არ ჰქონდათ რა ნათელი წარმოდგენა რას ნიშნავდა უკრაინა და უკრაინელი.[i] შემდეგ კი ვითარება იმდენად იცვლება, რომ 2014 წელს მილიონიანი მარშის დროს ხალხი სკანდირებს - „უკრაინა! უპირველეს ყოვლისა!“
რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების ორი ისტორია არსებობს. ერთის თანახმად, ეს არის ისტორია ერისა, რომელიც თვითგამორკვევისთვის იბრძოდა, ცდილობდა, როგორც ბალახი ასფალტის ზედაპირის ამოჭრას. ტრიუმფალურად გადალახა რა ყველა დაბრკოლება, რომელიც შეიქმნა ანტი-უკრაინული პოლიტიკის შედაგად,  დღეს მზად არის ევროპის ნაწილი გახდეს. მეორეს მხრივ, ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გათიშეს ერთი რუსი ერი ორ ნაწილად პოლონეთის, გერმანიის, ვატიკანისა და ავსტრიის შეთქმულების სქემებმა. რომელი ისტორია არის ახლოს რეალობასთან, არსებობს თუ არა უკრაინელი ერი?
უკრაინელები რუსეთის იმპერიის ფარგლებში ძირითადად სოფლის მოსახლეობას შეადგენდნენ - ხალხს, რომელიც ინარჩუნებდა ენას და ტრადიციებს. ყველაფერ იმას, რასაც იმპერია საფრთხედ აღიქვამდა. არ შეიძლებოდა არსებულიყო უკრაინა რუსეთის გარეშე. რუსეთის ხელისუფლება უკრაინელებს მოიხსენიებდა როგორც „მცირე რუსებს“, ამდენად, სასტიკ უარს აცხადებდა დაენახა მათში რაღაც უფრო მეტი, ვიდრე რუსი ხალხის განშტოება, რომელიც საუბრობდა რუსულ დიალექტზე. 1863 წლის მერე რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ კიდევ უფრო მკაცრი ხასიათი მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრის პეტრე ვალუევის ცნობილი განცხადების შემდეგ - „არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს უკრაინული ენა“.[ii]
იმპერიულ პოლიტიკაში უკრაინის მიმართ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1863 წლის ვალუევის ცირკულარმა და 1876 წლის ეიმსის ედიქტმა, რისი საშუალებითაც ცარისტულმა მმართველობამ უკრაინას დააკისრა შეზღუდვებისა და აკრძალვების მთელი წყება, რომელიც კრძალავდა წიგნებისა და სხვა ბეჭდური მასალების უკრაინულ ენაზე გამოცემას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა სხვა ქვეყანაში მსგავსი აკრძალვები მალევე გაუქმდა, უკრაინაში კი ეს არავის მოჰფიქრებია[iii]. რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე მონდომებულ რუსიფიკატორსაც კი არ დაესიზმრებოდა ის დღე, როდესაც ქართველსა და რუსს ან სომეხსა და რუსს შორის განსხვავებას გააქრობდა, სამაგიეროდ ეს ადვილი წარმოსადგენი იყო უკრაინის შემთხვევაში, რომელსაც რუსი სრულფასოვან ერად არც არასდროს აღიქვამდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში თუ სხვა რესპუბლიკებში მრავლად იყო ადგილობრივ ენაზე სკოლები, უკრაინელებს ეს ფუფუნება თითქმის არ ჰქონდათ.
შედეგი: დღეს უკრაინელები რუსეთთსა და ევროკავშირს შორის ამ უკანასკნელს ირჩევენ. უკრაინული ნაციონალიზმი კი იკვებება ვალუევის ცირკულარებით, ეიმსის ედიქტებით, ჰოლოდომორის ტრაგედიებით, რეპრესიებზე აპელირებით, იკვებება ამით და ფაქტიურად დაუმარცხებელი ხდება.
ბენედიქტ ანდერსონი თავის წიგნში საუბრობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნაციონალიზმების მეორად, იმიტაციურ ხასიათზე. ამ უკანასკნელებმა ისესხეს უკვე გამზადებული კონსტრუქციები და შეუსაბამეს თავიანთ პირობებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის „ერი“ - ეს იყო იდეა, მიზანი, წარმოდგენა, რომელიც ინსპირირებას უკეთებდა მოძრაობას დასაწყისში და არა ნელ-ნელა, ეტაპობრივად განვითარებადი და ჩამოყალიბებული კონცეფცია.[iv] უკრაინულმა ნაციონალიზმმაც ისესხა მოდელი ჩეხებისა და პოლონელებისგან. დღეს, როდესაც დელაკრუას „ბარიკადებზე“ ქალს ხელში უკრაინული დროშა უჭირავს, ადვილი დასანახი ხდება აქციის უმთავრესი მიზანი - ეროვნული თვითგამორკვევა. 
„როდესაც მსგავს მოვლენებს შორიდან უყურებ, შეიძლება, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნას, თითქოს ეს ათასობით და ათიათასობით ადამიანი ვიღაც პოლიტიკოსების ხელში მხოლოდ და მხოლოდ პაიკების არმიაა და სხვა არაფერი. თუმცა როდესაც მათ შორის დგახარ და ყველაფერს უშუალოდ ადევნებ თვალს, ხვდები, რომ ეს ადამიანები თუ მართლა პაიკები არიან, მაშინ ისეთები, - რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, საჭადრაკო დაფის ბოლოში გავიდნენ“.[v]
და მაინც, რატომ დგას უკრაინელი ხალხი ევრომაიდანზე, სიცივეში, თოვლში, ტალახში, ტყვიების ზუზუნში? რატომ არ დაკარგა ამ ხალხმა ენა და თვითშეგნება ჰოლოდომორის შიმშილობის შემდეგ, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის რეპრესიების შემდეგ? რატომ იძახის, რომ დღესაც შეუძლია რუსეთის რეპრესიებს გაუძლოს, გაუძლოს გაზზე მაღალ ფასებს, საბაჟოზე მაღალ გადასახადებს, გაუძლოს ეკონომიკურ გაჭირვებას? რა აიძულებს მათ ისევ იდგნენ?
ფროიდი ერთგან საუბრობდა „მცირე განსხვავებების ნარცისიზმზე“. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეთნოსებს შორის მცირე განსხვავება გაცილებით დიდი ანტაგონიზმის წყაროა, ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის განსხვავებები. რაც მცირეა განსხვავება და დიდია ერთმანეთში ათქვეფის ალბათობა, ეთნოსი წინააღმდეგობის გაწევას უფრო აგრესიული მეთოდებით ცდილობს.[vi]
და რა იქნება მომავალში? რა ელის ნაციონალიზმს უკრაინულად?
ერთგან წავიკითხე, ცხოვრება კატასა და თაგვის რბოლას ჰგავს... თაგვი ძირითადად იმარჯვებს, რადგანაც კატა საჭმლისთვის გარბის, თაგვი კი სიცოცხლისთვის. ესეც პასუხი ჩემი ბავშვობის კითხვაზე - რატომ იმარჯვებდა ტომი-ჯერიში ყოველთვის ჯერი. და ასევე ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზეც - თუ როგორ მოახერხა უკრაინულმა ნაციონალიზმმა აქამდე მოეღწია. და ამასთან პასუხი ყველა სკეპტიკოსს, ვისაც ჰგონია რომ ნაციონალიზმი უკრაინულად დიდ ხანს ვერ გაქაჩავს.





[i] Connor, Walker. When is a nation? Ethnic and Racial Studies, Vol. 13, No 1, Routledge 1990, p.95.
[ii] Weeks , Theodore R. Separatist Nationalism in the Romanov and Soviet Empires, in The Oxford Handbook of the History of Nationalism. Ed. by John Breuilly, 2013, p.201
[iii] Miller, Alexei. The Ukrainian question. CEU press, 2003, p. IX.
[iv] Anderson, Benedict. Imagined Communities: Reflections on the Origins and Spread of Nationalism, 2nd ed. London, 1991, p. 67
[v] გოგუა, გიორგი & ყორბეზაშვილი, იანა.  ევრომაიდანი - თავისუფლების მოედანი. ჟურნალი „ლიბერალი“. 2014. http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/117528/?fb_action_ids=628629130508026&fb_action_types=og.likes&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B199211713620600%5D&action_type_map=%5B%22og.likes%22%5D&action_ref_map=%5B%5D
[vi] Conversi, Daniele. Reassessing current theories of nationalism: Nationalism as boundary maintenance and creation. In Nationalism and Ethnic Politics, Routledge, 1995,  p.80