Wednesday, October 30, 2013

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ტერორიზმის ჭრილში


დიანა ენდელაძე და გიორგი ჩაფიძე.












ისრელ-პალესტინის კონფლიქტი, რომლის უფრო მართებული დასახელებაც ებრაულ-არაბული დაპირისპირება იქნება, საერთაშორისო ურთიერთობების უმწვავესი პრობლემაა. იგი საკუთარი საწყისებიდან მოყოლებული შავი ხვრელივით ისრუტავს აქტორებს, ქვეყნების ინტერესებსა და ზოგჯერ  საერთაშორისო სისტემის სტაბილურობას. აგრეთვე, ხშირად სცდება მხოლოდ ეთნო-ტერიტორიულ ფარგლებს და განზოგადდება უფრო ფართო, რელიგიათა თუ ცივილიზაციათა (არაბული და დასავლური) დაპირისპირების დონეზე.
  ისრაელ-პალესტინის ტერიტორია წარმოჩინდება მათი დაპირისპირების ბრძოლის ველად, სადაც იქმნება მიკროკლიმატი ამგვარი ანტაგონიზმის გამოვლენის მრავალი ხელსაყრელი პირობით. ამ კონფლიქტის მსვლელობისას იკვეთება ზესახელმწიფოთა გლობალური (აშშ, სსრკ), საშუალო ძალის აქტორთა რეგიონალური (ეგვიპტე, სირია) და შედარებით სუსტ სახელმწიფოთა (ლიბანი, იორდანია) ლოკალური ინტერესები. თუმცა ამ ინტერესთა კონფლიქტის ჯაჭვის რგოლებს რომ მივყვეთ, აღმოჩნდება, რომ მასში გაცილებით მეტი სუბიექტია ჩართული და ყველას ინტერესის გამოკვეთა მოუხელთებელი ამოცანაა. მარტო იმისი თქმა რად ღირს, რომ ამ დაპირისპირებამ შეასრულა არსებითი როლი ჯიჰადისა და მუსლიმურ-ფუნდამენტალისტური ტერორიზმის თანამედროვე ფორმებაში,რომელმაც უამრავი დასავლური თუ არადასავლური ქვეყნის ტერიტორია მოიცვა. სწორედ ებრაელების სურვილმა, აღედგინათ ქრისტეშობამდელი იუდეას სახელმწიფო, წარმოშვა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმწვავესი დაპირისპირება ახლო-აღმოსავლეთში , შესაბამისად, დიდი წვლილი შეიტანა ამ რეგიონის, როგორც გლობალური პოლიტიკის განმაპირობებელი ბირთვის, გააქტიურებაში. დასაბამიდან მოყოლებული (თუმცა რთულია, ზუსტად დადგინდეს, როდის ჩაისახა კონფლიქტი) იგი არ კარგავს აქტუალობას და თითქმის ყოველღიურად მისი კვანძი უფრო და უფრო იხლართება. აღნიშნულ დაპირისპირებაში უმეტესი ადგილი ტერორიზმს უჭირავს, რომელიც ამ შემთხვევაში ბრძოლის „აპრობირებულ“ მეთოდად გვევლინება. მეტიც, თუ არ ჩავთვლით იმ ასიმეტრიულ, მაგრამ მაინც ომს, როდესაც სიტუაციის უკიდურესი ესკალაცია მოხდა და დაპირისპირებამ სრულმაშტაბიანი სამხედრო მოქმედებების, ომის სახე მიიღო, კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ ტერორიზმის ჭრილში განხილვას საჭიროებს. ტერორიზმი ამ კონფლიქტისათვის წარმოადგენს იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ხდება დაპირისპირებულ მხარეთა „ურთიერთობა“. სტატიაში პრობლემა ტერორიზმის პრიზმაშია წარმოჩენილი. ვცდილობთ ვაჩვენოთ, თუ რაოდენ დიდი წვლილი  შეიტანა მან  კონფლიქტის პროვოცირებაში, განვითარებასა და დღემდე მოუგვარებლად დარჩენაში. მნიშვნელოვანი ტერორისტული აქტების განხილვის  საფუძველზე, ვეცდებით,  ორივე მხარის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები განვაზოგადოთ კონფლიქტის მსვლელობის დონეზე და გამოვავლინოთ კაუზალური კავშირი დაპირისპირების გაღვივებასა და რამდენიმე კონკრეტულ ტერორისტულ აქტს შორის, რომლებსაც მათი დიდი რეზონანსის მიხედვით შევარჩევთ. ვფიქრობთ, რომ ქვემოთ მოცემული ტერორისტული ქმედებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების განხილვა კონფლიქტთან მიმართებით მოგვცემს საჭირო ხედვის კუთხეს, რომლითაც შეიძლება ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებას შევხედოთ ტერორიზმის ჭრილში.
რატომ ტერორიზმი?
იმ დროს, როდესაც კონფლიქტი ღვივდებოდა, 20-იან წლებში, ბრძოლის მეთოდის განსაზღვრაზე ისეთმა სუბიექტურმა ფატორებმა იქონია გავლენა, როგორიცაა: მცირე მოსახლეობა და რესურსები, ორივე მხარის მიერ  სამხედრო შეიარაღების არქონა  და, ზოგადად, არმიის არარსებობა. ტერორიზმი – აქტორების მიერ გამოყენებული იქნა იმ მუხტის გაღვივებისათვის, რომელსაც შემდგომში უნდა გამოეწვია საკუთარი ინტერესების დასაცავად უფრო მასშტაბური ეროვნული დაუმორჩილებლობის ფრონტის გაშლა. ტერორიზმი ხომ საუკეთესო საშუალებაა ძალის შექმნისათვის იქ, სადაც ის არ არსებობს და მისი კონსოლიდაციისათვის იქ, სადაც გაფანტულია.[1] ებრაელებიც და ავტოქტონური მოსახლეობა - პალესტინელი არაბებიც (რომელთაც ესაჭიროებოდათ ამგვარი ბრძოლის დაწყება) ფიქრობდნენ, რომ თავს იცავდნენ მჩაგვრელი, რეპრესიული ეთნოსისაგან. აგრეთვე, სამთავრობო ინსიტუციისგანაც.  კონფლიქტის დასაწყისში ხომ არცერთი მხარე არ იყო კმაყოფილი ბრიტანული მანდატისა და იერუსალიმში მათი ადმინისტაციის ფუნქციონირებით.[2] მიაჩნდათ, რომ ისინი არსებულ სირთულეებს თავს ვერ ართმევდნენ და გულგრილნი იყვნენ მათი ინტერესებისადმი. სწორედ ამ ფაქტორებმა შეუქმნა მხარეებს წარმოდგენა საკუთარ თავზე, როგორც მსხვერპლზე, რაც ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა პარტიზანული ბრძოლის დასაწყებად. კონფლიქტის საწყის ეტაპზე ებრაელებიცა  და არაბებიც ტერორიზმს, როგორც საკუთარი პოზიციის, ან პროტესტის გამოხატვის/დაფიქსირების ყველაზე ეფექტურ საშუალებასა და პოლიტიკური გზავნილის გადაცემის ხერხს მიმართავდნენ სწორედ მაშინ, როდესაც მმართველი ძალა (ამ შემთხევაში მანდატის მფლობელი) მათი ინტერესების შემლახავ დეკლარაციას მიიღებდა („თეთრი წიგნის“, რომლითაც რეპატრიაციაზე კვოტები დაწესდა, თანამდევი უკმაყოფილება; 1936-39 წლის არაბული აჯანყება ებრაელების მასშტაბური გადმოსახლების გამო; „კინგ დევიდის“ ინციდენტი).
ტერორისტული აქტების ჩადენა საკუთარი ინტერესების დასაცავად სუბ-ეროვნული ერთობების ხშირი მახასიათებელია, 1948 წლამდე კი არცერთი მხარე სუვერენიტეტს არ წარმოადგენდა.[3] ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნების შემდეგ პალესტინელებმა ბრძოლის დამკვიდრებული ტაქტიკის (ტერორიზმის) შეცვლა არ ისურვეს (ალბათ, სხვა გზა არც ჰქონდათ, თუმცა, რთულია, ტერორისტული ქმედება ერთადერთ გზად ჩაითვალოს), ეს არც ისრაელის სახელმწიფოს გაუკეთებია უბრალოდ მას სხვა კვალიფიკაცია (სამხედრო დანაშაული, სადამსჯელო სამხედრო ქმედება) ენიჭება დამკვიდრებული სტანდარტების თანახმად.
რა არის ტერორიზმი?
სანამ კონფლიქტს უშუალოდ ტერორიზმის ჭრილში განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, ეს ცნება ოპერაციულად განისაზღვროს. ტერორიზმის დეფინიცია სამკაოდ კომპლექსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. მოვლენისათვის ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მინიჭება მასზე ყოველმხრივ დაკვირვებას საჭიროებს და ამომწურავი არასდროსაა, მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ჩამოყალიებული წარმოდგენა იმ ქმედებათა შესახებ რომელთაც შესაძლოა ტერორიზმად მოვიხსენიოთ. განსაკუთრებით რთულია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ტერორიზმის, ტერორისტული აქტისა და თავად ტერორისტის (ინდივიდის ან ჯგუფის) განსაზღვრა. საკუთარი დაჩაგრულობის შეგრძნებით გამოწვეული სასოწარკვეთა, რომელიც სუბიექტს აიძულებს რეპრესიული ეთნოსის (არაბები ან ებრაელები) ან მთავრობის მიმართ (ბრიტანული მანდატი) ბრძოლის ექსტრემისტულ მეთოდებს მიმართოს, გზა გაუხსნას ფართომასშტაბიან წინააღმდეგობრივ მოძრაობებს და გადასცეს შორსმიმავალი, „სამიზნე აუდიტორიის“ ცნობიერებაზე გავლენის მოსახდენად გათვლილი პოლიტიკური გზავნილი, შესაძლოა ტერორიზმად მოვიხსენიოთ[4]?! ამ კონფლიქტში ტერორიზმის დეფინიციისას ორაზროვნებას ვაწყდებით. თუკი ტერორიზმად თავად ძალადობრივ აქტს მოვიხსენიებთ და მის უკან მდგომ მოტივაციას ყურადღების მიღმა დავტოვებთ მაშინ ისრაელის (სახელმწიფო სუბიექტის) მიერ განხორციელებული უამრავი ქმედებაც (ძირითადად სამხერდო ოპერაციები) ტერორიზმთან გაიგივდება.[5] მაგალითად, ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭება  1982 წელს ლიბანის ტერიტორიაზე მის შეჭრასა და ბეირუთის დაბომბვას პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (პგო) ლიდერის იასირ არაფატის განადგურების მიზნით. აგრეთვე პალესტინელებისადმი მიმართულ სხვა „სადამსჯელო“ ოპერაციებს, რომელთაც მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა. ამ ხედვით, ისრაელის არმიის მიერ ჩამოგდებული რაკეტები არაფრით განსხვავდება თვითმკვლელი ტერორისტის ტანზე დამონტაჟებული ხელნაკეთი ბომბისაგან, რომელსაც აგრეთვე მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. მეორე მხრივ, ტერორისტები არ იკავებენ ტერიტორიას და არ ქმნიან ადმინისტრაციული მმართველობის ერთეულებს, რაც განსხვავდებოდა პგო-ს სტატუსისაგან, რომელიც  გაეროს მიერ 70-იანი წლების შუახანებამდე, ხოლო ისრაელის მიერ მადრიდის კონფერენციამდე (1991) ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიებოდა. თუმცა მაინც ცხადია, რომ გადაწყვეტილება  ვუწოდოთ ტერორისტი  მეტად სუბიექტურია და დამოკიდებულია იმაზე, ვუთანაგრძნობთ თუ არა მოცემულ პიროვნებას, ინდივიდთა ჯგუფს ან იდეოლოგიას.

“It is not a matter of what is true that counts, but a matter of what is perceived to be true.”
― Henry Kissinger
ნებისმიერი ძალადობრივი აქტი, რომელიც თითქმის ყოველთვიურად ხდება, პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს კონფლიქტის მსვლელობაზე. დაპირისპირებაში ტერორისტული ქმედებების როლის წარმოჩენა და მოვლენების მსვლელობასთან შესაბამისობაში მოყვანა ძალიან შორს წაგვიყვანს,  ამიტომაც სტატიის საილუსტრაციოდ მიმოვიხილავთ იმ ტერორისტულ ქმედებებს, რომელიც, ჩვენი აზრით, ყველაზე სრულყოფილად წარმოაჩენს ამ დაპირისპირებას ტერორიზმის ჭრილში და გვაძლევს იმ ზოგად მოდელს, რომლის ფარგლებშიც მართებულია განვიხილოთ მიზეზობრივი კავშირები ტერორიზმსა და საკითხის მსვლელობას შორის. ამისათვის კი შევარჩევთ ქმედებებს, რომლებმაც ყველაზე მეტად შეუწყვეს ხელი სიტუაციის ესკალაციას.

 ებრაული მხარე, როგორც ტერორისტი:
1939 წლის თებერვალში, ლონდონში გაიმართა სენტ-ჯეიმზის კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც პალესტინის, ისე ისრაელის წარმომადგენლები. 17 მაისს, შეთანხმების საფუძველზე, ბრიტანეთის კოლონიების მინისტრმა, მალკოლმ მაკდონალდმა, პარლამენტს წარუდგინა ანგარიში, რომელიც „თეთრი წიგნის“ სახელით არის ცნობილი.[6] მასში ნათქვამი იყო პალესტინის ტერიტორიაზე სახელმწიფოს შექმნის ვადებზე, რაღა თქმა უნდა, არაბული უმრავლესობით. თუმცა დიდი ბრიტანეთი აწესებდა „აღთქმულ მიწაზე“ დაბრუნების მსურველ ებრაელთა კვოტას. ეს გულისხმობდა იმას, რომ ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ (რომლის დროსაც პალესტინაში მაქსიმუმ 75 ათასს ებრაელს ჰქონდა ჩასვლის საშუალება) ებრაელებს აღარ ექნებოდათ ქვეყანაში შესვლის უფლება „თუ პალესტინელი არაბები წინააღმდეგი იქნებოდნენ“.[7] დიდი ბრიტანეთის ასეთი პოზიცია სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ებრაელი ხალხისთვის. ისინი უფრო მეტ დივიდენდებს ელოდნენ ოფიციალური ლონდონისგან, პირველ რიგში კი, მათი სახელმწიფოს დაფუძნების მხარდაჭერას. ბრიტანეთში კი იმ დროს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობით უფრო იყვნენ დაინტერესებულნი და შესაბამისად, არაბების გულის მოგებას ცდილობდნენ, რადგან შიშობდნენ, რომ ისინი გერმანიას მიემხრობოდნენ. „თეთრი წიგნი“ წორედ ამ საფრთხის აცილების მცდელობა იყო, თუმცა მონეტას ორი მხარე აქვს - არაბების გულის მოგების სანაცვლოდ ბრიტანეთს გართულებები შეხვდა სიონისტი ტერორისტების სახით, რომლებიც, როგორც ბრიტანულ წყაროებშია ნათქვამი, ასუსტებდნენ გერმანიასა და იტალიასთან ომის მდგომარეობაში მყოფ ევროპის ყველაზე დიდ კუნძულოვან სახელმწიფოს. ებრაელების პოზიციიდან კი დიდი ბრიტანეთის „მუხთლობის“ თანამდევი მოვლენები მხოლოდ პროტესტის გამოხატულება იყო. 40-იანი წლების ტერორიზმი ნაკლებად ცივილური, მაგრამ ეფექტური საშუალება გამოდგა - ის გამოიხატა პოლიტიკური მკვლელობებით და ძარცვით თელ-ავივში,  საქმე ინგლისის სახელმწიფო მინისტრის (ახლო აღმოსავლეთ საკითხებში), ლორდ მოინის, მკვლელობამდეც კი მივიდა, რომელიც უინსტონ ჩერჩილის პირადი მეგობარი იყო.[8] ებრაელები ამით არ დაკმაყოფილებულან, მათ უფრო საიმედო თანამოაზრეს ძებნა დაიწყეს და 1942 წლის 11 მაისს ებრაული სააგენტოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა (მიიღეს „ბალტმორის პროგრამა“, რომლის მიზანი იყო პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული სახელმწიფოს დაარსება შეუზღუდავი იმიგრაციით), ირიბად დადასტურდა ახალი მოკავშირეს - ა.შ.შ.-ის ვინაობა.  დიდი ბრიტანეთისთვის „ბოლო წვეთი“ აღმოჩნდა იერუსალიმის სასტუმრო „კინგ-დევიდში“ მომხდარი ტერაქტი 1946 წლის 22 ივლისს. ამ შენობაში განლაგებული იყო პალესტინის ბრიტანული ადმინისტრაციის მმართველობა. ბომბის აფეთქებას 91 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.[9] ტერაქტმა გამოავლინა თუ რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს პასუხი ებრაულების ინტერესების მიმართ ინდიფერენტულობაზე.
განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ პალესტინის ტერიტორიაზე ორი ერის კოჰაბიტაცია მინიმუმ სამოქალაქო ომის საფრთხეს შექმნიდა, გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი შეირყა არა მხოლოდ ებრაელების, არამედ არაბებს შორისაც. შესაბამისად, ოფიციალურ ლონდონს მოუწია „თეთრი წიგნის“ არა გადახედვა, არამედ საერთოდ მანდატის გაეროსთვის დათმობა 1947 წლის 14 თებერვლიდან. ეს მათთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც მართებული იყო. ბრიტანეთმა მარტივად გადაწყვიტა თავისი პრობლემა - ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გადაულოცა. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოთხრობილი მოვლენები გვაძლევს საფუძველს, რომ უფლის რჩეული ერი მხოლოდ ჩაგრულის პოზიციიდან არ განვიხილოთ. ტერორისტული ქმედებები მათ არქვიშიც მოიძებნება, რომლებსაც უდანაშაულო ხალხი ეწირებოდა, ხოლო თუ რას ნიშნავს უდანაშაულო მსხვერპლი, ებრაელებზე კარგად ვის უნდა ესმოდეს?!
არაბული ტერორიზმი:

ნიუ იორკ თაიმსში მიუხენის ტერაქტის მეორე დღეს დაბეჭდილი სურათი (დაჭრილი ებრაელი ათლეტი თაღს ქვეშ)

ტერორიზმი არაბების საკუთარი ინტერესების დასაცავად ბრძოლაში ფესვგადგმული მეთოდია. კონფლიქტის მსვლელობისას, მათ აჩვენეს თუ რამდენად სასტკები შეიძლება იყვნენ, როდესაც მათი ინტერესების ხელყოფა ხდება. პალესტინელებს მრავალი ტერორისტული აქტი აქვთ მოწყობილი, (თუმცა, თავად ისინი ნაკლებად აღიქვამენ ამ ყოველივეს ტერორიზმად და უყურებენ, როგორც სამართლიანობის აღსრულებას)  მათ ქმედებებს ათასობით მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა, რომ აღარაფერი ვთქვათ დაღუპულ სამხედროებსა და თავად ორგანიზატორებზე. არაბულ ტერორიზმზე საუბრისას განსაკუთრებით აღსანიშნავია მიუხენის ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა, წინ წამოწია ამ დაპირისპირების აქტუალობა და კიდევ უფრო გაუმტკიცა ებრაელ ერს ჩაგრულის სტატუსი. 1972 წელს, შუაგულ ევროპაში, როცა მიუხენი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო ოლიმპიადის გამო, შავი სექტემბრის ორგანიზაციამ (სახელი უკავშირდება იორდანიიდან პალესტინელების იძულებით გამოდევნას 1969 წლის სექტემბერში[10]) მოაწყო კიდევ ერთი შავი სექტემბერი, ოღონდ ამჯერად ებრაელებისთვის. მათ ტყვედ აიყვანეს და შემდეგ დახოცეს ებრაული დელეგაციის 11 წევრი და ერთი გერმანელი პოლიციელი, რომელიც ორმხრივი ცეცხლის დროს ტერორისტების ტყვიამ იმსხვერპლა. ტერაქტის საპარუხოდ ისრაელის მხარემ განახორციელა „ოპერაცია ღვთის რისხვა“ და დაბობმა პგო-ს ბაზები ლიბანსა და სირიაში.
ტერაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებით აქტიურობდა ნიქსონის ადმინისტრაცია, რომელმაც ტერაქტს მიანიჭა საერთაშორისო თანამეგობრობის საფრთხის სტატუსი.
ტერაქტიდან 3 დღეში 1972 წლის 8 სექტემბერს გაეროს ავსტრიელმა გენერალურმა მდივანმა კურტ ვალჰაიმმა საერთაშორისო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა დაეგმოთ და რეაგირება მოეხდინათ ამ კონკრეტულად  აქტზე („გაერო აღარ უნდა დარჩეს მდუმარე აქტორად“) და ყველა იმ შემთხვევაზეც რომელიც დაემუქრება საყოველთაო მშვიდობას.[11] მსოფლიოს შეექმნა მცდარი წარმოდგენა, რომ კონფლიქტში ერთადერთ მოძალადეს იყო პალესტინა წარმოადგენდა. ამას კი ზურგს უმაგრებდა დასავლეთის ქვეყნების კომპლექსი ჰოლოკოსტის გამო. ევროპაში ებრაელ ერს ხედავდნენ, როგორც წარსულში გადადგმული თავიანთი არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების მსხვერპლს.  ტერორისტულ აქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა პოლიტიკურ ლიდერებში. მთელმა მსოფლიომ, რა თქმა უნდა არაბების გარდა (თუმცა აქაც იყო გამონაკლისი იორდანიის სახით, რომელიც იყო ერთადერთი არაბული ქვეყანა, რომელმაც შავი სექტემბრის ორგანიზაციის ქმედება შეაფასა როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაული), დაგმო პალესტინელების სისასტიკე. ეს აქტი თავისი მნიშვნელობით გამოირჩეოდა, იმიტომ, რომ დიდად განაპირობა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია კონფლიქტში მხარეების პოზიციის შეფასებაბაში. ამის შემდეგ, ისრაელს თითქოს მწვანე შუქი აენთო ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად, თანაც ისე, რომ მათ შემდგომ დანაშაულებს უმეტესად მსუბუქ შეფასებას აძლევდნენ. ის იშვიათად სცდებოდა საპასუხო ქმედებების კვალიფიკაციას. ხშირია  რიტორიკა, რომ „ყველამ უნდა გაითავისოს და პასუხი სცეს ებრაელების ზარალსა და ეროვნულ ტრაგედიას“[12] თუმცა რატომაა ამაში დამნაშავე პალესტინური მხარე, რომელიც რეალურად იჩაგრება, არა მხოლოდ უშუალო მოწინააღმდეგის (ისრაელის), არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ბუნდოვნად რჩება.
ორი მხარე, როგორც ტერორისტი:
1982 წელს ლონდონში პალესტინური ტერორისტული დაჯგუფების აბუ-ნიდალის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი ისრაელის ელჩის შლომო არგოვის მოკვლა გახდა სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების ფორმალური საბაბი (დაახლოებით ისე, როგორც სარაევოში ფრანც ფერდინანდის მკვლელობა). აბუ-ნიდალის წევრმა დაჭრა ბრიტანეთში ისრაელის ელჩი, თუმცა მისი მოკვლა ვერ შეძლო. მომხდარი ევროპულ და ამერიკულ პრესაში გაშუქდა, როგორც პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აქტივისტების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი. პგო ისრაელის მთავარ მოწინააღმდეგე ძალას წარმოადგენდა და საკითხის ამგვარი გამოაშკარავება, როგორც ჩანს, ხელს აძლევდა ისრაელსაც და მისი პოზიციის გამზიარებლებსაც (მაგ: აშშ-ს). იმავე დღეს ელჩის მკვლელობის მცდელობით „დაზარალებულმა“ და „სასოწარკვეთილმა“ ისრაელის მხარემ გადაწყვიტა საკუთარი სახელმწიფოებრიობის მტერზე, პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციაზე შურისძიება და დაიწყო ე.წ. „სადამსჯელო ოპერაციების გატარება“. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარღვიეს ლიბანი სუვერენიტეტი შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე, რათა გაენადგურებინათ პგო-ს მთავარი შტაბი და მოეხდინათ კონკრეტულად იასირ არაფატის ლიკვიდაცია.[13] მათ აგრეთვე სურდათ ტერორისტების ლიბან-ისრაელის საზღვრის გასწვრივ განლაგებული ბაზების განადგურება. არიელ შარონის განცხადებით „მშვიდობა დასავლეთ სანაპიროზე მოითხოვს ლიბანის ტერიტორიაზე პგო-ს ძალების განადგურებას“.[14] ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა ბეირუთის ტერიტორიაზეც არაფატის შტაბის განადგურების მიზეზით. ეს ქმედება საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც „სადამსჯელო“ და „საპასუხო“ ღონისძიება ექსტრემისტებტების გასანეიტრალებლად.  რეალურად კი ამ სამხედრო ოპერაციას მოჰყვა გაცილებით დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა ან დაჭრა, ვიდრე ებრაელების ზარალი იყო. მან აგრეთვე ფორმალურად განაპირობა ოპერაციის - „მშვიდობა გალილეაში“ - დაწყება. შესაძლოა დაისვას ლოგიკური კითხვა, ტერორიზმად მხოლოდ  ებრაელი ელჩის მკვლელობის მცდელობა უნდა მოვიხსენიოთ თუ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ბეირუთის მშვიდობიანი მოსახლეობის გაცილებით დახვეწილი მეთოდებით დახოცვა? ტერორიზმის არსებული დეფინიციით სახელმწიფო (ამ შემთხვევაში ისრაელი) არ წარმოადგენს ტერორისტული აქტების განმახორციელებელ სუბიექტს, თუმცა ეს ფაქტი გვიჩვენებს აშკარა ტენდენციურობას. პირველ რიგში, ეს ეხება საერთაშორისო საზოგადოებას. ისრაელის ამგვარი ქმედებები იშვიათადაა დაგმობილი და პირიქით წახალისებულიც კია (საჯაროს არავის დაუგმია ოპერაცია „ღვთის რისხვა“ ანდაც არაბების ბაზების დაბომბვა ლიბანსა თუ სირიაში). ფაქტია, რომ ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება არაფრით განსხვავდება კარგად შეიარაღებული, გაწვრთნილი არმიის მიერ ისეთივე მშვიდობიანი მოსახლეობის გაცილებით დიდი მასშტაბებით მკვლელობისაგან. გამომდინარე აქედან, კონფლიქტი შესაძლოა შევასაფოთ, როგორც  ტერორისტული ქმედებების უწყვეტი ჯაჭვი და მართებულია, ორივე მხარეს მივაწეროთ ამგავრი აქტებზე პასუხისმგებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტებს უშუალო აქტორებიცა და საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციებიც აცნობიერებენ, რეალურად, ამ კონფლიქტში ტერორიზმის აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებები უშედეგოა. ჩვენ შევეცადეთ გამოგვეკვეთა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრის ისეთი შემაფერხებელი და მნიშვნელოვანი ასპექტი, როგორიცაა ორივე მხარეს მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტები. მათი გავლენა დაპირისპირების გამწვავებაზე აშკარა და ურთიერთგანმაპირობებელია. მუშაობს ფორმულა - პალესტინის ტერორისტული ქმედებები აუცილებლად იწვევს ისრაელის მიერ განხორციელებულ „სადამსჯელო ღონისძიებებს“.ეს უკანასკნელნი კი არაფრით არ ჩამოუვარდებიან არაბულ ტერორისტულ აქტებს და ხშირად აღემატებიან კიდეც სისატიკითა და უდანაშაულო  მსხვერპლის რაოდენობით. ტერორიზმისა და სიტუაცის ესკალაციის  მიზეზ-შედეგობრივი ბუნება კონფლიქტის მსვლელობაში, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ის პრობლემის მოუგვარებლობის განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორია. ბრძოლის ასეთი წესები კი შემთხვევითი არ არის. ის განაპირობა ალტერნატივის არარსებობამ და ზოგადად, პალესტინის ტერიტორიაზე შექმნილმა პოლიტიკურმა კლიმატმა. ვფიქრობთ, რომ ტერორისტული აქტების აღკვეთა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიტუაციის დარეგულირებას და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ახლო-აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარებისკენ.




[1]  არტი, რობერტ და რობერტ ჯერვისი. 2011. საერთაშორისო პოლიტიკა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ: 197- 198.
[2]  სანიკიძე, გიორგი, ნაია გელოვანი, გიული ალასანია. 2010 ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან.(XIX.ს-XXIს. დასაწყისი) თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ:456.
[3]  არტი, რობერტ და რობერტ ჯერვისი. 2011. საერთაშორისო პოლიტიკა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ:197.
[4] არტი, რობერტ და რობერტ ჯერვისი. 2011. საერთაშორისო პოლიტიკა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ:194
[5] არტი, რობერტ და რობერტ ჯერვისი. 2011. საერთაშორისო პოლიტიკა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ:195
[6]  სანიკიძე, გიორგი, ნაია გელოვანი, გიული ალასანია. 2010 ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან.(XIX.ს-XXIს. დასაწყისი) თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ:455-56
[7]  სანიკიძე, გიორგი, ნაია გელოვანი, გიული ალასანია. 2010 ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან.(XIX.ს-XXIს. დასაწყისი) თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ:461
[8] სანიკიძე, გიორგი, ნაია გელოვანი, გიული ალასანია. 2010 ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან.(XIX.ს-XXIს. დასაწყისი) თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ:462
[9]  გაჩეჩილაძე, რევაზ. 2011. ჩემი მეოცე საუკუნე. (II ტომი). თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. გვ:

[10]  Amos, John. 1980. Palestinian Resistance:  Organization of a Nationalist Movement. Oxford: Pergamon Press. Pg:253

[11] Department of State to the Mission at the United Nations, September 8, 1972.
[12] Chomsky, Noam. 1999. Fateful Triangle the United States, Israel and the Palestinians. London: The Electric Book Company. Pg: 349.
[13] Chomsky, Noam. 1999. Fateful Triangle the United States, Israel and the Palestinians. London: The Electric Book Company. Pg: 354
[14]  Chomsky, Noam. 1999. Fateful Triangle the United States, Israel and the Palestinians. London: The Electric Book Company. Pg: 350