Wednesday, October 30, 2013

ჩრდილოეთ კავკასიის ფაქტორი რუსეთის სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაში


სალომე ხვადაგიანი



        ჯონ ბედლის თქმით, „დედამიწის არც ერთ კუთხეში, არც ერთ ამავე სიდიდის ტერიტორიაზე, არ ცხოვრობს სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ამდენი განსხვავებული ტომისა და მოდგმის ხალხი, როგორც კავკასიაში“. თუმცა მიუხედავად რელიგიური, ეთნიკური თუ კულტურული სიჭრელისა, რუსეთის საზღვრის სხვადასხვა მხარეს მყოფ კავკასიელებს საკმარისზე მეტი აკავშირებთ იმისთვის, რომ ერთ რეგიონად მოიხსენიებოდნენ.
სამხრეთ კავკასიის დამუკიდებელი ქვეყნების არასტაბილურობა პირდაპირ აისახება რუსეთის ფედერაციაზე და პირიქით. ამდენად, რუსეთ-საქართველოს შორის არსებობს საერთო ინტერესი - სტაბილურობა და უსაფრთხოება. თუმცა უთანხმოება მაშინ იწყება, როდესაც თითოეული მხარე ამ მიზნის მიღწევის გზებზე იწყებს საუბარს. საქართველო თავის სტაბილურობას დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაში ხედავს, რუსეთი კი სწორედ ამ უკანასკნელ მოვლენას განიხილავს მთავარ საფრთხედ.
როდესაც ვსაუბრობთ რეგიონში რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ მოსახლეობის დამოკიდებულება ზოგადად კავკასიის მიმართ. მიუხედავად ბევრი მტკიცებისა, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში ხალხი არ მონაწილეობს, უმრავლესობის დამოკიდებულებას ანგარიში ყოველთვის ეწევა, მათ შორის რუსული დემოკრატიის პირობებში. რუსეთში კი მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება კავკასიის მიმართ მკვეთრად უარყოფითია. ჩრდილოეთ კავკასია ასოცირდება ომთან, ტერორიზმთან, არეულობასა და დეზინტეგრაციის საფრთხესთან. სამხრეთ კავკასიას კი ამ საფრთხის პოტენციურ ხელშემწყობად განიხილავენ.
“Behind the slogans lay an intellectual vacuum.” 
 
Henry Kissinger, Diplomacy

ლევადა ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ჩრდილოეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები მხოლოდ ორმა პროცენტმა აღიქვა უსაფრთხოდ, 15%-მა კი მიმდინარე სიტუაციას მშვიდი უწოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შიშით ადევნებს თვალს ვითარებას. და რა შეიძლება გამოიწვიოს ამ შიშმა? ბერთრანდ რასელი ერთგან წერდა: „კოლექტიური შიში აყალიბებს ბრბოს ინსტიქტს, რომელიც მიდრეკილია ძალადობრივად მოექცეს ყველას, ვინც მისი წევრი არ არის და რუსეთშიც ასე განვითარდა მოვლენები, მომრავლდა მოფაშისტო დაჯგუფებები, კავკასიელებზე თავდასხმები და ა.შ. ყველა ქმედება, რომელიც ემსახურება ჩრდილოეთ კავკასიაში წესრიგის დამყარებას ან იფუთება ამ უკანასკნელზე აპელირებით, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართ ექსპანსიონისტური პოლიტიკა,  სრული მხარდაჭერით სარგებლობს ამომრჩეველში“. ისევ და ისევ, რასელის კოლექტიური შიშიდან გამომდინარე.
შესაძლოა, ვიდავოთ რამდენად არის ეს განწყობა ხალხისგან დამოუკიდებლად წამოსული თუ უბრალოდ სახელმწიფო პროპაგანდის შედეგია. ვიეტნამელი ბერი ტიკ ნატ ხანი წერდა: „იმისთვის რომ ხალხი გაერთიანდეს, ხელისუფლებას სჭირდება მტრები. მათ სჭირდებათ, რომ გვეშინოდეს და გვძულდეს, რადგანაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვიკრიბებით მათ გარშემო. და თუ მათ არ ჰყავთ რეალური მტრები, ისინი ამ უკანასკნელთ აუცილებლად გამოიგონებენ ხალხის მობილიზაციის მიზნით“. ამდენად, ლოგიკურია მტრის ხატის შექმნა არასტაბილური კავკასიის სახით. შემდგომ უკვე ეს მტრის ხატი დიდწილად განაპირობებს რუსეთის საგარეო პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის მიმართ.
ჩემი მიზანი არ არის სამხრეთ კავკასიიდან მომავალი საფრთხის რეალობა-უტოპიურობის კვლევა. მთავარი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ის არის რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბილურობის საფრთხე ჩრდილივით ადგება სამხრეთ კავკასიასთან შედარებით კონსტრუქციული ქცევის სურვილს. მოსახლეობისა და პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს გულწრფელად სჯერა სამხრეთ კავკასიისა და ,განსაკუთრებით, საქართველოს დესტრუქციული როლის რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ნაწილში. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ უკანა ეზოში არეულობა, ხაზი ესმება დესტაბილიზაციას თვითონ სახლის შიგნით. ამდენად, შიგნით არსებული სეპარატისტების დასაშოშმინებლად მოსკოვი აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს ფარგლებს გარეთ და რაც უფრო მწარედ აისახება მოქნეული თათი სამხრეთ კავკასიის ურჩ ქვეყანაზე, მით კარგი მაგალითი იქნება ეს ფედერაციის შიგნით დამოუკიდებლობაზე მეოცნებე სეპარატისტებისთვის.
თავდასხმითი რეალიზმი სახელმწიფოების მიზნად ძალაუფლების მაქსიმიზაციას ასახელებს და აღნიშნავს, რომ რამდენადაც შესაძლებელია თითოეული ცდილობს რეგიონში ჰეგემონობას. ეს მიდგომა რუსეთის პოლიტიკურ ამბიციებს მჭიდროდ უკავშირებს რეგიონში სრული დომინირების სურვილს და ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელ მიზანს - არ დაუშვას გარე ძალების შეღწევა ჩრდილოეთ კავკასიაში. ამდენად, მკვლევართა ნაწილი რუსეთს იმპერიული ძალაუფლების ყველა საშუალებით განვრცობაში ადანაშაულებს. თუმცა ამ შემთხვევაში გაუგებარია რატომ შემოიფარგლა რუსეთი აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოსთვის თავში მსუბუქი წამობაგუნებით და რატომ არ დაიპყრო ქვეყნის მთავარი ქალაქი, ან რატომ არ შეცვალა არასასურველი მთავრობა.
თავდაცვითი რეალიზმი კი იმის მაგივრად ხაზს უსვამდეს ძალაუფლების დაგროვებას, ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოებისა და გადარჩენის იმპერატივებზე. ამ პარადიგმის მომხრეები რუსეთის საგარეო პოლიტიკას კავკასიაში განიხილავენ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგალითად, როგორც მცდელობას თავიდან აიცილოს ომი საზღვრებთან ან არ მისცეს მტრულად განწყობილ სამხედრო ალიანსს ,ნატოს, საქართველოს სატელიტად გამოყენების უფლება. მაშინაც კი თუ ვიგულისხმებთ, რომ ნატოსგან რეალური საფრთხე არ მომდინარეობს, ამ საფრთხის არსებობაში ეჭვი არ ეპარებათ კრემლში იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ საგარეო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ამ შემთხვევაში რუსეთი თავის დაცვასა და უსაფრთხოების მაქსიმიზაციას ცდილობს და ეს სრულიად ბუნებრივიცაა.
ჩნდება კითხვა - თუ სამხრეთ კავკასიაში ნატოს შესვლა და რუსეთის საზღვრებთან ამ უკანასკნელის დაახლოება ასეთი დიდი პრობლემაა, რატომ არ განიცდიან რუსები ასე მტკივნეულად ნატოსთან აქამდე არსებულ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე გამავალ  საზღვრებს? რუსეთის მმართველ ელიტას ამაზე მარტივი პასუხი აქვს - უბრალოდ რუსეთს არ სურს იქ მიუახლოვდეს ნატო, სადაც სახელმწიფო სუსტია, ანუ მისთვის მიუღებელია ფეთქებადსაშიში ჩრდილოეთ კავკასია ნატოს პირისპირ და ამერიკის გავლენის სფეროში აღმოჩნდეს. ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე დასავლეთი აღიქმება როგორც რუსეთის დეზინტეგრაციით სასიცოცხლოდ დაინტერესებული აქტორი, ამდენად, ამ უკანასკნელის გავლენის გაზრდა ისედაც არასტაბილურ ჩრდილოეთ კავკასიაში კრემლისთვის საფრთხობელას როლს ასრულებს.
ლიტერატურა
ბედლი,ჯონ ფ.  რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა. თბილისი, ლიტერა, 2012,  გვ. 25.
Mankoff, Jeffrey. Russian Foreign Policy: The Return of Great Power Politics. Rowman & Littlefield Publishers, INC, 2009, pp.  16-17.
Tsygankov, Andrei P. &Tarver-Wahlquist, Matthew . Duelling Honors: Power, Identity and the Russia-Georgia Divide. In: Foreign Policy Analysis, Vol. 5, No. 4, October,2009, p.10
Tsygankov, Andrei P. &Tarver-Wahlquist, Matthew . Duelling Honors: Power, Identity and the Russia-Georgia Divide. In: Foreign Policy Analysis, Vol. 5, No. 4, October,2009, p.11
5Russia, North Ossetia – Trends in Conflict and Cooperation.Swiss peace, No 1, August 2007.http://www.fewer-international.org/images/lib/FAST%20Update_North%20Ossetia_1_2007_197.pdf( 29. 07. 2013)



დასავლურ სტრუქტურებთან დამეზობლების პერსპექტივის არასასურველობის გარდა, არსებობს კიდევ ორი ფაქტორი, რომლებიც მხედველობის მიღმა არიან ხოლმე დარჩენილი - ჩრდილოეთ ოსეთი და ჩერქეზული იდენტობა. შევეცდები, მოკლედ მიმოვიხილო ორივე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იმპერიაში შემავალ ყველა ეთნიკურ ჯგუფს გარკვეული ამბიციები გაუჩნდა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩრდილოეთ კავკასიაში ჩერქეზული ნაციონალიზმიც იკრებდა ძალებს. რუსეთის მმართველ წრეებში კარგად ხვდებოდნენ, რომ დასუსტებული ფედერაცია ვერ შეძლებდა ჩრდილო კავკასიელთა აგრესიის შეკავებას. ამდენად, მისი მიმართვა აუცილებელი იყო ვინმეს წინააღმდეგ და ამ ვინმედ რუსეთმა გამოიყენა საქრთველო. ჩერქეზები მოხალისეებად ეწერებოდნენ აფხაზეთის ომში და იბრძოდნენ „აფხაზი ძმების თავისუფლებისთვის“. ამ მანევრმა შეძლო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლები დროებით გადავადებულიყო. დღემდე არასტაბილური ჩრდილოეთ კავკასია ძალიან მგრძნობიარედ უყურებს რუსეთის საგარეო პოლიტიკას აფხაზეთის მიმართ. სტატუს კვოს შენაჩუნებაზე ორიენტირებული რუსეთი კი ცდილობს ჩერქეზთა გაღიზიანება მაქსიმალურად აირიდოს თავიდან.
რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას მათ ემოციურ დამოკიდებულებას ცხინვალის რეგიონის მიმართ. ჩრდილოეთ ოსეთის მმართველის  მამსუროვის განცხადებით, სცენარის გაუარესების შემთხვევაში, ის ვერ შეძლებს, შეაკავოს ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა და აუკრძალოს მათ სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა დაცვა. მისი თქმით არ უნდა მიეცეს დავიწყებას ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი დასახლებულია ერთი ეთნიკური ჯგუფით.
ჩნდება კითხვა: რამდენად აქცევს ყურადღებას რუსეთი ამ განწყობებს ჩრდილოეთ ოსეთში?  კითხვაზე პასუხის გასაცემად ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩრდილოეთ ოსეთის დიდ მნიშვნელობას რუსეთის შიდა პოლიტიკაში. ოსები ერთადერთი პრორუსულად განწყობილი, ქრისტიანი ხალხია აგრესიულად განწყობილ ჩრდილოეთ კავკასიაში, ამდენად, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია არ დაკარგოს ამ უკანასკნელთა კეთილგანწყობა. რუსეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ ხშირად განიცდის ამ ფაქტორიდან მომდინარე წნეხს. ამდენად, დიდი სურვილის არსებობის შემთხვევაშიც, რუსეთს გაუჭირდებოდა  რაიმე დათმობაზე წასვლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინტერესების საზიანოდ, ჩრდილოეთ ოსეთთან ურთიერთობის გაფუჭების გარეშე.
რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არ არის მკითხველი დავარწმუნო თითქოს რუსეთს იმპერიული მიზნები არ გააჩნია მეზობლების მიმართ და მისი ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიისადმი მხოლოდ თავდაცვითი რეაქციაა. სტატიაში უბრალოდ შევეცადე გვერდით გადამედო ე.წ. რუსულ ხასიათზე აპელირება და ყურადღება გამემახვილებინა არსებული ანტაგონიზმის გამომწვევ სხვა ობიექტურ მიზეზებზეც, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებული ტერორიზმისა და დეზინტეგრაციის საფრთხეზე, ჩრდილოეთ ოსეთიდან წამოსულ წნეხსა და ჩერქეზულ იდენტობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. რადგან ფაქტია, საქართველოზე ყურებამდე შეყვარებული კაციც რომ გახდეს რუსეთის პრეზიდენტი, ქართველთათვის სასურველი პოლიტიკის გატარება მასაც გაუჭირდება ზემოთ განხილული ობიექტური მიზეზების გამო.