Wednesday, October 30, 2013

თურქეთის საგარეო პოლიტიკის თანამედროვე მიმართულებები

თურქეთის საგარეო პოლიტიკის თანამედროვე მიმართულებები

არჩილ ყველაშვილი

თურქეთის  საგარეო პოლიტიკის თანამედროვე მიმართულებები საკმაოდ ბუნდოვანი და საკამათო საკითხია. ზოგადად, პოპულარულია თურქეთის ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმედ დავითოღლუს მიერ დეკლარირებული  გადახალისებული და დასავლეთისგან უფრო ავტონომიური საგარეო პოლიტიკური მიდგომების „ნეო-ოტომანიზმად“ შეფასება.
თუმცა, თავად დავითოღლუ უარყოფს ამგვარ განსაზღვრებას და იყენებს მისეულ ტერმინს „სტრატეგიული სიღრმე“. მიუხედავად ამისა, „სტრატეგიული სიღრმის“ დავითოღლუსეული განმარტებაში აშკარად იკვეთება ნეო-ოტომანიზმთან დაკავშირებული პოსტულატები. ნეო-ოტომანიზმი დღევანდელ პირობებში გულისხმობს ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში თურქეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული აქტივობის და როლის ზრდას და არა მაინც და მაინც სამხედრო თვალსაზრისით დომინირებას, ასევე დასავლეთთან, განსაკუთრებით კი შეერებული შტატებთან სუბორდინაციული მდგომარეობიდან თავის დაღწევას. სამართლიანობისა და განვითარების პარტიაც (AKP), იდეოლოგიური თვალსაზრისით, ამგვარ პლატფორმაზე დგას შიდა თუ საგარე პოლიტიკურ არენებზე. ორიენტირებულია რა რელიგიის როლის რეაბილიტაციაზე, ის თურქულ საზოგადოებაში დასავლეთის რიგი ნაბიჯებისადმი მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა.
     აჰმედ დავითოღლუ თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას მკვეთრად უსვამს ხოლმე ხაზს ქვეყნის გეგრაფიული მდებარეობის და ისტორიულ-კულტურული კავშირების მნიშვნელობას ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში, -  „ერთ-ერთი სიძლიერე ჩვენი საგარეო პოლიტიკისა არის კავშირების აღდგენა რეგიონის ხალხებთან, რომლებთანაც საერთო ისტორია გვაკავშირებს და საერთო დანიშულება გაგვაჩნია. ეს მიზნები კვლავაც მოხაზავენ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, განსაკუთრებით ხანმოკლე პოლიტიკური მიზნების მიღწევის მომიზეზებით, რაც დაგვაშორებს რეგიონის ხალხების გულებსა და გონებას“(Davitoglu 2012, 2). სტრატეგიული სიღრმეები გეგრაფიულ და ისტორიულ ასპექტებს მოიცავენ. გეოგრაფიის თვალსაზრისი გულისხმობს თურქეთის უნიკალური მდებარეობას ევროპისა და აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიას შორის, რაც ამ ქვეყანას მთელ რიგ უპირატესობებს ანიჭებს. ისტორიული თვალსაზრისით კი მისი იმპერიული წარსული, რაც დავითოღლუსეული თვალთახედვით, თურქეთს „ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის მსგავსი სახელმწიფოების მახასიათებლებს სძენს“ (Onar 2009,13). 
დავითოღლუს რიტორიკაში გარკვეულწიად  იგრძნობა ანტი-დასავლური განწყობა, როდესაც ხან შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს ახლო აღმოსავლეთისადმი არაკონსტრუქციული პოლიტიკის გატარებაში, ხან  დასავლეთ ევროპას უწუნებს დემოკრატიის ხარისხს თურქი იმიგრანტებისადმი ქსენოფობიური დამოკიდებულების გამო. მას, ასევე, ნათლად აქვს დაფიქსირებული აზრი თურქეთის მისწრაფების  შესახებ, გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა რეგიონული თუ გლობალური მასშტაბით და არ იმართებოდეს ზესახელმწიფოს მითითებების მიხედვით, - „ჩვენ გვაწუხებს იმის აღქმა, რომ სხვა სახელმწიფოები განგვისაზღვრავენ რეგიონალურ პოლიტიკას  და ჩვენ მხოლოდ სხვის მიერ დაკისრებული როლების შესრულება მოგვიწევს. აუცილებელია მოვიშოროთ არასრულფასოვნების ფსიქოლოგიური განცდა... დღეს-დღეობით, ეროვნული პრიორიტეტებიდან გამომდინარე  განვსაზღვრავთ ჩვენს ხედვებს, ვირჩევთ მიზნებს და ვახორციელებთ საგარეო პოლიტიკას“ (იქვე, 4). დასავლეთის გავლენიდან გამოსვლისა და კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით, მონათესავე ხალხებთან სოლიდარული ურთიერთობების დამყარების გარდა, დავითოღლუს „სტრატეგიული სიღრმის“ დოქტრინაში რეგიონული პოლიტიკის ჭრილში დეკლარირებულია „მეზობლებთან ნულოვანი პრობლემების პოლიტიკა“. ის გულისხმობს „მაქსიმალურ თანამშრომლობას, მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკის გატარებას, ახალ და მოქნილ დიპლომატიურ სტილს და თანაბარი ყურადღების დათმობას როგორც მუსლიმი, ისე არა მუსლიმი მეზობლებისადმი“ (South East European Studies at Oxford (SEESOX) 2010, 13).
რაც შეეხება დეკლარირებული დოქტრინის ასახვას რეალურ პოლიტიკურ ნაბიჯებში, სიახლეს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ რეგიონული მასშტაბით თურქეთი აქტიური ქვეყანაა როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით, ასევე ვაშინგტონის სურვილებთან შეუსაბამო პოლიტიკის გატარებით ირანისა და ისრაელისადმი. ამ უკანასკნელთან თურქეთის ურთიერთობები, როგორც ვიცით, უაღრესად კონფრონტაციული გახდა პალისტინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის და განსაკუთრებით 2010 წლის ღაზის ფლოტილიის ცნობილი ინციდენტის გამო. თურქეთი, ასევე, ესწრაფვის ურთიერთობების ნორმალიზებას ირანთან. მას აშშ-სგან განსხვავებული ხედვები გააჩნია ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ. იზრდება ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობაც. სხვა მეზობლებს რაც შეეხება, განუხრელად იზრდება თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობაც, მათ შორის სტრატეგიული თვალსაზრისით. „2009 წლის 6 აგვისტოს ვლადიმერ პუტინმა და ერდოღანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებების სერიას ენერგეტიკის სფეროში, რომლებიც ითვალისწინებს ალტერნატიული მილსადენების მშენებლობების გეგმებს და თანამშრომლობას პირველი თურქული ბირთვული რეაქტორის მშენებლობაში“ (იქვე, 14). დასავლეთის მხრიდან განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თურქეთის მმართველი პარტიის კავშირები ისეთ რადიკალურ ორგანიზაციებთან და ფიგურებთან, როგორიცაა პალესტინური „ჰამასი“ ან საეთაშორისო კრიმინლური სასამართლოს მიერ სამხედრო დანაშაულებებში მხილებული სუდანის ლიდერი ომარ ალ-ბაშირი. კულტურულ-ეკონომიკური თვალსაზრისით თურქეთი ცდილობს აქტიურობას არაბულ სამყაროშიც.
ეს ყველაფერი ლოგიკურად გამოიყურება თურქეთის მზარდი ეკონომიკის ფონზე, რასაც ქვეყნის სამხედრო პოტენციალის და საერთაშორისო პოლიტიკური პრესტიჟის მატებაც მოსდევს. უცნაური არაფერია იმაში, რომ გაზრდილი შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოს საერთაშორისო და რეგიონულ ასპარეზზე გააქტიურების სურვილი უჩნდება. ამ ყველაფერს, პირობითად, შეიძლება ნეო-ოტომანიზმი ვუწოდოთ. თუმცაღა, ვფიქრობ, გადაჭარბებულია იმის განცდა, რომ თურქეთი დღეს-დღეობით იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებას ცდილობს რეგიონში ან მისი საგარეო პოლიტიკური  დღის წესრიგი ისლამისტურ ხასიათს იღებს. მართალია AKP-ს ლიდერები კავშირებს ამყარებენ არა-დასავლურ რეგიონებთან და გადასინჯვას უკეთებენ თურქეთის დამოკიდებულებას აშშ-სა და ევროკავშირთან, მაგრამ მათ ინტერესებში სულაც არ შედის დასავლეთთან სტრატეგიულ კავშირებზე უარის თქმა. მიუხრედავად  AKP-ს საგრძნობი ორიენტაციისა რელიგიისკენ შიდა სახელწიფოებრივი თვალსაზრისით, სტრატეგიული კავშირების დონეზე დიდად არ იგრძნობა მათი პრო-ისლამური ტენდენციები. ერდოღანის ხელისუფლება ამ მხრივ არ არის ისეთი რადიკალური, როგორიც კეთილდღეობის პარტიის ისლამისტი ლიდერი ნექმეტინ ერბაკანი, რომელიც „ფიქრობდა ისლამური ალიანსის შეკვრას ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიც არიან ლიბია, ირანი, მალაიზია და ინდონეზია, როგორც დასავლეთთან კავშირების ალტერნატივა“(Tasqinar 2011, 1-2).

მთლიანობაში, თურქეთის თანამედროვე  საგარეო პოლიტიკისათვის, დავარქმევთ მას ნეო-ოტომანიზმს თუ უბრალოდ დამოუკიდებელ და აქტიურ მიდგომებს, დამახასიათებელია აქცენტის გაკეთება ეკონომკიურ, კულტურულ და დიპლომატიურ ბერკეტებზე. რეგიონული მასშტაბებით თურქული მიდგომა აშკარად ატარებს “soft power” - ის (რბილი ძალა) ნიშნებს. თურქეთი ნაკლებად იხრება კუნთების თამაშის სტრატეგიისკენ, მიხედავად სოლიდური სამხედრო პოტენციალისა. ამის უმთავრეს ინდიკატორად წარმოჩინდება მისი საკმაოდ თავშეკავებული დამოკიდებულება სირიის კონფლიქტისადმი. თურქეთის მთავრობის მხურვალე იდეოლოგიურ-მორალური სოლიდარობა სირიელი ამბოხებულებისადმი რიტორიკის დონეზე რჩება და რეალური ნაბიჯები  ამბოხებულთა დასახმარებლად არ გადადგმულა. თურქეთი თავს იკავებს პასუხისმგებლობის აღებაზე და  დასავლეთის გარეშე  გადამწყვეტი სამხედრო ნაბიჯების გადადგმას ერიდება. სირიის კონფლიქტის დავით ოღლუსეული შეფასებაც გამსჭვალულია ამბოხებულებისადმი თანაგრძნობის განცდით, მაგრამ მინიშნებაც კი არსადაა იმის თაობაზე, რომ თურქეთი ხისტი ნაბიჯების გადადგმას აპირებდეს ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ, არსად ჩანს ის წითელი ხაზი, რომელიც თურქეთს შეიძლება გაევლო სირიის რეჟიმისთვის. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მიუხედავად ავტონომიური და გააქტიურებული პოლიტიკისა, ამ მომენტისთვის თურქეთი არ ესწრაფვის მეზობელ რეგიონებში პოზიციების სამხედრო მეთოდებით განმტკიცებას და უფრო ეკონომიკურ-კულტურულ ექსპანსიაზეა ფოკუსირებული.