Wednesday, October 30, 2013

სამართლიანიომისთეორიადაუპილოტოსაფრენიაპარატებით“ დრონებით „ ბრძოლისეთიკა

ერიხ ფრეიბერგერი


თარგმანი; მარიამ წიწიკაშვილი , ლაშა ჩახნაშვილი




  ჯეი ჯეი აბრამსის ფილმ „ვარსკვლავური გზის“  (Paramount 2013) პერსონაჟი კაპიტანი კირკი მორალური დილემის წინაშე დგება: ან უნდა შეასრულოს ბრძანება და მტრის ტეროტორიაზე ისროლოს ჭურვი ცნობილი ტერორისტის მოსაკლავად, ან უნდა გარისკოს და გააგზავნოს თავისი ხალხი უცხო მიწაზე ტერორისტის ასაყვანად. ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის. ეს ალეგორიაა იმ მორალური საკითხებისა, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატებით ბრძოლა გულისხმობს და იმ დილემისა, რომლის პირისპირაც აღმოვჩნდით დღეს.
როგორც „ვარსკვლავურ გზაშია“, ჩვენ გვაქვს გასაოცარი ტექნოლოგია, რომელიც  შეგვიძლია გამოვიყენოთ ისე, რომ უმნიშვნელო რისკი შევუქმნათ ჩვენს სამხედრო ძალას. თუმცა ამ იარაღის არასწორად გამოყენება უდიდესი საფრთხის მომტანია ჩვენი სიცოცხლისთვის. როგორ შეიძლება დარწმუნებულები ვიყოთ, რომ სამიზნე სწორად გვაქვს იდენტიფიცირებული?  საკმარისია, რომ მხოლოდ უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეებს ვენდოთ?  რომელია სწორი გზა ამ იარაღის გამოყენებისთვის?  სტატიის ძირითად ნაწილში სწორედ იმაზე იქნება საუბარი თუ როგორ პასუხობს ამ კითხვებზე ეთიკა და სამართლიანი ომის თეორია , რითიც ნათლად გამოჩნდება თუ რა აკლია ობამას ადმინისტრაციას უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების მიდგომაში.

სამართლიანი ომის ტრადიცია

სამართლიანი ომის თეორია, ისევე როგორც თავად ეთიკის საკითხი, კაცობრიობის საერთო იდეებს ეფუძნება. ეს გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ ომის ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელთა დაცვა აუცილებელია ომის წარმოებისას (Walzer 1991). ზოგი მის წარმოშობას უკავშირებს ინდურ ეპიკურ პოემას „მაჰაბჰარატას“, რომელიც ომის ჩასატარებლად რიგ წესებს გვთავაზობს (Clooney 2003: 117). დასავლეთში კი ამ პრინციპების საფუძველი გვევლინება როგორც ჰომეროსის „ილიადაში“ (Murray 1924),  ასევე არისტოტელესა და პლატონის ფილოსოფიაში. მაშინ როდესაც „სახელმწიფოში“ სოკრატე ბერძნებს ურჩევს,რომ შეზღუდონ მიწების აოხრება მომავალი მშვიდობის გამო (Plato 1992). არისტოტელე ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ომის წამოწყების სამართლიან მიზეზზე. ციცერონი კი ,თავის მხრივ, თემატურად ორივე საკითხს ეხება „სახელმწიფოში“, რომელიც დაიწერა ძვ.წ. 51 წელს. თუმცა ეს პრინციპები განსაკუთრებით ძლიერი და ფართოდ გავრელებული გახდა მას შემდეგ, რაც 380 წ. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა რომის იმპერიაში (Salzman 120). მას შემდეგ რაც ქრისტიანობა აღარ იდევნებოდა, ქრისტიანებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს და არმიაში მსახურიც დაიწყეს. ამან კი წარმოშვა ახალი პრობლემა: რა პირობით უნდა მიემართათ ქრისტიანებს ძალადობისთვის, მაშინ როდესაც მათი საღვთო წიგნი - ბიბლია - მათ ბოროტებასთან ბრძოლის ასეთ კონცეფციას სთავაზობდა : „თუ კი გაგარტყამენ მარჯვენა ლოყაში, მარცხენა ლოყა მიუშვირე“. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის პირველი მცდელობა ნეტარი ავგუსტინესა და მის აღმზრდელს, ამბროსს ეკუთვნით (Augustine, City of God I.21; Mattox 44-45). მიუხედავად იმისა რომ მსგავსი მიდგომა ჯერ კიდევ ციცერონის შრომებში გვხდება ჩამოყალიბებული (City of God XXII.6), ქრისტიანული კონტექსტი, რომელშიც ის იქნა გამოხატული, ვხვდებით მოსაზრებას, რომ ქრისტიანობის (Johnson 38, 79; City of God XIX.15; Ambrose 95-96), გასავრცელებლად, ზოგჯერ, ძალა შეიძლება იქნას გამოყენებული. სწორედ ამან გამოიწვია შეცდომა, რომელიც სამართლიანი ომის თეორიას მხოლოდ ქრისტიანულ ინიციატივად წარმოაჩენს.  ციცერონის სტოიკურ უნივერსალიზმში არსებულმა ამ თეორიის ფესვებმა საშუალება მისცა რენესანსის პერიოდის მოაზროვნეს ჰუგო გროციუსს, რომ ქრისტიანული გავლენისგან გაეწმინდა ეს თეორია და მისი გამოყენებით გარკვეული პრინციპები შეეტანა საერთაშორისო სამართალში (Grotius 2001:10).
სამართლიანი ომის თეორიის ძირითადი პრინციპები: jus ad bellum and jus in bello
თავდაპირველად სამართლიანი ომის თეორეტიკოსები ძირითადად დაკავებულნი იყვნენ ორი ფუნდამენტური შეკითხვის გააზრებით: როდის არის სათანადო ომის დაწყება (jus ad bellum) და როგორ უნდა წარიმართოს ომი (jus in bello). თუმცა, ამ ორ საკითხზე აქცენტებს ჯერ კიდევ ციცეროთან ვხედავთ (On The Commonwealth III.23; De Officiis I.xi,33-36) და  jus ad bellum თეორია კი უკვე კარგად განვითარებული გვხდება ადრეული სამართლიანი ომის ტრადიციაში. ავგუსტინეს თეორია ცდილობდა, გაემართლებინა სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენება საღვთო ქალაქის ადამიანური  ქალაქის მიმართ შესაფერისი როლის დასახვით. ეს როლები კეთილსა და ბოროტს შორის სამარადისო ომის კონტექსტშია ჩაფიქრებული, (City of God XIX.4,5). მისი მიმოხილვა  ორიენტირებულია იმ პირობების ანალიზზე, რომელთა მიხედვითაც ომი ზნეობრივად გამართლებულია. მისი ნაშრომი, ძირითადად, შეიცავს იმ პრინციპებს, რომელთაგან მოგვიანებით jus ad bellum ჩამოყალიბდა: იმისთვის რომ ომი ჩაითვალოს სამართლიანად, მას უნდა გააჩნდეს სერიოზული მიზეზი (City of God XXII.6), ის უნდა იქნეს დეკლარირებული ლეგიტიმური სამთავრობო ხელისუფალის მიერ, რომელსაც განსაკუთრებული შეზღუდვები აქვს (City of God I.21; On The Commonwealth II.17, III.22), ომი უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება (On The Commonwealth III.23; Mattox,16-17, 78-79), მისი საბოლოო მიზანი უნდა იყოს მომავალი სახელმწიფო მშვიდობა (City of God,XV.4), ძალადობა, რასაც ის იყენებს, მიღებული ზიანის პროპორციული უნდა იყოს (Mattox, 17, 81; De Officiis I, xi, 33-36), მას უნდა გააჩნდეს კეთილი მიზნები და ზრახვები (City of God, IV.14), და ბოლოს მას უნდა ჰქონდეს წარმატების დიდი ალბათობა (Mattox 79-81;On The Commonwealth III.18, III.23).
სამართლიანი ომის შემდგომი განვითარებისას ნორმატიული წესები, რომლებიც ზღუდავს ომის წარმოების პროცესს მკაცრი სიზუსტით შემუშავდა და მე-19-მე-20 საუკუნეებში. ბევრი jus in bello პრინციპი საერთაშორისო ხელშეკრულებებშიც იქნა შეტანილი.  მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰააგის კონფერენციაზე შექმნილი „სამართლის კონვენცია და ომის წესები“ 1899 და 1907 წლებში, ჟენევის კონვენციები (1864, 1906, 1929, 1949), გაეროს წესდება (1945), ნიუნბერგის სასამართლო (1946), გაეროს კონვენცია გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ (1948), საერთაშორისო ომის დანაშაულის ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის (1993), საერთაშორისო ომის დანაშაულის სასამართლო ჰააგაში (1998). ეს შეთანხმებები დაეხმარა მსოფლიოს დადგენილიყო ომის წარმოების ზუსტი წესები, რომელთა შორისაა შემდეგი საკითხები: სამოქალაქო პირების მოპყრობა, POW (prisoner of war) - სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის წესები და ქიმიური იარაღის აკრძალვა.
ზემოთ აღნიშნული შეთანხმებებში ასევე ცდილობდნენ jus in bello-ს 4 ძირითადი პრინციპის კოდიფიცირება მომხდარიყო: სამხედრო საჭიროების პრინციპი, სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის განსხვავების პრინციპი, პროპორციულობის პრინციპი, რომელიც ამბობს რომ ძალა დასახული სამხედრო მიზნის პროპორციული უნდა იყოს, ჰუმანურობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ სამხედროებმა თავი უნდა აარიდონ სამოქალაქო პირების წამებას და მათი საკუთრების უსაფუძვლოდ ნგრევას (Solis 2010: 250-286, Glover 2009). სწორედ ეს 4 გვევლინება ომის დროს ძალის გამოყენების კანონიერების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც  იუსტიციის დეპარტამენტი „white papers-ში”ასახავს.
ეთიკური გამართლება და თანაზიარობის კონცეფცია
ეჭვგარეშეა და ამ მოკლე მიმოხილვიდანაც ჩანს, რომ jus ad bellum და jus in bello პრინციპების უამრავი ინტერპრეტაცია არსებობს. ამდენად ისინი უნდა განვიხილოთ – როგორც ეთიკური მოსაზრების გზამკვლევი, ჩარჩო და არა აბსოლუტური სამართალი, ისინი მხოლოდ გარკვეული ხარისხის კავშირს გამოხატავენ  იმაზე, რასაც ჩვენ ინტუიციურად შესაძლებლად ვთვლით. ამ პრინციპების უმრავლესობა ემყარება თანაზიარობის-ორმხრივობის მოსაზრებას, ოქროს წესს, რომელიც გვეუბნება რომ ისე უნდა მოვექცეთ სხვებს, როგორც გვინდა რომ მოგვექცნენ ჩვენ. ეთიკურობის იდეა გულისხმობს, რომ არ არსებობს დამატებით რაიმე ეთიკური ვითარება, არ არსებობს სიტუაცია სადაც ეთიკური ვალდებულებები არ მუშაობს, თუნდაც ყველაზე უკიდურეს ადამიანურ მდგომარეობაშიც კი - ომის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობას, რომელსაც ომის დროს ვიყენებთ არ ექნება ლეგიტიმური საფუძველი. თუმცა  არ ვამბობთ, რომ ასე არ იქცევიან, „დიახ სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები და ერები, რომლებიც არაეთიკურად იქცევიან ყოველთვის“ (ციცერონი: „კანონები არაფერს ამბობენ ომის დროს“ 1896: IV.11). ეთიკა არის ის რაც უნდა იყოს, მაგრამ რაც რეალობაში იშვიათად ხორციელდება. მთავრობები ხშირად იყენებენ შიშველ ძალას, მაგრამ როდესაც ისინი ასე იქცევიან, ეთიკის მიმდევრების ამოცანაა, რომ შეახსენონ მათ, ასეთი საქციელი ზნეობრივად ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. თუ გვინდა, რომ ჩვენი მხრიდან ძალის გამოყენება სამართლიანად ჩაითვალოს, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ის საზღვრები, რაც ნაგულისხმევია ორმხრივობის კონცეფციაში. ჩვენ არ შეგვიძლია უპილოტო საფრენი აპარატებით ბრძოლას ვუწოდოთ სამართლიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენს არსენალში ყველაზე მოხერხებულია და მხოლოდ იმიტომ რომ ვებრძვით ბოროტ ადამიანებს, რომლებიც გვემუქრებიან. ეს ფაქტები ვერ აქცევენ ჩვენს ბრძოლას სამართლიანად. ამგვარად, რა არის ის, სათანადო საზღვრები უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის დროს? ვამბობ, რომ აუცილებელია მათი ეთიკურად გამოყენება, აქვე ვაცნობიერებ, რომ ძალიან მაღალია ამის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი ბარიერები.  როგორც  ვამტკიცებთ ქვემოთ, გაუგებარია ,როგორ აპირებს ადმინისტრაცია საკუთარი კრიტერიუმის მიღებას სამართლიანი გამოყენებისთვის.
იუსტიციის  დეპარტამენტის დოკუმენტი, როგორც უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გამართლება
2013 წლის 6 თებერვალს NBC-ის საინფორმაციო გამოშვებაში ,,გამოაშკარავდა’’ 16 გვერდიანი სპეციალური დოკუმენტი, სადაც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაცია არგუმენტირებულად ასაბუთებს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების აუცილებლობას როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა სამართლის საფუძველზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საფრენ აპარატთა საჰაერო დარტყმები გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცალკეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:
1.         ,,როდესაც მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელი გარდაუვალი საფრთხის არსებობაზე მიუთითებს.’’
2.         ,,როდესაც შეუძლებელია ობიექტებზე სამხედრო კონტროლის დამყარება.’’
3.         ,,როდესაც ოპერაცია ხორციელდება ომის წესებთან აბსოლუტური თანხვედრით.’’
გარდა ამისა,  ხაზგასმითაა ნახსენები ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როგორებიცაა საჭიროება, აუცილებლობა, პროპორციულობა, და ჰუმანურობა. საინტერესოა ერთი შეხედვით ესოდენ ნათლად ჩამოყალიბებული და არგუმენტირებული დასაბუთების მიუხედავად, რატომ შეიკავა თავი ადმინისტრაციამ დოკუმენტის გასაჯაროებისაგან.
განვიხილოთ ზემოხსენებული სამი კრიტერიუმი:
1.   საფრთხის გარდაუვალობა
შესაძლოა პირდაპირ ითქვას, რომ ეს გახლავთ სამართლიანი ომის (jus ad bellum) პრინციპი, რომელიც მიუთითებს სუბიექტის ყოველგვარ უფლებაზე მეტოქეზე განახორციელოს წინმსწრები დარტყმა, თუმცა ამ პრინციპის განზოგადება ალბათ შეუძლებელია, რადგან მისი  დამკვიდრება ძალზედ რთულია,  მაგალითად ასიმეტრიული ომის შემთხვევაში. ჩვეულებრივ, გარდაუვალობა ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული საფუძვლიანი ინფორმაცია მოწინააღმდეგისაგან მოსალოდნელი დარტყმის დროისა თუ ადგილის შესახებ, თუმცა დოკუმენტი გვთავაზობს გარდაუვალობის ახალ - ე.წ. ,,ფართო გაგებას’’ და არგუმენტაციას ამყარებს ტერორისტულ და ტრადიცულ ომს შორის არსებულ ძირეულ განსხვავებაზე, ხაზს უსვამს რა იმას, რომ ტერორისტული ომის შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია შესაძლო თავდასხმის ზუსტი პროგნოზირება და შესაბამისად - ადეკვატური ზომების მიღება. ბუნებრივია, ასეთი მსჯელობა და არგუმენტაცია მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებით მანიპულირებას წარმოადგენს, მისი აბსურდულობის დასამტკიცებად კი შესაძლებელია ზემოხსენებული ,,ფართო გაგება’’ განვიხილოთ საკუთრივ ა.შ.შ.-თან მიმართებით: წარმოვიდგინოთ, რაოდენ განრისხებასა და შეშფოთებას გამოხატავს ა.შ.შ.-ის ხელისუფლება თუ მექსიკა გადაწყვეტს უპილოტო აპარატის გამოყენებას სამხრეთ ტეხასში, რომელიმე გავლენიანი ნარკობარონის წინააღმდეგ, ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად აშშ იგივე არგუმენტაციას გამოიყენებდა. სწორედ ამიტომ, თავის თავშივე არსებული წინააღმდეგობის გამო არჩია დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ამ დოკუმენტის გასაჯაროებისაგან თავის შეკავება; თუმცა ისინი მუდამ ყველაფერს აკეთებენ რათა ლეგალური საფუძველი და გამართლება უპოვონ საკუთარ ქმედებებს.
2.         კონტროლის დამყარების შეუძლებლობა
ამ მოსაზრების ირგვლივ არაერთი კონტრარგუმენტისა და გამაბათილებელი თეზისის წამოყენება შეიძლება, რამეთუ წინასწარ ძალზედ რთულია განსაზღვრო  რამდენამდ შეუძლებელი იყო რომელიმე სამხედრო ოპერაციისას ამ თუ იმ ობიექტზე კონტროლის მოპოვება მისი განადგურებისა და სრული ლიკვიდაციის გარეშე. მთავრობა კი მუდამ ხაზს უსვამს ასეთი კონტროლის შეუძლებლობას, რათა გარკვეული გამართლება უპოვოს ადვილად განხორციელებად საჰაერო დარტყმებს. ამასთან, ისინი აპელირებენ იმითაც, რომ ასეთი სამხედრო ოპერაციები გაცილებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული და აგრეთვე ფაქტობრივად არ არსებობს ცოცხალი სამხედრო ძალის სასიცოცხლო რისკის ქვეშ დაყენების რაიმე შესაძლებლობაც კი. სწორედ ამიტომ, აშშ-ს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის ასეთი ტიპის არგუმენტაცია სავსებით საკმარისია, რათა მხარი დაუჭიროს უპილოტო საფრენ აპარატთა მასობრივ გამოყენებას,  მითუმეტეს  როდესაც საქმე ეხება ტერორისტებთან ბრძოლას.
3.         ომის წესებთან შესაბამისობა
როგორც უკვე ვახსენეთ, დოკუმენტში ხასგასმულია სამართლიანი ომის წარმოების შემდეგი პრინციპები: საჭიროება, აუცილებლობა, პროპორციულობა და ჰუმანურობა. თუმცა ერთობ საკამათოა, რამდენად შეესაბამება უპილოტო აპარატთა მასობრივი გამოყენება სწორედ ამ პრინციპებით ნაგულისხმევ კრიტერიუმებს.
საჭიროების მიღმა მთავრობა გულისხმობს სამიზნეთა მიმართ გარკვეული სამხედრო ინტერესის არსებობას, ხოლო რაც შეეხება აუცილებლობას, სწორედ ეს ცნება გამოიყენება ხშირად, თუნდაც მშვიდობიან მოსახლეობაში არსებული მსხვერპლის გასამართლებლად. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ოთხ პრინციპთაგან ყველაზე მეტად დამაჯერებელი გახლავთ პროპორციულობა. ისეთი  შემთხვევებისას, როდესაც მოწინააღმდეგისაგან სერიოზული სამხედრო დარტყმა რეალურად გარდაუვალია, უპილოტო საფრენ აპარატთა გამოყენება ნამდვილად წარმოადგენს ყველაზე მეტად გამაწონასწორებელ, დამაბალანსებელ პასუხს ტერორისტულ საფრთხეზე, თუნდაც საქმე ეხებოდეს ცოცხალ სამიზნეს. მიუხედავად ამისა, მაინც რჩება ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მდგომარეობს ადმინისტრაციის არცთუ ისე დამაჯერებელ  განსაზღვრებაში ტერმინ გარდაუვალობისა. ზუსტად იგივე წინააღმდეგობას ვაწყდებით ჰუმანურობის პრინციპის განხილვისას, რომელიც გულისხმობს საომარი მოქმედებების დროს წამებისა და კერძო საკუთრების ხელყოფისაგან მაქსიმალურ თავშეკავებას. ამ საკითხზე მსჯელობისას იკვეთება ორი ძირითადი მიმართულება: ერთის მხრივ, თუ სამიზნე დანამდვილებითაა ცნობილი, უპილოტო საჰაერო დარტყმები ნამდვილად ამცირებს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების შესაძლო საფრთხეს (სწორედ ეს ფაქტორი ხდება ხშირად აპარატთა გამოყენების მომხრეთა აპელირების კარგი საშუალება), ხოლო მეორეს მხრივ კი, ზუსტი სამიზნის არარსებობის შემთხვევაში გაცილებით იზრდება უდანაშაულო მსხვერპლის არსებობის ალბათობა; არცთუ იშვიათად, სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი ხდება მასობრივი უკმაყოფილებისა და საფრენ აპარატთა გამოყენების მიმართ უკიდურესი ანტიპათიის მიზეზი. საბოლოო ჯამში კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ უპილოტო საფრენ აპარატთა მასობრივი გამოყენება ნამდვილად ხელის შემშლელი ფაქტორია სამომავლო მშვიდობის იდეის განხორციელებისათვის.
ის, რაც 2009  წელს ნობელის პრემიით დაჯილდოებისას ბარაკ ობამას ოფიციალური მოხსენების მიღმა დარჩა.
იუსტიციის დეპარტამენტის ზემოხსენებულ დოკუმენტში ხაზგასმული სამართლიანი ომის ოთხი პრინციპი დაახლოებით შეესაბამება ბარაკ ობამას მიერ 2009 წელს, ნობელის პრემიით დაჯილდოებისას წარმოთქმულ სიტყვებს:
            ,,ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად, როდესაც იგი წარმოებს როგორც მხოლოდ და მხოლოდ მომავალი საფრთხისაგან თავდაცვის უკანასკნელი საშუალება, როდესაც გამოყენებული ძალა მოწინააღმდეგის შესაძლებლობების პროპორციულია და როდესაც ყველანაირი სირთულის ატანა ხდება მოქალაქეთა უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.’’
ის, რაც არც ობამას ამ გამოსვლასა და არც ზემოთ განხილულ დოკუმენტშია ნახსენები, გახლავთ სამართლიანი ომის წარმოების კიდევ ოთხი დამატებითი პრინციპი, რომლის მიმოხილვაც ნამდვილად ღირს. სამართლიანობის პრინციპის დასაკმაყოფილებლად ომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგს:
1.         წარმოებდეს კომპეტენტური ხელისუფლების მიერ (ანუ რაციონალური, ლეგიტიმური რეჟიმისა და არა ტირანიის);
2.         უმთავრეს მიზანს წარმოადგენდეს სამომავლო მშვიდობის მიღწევა;
3.         ეფუძნებოდეს მხოლოდ მართებულ მიზეზებს;
4.         გააჩნდეს წარმატების დამაჯერებელი შანსები.
სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი პრინციპების სიღრმისეული გააზრება გვაძლევს აბსოლუტურად მართებულ მიზეზს რათა უპილოტო საფრენ აპარატთა გამოყენების ადმინისტრაციისეული გამართლების ძირეული პრობლემები და აბსურდული არგუმენტაცია ნათელზე გამოვიტანოთ. თუ გარდაუვალობის  პრინციპის ზემოხსენებული განსაზღვრებით ვიხელმძღვანელებთ და მას ყველაზე განვაზოგადებთ ,,უთუო საფრთხის გასანეიტრალებლად’’, მაშინ ჩვენი მოსაზრება არანაირად არ შეიძლება შეესაბამებოდეს აქვე ხსენებულ რაციონალურობისა და ლეგიტიმურობის პრინციპებს. ამასთან, რაოდენ ,,მიმზიდველიც’’ არ უნდა ჩანდეს გარკვეული ტექნოლოგიური უპირატესობების მქონე უპილოტო აპარატთა გამოყენება ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, ჩვენ არათუ წარმატების არანაირი დამაჯერებელი შანსები არ გაგვაჩნია, არამედ ასევე საეჭვოა ამ გზით სამომავლო მშვიდობის დამყარება, რამეთუ ყოველი მოკლული ტერორისტი (რომ აღარაფერი ვთქვათ მშვიდობიან მოსახლეობაზე) მხოლოდ კიდევ უფრო ,,შთააგონებს’’ და უბიძგებს მათსავე თანამოძმეებს შემდგომი ტერორისტული აქტების განხორციელებისაკენ. საინტერესოა, როგორაა შესაძლებელი ამ გზით სამომავლო მშვიდობისა და საბოლოო წარმატების მიღწევა?!
სწორედაც რომ სამართლიანი ომის ასეთი სტანდარტებით გაზომილი გამართლებანი უპილოტო საფრენ აპარატთა გამოყენებისა ბადებს გარკვეულ მსგავსებას თანამედროვე ომსა და ჯორჯ ორუელიესულ სამუდამო ომს (რეალურ მიზეზგარეშე წარმოებული ხანგრძლივი ომი, როგორც ლეგიტიმაციის ერთ-ერთი საშუალება) შორის. აბსოლუტურად შეუძლებელია იმსჯელო ომის სამართლიანობაზე, როდესაც მას არ გააჩნია არც რეალური სამომავლო სამშვიდობო მიზნები და მით უმეტეს არც წარმატების რაიმე დამაჯერებელი შანსები. ობამას მოხსენებაში ჩანდა არა კონტრ-ტერორისტული ომის ძირეული გადახედვის სამომავლო გეგმები, არამედ ომისადმი მხოლოდ და მხოლოდ ახალი, განსხვავებული კუთხით მიდგომა; შესაბამისად, უპილოტო აპარატებით წარმოებული ომის სამართლიანობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, მიუხედავად პრეზიდენტის საპირისპირო მოსაზრებისა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ ტრადიცული სამართლიანი ომის კანონების, არამედ აგრეთვე ჩვეულებრივი ადამიანური მორალის გადმოსახედიდანაც კი, ადმინისტრაციას რეალურად მართებს ბუნდოვანი დეფინიციების ნაცვლად საკუთარი არგუმენტაციის უკეთესი დამაჯერებლობისათვის გაცილებით ნათელი და ადვილად გასაგები გამართლება უპოვოს უპილოტო საფრენ აპარატთა გამოყენებას ან უკეთეს შემთხვევაში შეზღუდოს კიდეც მათი გამოყენება.

ავტორი:
ერიხ ფრეიბერგერი ასწავლის ისტორიის ფილოსოფიას ჯეკსონვილის უნივერსიტეტში, ასევე ეთიკასა და საჯარო პოლიტიკას  სამაგისტრო პროგრამაზე. მას აქვს გამოქვეყნებული შრომები ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიის, პლატონისა და შექსპირის შესახებ. ამჟამად ის მუშაობს წიგნზე, რომელშიც საუბარი იქნება შექსპირისა და პლატონის პოლიტიკურ ფილოსოფიაზე..