Saturday, February 22, 2014

ექვსდღიანი ომი - ყველაზე ეფექტური წინმსწრები ომი უახლეს ისტორიაშ


გიორგი ჯიქია

ისრაელის მიერ 1967 წლის 5-10 ივნისს, ეგვიპტის, სირიისა და იორდანიის ალიანსის წინააღმდეგ ჩატარებული საომარი ოპერაცია მიჩნეულია პრეემპციული, ანუ წინმსწრები ომის ყველაზე კარგ მაგალითად. თუმცა ხშირად ამ ომს მოიხსენიებენ როგორც პრევენციულს, რაც ამ ორი ტერმინის ზუსტი მნიშვნელობის არცოდნის შედეგია. წინმსწრებ, ანუ პრეემპცული ომს, სახელმწიფო იწყებს, როდესაც მას აქვს უტყუარი და ნათელი ინფორმაცია, რომ მტერი თავდასასხმელად მზადაა. ანუ, როდესაც აშკარაა კონფლიქტის გარდაუვალობა. რაც შეეხება პრევენციულ ომს, მას სახელმწიფო იწყებს მაშინ, როცა ცდილობს თავიდან აიცილოს მომავალი თავდასხმა, თუმცა იგი ბუნდოვანია, არაა დაგეგმილი და აშკარა. ასეთ შემხვევაში საქმე სუბიექტურ აღქმასთან გვაქვს. პრევენციული ომები იწყება მაშინ, როდესაც
 სახელმწიფოს სურვილი აქვს თავიდან აიცილოს ძალთა ბალანსის ცვლილება მეტოქის სასარგებლოდ.
ახლა მიმოვიხილოთ ექვსდღიანი ომი და დავინახავთ, უფრო ზუსტად, რომელი ტიპის ომს მიეკუთვნებოდა ამ ორიდან.
ომამდელი სიტუაცია
როდესაც ისრაელმა 1948 წელს გაიმარჯვა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, იგი აღმოჩნდა მტრულად და რევანშისტულად განწყობილ არაბულ სახელმწიფოთა გარემოცვაში, რომლებიც სსრკ-სგან იღებდნენ სამხედრო-ეკონომიკურ დახმარებას. სხვათა შორის, ექვსდღიანი ომის გაღვივებაში საბჭოთა კავშირსაც მიუძღვის წვლილი, რადგან მათ დამასკოს მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს ისრაელი ძალები მობილიზაციას ახდენდა და შეტევისთვის ემზადებოდა; თუმცა ეს იმის შემდეგ, რაც 1967 წლის აპრილში ისრაელის ავიაციამ სირიის MIG ტიპის 6 მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო, რაც სირიელების შეტევებზე პასუხს წარმოადგენდა.15-18 მაისს, ეგვიპტის და სირიის არმიების კონცენტრირება ხდებოდა ისრაელის საზღვრებთან - სინას ნახევარკუნძულზე და გოლანის მაღლობზე. ამავე დროს, რადიო ,,არაბთა ხმა’’ აცხადებდა, რომ უკვე დრო იყო დაეწყოთ ისრაელთან ტოტალური ომი და გაენადგურებინათ სიონისტთა რეჟიმი. ასევე სირიის თავდაცვის მინისტრი, ჰაფეზ ასადი აცხადებდა, რომ მას, როგორც სამხედროს, მიაჩნდა რომ ისრაელის გასანადგურებლად ბრძოლა მალე უნდა დაწყებულიყო, რითვისაც სირიის არმია მზად გახლდათ.
ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესც 22 მაისს ეგვიპტემ ტირენის სრუტე ჩაკეტა, რითაც დაბლოკა ისრაელის ნავსადგური ეილათი. ეს ფაქტობრივად ბლოკადას წარმოადგენდა, რადგან ისრაელი ნავთობს 30%-ს ამ გზით იღებდა ირანიდან და ამ ნავსადგურის მეშვეობით ჰქონდა კავშირი აზიასა და აღმოსავლეთ აფრიკასთან. ამას მოჰყვა ეგვიპტის პრეზიდენტის, გამალ აბდელ ნასერის მკვეთრად რადიკალური და მილიტარისტული განცხადებები: ,,არანაირი თანაარსებობა ისრაელთან!’’, ,,ჩვენ ისრაელთან ომში ვართ 1948 წლიდან’’ და ა.შ. 4 ივნისს, ეგვიპტის, სირიისა და იორდანიის სამხედრო ალიანსს ერაყიც შეუერთდა.
ისრაელის მდგომარეობა და სტრატეგია
  ისრაელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - 4 მოსაზღვრე სახელმწიფოდან 3 მის წინააღმდეგ საომრად მზად იყო, მისი ძირითადი ენერგოგამტარი - ნავსადგური ეილათი - დაიბლოკა, შესაბამისად, ნავთობს ვერ იღებდა. როგორც ცხრილიდან ვხედავთ, არც სამხედრო თავლსაზრისით ჰქონია ისრაელს უპირატესობა: გარდა ამისა, მტრის აღჭურვილობა ისრაელისას არ ჩამოუვარდებოდა ტექნოლოგიურად:                                                                        მაგალისთისთვის ეს ორიც კმარა იმის დასანახად, რომ შეიარაღების თვალსაზრისით ორივე მხარე თითქმის თანაბარ დონეზე იდგა (თუმცა არაბებს უფრო მეტი ტექნიკა ჰყავთ). ისრაელს ტერიტორიის სიმცირის გამო არ გააჩნდა და არც დღეს აქვს საკმაო სტრატეგიული სიღრმე, რაც მტერთან ბრძოლისას უკანდახევის საშუალებას არ აძლევს, გარდა ამისა, ისრაელს მოუწევდა ისედაც შედარებით მცირერიცხოვანი ძალების სამ ფრონტზე განაწილება - ეგვიპტის, სირიისა და იორდანიის ფრონტებზე. ასევე, ისრაელს არ შეეძლო ხანგრძლივი ომის წარმოება. ასე რომ, ისრაელი შეტევას რომ დალოდებოდა, იგი კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ამიტომაც, 5 ივნისს, დილის რვა საათისთვის ისრაელი შეტევაზე გადავიდა. ისრაელის სტრატეგია მოულოდნელობას, სისწრაფეს და ავიაციას ეყრდნობოდა. ავიაციას მიწაზევე უნდა გაენადგურებინა მოწინააღმდეგეთა საჰაერო პოტენციალი, რათა შემდეგ სახმელეთო ძალებს ,,სუფთა ცის’’ ქვეშ შეძლებოდათ გადაადგილება.

ომის მსვლელობა
ეგვიპტე. ისრაელმა ამჯობინა უფრო ძლიერი მეტოქით დაეწყო - პირველი სამიზნე ეგვიპტე გამოდგა. ეგვიპტელები არ აღმოჩნდნენ მზად შეტევისთვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისრაელის შეტევა მოულოდნელი, სწრაფი და ფართომასშტაბიანი იყო: ეგვიპტელთა 11-მა ობიექტმა თითქმის ერთდროულად საჰაერო დარტყმა მიიღო. ეგვიპტელები გამთენიისას ელოდნენ შეტევას, თუმცა, ეს ასე რომ არ მოხდა ყურადღება მოადუნეს. 07:45-ზე ისრაელის ავიაციის შეტევა დაიწყო. ეს დროც არ ყოფილა შემთხვევით შერჩეული: ამ დროს ეგვიპტის ავიაციის მაღალჩინოსნები ჯერ კიდევ სახლებიდან სამსახურისკენ მიმავალ გზაზე იყვნენ და ვერანაირად მოახერხებდნენ თავდაცვის კოორდინირებას. შედეგად, 330-მდე ეგვიპტური ვერტმფრენი, ბომბდამშენი თუ მოიერიშე (419-დან) ორ საათში უკვე განადგურებული იყო, უმრავლესობამ აფრენაც ვერ მოასწრო. ამის შემდეგ ისრაელის არმია და საარტილერიო ნაწილები დრო დადგა. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა ღაზას სექტორში და სინას ნახევრკუნძულზე, 8 ივნისს ისრაელის ძალებმა უკვე სუეცის არხს მიაღწიეს და გაჩერდნენ. ეგვიპტეს უკვე ბრძოლის ძალა აღარ შესწევდა.
სირია და იორდანია. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეზე თავდასხმა 5 ივნისს, 07:45-ზე დაიწყო, სირიას და იორდანიას დღის 12 საათამდე არანაირი მდელობაც არ ჰქონიათ შეტევის წამოწყების. როდესაც ეგვიპტის საჰაერო პოტენციალი გაანადგურა ისრაელმა იორდანიისთვის და სირიისთვისაც ,,მოიცალა’’. 5 ივნისსვე, დღის 13 საათიდან ისრაელის ავიაციამ შეუტია სირიისა და იორდანიის ავიაბაზებს. შედეგად, სირიამ 60 ცალი, ხოლო იორდანიამ ყველა საფრენი აპარატი დაკარგა. 6 ივნისს ისრაელის მოიერიშე-გამანადგურებლები ერაყსაც ,,გადაწვდნენ’’: ისრაელის ავიაციამ დაბომბა ერაყის სამხედრო საჰაერო ბაზა ალ-ვალიდი (H-3), გაანადგურა რა 31 (ზოგი მონაცემით 23)  ერაყული თვითმფრინავი მიწაზე.  5-7 ივნისს, ისრაელმა იორდანიას დაათმობინა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი - აღმოსავლეთ იერუსალიმი, ბეთლემი,  იერიქონი, ჰებრონი. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ ისრაელის სახმელეთო ძალებს კარგი საჰაერო მხარდაჭერა ჰქონდათ, რაც მათ ბრძოლას უიოლებდა. რაც შეეხება სირიელებს, მათ კარგად გამაგრებული თავდაცვითი ხაზი შექმნეს გოლანის მაღლობზე, თუმცა რადგანაც ისრაელს უკვე იორდანია და ეგვიპტე განეიტრალებული ჰყავდა, შეეძლო რიცხობრივი უპირატესობით ესარგებლა. 9 ივნისს ისრაელი შეტევაზე გადავიდა და 10-ში უკვე გოლანის მაღლობს სრულად აკონტროლებდა, დამასკოდან სულ რაღაც 40 მილის დაშორებით,, როცა გაეროს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ძალაში შევიდა.
ექვსდღიანი ომი ისრაელის შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა. ისრაელმა მოახდინა დასავლეთ ნაპირის, სინას ნახევრკუნძულის, გოლანის მაღლობის ოკუპაცია, რათა იქ შეექმნა ბუფერული ზონა მომდევნო თავდასხმებისგან დაზღვევის მიზნით. თუმცა დანაკარგები მასაც ჰქონდა.

შეჯამება
როგორც როგორც ომისწინა მოვლენათა განვითარების აღწერის წაკითხვის შემდეგ იოლად მიხვდებოდით, რომ ისრაელისთვის აშკარა იყო გარე საფრთხე, თანაც მომაკვდინებელი, ანუ გამოდის რომ ისრაელის ქმედება არა პრევენციული, არამედ პრე-ემპციული - წინმსწრები ყოფილა. წინმსწრები დარტყმა მორალურად გამართებულია, როცა სამი პირობა სრულდება: (1) დაზიანების განზრახვის არსებობა, (2) სამხედრო მზადება, რაც ზრდის საფრთხეს და (3), როდესაც მყისიერი მოქმედების აუცილებლობა დგას მაღალი რისკის გამო. ექვსდღიანი ომის შემთხვევაში ეს სამი პირობა ისრაელისთვის სრულდებოდა, ამიტომაც შეგვიძლია ჩავთვალოთ თავდაცვის ლეგიტიმურ აქტად.