Thursday, November 28, 2013

ვიტალი კლიჩკო

ირინა გურგენაშვილი

   ვიტალი ვლადიმერის ძე კლიჩკო დაიბადა 1971 წლის 19 ივლისს, სოფელ ბელოვოდაში (ყირგიზეთი). 1984 წელისთვის კლიჩკოს ოჯახი გადასახლდა უკრაინაში. 1988 წელს დაამთავრა კიევის ნომერ 69-ე სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ კლიჩკომ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური, რის შემდგაც სწავლა გააგრძელა პერიასლავ ხმელნიცკის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვიტალი კლიჩკო კვლავ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა. მსახურობდა ოფიცრად უკრაინის არმიაში. 1996 წელს, საკუთარი ნებით, გათავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან, ამ დროისთვის მას უკვე კაპიტნის ჩინი ჰქონდა.  2011 წელს ვიტალი კლიჩკომ დაამთავრა ნაციონალური აკადემია და მიიღო მაგისტრის ხარისხი „საზოგადოებრივი განვითარების მიმართულებით“. რაც შეეხება სპორტულ კარიერას, იგი არის მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში; სამგზის უკრაინის ჩემპიონი კრივში, ევროპის არერთგზის ჩემპიონი პროფესიონალურ  კრივში და ვერცხლის პრიზიორი მსოფლიოს კრივის მოყვარულთა შორის. 1999 წელს შეიყვანეს გინესის რეკორდების  წიგნში, როგორც პირველი მსოფლიო ჩემპიონი მძიმე კატეგორიაში, რომელმაც 26 ბრძოლა მოიგო ნოკაუტით. ამით მან მაიკლ ტაისონის რეკორდი გადაფარა.
2003 წლიდან, ძმასთან, ვლადიმირ კლიჩკოსთან  ერთად დააარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ძმები კლიჩკოების ფონდი“. 2006 წლის აპრილში კიევის საქალაქო საბჭოში დეპუტატად აირჩიეს, ამავე წლის ოქტომბერში გახდა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიკტორ იუშჩენკოს მრჩეველი.
2006 და 2008 წლებში მონაწილეობა მიიღო კიევის მერის არჩევნებში. 2010 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს პოლიტიკურ პარტიას „Український Демократичний Альянс за Реформи Віталія Кличка - УДАР“ (უკრ.). 2012 წლიდან არის ფრაქცია „უდარ“-ის ლიდერი პარლამენტში. 2013 წლის 24 ოქტომბერს ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 2015 წლის  უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ოფიციალური ქონების დეკლარაციით ვიტალი კლიჩკო საკმაოდ მდიდარი პოლიტიკოსია, გარდა ამისა რამდენჯერმე გაიჟღერა, რომ კლიჩკო  კიევის სხვადასხვა უბანში ფლობს რამდენიმე ათეულ საცხოვრებელ კომპლექსს Comfort Town.

ამბობენ, რომ ლიდერები უკრაინელი ხალხის დაბნეულობით სარგებლობენ საკუთარი რეიტინგის გასაზრდელად, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იბრძვიან  არა კონკრეტული პიროვნებებისთვის, არამედ უკრაინის ევროპული მომავლისთვის.