ეკონომიკა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ ეს გავლენა გლობალიზაციისა და ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობების ფონზე უფრო იზრდება. ზოგჯერ მას სამხედრო ძლიერებასთან შედარებით გარკვეული უპირატესობაც კი გააჩნია: ის რაც მიღწევადია ეკონომიკური ბერკეტებით, ხშირად შეუძლებელია სამხედრო საშუალებით.
რუსეთის აქტიურ საგარეო პოლიტიკაში ეკონომიკური ფაქტორი ერთ-ერთი გამოკვეთილი ელემენტია. ეს კარგად ჩანს რუსეთის ფედერაციის „ენერგო-პოლიტიკაში“, რომელსაც ის ხშირად იყენებს საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის (უკრაინა,მოლდოვა 2006).
ერთ-ერთი ახალი იდეა, რომელსაც რუსეთის მთავრობა
აქტიურად ლობირებს, არის საბაჟო კავშირი (ევრაზიული კავშირის ერთგვარი წინაპირობა), რომელიც გულისხმობს ერთიან საბაჟო ტარიფებს კავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის. ამ ეტაპზე კავშირში გაწევრიანებულია : რუსეთის ფედერაცია, ყაზახეთი და ბელორუსი, რომელთაც სექტემბერში გაკეთებული განცხადების მიხედვით შეუერთდება რუსეთის ტრადიციული მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში - სომხეთი. აღსანიშნავია, რომ იგივე ტენდენცია იკვეთება უკრაინასთან მიმართებით, რომლის მთავრობამ ეკონომიკური მოტივებით უარი განაცხადა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებაზე.
ევროკავშირსა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელ დაპირისპირებას გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური განზომილების გარდა აქვს ეკონომიკური მხარეც. ამ ორს შორის მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ პოლიტიკა რესურსების განაწილებას ეხება, ეკონომიკა კი თავად რესურსებს. ეს უკანასკნელი კი ხშირად მშრალ და მომაბეზრებელ რიცხვებში გამოიხატება, მეტიც როგორც ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დიზრაელმა თქვა „There are three kinds of lies: lies, damned lies and statistics“, მაგრამ ვფიქრობთ რომ მაინც მნიშნველოვანია ის დასკვნები, რაც სტატისტიკური მონა ცემების ინტერპრე ტირებითაა შესაძლე ბელი.

მაინც რას წარმოადენს რუსეთი ეკონომიკური პარამეტრებით? რა კავშირშია რუსეთის ეკონომიკა მეზობელ ქვეყნებთან და რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ამის საფუძველზე? საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2012 წლის მონაცემებით რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა არის 2.029.813 მლნ. ამერიკული დოლარი. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-8 ადგილზეა (როდესაც ევროკავშირი განხილულია, როგორც ერთიანი ეკონომიკური სუბიექტი, სხვა შემთხვევაში მე-10). შედარებისთვის იგივე მაჩვენებლით ევროკავშირი პირველ ადგილზეა და წარმოადგენს უდიდეს ეკონომიკურ ბლოკს მსოფლიოში (12.9 ტრილიონი). მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიხედვით რუსეთის ფედერაციის წილი მსოფლიო ექსპორტში არის 2.88, ხოლო იმპორტში 1.80. ევროკავშირის შემთხვევაში კი 14.68 და 15.38 შესაბამისად.
მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ევროკავშირის ნომერ მე-4 პარტნიორია ექსპორტში, ხოლო იმპორტში ნომერ მე-2 (ამ პოზიციას კი თავის მხრივ განაპირობებს ჯერ-ჯერობით უალტერნატივო რუსული ბუნებრივი რესურსები). რუსეთის შემთხვევაში კი ევროკავშირი ნომერ პირველი პარტნიორია როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში.
რუსეთსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური განსხვავებულობის უკეთ წარმოსადგენად მნიშვნელოვანია საერთო მომხმარებელთა შედარება. ევროკავშირი წარმოადგენს 500 მილიონიან ბაზარს, რუსეთი, საბაჭო კავშირით, მხოლოდ 170 მილიონს.
როგორც ვიცით, ქვეყნების სწრაფვას ნებისმიერ ეკონომიკურ ბლოკში განაპირობებს რაციონალური არჩევანი მიიღონ მეტი მოგება. ამ მხრივ, საინტერესოა რას სთავაზობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (ან პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს) ევროკავშირი და საბაჟო კავშირი (რუსეთი). უკრაინის შემთხვევაში, ოფიციალური პირების განცხადებების და ანალიტიკური ცენტრების მიხედვით
ასოცირების ხელშეკრულება (ვგულისხმობთ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობას-DCFTA ) ნიშნავს მთლიანი შიდა პროდუქტის 12%-ით ზრდას, ხოლო საბაჟო კავშირში გაწევრიანებით მან შეიძლება მიიღოს 12.2 მლრდ. წლიურად (უკრაინის ბიუჯეტი 165 მლრდია, ანუ პროცენტული ზრდა იქნება 7.3%).
რაც შეეხება საქართველოს, ეკონომიკური სარგებელი ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შემთხვევაში შეადგენს 292 მლნ ევროს ანუ 4.3%-იან მშპ-ის ზრდას. რაც შეეხება საბაჟო კავშირს და რუსეთს, საქსტატის მიხედვით საქართველოსთვის რუსეთი ნომერ 4 სავაჭრო პარტნიორია (საგარე ვაჭრობის 6.9%), თუმცა 2013 წლის მონაცემების მიხედვით ტვირთბრუნვა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 38%-ით (თანხობრივად 591 მლნ, რაც მშპ-ს დაახლოებით 3% შეადგენს.).
ცხადია, აქ არ ვეხებით ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიკურ მხარეს, რომელიც გარკვეულ პირობებში შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ, ისე როგორც ეს მოხდა 2006 წელს. თუმცა, არსებული სავაჭრო ურთიერთობების 2008 წლის ომამდე არსებულ ნიშნულამდე მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა. ამდენად ჩვენი მომდევნო დასკვნა არსებულ ტენდენციას ეყრდნობა.
დასკვნის სახით, თუკი შევადარებთ რომელიმე ქვეყნის მოსალოდნელ სარგებელს ევრო ან საბაჭო კავშირში გაწევრიანებით ცხადია, ორივე ქვეყნის შემთხვევაში ევროკავშირი უალტერნატივო მიმართულებაა.
დავით უჩაძე