Wednesday, March 19, 2014

უკრაინა ციფრებში


                                                                                                                             დათო უჩაძე
უკრაინის პრემიერ მინისტრმა, აზაროვმა ინტერვიუსას განაცხადა[1], რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკურ კრიზისთან, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, თუმცა კიევის მთავარ მოედანზე არსებული სიტუაცია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური განზომილებისაა. მეტიც, რუსეთის ფედერაციისა და ევროპული ქვეყნების ინტერესებსა და ჩართულობას თუ გავითვალისწინებთ ქვეყნაში ამჟამად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გაცილებით მასშტაბური გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს - (გავიხსენოთ ჰენრი კისინჯერის სიტყვები: რუსეთი უკრაინასთან ერთად დასავლური ძალაა, მის გარეშე კი აღმოსავლური).
პოლიტიკურთან ერთად ასევე მნშვნელოვანია ეკონომიკური განზომილება. უკრაინის ხელისუფლებამ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი სწორედ ეკონომიკური მოტივებით ახსნა[2].
ამდენად, საინტერესოა რა ფინანსურ-ეკონომიკური წინაპირობები არსებობდა ‘ევრომეიდანის’ საპროტესტო მოძრაობამდე  და რა კავშირშია ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან.
უკრაინის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პრეზიდენტ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის პერიოდიდან (2010) მზარდი ტენდენციით ხასიათდება[3] :
·         მშპ წლიური ზრდა : 2010 – 4%; 2011- 5% ;
·         მშპ ერთ სულ მოსახლეზე : 2010 -2990$; 2011 – 3110$; 2012 – 3500$
უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მაჩვენებლები მეტწილად განპირობებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უკრაინაზე 2010 წელს გაცემული 15 მილიარდის ოდენობის სესხით, რომლის დაკრედიტებასაც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო.
2013 წელს, უფრო ზუსტად კი 2012 წლის ბოლოდან, სიტუაცია შეიცვალა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად ქვეყნის ეკონომიკა რეცესიას განიცდის[4], ამის მიზეზი კი პრეზიდენტ იანუკოვიჩის პოპულისტური და მემარცხენე პოლიტიკა იყო. ეს გულისხმობდა მაღალ სუბსიდიებს გაზის ტარიფზე, პენსიებისა და ხელფასების ზრდას, გრინვის კურსის ხელოვნურ გამყარებას და სხვა. მხოლოდ გაზის ტარიფის სუბსიდირებამ საერთო ჯამში მშპ-ს 7,5% შეადგინა (2012წ.). ასეთმა ფისკალურმა პოლიტიკამ კი გამოიწვია უკრაინის ე.წ. „Balance of Payments[5]” მდგომარეობის გაუარესება: Large pension and wage increases, generous energy subsidies and soccer cup spending led to a widening of the combined deficit of the general government and the state-owned company Naftogaz,” ნათქვამია სავალუტო ფონდის დასკვნაში.
 ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა IMF-ს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) დამატებითი სესხების გაცემა სთხოვა, მაგრამ სესხის წინაპირობებში აღმოჩნდა ისეთი საკითხების რევიზია, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფო ხარჯების შემცირება და გაზის ტარიფის გაზრდა. ამ ყველაფერმა იანუკოვიჩი აიძულა პრეზიდენტ პუტინის პირობებს დათანხმებოდა. ამ უკანასკნელმა კი მას შესთავაზა მეტად ხელსაყრელი პირობები რეალური პოლიტიკური და  ეკონომიკური შედეგებით:
1.      უკრაინული ევრო ბონდების შეძენა 15 მილიარდის ოდენობით.
2.      სახელმიწფო კომპანიის, გაზპრომის მიერ გაზის ტარიფის დაკლება 410$ დან 268$ მდე, რაც საერთო ჯამში წარმოადგენს 2 მილიარდიან წლიურ ფასდაკლებას უკრაინისთვის.
ამ პირობების შედეგი კი იქნებოდა მაკროეკონომიკური სიტუაციის სტაბილურობის მიღწევა 2015 წლამდე , რაც ბუნებრივად გაზრდიდა იანუკოვიჩის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
თუმცა, როგორც წესი, ნებისმიერი გარიგება ორმხრივი მოგების (მეტ-ნაკლებად) საფუძველზე იდება ხოლმე. ამ გარიგების ოფიციალურად გაცხადებული შინაარსი არის 5 %-იანი მოგება რუსული ‘ინვესტიციისა’ მოძმე უკრაინის ევრო ბონდებში[6], მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ  მის უმთავრეს ნაწილს უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანება და ამით რუსეთის ‘ახლო საზღვარგარეთზე’ გავლენის შენარჩუნება წარმოადგენს.