არჩილ ყველაშვილი
უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენები საერთაშორისო
საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. დასავლური ქვეყნებიდან წამოსული სიგნალები
ძირითადად ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული და ოპოზიციის გაიდიალებას
ახდენს. საქართველოშიც, მედიის აქტიურობის შედეგად, ევრომაიდნის მოვლენები განხილვის
საკმაოდ აქტუალურ თემად იქცა. საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობა გულმხურვალე სოლიდარობას უცხადებს ევრომაიდნის მანიფესტანტებს
და როგორც ვიცით, თბილისში მცირე აქციებიც გაიმართა მათ მხარდასაჭერად. მიუხედავად
ამისა, მათ უმრავლესობას, საეჭვოა კარგად ჰქონდეთ გაცნობიერებული უკრაინული მღელვარების
შიდა დინამიკა და თავისებურებები. ექსპერტთა წრეებიდანაც შეინიშნება ძირითადად მიკერძოებული შეფასება მოვლენებისა
და მხოლოდ უკრაინის მთავრობის გამტყუნება.
ერთი შეხედვით, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ კიევში
და ქვეყნის სხვა ნაწილებში გამოსული და ძალოვანებთან უშეღავათო ფიზიკურ დაპირისპირებაში
ჩაბმული მოსახლეობის მოტივაცია მხოლოდ დემოკრატიის ხარისხის გამო უკმაყოფილება და ევროპული
კურსის გააქტიურების მოთხოვნაა. სამწუხაროდ, ბოლო დროს გამოაშკარავებული გარემოებები,
ცოტა არ იყოს განსხვავებულ რეალობაზე მეტყველებს. კერძოდ, შეინიშნება უკრაინელ ოპოზიციონერთა
მასებში რადიკალი ნაციონალისტური ძალების გააქტიურება. არასამთავრობო ორგანიზაციის,
სოციალური ძალისხმევის ცენტრის „საზღვრების გარეშე“ პროექტის ხელმძღვანელი, მაქსიმ
ბუტკევიჩი, რომელიც დისკრიმინაციისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ილაშქრებს, ხაზს უსვამს
ევრომეიდნელთა შორის რადიკალი მემარჯვენეების პოზიციების განმტკიცების საგანგაშო ფაქტს.
OpenDemocracy-ის ცნობით, ევრომეიდანელთა შორის ძალადობრივი ქმედებებით
გამოირჩევიან მემარჯვენე ექტრემისტები. მათ შორის გამოიყოფა კიევში დაარსებული ნეო-ნაცისტური
ორგანიზაცია „სოციალ-ნაციონალური ასამბლეა“, რომელმაც 2011 წელს უშედეგოდ სცადა ლეგალურ
პარტიად დარეგისტრირება. მისი წევრები აქციებზე იცნობიან მკლავზე შემოხვეული ყვითელი
ლენტებით, ზედ გამოსახული შავი მგლის კაუჭის სიმბოლოთი. სოციალურ ქსელ „VKontakt“-ში შეიქმნა
ჯგუფი „მაიდნის მემარჯვენეთა ძალისხმევის სექტორი“, რომელშიც
ზემოთხსენებული „სოციალურ-ნაციონალური ასამბლეის“ გარდა გაერთიანებულნი არიან სხვა
რადიკალი ნაციონალისტური ჯგუფები - „ტრიზუბი“ (სამკბილა) და „ბილი მოლოტი“ (თეთრი ჩაქუჩი).
„ტრიზუბის“ დაჯგუფება 1993 წელს შეიქმნა, როგორც უკრაინული ნაციონალისტური ძალის -
„უკრაინელი ნაციონალისტების კონგრესის“ გასამხედროებული ფრთა, თუმცა შემდეგ დამოუკიდებელ ორგანიზაციად
გარდაიქმნა. ასევე მოქმედებს უკრაინული ოპოზიციის ქოლგა ორგანიზაციის, „მაიდნის სახალხო
გაერთიანების“ წევრი ნაციონალისტური პარტიის - „სვობოდას“ ნეო-ნაცისტური ფრთა, სახელწოდებით
C14. თავად „სვობოდას“ კი დასავლეთში
ქსენოფობიასა და ანტი-სემიტიზმში ადანაშაულებენ. ბოლო დღეებში სწორედ „მემარჯვენე სექტორის“ წევრი
ახალგაზრდები აქტიურობენ ბერკუტელებთან შეტაკებებშიც.
მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიზანული ომის წამოწყებასაც არ მოერიდებიან
მთავრობის წინააღმდეგ. რადიკალი მემარჯვენე
ექტრემისტები პოლიციელებზე თავდასხმების გარდა, აგრესიით გამოირჩევიან ჰომოსექსუალებისა
და აქციების მონაწილე მემარცხენე ძალებისადმი. გასული წლის 4 დეკემბერს პროფკავშირების
აქტივისტები სასტიკად სცემეს რადიკალი მემარჯვენე ძალების, ე. წ. „დემოკრატიული ოპოზიციის“
წევრებმა.
შეიძლება მივიჩნიოთ, რომ უკრაინაში აგორებული საპროტესტო
ტალღის ერთ-ერთი მთავარი მასაზრდოებელი ფაქტორი ხანგრძლივი ისტორიის მქონე უკრაინული
ნაციონალიზმი და ანტი-რუსული სენტიმენტებია, იქნებ უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე ევროპაში
ინტეგრაციის სურვილი და არა-დემოკრატიული რეჟიმის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება.
უკრაინაში არიან ძალები, რომლებიც ესწრაფიან უკრაინის ეთნიკურად ჰომოგენურ სახელმწიფოდ
გარდაქმნას. ამგვარი პოლიტიკის უმთავრეს სამიზნეს, რა თქმა უნდა, უკრაინის რუსულენოვანი
მოსახლეობა წარმოადგენს, რომლებიც მოსახლეობის 17, 3 %-ს შეადაგენენ და ძირითადად ქვეყნის
აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებშია განსახლებულნი.
ეთნიკური დაძაბულობის ხელშემწყობი ერთ-ერთი უმთავრესი
ფაქტორი უკრაინაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები და რეგიონული თვალსაზრისით
არათანაბარი განვითარების დონეა. საქმე ის გახლავთ, რომ ეთნიკური უკრაინელებით დასახლებული
დასავლეთ და ცენტრალური ობლასტები ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ ჩამორჩენილია,
განსახვავებით რუსებით დასახლებული აღმოსავლეთ და სამხრეთი ობლასტებისგან, სადაც საბჭოთა
პერიოდიდანვე კონცენტრირებული იყო ქვეყნის ინდუსტრიული კომპლექსის უმეტესი ნაწილი.
საკმარისია გავიხსენოთ ხარკოვის, დონეცკის თუ ზაპოროჟიის ობლასტები და იქ წარმოებული
მძიმე ინდუსტრიის ნაწარმი. რეგიონული უთანასწორობის საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ
რეგიონებს შორის არსებული დისბალანსი ხელფასების ოდენობის თვალსაზრისით, - 2007 წლის
მონაცემებით უკრაინაში ყველაზე მაღალი ხელფასები გაიცემოდა კიევში და აღმოსავლეთ უკრაინის
რეგიონებში (დონეცკში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიაში), ხოლო ყველაზე დაბალი - დასავლეთ
უკრაინის რეგიონებში (ტერნოპილი, ლოვინი, ივანო-ფრანკივსკი). ადამიანური განვითარების
ინდექსიც გაცილებით მაღალია რუსულენოვან აღმოსავლეთ უკრაინაში, დასავლეთში კი ამ მხრივ
არასახარბიელო მდგომარეობაა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელი ხდება, თუ რატომ
ეწინააღმდეგება უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი ევროკავშირთან
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, - ევროკავშირის რეგულაციები საფრთხეს უქმნის
მათ სამუშაო ადგილებს და შედარებით სტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ ყოფას. უკრაინის მრეწველობის
რიგი დარგები, რომლებიც მდარე ხარისხის პროდუციის წარმოებაზე არიან ორიენტირებულნი,
უმტკივნეულოდ ვერ გადაიტანენ რეგულაციების წნეხს. ამას კი შედეგ, შესაძლოა, სამუშაო ადგილების შემცირება მოჰყვეს. დასავლეთ
უკრაინის გაღატაკებული მოსახლეობისთვის კი ევროკავშირი ერთგვარ „აღქმულ მიწად“ წარმოჩინდება,
რომელიც მათ ყველა პრობლემას ვითომდა მყისიერად მოაგვარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს უკრაინას მართლაც კორუმპირებული,
კლანურ-ოლიგარქიული რეჟიმი მართავს, რომლის მმართველობის სტილი არადემოკრატიულია, თუმცაღა
ოპოზიციაში გაძლიერებული რადიკალური ნაციონალისტური განწყობები და ექსტრემისტული ქმედებები
კარგს არაფერს მოასწავებს უკრაინის მსგავსი მრავალეთნიკური სახელმწიფოსათვის. იმედი
ვიქონიოთ, რომ მოვლენების შემდგომ რადიკალიზებას ადგილი აღარ ექნება და დაპირისპირებული
მხარეები შეძლებენ ეროვნული კონსენსუსის მიღწევას. უკრაინის გარდაქმნისა და საზოგადოების
გაჯანსაღების გზა კი, ალბათ, უფრო შიდა პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე
გადის და არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ კურსზე.
23. 01. 2014