Wednesday, March 19, 2014

მოლდოვის ევროპული არჩევანი და რუსეთის გავლენის ბერკეტები

გიორგი ჩაფიძე, გურამ ფცქიალაძე




დღესდღეობით აღმოსავლეთ ევროპული პოსტ-საბჭოთა ქვეყნები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან - მათ უნდა გააკეთონ არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. ამ არჩევანის ყველაზე ნათელი ილუსტრაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია. შეიძლება ითქვას, რომ „ევრომეიდანზე“ წყდება უკრაინის პოლიტიკური ვექტორის ორიენტირი, ერთ მათგანს ჭეშმარიტად დასავლური  პოლიტიკური  ფასეულობების დანერგვისა და დიდი ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობისაკენ მიჰყავს უკრაინა, ხოლო მეორე კვლავაც რუსულ ,,მარყუჟებში მოქცევას უქადის ქვეყანას. რეგიონში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ამ ზეეროვნული ორგანიზაციის მზარდ გავლენას რუსეთი მანიპულაციის საშუალებებით უპირისპირდება. სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო თვეებში გამწვავდა. რუსეთმა ზეწოლა გააძლიერა ვილნიუსის სამიტამდე, რომელზეც უნდა მომხდარიყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება.
საპირისპიროდ რუსეთი ცდილობს, „ევრაზიული კავშირის“ სახით მოახდინოს საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია და აიძულოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, შეურთდნენ საბაჟო კავშირს, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრობის წინაპირობაა. რუსული იმპერიალიზმი ტრადიციული მეთოდებით ცდილობს უწინდელი გავლენის სფეროების შენარჩუნებას - საქართველოში საოკუპაციო საზღვრების გადმოწევით, უკრაინას ემუქრება ეკონომიკური კავშირების გაწყვეტითა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვით, ხოლო მოლდოვას უწყვეტს ღვინის ექსპორტის საშუალებას რუსულ ბაზარზე. უკრაინის ფონზე, რომელიც თავისი მოსახლეობითა და ეკონომიკის მოცულობით მოლდოვაზე გაცილებით დიდი საერთაშორისო სისტემის აქტორია (და რუსეთი მასზე მაინც მანიპულირებს), მოლდოვის ევროპული პერსპექტივა გაცილებით მუქ ფერებში იხატება. შესაძლოა, უკრაინის ბედი მალე ამ პატარა ქვეყანამაც გაიზიაროს - სიტუაციას ართულებს დნესტრისპირეთის კონფლიქტი, რომელიც ქვეყანაში რუსული გავლენის ბერკეტებს ზრდის, ამიტომაც ამ ისტორიული საფუძვლებისა და თანამედროვე მოლდოვის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხის გაანალიზება დღევანდელი სიტუაცის შეფასებათვის აუცილებელი წინაპირობაა.
დნესტრისპირეთის კონფლიქტის ისტორიული დისკურსი:
მოლდოვას, ისევე, როგორც საქართველოს, დღემდე აწუხებს ე.წ „გაყინული“ კონფლიქტი დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახით. კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე თვეში წარმოიშვა თანამდეროვე მოლდოვის ტერიტორიაზე, დნესტრისპირეთის ავტონომიას საკუთრივ მოლდოვისაგან განსხვავებით, რომელიც დამოუკიდებლობას ესწრაფოდა, არ სურდა რუსეთისაგან განცალკევება, რამაც განაპირობა სამხედრო დაპირისპირება. უშუალო საბრძოლო მოქმედებები  1992 წლის 1-ელ მარტს დაიწყო და ამავე წლის 21 ივლისს დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ერთ მხარეს რუსული მე-14 არმია და „დნესტრისპირეთის რესპუბლიკის“ სამხედრო ძალები იყვნენ, ხოლო მოლდოვის ერთიანობას მისი სამხედროები და პოლიცია იცავდა. [i]მოლდოვის კონფლიქტს ისტორიული წინაპირობები მეორე მსოფლიოს ომის დროიდან აქვს. მოლდოვის საბჭოთა რესპუბლიკა შეიქმნა 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით, რუმინეთის კუთვნილი ბუკოვინისა და უკრაინის კუთვნილი მდინარე დნესტრის სანაპირო რეგიონების გაერთიანების შედეგად 1940 წელს.[ii]1941 წელს „ღერძის ქვეყნებმა“ მოახდინეს ტერიტორიის ოკუპაცია, თუმცა 1944 წელს საბჭოთა ჯარებმა გააძევეს მესამე რაიხის შენაერთები და  ტერიტორია თვითონ დაიკავა. საბჭოთა კავშირმა საკუთარი ინდუსტრიის უმრავლესობა დნესტრისპირეთში განალაგა, ხოლო, საპირისპიროდ, დღევანდელი მოლდოვა აგრარულ რეგიონად დარჩა. 1956 წელს აქ განთავსდა აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი -  საბჭოთა მე-14 არმია. მოსახლეობის უმრავლესობას უკრაინელი და რუმინელი ეთნოსები შეადგენდნენ. სტალინს კი სურდა ადგილობრივების რუსიფიკაცია, რათა მათ დაეკარგათ კავშირები რუმინეთთან. ამისათვის მან რეპრესიებში გაატარა და ციმბირში გადაასახლა მილიონამდე მოსახლე მხოლოდ მათი რუმინული წარმოშობის „ბრალდებით“. ხოლო რუმინულ ინტელიგენციას საერთოდ ეთნოწმენდა მოუწყვეს, რაც კარგად განმარტავს საბჭოთა გავლენას მოლდოვაზე.[iii]
საბჭოთა კავშირის დროს მოლდოვის რესპუბლიკა ცენტრალური ხელისუფლების წნეხის ქვეშ იყო, ისევე, როგორც - სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. 1960-იანი წლებიდან მოლდოვაში შესამჩნევია „სეპარატიზმის“, საერთო მოლდოვური კულტურის განვითარებისაკენ მოწოდების, ინტელექტუალური ელიტის შექმნის ნიშნები, რასაც შემდგომ ( 1990-იანი წლებიდან) დაეფუძნება მოლდოვური ნაციონალიზმი. 1980-იანები წლების გორბაჩოვისეული „გლასტნოსტის“ პოლიტიკის გატარებამ მოლდოვაში შესამჩნევად წაახალისა პოლიტიკური პლურალიზმი და რესპუბლიკანიზმი. [iv]საგულისხმო გარემოებაა, რომ თავიდანვე არსებობდა ჯგუფი, რომელიც რუმინეთთან კონსოლიდაციის მომხრე იყო, თავის მხრივ, მოლდოვის ცალკე რეგიონის, დნესტრისპირეთის სეცესიაც  ჰორიზონტის მეორე მხრიდან ორ ნაწილად ყოფდა ქვეყანას და ხელს უშლიდა უნიტარიზაციას. [v]მოლდოვის სოციალისტურმა მთავრობამ 1989 წელს მოლდოვური ქვეყნის ოფიციალურ ენად აღიარა, ხოლო 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა - იწოდა მოლდოვის რესპუბლიკად. თუმცა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთი წინამორბედის მიერ შექმნილ ეთნომოზაიკას, რაც ყოველთვის მუშაობს, როგორც ასაფეთქებლად გამიზნული დენთის კასრი, მოხერხებულად იყენებს სიტუაციაზე ეფექტური კონტროლის გასაწევად. ასეთი საჭიროება კი 1992 წელს დადგა: სეპარატიზმის იდეით წახალისებულმა დნესტრისპირელებმა მოითხოვეს ფართო ავტონომია.[vi] ამავე დროს მოლდოვის ახლადჩამოყალიბებულმა მთავრობამ მოითხოვა რუსული საჯარისო ნაწილების გაყვანა მოლდოვიდან, რაც არ განხორციელდა. ამოქმედდა დნესტრისპირული ბომბი, რუსეთმა „სიტუაციის დასარეგულირებლად“ გაიწვია მოლდოვისაკენ დამატებითი ჯარები და მოახდინა მისი ტერიტორიის ოკუპაცა, ხოლო, იქ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, რომლის სამართლიანობა ძალზედ საეჭვოა,  დნესტრისპირეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა, პრეზიდენტად იგორ სმირნოვი დაინიშნა. [vii]აღსანიშნავია, რომ, მოლდოვისაგან განსხვავებით, დნესტრისპირეთის ჯარებს უკრაინელებიც კი ეხმარებოდნენ, ხოლო მცირედი რუმინული დახმარება სიტუაციას არსობრივად ვერ ცვლიდა, რამაც განაპირობა დამდგარი შედეგი. [viii]1997 წელს იყო კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობა,  როდესაც ეუთო-ს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებში ერთმანეთს შეხვდნენ მოლდოვისა და დნესრისპირეთის პრეზიდენტები პეტრუ ლუჩინჩი და იგორ სმირნოვი. შეხვედრაზე ხელი მოაწერეს მემორანდუმს, „შეთანხმებები მოლდოვისა და დნესტრისპირეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ“.[ix]6 წლის შემდეგ დიმიტრი კოზაკმა, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, წამოაყენა წინადადება მოლდოვისა და დნესტრისპირეთის ერთ ფედერაციაში გაწევიანების შესახებ. ტირასპოლი მხარს უჭერდა ამ წინადადებას იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციური ცვლილებების განხორიცელების შანსი მასაც ექნებოდა. [x] ეს შემოთავაზებაც ჩაიშალა და კონფლიქტი დღესაც ცხელია, ზოგის შეფასებით კი - „გაყინული“.

მოლდოვის თანამედოვე გამოწვევები:
დღესდღეობით მოლდოვა, ისევე, როგორც საქართველო და რამდენიმე პოსტსაბჭოთა  რესპუბლიკა, მიისწრაფის იმ სტანდარტების დამკვიდრებისაკენ, რაც აუცილებელია ევროკავშირთან ასოცირებისათვის. ეს ქვეყნები საკუთარ მომავალს დიდ ევროპულ ოჯახში ხედავენ. მათ ინტერესებში ნამდვილად არ შედის რუსულ ჭაობში კიდევ ერთხელ ჩაფლობა, რისთვისაც ცდილობენ ევროატლანტიკური სტრუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას, რომელთაგან ევროკავშირთან ასოცირება შედარებით რეალურია. ნატო-ში გაწევრიანება ჰორიზონტის უფრო დაშორებული წერტილია, რასაც ბუნდოვანს ხდის „გაყინული კონფლიქტების“ ქვეყნის შიგნით არსებობა. ამ მხრივ მოლდოვას კარგი ისტორიული ფონი „შეუქმნა“ საბჭოთა კავშირმა. ევროკავშირისა და მოლდოვის ურთიერთობები მე-20 საუკუნის პირველ დეკადაში განასკუთრებით გააქტიურდა - 2009 წლიდან იგი მონაწილეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით დემოკრატიის მშენებლობის ხელშეწყობას, სამშვიდობო და სამოქალაქო ინსტიტუტების შექმნასა და წახალისებას, რამაც უნდა „მოამზადოს“ წევრობით დაინტერესებული ქვეყანა ევროპული კავშირისათვის. 4-წლიანი სამუშაოების კულმინაცია კი ევროკავშირის 2013 წლის ვილნიუსის სამიტი უნდა ყოფილიყო, რომლის დროსაც ხელი მოეწერებოდა ასოცირების შეთანხმების დე-ფაქტო პარაფირებას, რაც იქნებოდა მკვეთრი გამიჯვნა საბჭოთა წარსულისაგან, თუმცა მოლდოვამ ეს ნაბიჯი ვერ გადადგა, ისევე, როგორც - უკრაინამ. დამამუხრუჭებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, რუსეთია, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს ქვეყანაზე.
იმის ფონზე, რომ მოლდოვამ გადაწყვიტა, ევროკავშირთან დაახლოებას ჩაუყაროს მყარი საფუძველი, რუსეთის წარმომადგენელმა, როგოზინმა, ქვეყნის მთავრობას განუცხადა, რომ „იმედი აქვს, მოლდოვა ზამთარში არ გაიყინება“, რითაც აპელირება მოახდინა ქვეყნის უკიდურეს ენერგოდამოკიდებულებაზე რუსეთთან. ეს, პირველ რიგში, ბუნებრივ აირსა და სხვა საწვავ რესურსებს ეხება.[xi]  ამ მუქარის გამოვლინება, სავარაუდოდ, მილსადენების გადაკეტვა იქნება.
კიშინიოვში 2013 წლის 3 სექტემბერს, რომლის პარალელურადაც ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრეზიდენტ სარქისიანის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, სხვათა შორის, სომხეთმა საბაჟო კავშირში შესვლის სურვილი გაახმიანა და უარი თქვა ევროპულ არჩევანზე, რუსეთის წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა მოლდოვის პროევროპულ კურსზე და ქვეყანას პირდაპირ დაემუქრა დნესტრისპირეთში მოლდოვური ინტერესების დაკარგვით. აგრეთვე პირდაპირ მიანიშნა, რომ არჩეული საგარეო კურსი ქვეყანას უფრო ძვირი ენერგორესურსებისაკენ წაიყვანს, რაც მოლდოვისათვის, რომელიც ევროპის უღარიბეს ქვეყნად რჩება, ეკონომიკური კატასტროფის ტოლფასია.[xii] გარდა ამისა, მოლდოვის მოსახლეობა „ვალშია“ რუსეთთან იაფი გაზის იმპორტის გამო, რაც მის ეკონომიკას საშუალებას აძლევს, არ გამოიფიტოს. ამის საწინააღმდეგოდ, დნესტრისპირეთის რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა რუსული წარმომავლობისაა ან - პრორუსული პოზიციის, ეს ქვეყანას უკრაინის მდგომარეობასთან აიგივებს - ორივე ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონი (უკრაინის შემთხვევაში- ყირიმიც) პრორუსულია, ხოლო დასავლეთი ნაწილი - დასავლეთისაკენ მიმართული პოლიტიკური გეზის მომხრე. აგრეთვე გაკეთდა განცხადებები, რუსული მხარის მიერ, რომ მოლდოვის პოლიტიკის მესვეურების წარმოდგენა, ასოცირების შეთანხმებისაკენ წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანა უზრუნველად იცხოვრებს, მცდარია, რადგანაც ევროპა არაა სუსტების ადგილი.[xiii]მოლდოვის პრეზიდენტის, ნიკოლაი ტიმოფტის, განცხადებით ასოცირების პარფირება იყო ერთადერთი შანსი, მოლდოვა ევროპული ფასეულობებისაკენ წასულიყო, თუმცა ქვეყანაშიც კი არაა აზრი კონსოლიდირებული კომუნისტური პარტიის გავლენით, რომელიც აქ კვლავაც აქტიურია, ფერხდება პროევროპული პოლიტიკის თანმიმდევრული გატარება.
გარდა გაზის მიწოდების შეზღუდვისა, რუსეთი მოლდოვაზე მანიპულირების სხვა ეკონომიკურ საშუალებებსაც იყენებს, რაც გამოიხატება ღვინის იმპორტის შეზღუდვაში - ეს  მოლდოვის ეკონომიკის ერთ-ერთი მაცოცხლებელი პროდუქტია. ასევე საუბარი იყო ვაშლის იმპორტის ემბარგოზე, რაც ორმაგი დარტყმა იქნებოდა ქვეყნისათვის. რუსეთი ემუქრება ქვეყანას მოლდოვური დიასპორისა და მომუშავე პერსონალის ქვეყნიდან დეპორტით, რაც მოლდოვური ოჯახების დიდ ნაწილს შემოსავლის ერთადერ არხს გადაუკეტავს. ამგვარად, რუსეთი ორი მიზნის მიღწევას ცდილობს - ამცირებს რეგიონში ევროკავშირის გავლენას და, პარალელურად, მოლდოვას საბაჟო კავშირში შესვლას აიძულებს. ცხადია, რომ რუსეთს რეგიონში აქვს გეოპოლიტიკური იტერესები, მაგრამ „მოლდოვა ერთ მდინარეში ორჯერ შესვლას არ აპირებს“.[xiv]სიტუაციაზე, როგორც აღვნიშნე დიდ გავლენას ახდენს ისიც, რომ მოლდოვა ერთადერთი ქვეყანაა ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრებიდან, რომლის სათავეში მეორედ მოვიდნენ კომუნისტები (2001-2009 წლებში). ისინი კვლავაც რჩებიან მსხვილ ფრაქციად მოლდოვის პარლამენტში და  ბლოკავენ ევროპასთან სავაჭრო და პოლიტიკურ შეთანხმებებზე ხელმოწერის გადაწყვეტილებებს.  უთანხმოება თავს იჩენს თავად მოლდოვის მმართველი პოლიტიკური ლიდერების განცხადებებში, მაგალითად, პრემიერ მინისტრ ლეანკას განცხადებით, არ არსებობს ევროკავშირში წევრობის შემთხვევაში მოგების მიღების გარანტია - ეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მასზე სანქციებს აუცილებლად გაატარებს.
დასკვნა:
ცხადია, რომ უახლოეს მომავალში მოლდოვას კვლავ დაუდგება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა. ეჭვგარეშეა ისიც, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე მანიპულირების ბერკეტების გამოყენებას, რათა ტრადიციული გავლენის სფეროებში არ დაუშვას პროევროპული საგარეო პოლიტიკის გატარება. ძნელად სავარაუდოა, რომ მოლდოვაშიც იგივე განმეორდეს, რაც უკრაინაში, ყოველ შემთხვევაში, - განჭვრეტად მომავალში, რადგანაც მოლდოვა მყარად არაა გარკვეული საკუთარ პოლიტიკურ ვექტორში, აქ ჯერჯერობით არაა განვითარებული ისეთი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკაში რეალურ ცვლილებებს ახდენს ან შეუძლია, მოახდინოს. განსხვავებით უკრაინისაგან, სადაც სამოქალაქო სექტორის ეს როლი კარგადაა გამოკვეთილი, აგრეთვე  მოლდოვაში არაა კონსოლიდირებული აზრი ერთმნიშვნელოვან პროევროპულ არჩევანზე. ძალზე დადებითად მოქმედებს რუმინეთის ფაქტორი, რომელიც მოლდოვის მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორი და ევროკავშირის წევრია. სავარაუდოა, რომ მომავალში სწორედ ის იტვირთავს მოლდოვის ევროპულ ოჯახში შეყვანის „გიდის“ როლს (იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი უფრო აქტიურად შევა დღის წესრიგში). მეორე მხრივ, დადებითი ფაქტორია რუსეთთან პირდაპირი საზღვრის არარსებობა, რა შემთხვევაშიც მას არ შეუძლია, სამხედრო ზეწოლა გააძლიეროს რეგიონზე, რადგან უკრაინა მის ჯარებს, უბრალოდ, არ გაატარებს. ამ მხრივ გამორიცხულია დნესტრისპირეთის კონფლიქტის ხელახალი პროვოცირება განსხვავებით საქართველოსაგან, სადაც რუსეთი ყოველდღიურად წევს საოკუპაცო საზღვარს და აძლიერებს რეგიონების სეპარატიზმს.  ეკონომიკური მანპულაციებით რუსეთს არანაკლები გავლენის ბერკეტი უნარჩუნდება მოლდოვაზე, რადგან მასზე დიდწილადა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა. სავარაუდოა, რომ, მოვლენების იმგვარად განვითარების შემთხვევაში, როგორიც დღეს უკრაინაში გვაქვს, რუსეთი მოახერხებს და ეკონომიკური სანქციებით, ემბარგოებით „გააკონტროლებს“ მოლდოვურ არჩევანს - შეინარჩუნებს უწინდელი გავლენის სფეროს, რაც წარმატებით გამოუვიდა სომხეთში. ამ ორ ქვეყანაში დაახლოებით ერთნაირი სიტუაციაა - ერთი მხრივ, ყარაბაღისა და, მეორე მხრივ, დნესტრისპირეთის რეგიონები რუსეთისათვის ქვეყნების დასამორჩილებლად მოხერხებული იარაღია.







[i] UCDP conflict Encyclopedia. Moldova. http://www.ucdp.uu.se/gpdatabase/gpcountry.php?id=108&regionSelect=9-Eastern_Europe# . ინტერნეტი, ბოლო ნახვა, 1 თებერვალი, 2014 წ.

[ii] Savceac, Olga. 2006. Transnistria-Moldova Conflict. http://www1.american.edu/ted/ice/moldova.htm . ინტერნეტი, ბოლო ნახვა, 1 თებერვალი, 2014 წ.
[iii] United Nations University. 1991 coup attempt and the transition to independence. http://archive.unu.edu/unupress/unupbooks/uu12ee/uu12ee0b.htm#7%20large%20scale%20inter%20ethnic%20violence . ინტერნეტი, ბოლო ნახვა, 1 თებერვალი, 2014 წ.
[iv] Hare, Paul.1999.Who are the Moldovans?. Reconstituting the market: the political economy of microeconomic transformation. http://www.scribd.com/doc/75285700/4/Transnistria   .   ინტერნეტი, ბოლო ნახვა, 1 თებერვალი, 2014 წ.
[v] King,Charles. 2000. The Moldovans,Romania,Russia and the politics of Culture. Stanford. Hoover Institution Press Publication No. 472. გვ.  145
[vi] King,Charles. 2000. The Moldovans,Romania,Russia and the politics of Culture. Stanford. Hoover Institution Press Publication No. 472. გვ.  149

[vii] GRIBINCEA, A. 2006Transnistria: Use of Referendum as an instrument to manipulate the public opinion. http://www.moldova.org/transnistria-use-of-referendum-as-an-instrument-to-manipulate-the-public-opinion-21033-eng/. ინტერნეტი, ბოლო ნახვა, 1 თებერვალი, 2014 წ.
[viii] Research Directorate, Immigration and Refugee Board. 2002. Romania: Availability of fraudulent identity documents. http://www.refworld.org/docid/3f7d4e0c0.html . ინტერნეტი, ბოლო ნახვა, 1 თებერვალი, 2014 წ.
[ix] The Moscow Times. 1997. Transdnestr Meeting. http://www.themoscowtimes.com/news/article/transdnestr-meeting/313967.html . ინტერნეტი, ბოლო ნახვა, 1 თებერვალი, 2014 წ.
[x] Kozak Memorandum. 2003. MEMORANDUM On the basic principles of the state structure of a united state. http://www.stefanwolff.com/files/Kozak-Memorandum.pdf   .
[xi] RUSSELL,W. 2013. Moldova Looks to Europe as Russian Influence Declines Throughout Region.   http://www.the-american-interest.com/blog/2013/10/23/moldova-looks-to-europe-as-russian-influence-declines-throughout-region/  .  ინტერნეტი, ბოლო ნახვა, 1 თებერვალი, 2014 წ.
[xii] Tanas,A.  2013. Russia warns Moldova over its pro-Europe push.     http://articles.chicagotribune.com/2013-09-03/news/sns-rt-moldova-russia-20130903_1_dmitry-rogozin-russian-deputy-prime-minister-ukraineინტერნეტი, ბოლო ნახვა, 1 თებერვალი, 2014 წ.
[xiii] Tanas,A.  2013. Russia warns Moldova over its pro-Europe push.     http://articles.chicagotribune.com/2013-09-03/news/sns-rt-moldova-russia-20130903_1_dmitry-rogozin-russian-deputy-prime-minister-ukraine . ინტერნეტი, ბოლო ნახვა, 1 თებერვალი, 2014 წ.
[xiv] Hehzenhorn. D. 2013. Russia Putting a Strong Arm on Neighbors. http://www.nytimes.com/2013/10/23/world/europe/russia-putting-a-strong-arm-on-neighbors.html?ref=world&_r=1&pagewanted=all& . ინტერნეტი, ბოლო ნახვა, 1 თებერვალი, 2014 წ.