ზვიად გამსახურდიას პასუხი ანდრეი სახაროვისადმი აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით
ჟურნალ ”ოგონიოკში” (№ 31, 1989 წ.
“...თქვენ ჩაერთეთ ანტიქართულ კამპანიაში და საქართველო გამოაცხადეთ ”იმპერიად”, რომელმაც თითქოსდა თავის შემადგენლობაში გაიერთიანა აფხაზეთი, ოსეთი და სხვა ეროვნული წარმონაქმნები (”ოგონიოკი” №31). სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ თქვენ, დიდი ფიზიკოსი, რატომღაც ყოველთვის ავლენდით განსაცვიფრებელ გაუთვითცნობიერებლობას კავკასიის ისტორიისა და ეტიოლოგიის საკითხებში. მაგალითად, 1973 წელს თქვენი ეგიდით გამომავალმა არაოფიციალური თვითგამოცემის ჟურნალმა ”მიმდინარე მოვლენათა ქრონიკამ” (”Хроника текущих событий”) გამოაქვეყნა წერილი ”თურქ-მესხთა მოძრაობა სამშობლოში დასაბრუნებლად”. არადა, თურქი-მესხები ისევე არ არსებობენ ბუნებაში, როგორც შოტლანდიელი-ჩინელები. ეს ტერმინი მოგონილია ქართველ მუსულმანთა წრის გაუნათლებელი, ბნელი ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ არჩევენ რელიგიასა და ეროვნებას ერთმანეთისაგან - თავს თვლიან თურქებად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მუსულმანები არიან. მაგრამ თქვენ, მეცნიერი, აკადემიკოსი ხომ უნდა გრძნობდეთ ამ განსხვავებას, ან დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში მაინც ჩაგეხედათ (იხ.სტატია მესხების შესახებ).
ყოველივე ამასთან დაკავშირებით ჩვენ წარმოგიდგინეთ თქვენ და მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფს ცნობა მესხების, როგორც ქართული ტომის თაობაზე, მომზადებული მიკლუხო-მაკლაის ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მიერ, რის შედეგადაც შეიქმნა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ცნობილი დოკუმენტი ”მესხთა მდგომარეობის შესახებ”.
ახლა კი თქვენ იგივეს აგრძელებთ. თქვენს მიერ ”ოგონიოკში” გაკეთებული განცხადებით დაამტკიცეთ, რომ არ იცით ტერმინ ”აფხაზეთის” მნიშვნელობა და არც ის, თუ რა მიმართება გააჩნია მას ტერმინ ”საქართველოსთან”. რათა არ შეგაწყინოთ თავი სხვადასხვა ისტორიკოსების ნაშრომთა ციტირებით, კვლავ დავეყრდნობი დიდ საბჭოთა ენციკლოპედიას: ”ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის შუა ხანებში დაიწყო ადგილობრივი ეთნიკური ტიპის ჩამოყალიბება. აფხაზეთი მაშინ კოლხიდის, ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელმწიფოს, ნაწილს შეადგენდა”. ასე რომ, როგორც ხედავთ, აფხაზეთი ძველთაგანვე საქართველოს ნაწილი იყო. კიდევ მეტი, აფხაზეთად იწოდებოდა დასავლეთ საქართველო, ზოგჯერ - მთელი საქართველოც, როგორც, მაგალითად, ნიზამი განჯელის ცნობილ პოემა ”ისკანდერ ნამეში”(XII ს.), სადაც აფხაზეთის (საქართველოს) დედაქალაქად დასახელებულია ტფილისი. ასე რომ, აფხაზეთი საქართველოს მეორე სახელია, ისევე როგორც ალბიონი - მეორე სახელია ინგლისის. თუმცაღა ახლანდელ დროში ”აფხაზებს” არასწორად უწოდებენ ჩერქეზთა მონათესავე აფსუათა ჩრდილოეთ-კავკასიურ, ადიღურ ტომს, რომელიც XVII საუკუნიდან იპყრობს ისტორიული აფხაზეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ახდენს იქ მცხოვრებ ქართველთა ასიმილირებას და მკვიდრდება იქ. (იხ. აკად. ნ. ბერძენიშვილი ”საქართველოს ისტორიის საკითხები”, ტ.8 - ქართულ ენაზე).
აი, ვის უწოდებენ დღეს აფხაზებს, როგორც ეგვიპტელ არაბებს - ეგვიპტელებს, ან პალესტინელ არაბებს - პალესტინელებს. ყოველივე ეს არის ისტორიისა და ეტიოლოგიის ანბანი, რასაც დღეს აყალბებენ მოსკოველი და აფსუელი ცრუ-მეცნიერები საქართველოსგან მისი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის მოწყვეტის საძრახისი მიზნით. და დღეს თქვენ ბანს აძლევთ იმ ფალსიფიკატორებსა და იმპერიალისტებს, რომელთაც გუშინ ამხილებდით სხვა დანაშაულებისათვის.
რა გაეწყობა, რაკი თქვენ ერწმუნეთ მითს, რომლის მიხედვითაც ქართველები არიან აფხაზეთის დამპყრობნი, რადგან ის საქართველოს ფარგლებში მოუქცევიათ, გირჩევთ ერთხელ, როდესაც სოხუმში იქნებით დასასვენებლად, მცირედი ექსკურსია მოაწყოთ მდინარე ბესლეთის ხეობაში (ჭანბას ქუჩაზე), სადაც ნახავთ XII საუკუნეში თამარ მეფის მიერ აგებულ ხიდს. იქ არის ფილა შემდეგი წარწერით: ”ხიდზე შემორჩენილია ქართული წარწერა მთავრული ასოებით”. მაგრამ სიტყვა ”ქართული” წაშლილია, დარჩენილია მხოლოდ სიტყვა ”წარწერა”. საკითხავია, ვინ წაშალა?
ეტყობა იმათთაგანმა, ვინც ამტკიცებს, რომ აფხაზეთი არასდროს საქართველო არ ყოფილა და ქართველმა იმპერიალისტებმა აფხაზეთი ხელში ჩაიგდეს...XX საუკუნეში! აი, როგორ ადამიანებსა აქვთ თქვენზე ზეგავლენა!
რაც შეეხება ე.წ.”სამხრეთ ოსეთს”, კვლავ მოგვიწევს თქვენი გადამისამართება დიდი საბჭოთა ენციკლოპედიისაკენ: ”თანამედროვე ოსების წინაპრები არიან ალანები, რომლებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში... ხოლო XIII საუკუნეში, მონღოლ-თათართა შემოსევის შედეგად, რომლებმაც სამომთაბარეოდ ხელსაყრელი ჩრდილოეთ კავკასიის სტეპები დაიპყრეს, ოსებმა XIII საუკუნის შუახანებიდან დაიწყეს შემოსახლება ცენტრალური კავკასიის (ანუ საქართველოს - ზ.გ.) მთებში”. ასე რომ, როგორც ხედავთ, არც ოსები და არც აფსუები (აფხაზები) არ არიან ქართულ მიწაზე აბორიგენები. ისინი აქ ჩამოგვისახლდნენ, როგორც არაბები ეგვიპტეში და ისრაელის ისტორიულ ტერიტორიებზე. ყველაფერი ეს არის ისტორიისა და გეოგრაფიის ანბანური ჭეშმარიტება. პირად საუბარში თქვენ ჩემთვის, როგორც ფილოლოგისთვის, არაერთგზის მოგიციათ შენიშვნა ატომური ფიზიკის დარგში. ახლა კი ჩემი ჯერია გამხილოთ ჩემი ქვეყნის ისტორიისა და გეოგრაფიის უცოდინარობაში.
თანაც, თქვენ არასოდეს არ დაგიგმიათ ისრაელი პალესტინელთა წინააღმდეგ მოქმედებისთვის, არ გიწოდებიათ მისთვის ”დამპყრობელი” და ”იმპერიალისტი”, რაც უსამართლობა იქნებოდა. მაშ რა დააშავა თქვენს წინაშე პატარა საქართველომ, საბჭოთა კავშირის ყველაზე შევიწროებულმა და დისკრიმინირებულმა ხალხმა?”
Www.georoyal.ge