Wednesday, March 19, 2014

მითი გარანტიებზე


ლაშა ახალაია

          უკრაინელების მიერ ნატოსაკენ მიმავალი ორიენტირების გატარებაზე უარის თქმამ წარმოშვა მრავალი კითხვა იმის შესახებ, თუ რა გზით წავიდოდა მათი შემდგომი უსაფრთხოების პოლიტიკა. უკრაინა დღესდღეობით  მხოლოდ დსთ-ს უსაფრთხოების მექანიზმზეა დამოკიდებული, რომლის დეფაქტო წევრიცაა, თუმცა ყველამ კარგად იცის, ასეთი უსაფრთხოების მექანიზმი სინამდვილეში არც არსებობს. გასათვალისწინებელია, რომ უკრაინას უპირველესი საფრთხე რუსეთის ფედერაციიდან ემუქრება, რომელიც დსთ-ს უმთავრესი წევრია.  აქედან გამომდინარე, უკრაინელებს რჩებათ მოქმედების  სამი გზა: საკუთარი თავის იმედზე იყვნენ, წავიდნენ რუსეთისათთან კოლაბორაციონიზმზე ან მოითხოვონ ბუდაპეშტის მემორანდუმის ამოქმედება რუსული პოლიტიკური ინტერვენციის პრევენციისათვის. შევეცდები, წარმოგიდგინოთ რამდენად არაქმდენითუნარიანია უსაფრთხოების მიღწევის უკანასკნელი, მესამე გზა.

            1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას: ბელორუსიას, უკრაინასა და ყაზახეთს საკუთარ ტერიტორიაზე აღმოაჩნდა არც თუ ისე მცირე რაოდენობის მასობრივი განადგურების იარაღი. ამ მხრივ, პირველ რიგში, აღსანიშნავია უკრაინა, რომელიც იმ დროისთვის ბირთვული შეიარაღების მარაგით მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ჩამორჩებოდა. მისი ბირთვული არსენალი გაცილებით მეტი იყო ვიდრე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ჩინეთის ერთად აღებული. კერძოდ, უკრაინელთა განკარგულებაში იყო: 130 ერთეული “ SS-18 „ - ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები  და 46 ერთეული  „SS-24“-ი. აგრეთვე,  25 ერთეული  სტრატეგიული ბირთვული რაკეტების გადამზიდი პლატფორმა - „Tu-95MS“-ი და 19 ერთეული „Tu-160“-ი. აგრეთვე სხვა სახეობის ბირთვული დანიშნულების ჭურვები.
            უკრაინის, ბელორუსისა და ყაზახეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების წლიდანვე დაიწყო მათთან მოლაპარაკებები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. 1992 წლის 23 მაისს ლისაბონში მიღწეულ იქნა შეთანხმება (‘ლისაბონის პროტოკოლი“), რომლის მიხედვითაც, სამივე ქვეყანას უნდა გაენადგურებინა თავისი სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება ან გადაეცა იგი რუსეთისთვის. შეთანხმებას ხელს აწერდნენ რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ბელორუსია. იმავეს იმეორებდა 1994 წლის იანვრის ამჯერად სამმხრივი შეთანხმება აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის. უკრაინელები დათანხმდნენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიღებას, რის სანაცვლოდაც მოითხოვეს სუვერენიტეტის გარანტიები. იგივე გააკეთა დანარჩენმა ორმა ქვეყანამ. [1]
            თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში ბირთვული იარაღის ქონა საკუთარ სამხედრო არსენალში იძლევა სუვერენიტეტის ფაქტობრივ გარანტიას. უკრაინელების მიერ წამოყენებული მოთხოვნები სწორედ ამგვარი მოტივებით შეიძლება ავხსნათ. მსგავსი ტიპის შეიარაღების არსენალიდან ამოღება  ნამდვილად წარმოშობს დეფიციტს ქვეყნის უსაფრთხოებაში, რაც გარკვეული ფორმით უნდა ამოივსოს. იმის გამო, რომ ვარშავის პაქტი და სსრკ აღარ არსებობდა, ხოლო ნატო ისევე შორს იყო, როგორც ატლანტის ოკეანე, უკრაინის პოლიტიკურმა ელიტამ გადაწყვიტა შეექმნა დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც, მართალია, მას არა ბირთვულ იარაღთან, არამედ მსგავსი შეიარაღების მქონე სახელმწიფოებთან დააკავშირებდა. შესაბამისად, სამმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ რუსეთის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისაგან მოითხოვა გარანტია, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი დაიცავდნენ მათ სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას.
            ამ გარანტიებს ხელი მოეწერა 1994 წლის 5 დეკემბერს ბუდაპეშტში რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მიერ. ხელშეკრულება ასეთ სახელს ატარებს: „ბუდაპეშტის მემორანდუმი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისურად გამოყენებული იყო ტერმინი  “Security Assurances”, რაც გაცილებით სუსტია, ვიდრე ტერმინი  “Security Guarantees” (რა სახელწოდებითაც გამოიცა მემორანდუმი უკრაინაში). შეთანხმების I-III პუნქტებში ნათქვამია, რომ რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი (შემდგომ შესაბამისი განცხადებები საფრანგეთმა და ჩინეთმაც გააკეთეს) აღიარებენ უკრაინის სუვერენიტეტსა და მისი საზღვრების ურღვევობას, აცხადებენ, რომ უკრაინასთან ურთიერთობაში თავს შეიკავებენ სამხედრო ძალის უშუალო გამოყენებისა ან/და ამგვარი მუქარისგან, აგრეთვე სხვა სახის ეკონომიკური და პოლიტიკური იძულების ზომებისგან. მხარს დაუჭერენ მათ, თუკი რომელიმეზე განხორციელდება სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა ან აგრესია.  გარანტიათა ეს პაკეტი ფორმდება მხოლოდ უკრაინელების მიერ ბირთვული იარაღის  დათმობის სანაცვლოდ.[2] მსგავსი მუხლებიდან გამომდინარე ხელშეკრულება დიდ წარმატებას უნდა წარმოადგენდეს უკრაინელებისთვის, რადგან: ა) მათდამი პოტენციურად აგრესიული ბირთვული სახელმწიფო და მეზობელი (რუსეთი) უარს ამბობს ძალის გამოყენებაზე მის წინააღმდეგ; ბ) „ბირთვული კლუბის“ ქვეყნები მხარდაჭერას უცხადებენ მის ტერიტორიულ მთლიანობას და გამოდიან მის გარანტად - ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით არსებობს სეპარატისტულად განწყობილი ყირიმი; გ) ამასთანავე უკრაინელებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად, სხვა ქვეყნის პოლიტიკური ინტერვენციის გარეშე აირჩიონ დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი ან გაწევრიანდნენ ნებისმიერ სამხედრო ბლოკში (მაგ: ნატო-ში).
          
  მემორანდუმის მუხლების ფაქტობრივი შესრულება (უკრაინის მხრიდან) ჯერ კიდევ 1994 წლის მარტიდან დაიწყო, როცა უკრაინელებმა თავიანთი ბირთვული შეიარაღების პირველი ნაწილი გადაგზავნეს რუსეთში. 1996 წლის 2 ივნისს კი უკრაინამ საბოლოოდ დაკარგა ბირთვული ქვეყნის სტატუსი, როცა უკვე აღარც ერთი ბირთვული რაკეტა აღარ იყო მის ტერიტორიაზე. 1999 წელს მან რუსეთში გაგზავნა ბირთვული იარაღის გადამზიდი პლატფორმების ნაწილი - მეორე ნაწილი გაანადგურა, ხოლო ორი მათგანი ახლაც საავიაციო მუზეუმში არის გამოფენილი. იგივე მოიმოქმედა ბელარუსმა და ყაზახეთმა.          
            უკვე არაბირთვული სახელმწიფოების ურთიერთობა  ბირთვული კლუბის ქვეყნებთან, ადასტურებს იმას, რომ მოცემული გარანტიები არ მუშაობს. ჯერ კიდევ 2003 წელს უკრაინელებსა და რუსებს შორის მოხდა ტერიტორიული უთანხმოება, რომელიც უკავშირდებოდა ქერჩის სრუტეში მდებარე ტუზლას კუნძულსა და რუსეთის მცდელობას, მოეხდინა მისი ანექსია[3]. ამასთანავე, რუსები თავისუფლად იყენებდნენ და ახლაც იყენებენ უკრაინაში წარმოდგენილ რუსულ ეთნიკურ უმცირესობებსა და მათ სეპარატისტულ მოძრაობებს (ყირიმი). აგრეთვე იყენებენ ენერგორესურსებსა (გაზის დავები 2006-10წლებში) და ეკონომიკას ზეწოლის იარაღად, ეს ქმედებები ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის მემორანდუმის პრინციპებთან. ზეწოლამ პიკს მიაღწია 2013 წლის ოქტომბერში, როცა უკრაინის პრეზიდენტმა „გადაავადა“ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და ფაქტიურად რუსეთთან კოლაბორაციონიზმს მიჰყო ხელი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ნაბიჯი უკრაინულ შიდა საქმეებში ინტერვენციის ნიშნებს ატარებდა. იგივე შეიძლება ითქვას ბელორუსიაზეც. პრეზიდენტი ლუკაშენკო აკრიტიკებს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რომელიც უზღუდავს ბელორუსის მოქალაქეების ნაწილს სხვა ქვეყნებში გადაადგილებას და მიიჩნევს მათ საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად, რაც აგრეთვე ეწინააღდეგება მემორანდუმის პრინციპებს.[4] მოკლედ რჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ლისაბონის შეთანხმება და აღთქმული გარანტიები თაროზეა შემოდებული და მათი რეალური აღსრულების დრო არასოდეს დადგება.

            უკრაინის ყოფილი წარმომადგენელი ნატოში, პროფესორი ვლადიმირ ვასილენკო, განმარტავს, რომ შეთანხმების რეალური უფუნქციობის მთავარი მიზეზია მისი აღსრულების მექანიზმის არარსებობა. მემორანდუმის გარანტიები განკუთვნილია ფორსმაჟორული სიტუაციებისა და აშკარა აგრესიებისთვის. იგი უკრაინაში არ ქმნის უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების მყარ საფუძველს. რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი არ თვლიან თავს ვალდებულად იმოქმედონ უკრაინის ეროვნული ინტერესების კვალდაკვალ. პირიქით, ხშირად უპირისპირდებიან კიდეც მას[5]. ბუდაპეშტის მემორანდუმი არ არის სრულყოფილი დოკუმენტი, ის უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეალურ მექანიზმებს არ ქმნის, თუმცა „სულ არაფერს“ ნამდვილად სჯობს[6]. შესაბამისად, უკრაინის სახელმწიფოს მართებს სხვა გზების მოძიება საკუთარი უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე. მრავალი უკრაინელი ნაციონალისტი აპროტესტებს ამ ფაქტს და მიიჩნევს, რომ მემორანდუმი უნდა ამოქმედდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინას აქვს ლეგალური უფლება მოახდინოს მისი დენონსაცია და აღიდგინოს ბირთვული სტატუსი[7].  2011 წელს რადას სპიკერმა, ვოლოდიმერ ლიტვინმა, მოითხოვა მემორანდუმი გამხდარიყო რეალურად მოქმედი და არა უბრალოდ არსებული[8]. 2009 წელს კი პრეზიდენტებმა ობამამ და მედვედევმა დაადასტურეს მისი არსებობა.  თუმცა ამავდროულად რუსეთის ფედერაცია უკრაინაში პოლიტიკურ ინტერვენციას ახორციელებს, ხოლო შეერთებული შტატების ზოგიერთი ლიდერი აპირებს ქვეყნისთვის ცალმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესებას, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების გამო[9], რისი უფლებაც მას მემორანდუმში გაზიარებული პრინციპების შესაბამისად არ აქვს.
            დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმით სამმა პოსტ-საბჭოთა  ქვეყანამ გაცილებით მეტი დაკარგა ვიდრე მიიღო. პოლიტიკური ინტერვენციის ოცწლეული იმის ნათელი დადასტურებაა, რომ შეთანხმებები ზოგჯერ მხოლოდ ცალმხრივად სრულდება. ამან კი, შესაძლოა, სახიფათო ტენდენცია წარმოქმნას სხვა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებისთვის, რომელთაც, ალბათ, აღარ გაუჩნდეთ სურვილი დათმონ საკუთარი ბირთვული სტატუსი, უკრაინის მაგალითიდან გამომდინარე. დღესდღეობით, სამწუხაროდ თუ ზოგისათვის საბედნიეროდ, უსაფრთხოების დარჩენილი ორი გზიდან უკრაინის მთავრობა რუსეთთან კოლაბორაციონიზმის გზას ადგას.

                                                                                                         ლაშა ახალაია