Friday, December 25, 2015

მიზნის მიღწევის არასამხედრო საშუალებები - ეკონომიკური სანქციების მნიშვნელობა


ირინა გურგენაშვილი, მარიამ წიწიკაშვილი


საერთაშორისო სისტემაში აქტორთა ურთიერთობების ფორმებმა ფუნდამენტური ტრანზიცია განიცადა. ორმა მსოფლიო ომმა და  პაციფიზმის გაძლიერებამ, სისტემა ახალი ალტერნატივების წინაშე დააყენა, სახელმწიფოებს კი ახალი გამოწვევები დაუსახა. ,,ცივი ომის“ დასასრულმა და ახალი იარაღის განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა რეალიზმის იდეებით მართული ეროვნული ინტერესების განსხვავებული ,,გატარების“ საშუალებები. საერთაშორისო ურთიერთობების აქტორებს ,,აღარ სურთ“  სამხედრო ძალით მიზნის მიღწევა და მაქსიმალურად იყენებენ მიზნის მიღწევის ალტერნატიულ საშუალებებს. მიზნის მიღწევის არასამხედრო საშუალებებიდან ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური სანქციები.
აღნიშნულის, ძალიან კარგი მაგალითია საერთაშორისო სისტემის ორი უდიდესი აქტორის -  ,,ევროკავშირისა“ და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობები. ეს ორი სუბიექტი ერთი მხრივ გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, ხოლო მეორე მხრივ აქტიურად იყენებს ყველა არასამხედრო საშუალებას, რათა ერთს გააკეთებინოს ის, რასაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდა. რუსეთისა და ,,ევროკავშირის“ ურთიერთობები ძალიან საინტერესო დინამიკით ვითარდებოდა, ისინი ერთი მხრივ ქმნიან ძლიერ ეკონომიკურ და რესურსულ კავშირებს, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ეკონომიკას ერთმანეთზე გავლენის მოსაპოვებლად იყენებენ.  ნაშრომის ფარგლებში, განვიხილავთ რუსეთ-,,ევროკავშირის“ ურთიერთობების იმ მონაკვეთს, როდესაც ,,ევროკავშირმა“  დააწესა სანქციები და შეეცადა არასამხედრო საშუალებებით შეეცვალა რუსეთის საგარეო, ძალისმიერი პოლიტიკა. ასევე, გავაანალიზებთ სანქციების გავლენას და შევაფასებთ, ზოგადად, მიზნის მიღწევის არასამხედრო საშუალებების ერთ-ერთ ფორმის - ეკონომიკური სანქციების ეფექტურობას და მის გავლენას ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე.
რუსეთ-,,ევროკავშირის“ ოფიციალური ურთიერთობა 1994 წელს ,,პარტნიორობის და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე“ ხელის მოწერით დაიწყო და ამ დროიდან მოყოლებული ორმხრივი ურთიერთობა დროში სხვადასხვანაირად ვითარდება. აღნიშნული საკითხი ყოველთვის საინტერესო იყო, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხებოდა სისტემის ორ ,,ბუმბერაზ“ აქტორს. ძნელია ამ თემაზე სიახლის შემოტანა, მაგრამ იმ პირობების გათვალისწინებით, როდესაც ,,ევროკავშირი“ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან აქტიურ პოლიტიკას ატარებს და ეს პოლიტიკა ემიჯნება რუსეთის ინტერესებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, უაღრესად მნიშვნელოვანია მათი კავშირები სკრუპულოზურად შესწავლადი გახდეს.
 აღნიშნული თემა დღემდე არ კარგავს აქტუალურობას რამდენიმე საკითხის გამო:  რუსეთის ფედერაცია ცდილობს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის შექმნას ,,ევროკავშირის“ ,,ალტერნატივა“ ,,ევრაზიული“ კავშირი და ატარებს სერიოზულ პროპაგანდას, შესაბამისად, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: ,,ევროკავშირი“ თუ ,,ევრაზიული კავშირი“, ამიტომ, აუცილებელია, გაიზარდოს ინფორმირებულობა რუსეთისა და ,,ევროკავშირის“ გარშემო არსებულ მოვლენებზე; დღეისათვის ტერორიზმის გაძლიერებამ და ,,ისლამური სახელმწიფოს“ მოვლენამ საერთაშორისო სისტემაში ურთიერთობები ისე შემოატრიალა, როგორც ეს ხდებოდა 2001 წლის 9/11-ის ტერორისტული აქტის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია ცდილობს დაიბრუნოს თავისი ,,იმიჯი“ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით გადაფაროს უკრაინის მოვლენები, ისევე, როგორც 2001 წელს ცდილობდა მსოფლიო საზოგადოებისთვის მიევიწყებინა ჩეჩნეთის მოვლენები.  შესაბამისად, ყოველი ახალი კვლევა უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, საინტერესოა, რათა, ერთი მხრივ, გავერკვეთ საერთაშორისო სისტემის სუბიექტების ცვალებად მისწრაფებებში და მეორე მხრივ, შევაფასოთ შედეგები, რომელიც ანექსიას და შემდგომ სანქციებს, ,,რეალიზმის ჭრილით“ მოთამაშე აქტორებისთვის მოაქვს. 
ეკონომიკური ურთიერთობა იწყება ,,პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით“ (PCA), რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა 1994 წელს. ხელშეკრულებამ გააუქმა რაოდენობრივი შეზღუდვები სხვადასხვა   საქონლისთვის. 1995 წლის ევროკავშირის გაფართოებამ გაამარტივა ურთიერთობები ამ ორ პარტნიორს შორის და შეიქმნა ახალი ეკონომიკური დახმარების ჩარჩო. 1999 წელს კი  ინიცირებული ,,ჩრდილოეთის სივრცული პოლიტიკა“ განახლდა და დაიხვეწა 2006 წელს ჰელსინკის სამიტზე. მონაწილე სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ: რუსეთი, ევროკავშირი, ნორვეგია და ისლანდია. 2003 წელს რუსეთ-ევროკავშირის პეტერბურგის სამიტზე მხარეები შეთანხმდნენ ოთხი სახის საერთო სივრცეზე:  საერთო ეკონომიკური სივრცე; საერთო თავისუფლების, უსაფრთხოების და სამართლიანობის სივრცე; თანამშრომლობის სივრცე საგარეო უსაფრთხოების საკითხებში; კვლევისა და განათლების სფერო, რომელიც ასევე მოიცავდა კულტურულ ასპექტებს. აგრეთვე, ორმხრივი ურთიერთდამოკიდებულება გაზარდა 2004 წელს ევროკავშირის 8 წევრით გაფართოებამ. 2012 წლის 22 აგვისტოს, ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით, რუსეთი შევიდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO), ახალ ფაზაში გადასულმა ურთიერთობამ უზრუნველყო სტაბილური, პროგნოზირებადი და დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობა, განსაკუთრებით, ბალტიურ მხარესთან. ,,ყირიმის კრიზისის“ დაწყებამდე მდგომარეობა შემდეგნაირი იყო: ,,ევროკავშირისთვის“ რუსეთის ფედერაცია რიგით მესამე დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო, ხოლო რუსეთისთვის ,,ევროკავშირი“ პირველი ინვესტორი, შესაბამისად სუბსიდიების ძირითადი ნაწილი მისი ქვეყნებიდან მოდიოდა. უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, გამომდინარე იქიდან, რომ ,,ევროკავშირი“ იმპორტირებული ბუნებრივი აირის 34%-ს სწორედ, რუსეთის ფედერაციისგან იღებს. 
უკრაინის კრიზისის და ყირიმის ნახევარკუნძულის ,,რეფერენდუმის“ შემდეგ, უფრო თვალსაჩინო გახდა ევროპული სანქციების შედეგები. სანქციები შეეხო 22 რუსულ კომპანიას (“როსნეფტი,” „გაზპრომნეფტი,“ „ტრანსნეფტი,“ „კალაშნიკოვი“) და 24 რუს სახელმწიფო მოხელეს. ევროპულ კომპანიებს აეკრძალათ რუსეთში ნავთობის საბადოების დაზვერვა და მათ დამუშავებაში მონაწილების მიღება. ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასებმა 27%-ით დაიწია, მოხდა ეროვნული შემოსავლის ინდექსის 18%-იანი ვარდნა. 2014 წლის პირველ 6 თვეში რუსეთის კერძო სექტორიდან 74,6 მლრდ. დოლარით მეტი კაპიტალი გაედინა ვიდრე შევიდა. ამის გამო, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო რეზერვები 56 მლრდ. დოლარით შემცირდა და 419 მლრდ. დოლარზე დაფიქსირდა. რუსეთის  ეკონომიკაზე სანქციებმა სერიოზული გავლენა მოახდინა და თითქმის კრიზისამდე მიიყვანა (სანქციების მოქმედების შედეგები დღემდე გრძელდება).
რაც შეეცხება, უშუალოდ, რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და სანქციების გავლენას. რუსეთის ეკონომიკას ევროპული სანქციები ძალიან შესამჩნევად შეეხო, დაიწყო რუბლის გაუფასურება. კრიზისში აღმოჩნდა უმსხვილესი კორპორაციები და ხელისუფლების მიერ შექმნილი ,,ანტი-კრიზისული ფონდი“ არ აღმოჩნდა საკმარისი ამ კრიზისის გადასალახავად. უფრო მეტად გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი. ,,ინტერესთა ჯგუფებიდან“ მოდიოდა მოწოდებები, რომ მთავრობას უარი ეთქვა ყირიმზე და ეხსნა რუსეთის მოსახლეობა მწვავე კრიზისისგან. რუსეთის ფედერაციამ მაინც არ შეწყვიტა ხისტი პოლიტიკის გატარება ყირიმის მიმართ, პირიქით, მან გააძლიერა მოქმედებები და ჩაატარა ,,რეფერენდუმი“, რისი მეშვეობითაც საბოლოოდ შეიერთა ყირიმის ნახევარკუნძული. ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების კონტრაქტორის მუდმივი ზრდით მოახერხა ფედერალური ბიუჯეტის შენარჩუნება და კრიზისის მოგვარებას არა ევროპასთან დიალოგით, არამედ სანქციების დაძლევით შეუდგა. განაგრძო კარგად აპრობირებული პოლიტიკა და შეეცადა ორმხრივი კავშირ-ურთიერთობების გაძლიერებას ,,ევროკავშირის“ წევრ სახელმწიფოებთან (გერმანია, დანია...), ასევე, დაიწყო ჩინეთთან აქტიური მოლაპარაკებები და ბაზრის დივერსიფიკაციისკენ მიმართული ღონისძიებები უფრო გააძლიერა. განაგრძო ძველი საგარეო პოლიტიკა, თუმცა უფრო ძლიერად. უარი არ უთქვამს ,,ევრაზიულ“ კავშირზე და გაზ-მომარაგების ალტერნატიულ ხაზების მშენებლობაზე (სამხრეთის და ჩრდილოეთის ხაზი).

რუსეთ - ,,ევროკავშირის“ ურთიერთობების განხილვით და უშუალოდ, ,,უკრაინის კრიზისის“ შემდგომ დაწესბული სანქციების ანალიზით, მივედით დასკვნამდე, რომ როცა საქმე ეხება რესურსული თვალსაზრისით ისეთ ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც რუსეთია, რომელსაც აქვს მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირები, რთულია მსგავსი სახის სანქციებით უარი ათქმევინო საერთაშორისო ასპარეზზე ისეთ მოქმედებებზე, რომელსაც ის ატარებდა. არსებული რეალობაა, რომ სანქციებმა იმოქმედა რუსეთზე, მაგრამ არა იმდენად, რომ მას შეეცვალა ის პოლიტიკა, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებდა. კვლევის ფარგლებში. ნიშანდობლივია, რომ როდესაც სანქციებზე და მის გავლენაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ სანქციებისა და ,,სანქცირებული“ ქვეყნის სიდიდე და წონა საერთაშორისო ასპარეზზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მსგავს ქვეყანაში იმ ზომის სანქციები, რომელიც გატარდა არ აღმოჩნდა საკმარისი შეესუსტებინა მისი მიდრეკილება ჰეგემონობისკენ. 



ბიბლიოგრაფია
Allen. Susan ,“The Determinants of Economic Sanctions Success and Failure”, International Interactions, (2005) 117–138.
Blanchard, Jean-Marc, Ripsman, Norrin (2013) Economic Statecraft and Foreign Policy: Sanctions, incentives, and target state calculations, London and New York, Routledge.
Burlone, Jean-Luc B. (2002) “Economic Sanctions: The Institutional Factor”, Canadian Journal of Development Studies / Revue canadienne d'études du développement, 23, 1: 27–46.
Christopher M. Dent, ,,Transnational Capital, the State and Foreign Economic Policy,” Review of International Political Economy (2006) :261-262.
Drezner, Daniel (2011) “Sanctions Sometimes Smart: Targeted Sanctions in Theory and Practice”, International Studies Review, 13: 96–108.
Hufbauer, Gary, Schott, Jeffrey, Elliott, Kimberly and Oegg, Barbara (2007) Economic Sanctions Reconsidered (3rd edition), Washington DC, Peterson Institute for International Economics.
Jstore Terms and Conditions. ,, Russia’s Gas war” Economic and Political weekly  44, No. 5 (2009): 5-7. Via jstore: http://www.jstor.org/stable/40278446 .
Lundestad, Gair. East, West, North, South Major Developments in International Relations Politics Since .Oxford: Oxford University Press, 2012 ( Sixth Edition).
Oxenstierna, Susanne. The Russian Economy: Can Growth be Restored within the Economic System? May. 2013.