Wednesday, December 9, 2015

ინტეგრაციული პროცესები ლათინურ ამერიკაში - პრობლემები და გამოწვევები


მარიამ წიწიკაშვილი                                          რეგიონალიზმი საკმაოდ დინამიკური და მნიშვნელოვანი ფენომენია თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში. მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ევროპულმა რეგიონალურმა პროცესებმა ძლიერი ბიძგი მისცა როგორც თეორიულ წრეებში ამ კუთხით კვლევებს, ასევე პრაქტიკულად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რეგიონალური ორგანიზაციების ფორმირებას. თუმცა არც ერთი მათგანი ევროკავშირის მსგავსს ზეეროვნულ ორგანიზაციად არ ჩამოყალიბებულა.

მსგავსი ტენდეციაა დასავლეთ ნახევარსფეროშიც. გეოგრაფიული პერსპექტივით შეგვიძლია გამოვყოთ პან-ამერიკული, იბერო-ამერიკული, ცენტრალურ ამერიკული, ანდური და სამხრეთ კონუსის რეგიონული ინიციატივები. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკაში საკმაოდ ბევრი რეგიონალური ორგანიზაცია თუ პროექტი განხორციელდა, რეალურად მათი უმეტესი ნაწილი მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციაზეა კონცენტრირებული,თუმცა ამ მხრივაც მნიშვნელოვანი განვითარებები არ არსებობს და პოლიტიკური თანამშრომლობას კი ინსტიტუტთა უმრავლესობა არც კი ითვალისწინებს.
ის ორგანიზაციები კი რომელთა წესდებაშიც პოლიტიკური ურთიერთობები აღნიშნულია, რეალურად პრაქტიკაში ვერ ახერხებს მათ განხორციელებას. ნაშრომი სწორედ ამ ტენდენციების გამოკვლევას ცდილობს და შესაბამისად, შემდეგ საკვლევ კითხვაზე პასუხის გაცემაზეა ორიენტირებული: რატომ ვერ ხერხდება ლათინურ ამერიკაში ძლიერი რეგიონალური ორგანიზაციის ფორმირება, რომელიც სიღრმისეულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს?
ნაშრომში წარმოგიდგენთ ლათინურ ამერიკაში განხორციელებულ რეგიონალური ინტეგრაციის ფაზებს, რომლის წარმოდგენისასაც გამოვკვეთ ერთ-ერთ წინააღმდეგობას, რომლის გამოც ლათინურ ამერიკაში ვერ ხერხდება სიღრმისეულ რეგიონული ჩარჩოს შექმნა. ოთხივე ფაზის ინიციატივებს „თავდაცვითი“ ხასიათი აქვს ანუ ინიციატივების მიზანი არა რეგიონალური თანამშრომლობის მიღწევაა, არამედ საგარეო გამოწვევებზე პასუხი. შემდეგ მიზეზად განვიხილავ ლათინური ამერიკის ქვეყნების „სახელმწიფოებრიობის“ ნაკლებობას, რის გამოც ისინი ეწინააღმდეგებიან საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებასაც კი რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში. ხოლო მესამე არგუმენტი, რითიც ვეცდები საკვლევ კითხვაზე პასუხის გაცემას არის რეგიონის სახელმწიფოებს შორისა და სუბრეგიონულ ძალებს შორის კონკურენცია, რომელიც ხელს უშლის ერთიანი ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას. 
ლათინური ამერიკის ქვეყნების გეოგრაფიული სიახლოვე, ეთნიკურობა, ენობრივი სიახლოვე, საერთო რელიგია, მსგავსი ისტორიული გამოცდილება და პოსტ კოლონიურ პერიოდში საერთო საგარეო გამოწვევები - რეალურად ეს ფაქტორები საკმაოდ მყარ ფუნდამენტს ქმნის ფართო რეგიონული თანამშრომლობისთვის. თუმცა მიუხედავად ამისა, ლათინურ ამერიკაში ვხვდებით ფრაგმენტულ რეგიონულ ორგანიზაციებს ასევე ფრაგმენტული და ბუნდოვანი მიზნებით, რომლებიც ვერ ქმნიან საერთო პლატფორმას თანამშრომლობისა და განვითარებისთვის.
რეტროსპექტულად თუ შევხედავთ ლათინური ამერიკის ქვეყნების ინტეგრაციის ორი ისტორიული ნარატივი არსებობს: ამერიკული და ბოლივარიანული. პირველი გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების ხედვას, რომელიც მონროს დოქტრინაში წარმოდგენილ გაერთიანებულ პან ამერიკულ რეგიონს უჭერს მხარს, რომელზეც დასავლეთის ნახევარსფეროს გარეთ მყოფ სახელმწიფოს გავლენა არ აქვს. ბოლივარისეული ხედვა კი გულისხმობს ყოფილი ესპანური კოლონიების ინტეგრაციის კულტურულ, ენობრივ და ისტორიულ საფუძვლებზე. თუკი გადავხედავთ მე-20 საუკუნის რეგიონულ ინიციატივებს, შევამჩნევთ რომ მათი უმეტესობა სწორედ ზემოთ აღწერილ ორ ურთიერთსაპირისო ხედვის მანიფესტაციები იყო.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეგიონული ინტეგრაციის მიზნები რომ გავაანალიზოთ, ვნახავთ, რომ მათი ძირითადი ინტერესი უფრო მეტად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული ვიდრე პოლიტიკურ კოორდინაციაზე. ლათინური ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია (LAFTA), რომელიც 1960 წელს შეიქმნა, ეკონომიკური ინტეგრაციისკენ გადადგული პირველი ნაბიჯი იყო. თავდაპირველად მასში შედიოდნენ შემდეგი ქვეყნები: არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, მექსიკა, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი. 1970 წელს მათ დაემატა ბოლივია, კოლუმბია, ეკუადორი და ვენესუელა. 1980 წელს პირველადი მიზნების მიუღწევლობის გამო, რეორგანიზება განხორციელდა და ჩამოყალიბდა ლათინური ამერიკის ინტეგრაციის ასოციაციად (ALADI). 1999 წელს მათ კუბა შეუერთდა და დღეისათვის ორგანიზაცია უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობისთვის ისეთი რეგულაციების მუშაობას, როგორიცაა: ტექნიკური, სანიტარული, გარემოს დაცვითი, ხარისხის კონტროლის, ფასის კონტროლის, მონოპოლიური ზომები. 1969 წელს დაარსდა ანდური პაქტი (დღეს უკვე ანდის ქვეყნების გაერთიანება) სუპრანაციონალური ორგანოებით, რომელიც გაცილებით უფრო ღრმა თანამშრომლობას ისახავდა მიზნად ვიდრე LAFTA. 1991 წელს შეიქმნა მერკოსული, რომელსაც 6 მუდმივი წევრი ყავს არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი, ვენესუელა. ამ ორგანიზაციის მიზანიც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობაა,თუმცა ამავდროულად მოიცავს ინტეგრაციის გაღრმავებისთვის საჭირო პოლიტიკის ჰარმონიზაციას. არსებობს მთავრობათაშორისი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები, თუმცა ბრაზილიისა და არგენტინის ხელში ორგანიზაცია უპირველესად Realpolitik-ის ინსტრუმენტი უფროა.
გარდა ამისა, რეგიონში არსებობს აშშ-ის მონაწილეობით დაარსებული რეგიონული ორგანიზაციები ამერიკის ქვეყნების ორგანიზაცია(OAS). განსაკუთრებით წარმატებული იყო ამერიკის მცდელობა რეგიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბების მხრივ ცენტრალურ და კარიბის ზღვის ქვეყნებში გეოგრაფიული სიახლოვის გამო და შესაბამისად, არსებობს ამერიკა-მექსიკას შორის NAFTA, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს- დომინიკის რესპუბლიკას და ამერიკას შორის DR-CAFTA, კარიბის ზღვის ქვეყნებთან CBI. გარდა ამისა, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს აქვთ საკმაოდ წარმატებული საერთო ბაზრის ორგანიზაცია, სადაც კვლავ ეკონომიკური თანამშრომლობაა ძირითადი ფოკუსი. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ორგანიზაციაც არსებობს (CELAC), რომელიც რიოს ჯგუფის გაგრძელებაა. 2010 წელს დაარსდა და საკმაოდ ფართობასშტაბიანი მიზნები აქვს, მათ შორის დემოკრატიის გაძლიერება და რეგიონული კრიზისების მოგვარება. ეკონომიკური გაერთინება(SELA) კარიბისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის 1975 წლიდან არსებობს და აერთიანებს 28 ქვეყანას, მიზნად ისახავს კვლავ ეკონომიკურ ინტეგრაციასა და თანამშრომლობას.
ლათინურ ამერიკაში განსაკუთრებით საინტერესოა უახლოესი რეგიონული განვითარებები და ორგანიზაციები, რომლებიც თუ პრაქტიკულად არა დოკუმენტის დონეზე მაინც ისახავს მიზნად ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკურ თანამშრომლობასაც, ასეთებია: ALBA- ამერიკის ხალხების ბოლივარიული ალიანსი, 2004 წელს დაარსდა კუბისა და ვენესუელის ინიციატივით, აერთინაბებს 11 ქვეყანას, აქედან ბოლივია, ვენესუელა და ეკუადორი სამხრეთ ამერიკიდან; UNASUR - სამთავრობათშორისი რეგიონული ორგანიზაცია, 2008 წლიდან მოქმედებს და აერთიანებს 12 ლათინურ ქვეყანას.
გარკვეულწილად თანამშრომლობამ შედგები გამოიღო. მაგალითად ALBA-ს ფარგლებში დაარსდა PetroCaribe- ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, Telesur - საერთო ტელევიზია, Petrosur - მთავრობათაშორისო ენერგო ალიანსი, Unasur - სოფლის მეურნეობის მდგრად განვითაზე ორიენტირებული მთავრობათაშორისი კავშირი, ასევე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საერთო ვალუტის(SUCRE) შესახებ, რომელიც დოლარს ჩაანაცვლებდა ეკონომიკური გაცვლებისას და 2015 წლიდან ვირტუალურ მიმოქცევაშია.
რაც შეეხება UNASUR- შეიქმნა საარჩევნო მონიტორინგის ჯფუფი, რომელიც ჩაანაცვლებს OAS-ის მონიტორინგს, დაარსდა სამხრეთის ბანკი, რომელიც ეკონომიკური განვითარების პროექტებს დააფინანსებს, შეიქმნა თავდაცვის საბჭო, რომელმაც პოზიტიური როლი შეასრულა 2010 წლის კოლუმბია-ვენესუელის დიპლომატიურ კრიზისში, ინფრასტრუქტურის თანამშრომლობა, ვიზა ლიბერალიზაცია წევრ ქვეყნებს შორის.
მიუხედავად გარკვეული პოზიტიური შედეგებისა, რეალურად ერთიანი ჩარჩო რეგიონული ინტეგრაციის არ არსებობს, არც ALBA და არც UNASUR არ მოიცავს მთლიანად სამხრეთ ამერიკის კონტინენტს და მათ წევრებს შორისაც  შეთახნმებები რთულად მიიღწევა. შემდეგ ქვეთავში შევეცდები ავხსნა თანამშრომლობის ძირითადი დამაბრკოლებელი მიზეზები.
ზემოთ წარმოდგენილ ორგანიზაციებს თუ გავაანალიზებთ მათი შექმნის მიზეზები არა გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე სახელმწიფოთა გააზრებული კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციაა, არამედ გარე ძალების დაბალანსების (პირველ რიგში აშშ-ის), ევროკავშირის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის, საერთაშორისო კაპიტალისა და გლობალიზაციის მოთხოვნების დაბალანსების ინსტრუმენტი უფროა. შესაბამისად, ლათინური ამერიკის ქვეყნების რეგიონალიზმს უფრო მეტად „თავდაცვითი“ ხასიათი აქვს და ლათინური ქვეყნები გლობალური წესების მიმღებნი უფრო არიან, ვიდრე შემქმნელები. ლათინური რეგიონალიზმის პირველი ფაზა ძირითადად 1957 წლის ევროპის ეკონომიკური გაერთიანების (EEC) პასუხი იყო. LAFTA, ანდური ფაქტი, კარიბის ზღვის რეგიონალური ინსტიტუტები (CARIFTA, ECLAC) მიმართული იყო იმისკენ, რომ ევროპის ყოფილ კოლონიურ ქვეყნებს სუბსიდიები და ტარიფები შეემუშავებინათ, რათა გლობალური კონკურენციისთვის გაეძლოთ. თუმცა პოლიტიკურმა ნაციონალიზმმა, ეკონომიკურმა პროტექნიოზიმმა და სამხედრო დიქტატურამ ეს წამოწყებები უშედეგო გახადა. მსგავსმა ტენდენციებმა, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო 90-იანი წლებიდან კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების დომინანტობას რეგიონში, სწორედ ამ პერიოდიდან იდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები - NAFTA, FTAA.  მესამე ფაზაში კი მემარცხენე მთავრობების მიერ გადაიხედა ამერიკის მიერ წამოწყებული პროექტები. კონკრეტულად 2005 წლის ბუენოს აირესში ჩატარებული მეოთხე ამერიკული სამიტის ფარგლებში გამოიკვეთა ორი ჯგუფი ქვეყნებისა: 1. პრო-ამერიკული - რომელიც გააგრძელებდა ამერიკასთან FTAA-ის ფარგლებში თანამშრომლობას; 2. MERCOSUR-ის სახელმწიფოები, ვენესუელა, ბოლივია, რომლებმაც უარი განაცხადეს სამომავლოდ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ფორმატში თანამშრომლობა. შედეგად შეიქმნა ALBA და UNASUR, რომლებიც როგორ წინა თავში ვიხილეთ აშკარად ამერიკის დაბალასებისკენაა მიმართული: საერთო ვალუტის შეცვლა, რომელმაც დოლარი უნდა ჩაანაცვლოს, ამერიკის გვერდის ავლით მონიტორინგის ჯგუფების შექმნა. შესაბამისად, ლათინური რეგიონალიზმის დაბრკოლებად იკვეთება ის ფაქტი, რომ ინტეგრაციული ინსტიტუტების შექმნის უპირველესი მიზანი არა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობაა,არამედ სხვა გარე ძალის დაბალანსების ინსრუმენტი. 
ერნსტ ჰაასი რეგიონალიზმის ნეოფუნქციონალისტური პერსპექტივიდან ანალიზისას აცხადებს, რომ გრძელვადიანი და წარმატებული ინტეგრაციისთვის აუცილებელია სუვერენიტეტის გადაცემა ეროვნულიდან საერთაშორისო/რეგიონულ ინსტიტუტზე, სხვა შემთხვევაში ინტეგრაციული თანამშრომლობა წარმატებელია. 
ლათინური ამერიკის რეგიონალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ სახელმწიფოები ინტეგრაციული ინსტიტუტების შექმნისას არა თუ მზად არიან სუვერენიტეტის გარკვეული გადაცემისთვის, არამედ პირიქით მათ ფარგლებში სუვერენიტეტის გაძლიერებას უფრო ცდილობენ. ედუარდო ბუელვა სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. სუვერენიტეტის დათმოვისადმი წინააღმდეგობის მიზეზად მიიჩნევს ლათინური ამერიკის ქვეყნების „სახელმწიფოებრიობის“ ნაკლებობას. კოლონიურმაწარსულმა და პოსტკოლონიური კაუდილიოებისა თუ პოპულისტური ლიდერების არსებობამ ფაქტობრივად დღემდე შეუძლებელი გახადა ლათინურ ამერიკაში სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება. ძალაუფლების მხოლოდ ერთ პიროვნებაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში - ლათინური ამერიკის შემთხვევაში პრეზიდენტის ინსტიტუტი, მოქცევა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს სტრუქტურად სუსტ ხდის. 
ერთპიროვნული მმართველები, რომლებსაც არანაირი შიდა შეზღუდვები არ აქვთ სუვერენიტეტის ნებისმიერი სახით გადაცემას ეწინააღმდეგებიან, რადგან ეს მათი ძალაუფლების შეზღუდვასაც ნიშნავს. ლათინური ამერიკის ლიდერებისთვის კი, რომლებიც კონსტიტუციის ცვლილებასაც არაფრად თვლიან, თუკი ეს მათ ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარებათ, სუპრანაციონალური ინსტიტუტების შექმნა წარმოუდგენელია. შესაბამისად, მეორე ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს ინტეგრაციული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას ლათინური ამერიკის ქვეყნების „სახელმწიფობრიობის“ ნაკლებობა. ძალაუფლების სახელმწიფო შტოებს შორის დისბალანსი, ერთ პერსონაზე დამყარებული მმართველობა და სახელმწიგო ინსტიტუტების სისუსტე სწორედ ის ფაქტორებია, რაც ლათინური ამერიკის ქვეყნების „სახელმწიფოებრიობის“ ნაკლია. 
ინტეგრაციული ორგანიზაციის წევრ ქვეყნებსა და სუბრეგიონალურ ორგანიზაციებს შორს დაპირისპირება კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი სიღრმისეული პოლიტიკური და ეკონომიკური რეგიონული ჩარჩოს შექმნისთვის. ამ არგუმენტის უკეთ გასაგებად შეგვიძლია განვიხილოხილოთ MERCOSUR-ის მაგალითი, სადაც არგენტინისა და ბრაზილიის დაპირისპირების გამო რეალურად ვერ ხერხდება თანამშრომლობის გაღრმავება. ბრაზილიისთვის აღნიშნული ორგანიზაცია ინსტრუმენტია, რათა რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბდეს, ამას კი, რა თქმა უნდა უპირისპირდება არგენტინა, რომელსაც წარსულში ტერიტორიული დავაც ჰქონდა ჩრდილოელ მეზობელთან და გარდა ამისა, მასაც აქვს პრეტენზიები რეგიონის ჰეგემონობაზე. მათი დაპირისპირება მერკოსურის გარეთ, ჰაიტის მისიაშიც გამოჩნდა, სადაც იმის გამო რომ განსხვავებული ხედვები ჰქონდათ კონფლიქტის მოგვარების და ჰაიტის განვითარების კუთხით, MINUSTAH ფაქტობრივად წარუმატებელ თანამშრომლობად იქცა. ბრაზილიის სურვილი, რომ რეგიონული და ანგარიშგასაწევი გლობალური ძალა გახდეს, ეწინააღმდეგება  რეგიონული თანამშრომლობას. მისი ასეთი დამოკიდებულება კი ორგანიზაციის სხვა წევრების უნდობლობასაც იწვევს. უშუალოდ ბრაზილიასა არგენტინას შორის რამდნემე კრიზისული ქეისის გამოყოფა შეიძლება: 1995 წლის აუტომობილების კრიზისი, 1999 წლის ფეხსაცმლის ინდუსტრიასთან დაკავშირებული დაპირისპირება, 2001 წლის კრიზისი ტარიფებთან დაკავშირებით. ეს შემთხვევები, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ორგანიზაციაზე, რომლის ორი უდიდესი წევრი ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც ვერ თანხმდება, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ კოორდინაციაზე. 
ისტორიული მიმოხილვისას ვნახეთ ეკონომიკური ინტეგრაციული მოდელების სიმრავლე. ხშირ შემთხვევაში ისინი ორგანიზაციული მიზნებით იდენტურები არიან და ერთმანეთის კონკურენციით ხელს უშლიან ერთიანი რეგიონული ეკონომიკური არქიტექტურის შექმნას. MERCOSUR, ანდური კავშირი (AC), ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემა (SICA), ALBA(2004), UNASUR(2008), CELAC (2011), წყნარი ოკეანის ალიანსი PA (2012), რეალურად ეს ორგანიზაციები მიზნებით კვეთენ ერთმანეთს თუმცა მათი ფრაგმენტულობა და სიმრავლე, არა წარმატებული რეგიონალიზმის, არამედ წარუმატებელი ინტეგრაციული პროექტების მანიფესტაციაა. 
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ლათინური ამერიკის რეგიონალიზმი მეტად კომპლექსური საკითხია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა მრავალი ორგანიზაცია, თუმცა სიღრმისეული თანამშრომლობა დღემდე მიუღწეველია. თავად ლათინური რეგიონალიზმის ხასიათი, რომელიც უფრო მეტად საგარეო გამოწვევებზე პასუხია, ვიდრე თანამშრომლობის შეთანხმებული კონსენსუსი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ავტორიტარული მმართველობა და შესაბამისად, „სახელმწიფოებრიობის“ ნაკლებოდა და ბოლოს, სახელმწიფოებს და სუბრეგიონულ ორგანიზაციებს შორის კონკურენცია/დაპირისპირება - ის ძირითადი მიზეზებია რის გამოც სიღრმისეული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ვერ განხორციელდა დღემდე. 
ბიბლიოგრაფია
Keohane, R. (2001) ‘Between Vision and Reality: Variables in Latin American Foreign Policy’, in J. Tulchin and R. Espach (eds) Latin America in the New International System, Boulder, Colorado: Lynne Rienner.
Arenas- Garcia, N. 2012. 21st century Regionalism in South America: UNASUR and the search for Development alternatives. Available at http://www.gla.ac.uk/media/media_228378_en.pdf     accessed 25 December 2015.
Sanahuja, A. 2012. Post liberal regionalism in South America: case of UNASUR. Available at http://cadmus.eui.eu/bitstream/handle/1814/20394/RSCAS_2012_05.pdf?sequence=1&isAllowed=y accessed 25 December 2015.
Pereira, G. Latin American Regionalism in Multipolar World. Available at http://web.isanet.org/Web/Conferences/FLACSO-ISA%20BuenosAires%202014/
Archive/c6b7cb7f-a46c-4aae-961b-7c5dc7bc1cd3.pdf   accessed 25 December 2015.

Riggirozzi, P. 2010. Region, Regionness and Regionalism in Latin America: Towards new Synthesis. Available at http://www10.iadb.org/intal/intalcdi/pe/2012/10382.pdf      accessed 25 December 2015.

Haas, E. The Uniting of Europe. Political, Social and Economical Forces 1950-1957. London: Stevens and Sons, 1958. Available at http://ieie.itam.mx/Alumnos2008/Uniting%20of%20Europe%20(Haas).pdf    

Gomez-Mara, L. 2013. Power and Regionalism in Latin America. Available at http://www3.nd.edu/~undpress/excerpts/P03042-ex.pdf accessed 25 December 2015.

Buelvas, E. 2013. Why Regionalism has failed in Latin America: Lack of stateness as an important factor for failure of sovereignty transfer in regional projects.  Available at http://www.scielo.br/scielo.php?script=sci_arttext&pid=S0102-85292013000200005&lng=en&nrm=iso   accessed 25 December 2015