Wednesday, October 30, 2013

სირია– დაუსრულებელი სამოქალაქო ომი

                                                                                                     გიორგი ხატიაშვილი
    


       სისხლიანი კონფლიქტი  სირიაში  2011 წლიდან მიმდინარეობს. სამოქალაქო ომს ასი ათასზე მეტი კაცი  უკვე ემსხვერპლა, 4.25 მილიონი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, ხოლო 1.6 მილიონი - ლტოლვილი. მიუხედავად, იმისა, რომ მსოფლიო ლიდერები და გაერო გმობენ ასადის რეჟიმის ძალადობას, ამას  ჯერ–ჯერობით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გამოუღია.
გაეროს უშიშროების საბჭოს 2042-ე (30 შეუიარაღებელი სამხედო დამკვირვებლის გაგზავნა) და 2043-ე (300-მდე შეუიარაღებელი სამხედრო დამკვირვებლის გაგაზავნა) რეზოლუციები უშედეგო იყო. დასავლეთი ყველანაირად ცდილობს ინტერვენცია, ან როგორც მას უწოდებენ დაცვის პასუხისმგებლობა (Responsibility to Protect, R2P, RtoP) არ გამოიყენოს. 2001 წელს ეს ტერმინი ფორმალურად ხმარებაში შემოიტანა ინტერვენციისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის საერთაშორისო კომისიის (ICSS)
დასკვნამ, რათა ჩაენაცვლებინათ ტერმინი ინტერვენცია, რომელიც ასახავდა წარსულ, ცივის ომის დროინდელ საბრძოლო რიტორიკას. დაცვის პასუხისმგებლობის დოქტრინა გულისხმობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მზადაა აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელოს ძალისმიერი ქმედებები, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, როდესაც ქვეყნის მთავრობას ეს არ შეუძლია ან არ სურს. დოქტრინა მოწოდებულია შეაჩეროს მასობრივი სისასტიკე გენოცდის, ეთნიკური წმენდისა და სამოქალაქო ომის შემთხვევებში. თუმცა, დოქტრინა სამხედრო კომპონენტს განიხილავს, როგორც უკიდურეს შესაძლებლობას, როდესაც ყველასხვა სხვა  გზა ამოწურულია, ამვდროულად, უნდა იყოს იმის გარანტია, რომ ინტერვენციის შემდეგ სისხლისღვრა შეჩერდება და არ მივიღებთ უარეს შედეგს. შესაბამისად, ქვეყნები მას ძალიან იშვიათად მიმართავენ. გავაანალიზო თუ რა მიზეზები და ფაქტორები განაპირობებს  ჩაურევლობას სირიაში:

კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს (სირიის მთავრობა, ამბოხებულები) ჰყავს მხარდამჭერები მსოფლიო მასშტაბით, შესაბამისად საერთაშორისო საზოგადოება გაყოფილია და გაეროს უშიშროების საბჭო ვერ იღებს გადაწყვეტილებას. სირიელ მეამბოხეებს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება. 23 ივლისს კონგრესმა ნება დართო ობამას ადმინისტრაციას იარაღი მიაწოდოს სირიის თავისუფალ არმიას. თავისმხრივ რუსეთი და ჩინეთი ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთი აპირებს იარაღი მიაწოდოს სირიას, მათ შორის საჰაერო თავდაცვისათვის რაკეტებიც მოიაზრება, რაც უფრო გააძნელებს არასაფრენი ზონის შემოწმებას სირიაში. რუსეთისა და ჩინეთის განსხვავებული პოზიციის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ, მათი შეფასება, რომ ჰუმანიტარული ინტერვენციის საბაბით ამერიკა ახორციელებს მსოფლიო მაშტაბით რეჟიმების ცვლილების ფართო კამპანიას. ორივე სახელმწიფოს გააჩნია სუვერენიტეტის გამძაფრებული განცდა. სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას, ნებისმიერი საბაბით, თუნდაც იქ სამოქალაქო ომი იყოს, რუსეთი და ჩინეთი მტკივნეულად აღიქვამს. ამის საფუძველი შეიძება იყოს  ის შიშიც, რომ  რუსეთსა და ჩინეთს, როგორც ორ არადემოკრატიულ სახელმწიფოს, მასობრივი არეულობის შემთხვევაშ შეიძლება დაემუქროს იგივე ჰუმანიტარული ინტერვენციის საფრთხე. დაცვის პასუხისმგებლობის დოქტრინისთვის ხელის შეშლაში, ისინი თავისი რეჟიმების სამომავლო უსაფრთხოებას ხედავენ.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის წინააღმდეგობა იმითაც აიხსნება, რომ სირია ახლო აღმოსავლეთში რუსეთის  ერთადერთი და დიდი ხნის მოკავშირეა. რუსეთის ერთადერთი საზღვაო ბაზა საზღვრებს გარეთ სწორედ სირიაში, ქალაქ ტარტუსში მდებარეობს. სირიის დაკარგვით რუსეთი კარგავს ხმელთაშუაზღვაზე პლაცდარმს, რაც მისი აზრით, ურტყამს არა მხოლოდ მის სამხედრო-გეოგრაფიულ უსაფრთხოებას, არამედ ასევე “იმპერიულ პრესტიჟს”.
კონფლიქტის თაობაზე განხეთქილებაა ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. სხვადასხვა რეგიონალური სახელმწიფოები სხვადასხვა მხარეს დგანან. თურქეთი ასადის ცალსახად მოცილების მომხრეა. პრემიერ-მინისტრი ერდოღანი ხმამაღლა ითხოვდა სირია არასაფრენ ზონად გამოეცხადებინათ. თურქეთი შიშობს, რომ გაგრძელებული კონფლიქტი ხელს შეუწყობს სირიის პოლიტიკურ დეზინტეგრაციას, რაც, თავის მხრივ, ქმნის საფრთხეს, რომ სირიაში თურქეთის საზღვართან მცხოვრებმა  ორმა მილიონმა ქურთმა შექმნას ავტონომია. ეს  თურქეთისთვის  ამძაფრებს  ქურთულ პრობლემას.  საუდის არაბეთი და ყატარი აფინანსებს და ეხმარება სირიალ მემაბოხეებს. მათი მიზანია დაემხოს ირანის მოკავშირე შიიტური რეჟიმი სირიაში. არ დაგვავიწყდეს, რომ  ირანი საუდის არაბეთის მთავრი რეგიონალური მეტოქეა. რევოლუციური ისლამი, რომელსაც ირანი ქადაგებს, მონარქიული რეჟიმების სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. თავის მხრივ კი  ირანი ასადის მოკავშირეა. გარდა რელიგიური ფაქტორისა (ასადი და  სამხედრო ელიტის უმეტესობა ალავიტია, რომელიც შიიტური ისლამის განშტოებად მიიჩნევა), სირია ასევე ირანის ერთგული მოკავშირეა ისრაელთან ბრძოლაში. სირიის გავლით ირანი ამარაგებს ლიბანში ჰეზბოლას. ამიტომაც, ჰეზბოლა და ირანის რევოლუციის დარჯთა კორპუსი ასადიის მხარეს იბრძვიან. ირანმა 4000 მებრძოლი გააგზავნა სირიაში.
  რატომ ლიბია და  –„ არა“ სირიას ?
http://news.yahoo.com/un-chief-says-over-100-000-people-killed-140317015.html
http://www.ohchr.org/EN/HRBodies/HRC/IICISyria/Pages/IndependentInternationalCommission.aspx
http://www.un.org/News/Press/docs/2012/sc10618.doc.htm
http://www.huffingtonpost.com/kj-wetherholt/the-absence-of-r2p-in-syr_b_3061332.html
http://www.foreignaffairs.com/articles/139080/jon-western-and-joshua-s-goldstein/r2p-after-syria
http://www.usatoday.com/story/news/world/2013/07/23/usa-arms-syria-rebels/2580009/
http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/russia/10195594/Russia-pushes-ahead-with-arms-shipments-to-Syria.html

პირველ რიგში ლიბიასთან შედარებით სირიის შეიარაღებული ძალები ოთხჯერ დიდია. 300 000 მოქმედი სამხედრო და იმავე რაოდენობის რეზერვი, სირიას გააჩნია 4 500 მეტი საზენიტო დანადგარი, როდესაც ლიბიას 300 ნაკლები ჰქონდა. სირიალ მემაბოხეებს უჭირთ გარკვეული ერთიანი ტერიტორიის კონტროლი, შესაბამისად ლიბიისგან გასხვავებით (სადაც მემაბოხეები, ფართო ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდნენ) ძნელია საჰაერო მხარდაჭერით მათ პოზიციების შენაჩუნებაში დაეხმარო. ლიბიისგან განსხვავებით, სირიული ოპოზიცია დაქსაქსულია და შედგება მრავალი ფრაქციისგან, რომელშიც სულ უფრო ძლიერდება რადიკალური ისლამისტური ძალები, მათ შორის ისინი, რომლებიც  ალ-ქაიდას მხრადაჭერით სარგებლობენ. შესაბამისად, დასავლეთში სერიოზული შიშია, რომ ასადის რეჟიმს ჩაენაცვლება რადიკალური ისლამისტური ძალები.