ენერგეტიკა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველი, უზრუნველყოფს ეკონომიკის სწორ ფუნქციონირებას, რადგან ელექტროენერგია წარმოების აბსოლუტურად ყველა დარგს სჭირდება. იგი განაპირობების მისი ეკონომიკის ზრდის ტემპებსა და მასშტაბებს. შესაბამისად, ენერგეტიკის მნიშვნელობა განუზომლად დიდია სახელმწიფოს არსებობისთვის. მას გააჩნია გეოპოლიტიკური დატვირთვაც და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს, როგორც პრობლემურ რეგიონში არსებული პატარა ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, ჰიდრორესურსების ათვისება მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. საქართველო მდინარეების რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნაა. 26,060-დან 300-მდე მდინარე ენერგეტი კულად მნიშვნე ლოვანია.
მათი პოტენციური ჯამური გამომუ შავება წელიწადში 50 მილიარდ კვტ/საათს შეადგენს, თუმცა ამჟამად, ქვეყანა პოტენციალის მხოლოდ 20%-ს იყენებს.
ქვეყნის ენერგეტიკის პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტის უმთავრესი პრიორიტეტი რესურსების მაქსიმალური ათვისება უნდა იყოს, რადგან ეს საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ ეკონომიკა და გავხდეთ ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა. ამისთვი კი აუცილებელია ავაშენოთ ელექტროენერგიის გენერირების ახალი ობიექტები, მათ შორის დიდკაშხლიანი ჰესები, რომელიც საშუალებას მოგცემს, ელექტროენერგია დეფიციტურ, ზამთრს პერიოდში ვაწარმოოთ და მოვიხმაროთ.
ამჟამად, საქართველოს ენერგეტიკა საფრთხის წინაშე დგას - უკანასკნელი 6-7 წლის მანძილზე საქართველოში ელექტორენერგიის მოთხოვნა 5-10%-თ იზრდება, ხოლო არსებული ელექტროსისტემა მზარდ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ენერგეტიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ 2018 წლისთვს ენერგეტიკული დეფიციტი 1 მლრდ. კვტ/საათამდე იქნება, ხოლო ფასი 10 ა.შ.შ. ცენტამდე გაზრდება. კრიზისის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ახალი სიმძლავრეების აშენება. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში კვლავ დადგა ხუდონჰესის პროექტი, რომელიც მდინარე ენგურზე (რომლის ჰიდრორესურსების პოტენციალი 10 მლრდ. კვტ/საათია) 702 მეგავატი სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გულსხმობს.
ხუდონის აშენების იდეა საბჭოთა კავშირის პერიოდში გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების თითქმის 1/3 უკვე შესრულებული იყო, 1980-იანი წლების ბოლოს მშენებლობა შეჩერდა, რისი მიზეზიც საბჭოთა კავშირის კრიზისი და საქართველოში ეროვნული მოძრაობის აღმავლობა იყო, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოების მობილიზებას ხუდონის პროექტის წინააღმდეგ. თუმცა, ჰესის მშენებლობის ძირითადი ნაწილის დასრულების გამო, იგი მიმზიდველი პროექტი გახდა ინვესტორებისთვის და 2009 წელს მშენებლობის გაგრძელების უფლება ინდურმა კომპანიამ „კონტინენტალ კონსტრაქშენმა“ მოიპოვა, ხოლო მოგვიანებით კი აღნიშნული უფლება ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ ინდურ-ბრიტანულ კომპანია “Trans Electrica Ltd.“-მა მიიღო.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტში მნიშვნელოვანი შესწორებები შეიტანა. შეიცვალა ასევე მსგავსი პროექტების განხორციელების პრაქტიკაც - თუ მანამდე ასეთი პროექტები მხოლოდ მთავრობის კაბინეტებში წყდებოდა, ახლა განხილვებში დაინტერესებული მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. უკვე გაიმართა ორი საკმაოდ ემოციური და ხმაურიანი საჯარო განხილვა.
პროექტის უკეთ გასაცნობად განვიხილოთ სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური კრიტერიუმების მიხედვით:
I. სოციალური: პროექტის განხორციელებისთვის რამდენიმე სოფლის დატბორვა და 200-მდე ოჯახის გასახლებაა აუცილებელი. მთავრობისა და ინვესტორის პირობის მიუხედავად, რომ განსახლება მსოფლიოში არსებული მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოხდება და დაზარალებულები მიიღებენ ღირსეულ კომპენსაციას, ასევე აუშენებენ ახალ სოფელს, ადგილობრივები მაინც ეწინააღმდეგებიან პროექტს. მათთვის ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი წინაპრების საფლავები და ხაიშის წმინდა გიორგის ეკლესიაა, რომელთაც, ხაიშელების თქმით, არ შეელევიან. ამის საპასუხოდ, მთავრობა პირობას დებს, რომ ეკლესიას უვნებლად გადაიტანს, ხოლო საფლავებს „უდიდესი მოწიწებით“ გადაასვენებს. ადგილობრივების კატეგორიული ტონი („თავს შევაკლავთ“) და ხატზე დაფიცება სიტუაციას ამწვავებს. შესაბამისად, რთული სათქმელია, როგორ განვითარდება ურთიერთობა ინვესტორსა და მოსახლეობას შორის.
II. ეკოლოგიური: რამდენიმე თვის წინ, ინვესტორმა კომპანიამ წარმოადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) წინასწარი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ კლიმატის ცვლილება უმნიშვნელო და ლოკალური იქნება. გზშ-ს წინასწარ ვარიანტში არსებულ უზუსტობებზე საუბრობენ ექსპერტები. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ მიიჩნევს, რომ “გაუგებარია, თუ რა რაოდენობის ტყის ეკოსისტემები განადგურდება/დაიტბორება პროექტის განხორციელების შედეგად.“ არასამთავროები და ექსპერტები აცხადებენ, რომ გზშ-ს წინასწარი ვარიანტი არ იძლევა სრულ ინფორმაციას, თუ რა ცვლილებები და ზემოქმედება იქნება კლიმატზე. ასევე, დაუზუსტებელია რა ტყის ფართობი, რა რაოდენობის ბიოსისტემა განადგურდება და რა ღონისძიებები გატარდება ამის კონპესირებისთვის. დაუდგენელია რა კუმულაციურ ზემოქმედებას იქონიებს ხუდონჰესი მყინვარების დნობაზე. ანგარიში არასრულყოფილებას, არც გარემოსა და ენერგეტიკის სამინისტროში მალავენ. გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე გადაუგზავნა 100-ზე მეტი შენიშვნა ინვესტორს, რომელმაც რამდენიმე კვირაში უნდა წარმოადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სრულყოფილი ანგარიში. თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ძნელი წარმოსადგენია, ინვესტორმა გაითვალისწინოს, მათ მიერ გადაგზავნილი ყველა შენიშვნა 2014 წლის 1 მარტამდე, როცა უნდა მოიპოვოს ნებართვა მშენებლობის დაწყების შესახებ..
III. ეკონომიკური: სოციალური და ეკოლოგიური ზარალის ერთგვარი კონმპენსაცია ეკონომიკური სარგებელი უნდა იყოს. როგორც, გზშ-ის წინასწარ ვარიანტშია აღნიშნული, მშენებლობის 6 წლის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტი ქონების და საშემოსავლო გადასახადის სახით 157 800 000 ლარით შეივსება. ასევე, ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან, ანუ 2020 წლიდან სახელმწიფო 10 წელიწადში 320 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ეკონომიას გააკეთებს. უფრო კონკრეტულად: მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ხუდონჰესის ექსპლუატაციის პირველი 10 წლის განმავლობაში ქვეყანა ზამთრის პერიოდში 133,9 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას ფიქსირებული 5.84 ცენტად მიიღებს, რითაც სახელმწიფო წელიწადში 5,570,000 ა.შ.შ. დოლარს დაზოგავს ელექტროენერგიის იმპორტზე. (თუმცა, მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით ეს რიცხვი 300 მლნ. კვტ/სთ-მდე გაიზარდა) ასევე, ხუდონჰესი დადებით გავლენას იქონიებს ენგურის გამომუშავებაზე, რომლის ელექტროენერგია 1.18 თეთრი ღირს. აღნიშნული საშუალებას მისცემს სახელმწიფოს დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარი დაზოგოს ყოველწლიურად. აგრეთვე, როგორც გზშ-ს წინასწარ ანგარიშშია აღნიშნული, მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილობრივ, ანუ მესტიის ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე შევა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ელექტროენერგიის ტრანსპორტირებით მიღებული შემოსავლების ზრდას. საუბარია ადილობრივი კომპანიების მიერ ელექტროენერგიის ტრანპორტირებისგან პირველი 10 წლის განმავლობაში მიღებულ დამატებით 192 მილიონ აშშ დოლარზე. ამასთანვე, ხუდონჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ქონების საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ბიუჯეტში ყოველწლიურად 56.8 მილიონი ლარი შევა. აღსანიშნავია, რომ ხუდონჰესის საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდი დოლარია, რაც 6 წელზე გადანაწილების შემთხვევაში მშპ-ს 1.1%-ით გაზრდის.
აღნიშნული კრიტერიუმების განხილვის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ რეალურად, ხუდონჰესს შეუძლია დადებითი გავლენა მოხდინოს ქვეყნის ენერგოსისტემაზე, ეკონომიკასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტს აქვს სერიოზული პრობლემები სოციალური და ეკოლოგიური მიმართულებით, რომელთა გადაწყვეტაც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამჟამად, ინვესტორი კომპანია უყურადღებოდ ეკიდება ადგილობრივი მოსახლეობის წუხილს, რაც გაუმართლებელია, რადგან ეს ადამიანები 30 წელია გაურკვევლობაში ცხოვრობენ და ნამდვილად იმსახურებენ ახსნა-განმარტებას, ხოლო პროექტის განხორციელების შემთხვევაში ღირსეულ კომპენსაციას.