Saturday, February 22, 2014

ყატარისა და საუდის არაბეთის მეტოქეობა: სირიისა და ეგვიპტის მაგალითი


   გიორგი ხატიაშვილი

მიმდინარეობს პაექრობა რეგიონის ტრადიციულ ძლიერ მოთამაშეს საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის პატარა, თუმცა ამბიციურ სახელმწიფოს - ყატარს შორის.
2010 წელს დაწყებული არაბული გაზაფხული, თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის

მოწოდებები, რომლებმაც რეგიონის გეოპოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა, საუდის არაბეთმა დიდი შეშფოთებით აღიქვა. ყატარმა, საპირისპიროდ, ამ ცვლილებეში საკუთარი რეგიონალური წონისა და პრესტიჟის გაზრდის შანსი დიანახა. ყატარი არაბულ გამოღვიძებას აღიქვამს როგორც საშუალებას, განავრცოს საკუთარი გავლენა ისლამისტური მთავრობების დამაყარებით, რომლებიც რჩევისა და დახმარებისათვის ყატარს მიმართავენ და არა აშშ-სა და საუდის არაბეთს.
რეგიონში მუსლიმთა საძმოს გაძლიერებით, ყატარმა დაინახა შანსი ახლო აღმოსავლეთში ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა გამხდარიყო და ამიტომ უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა მორსის. 2012 წლის აგვისტოში ეგვიპტემ - 2 მილიარდი დოლარი, 2013 წლის იანვარში კი დამატებით 2.5 მილიარდი დოლარი მიიღო. როგორც კი მორსი დაამხეს, საუდის არაბეთმა მაშინვე მხარდაჭერა გამოუცხადა სამხედრო რეჟიმს და 5 მილიარდი დოლარის დახმარებას დაპირდა.
ჰოსნი მუბარაკი საუდის არაბეთის დიდი ხნის მოკავშირე გახლდათ, მათ ,სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, მუსლიმთა საძმოს მიმართ ანტიპათია აერთიანებდათ. თუ ეგვიპტეში საძმო მუბარაკის სეკულარულ რეჟიმს ემუქრებოდა, საუდის არაბეთში ის რელიგიურ-პოლიტიკურ აქტივიზმს ახალისებდა.ხოლო რეჟიმი კი ,როგორც წესი, ყველანაირად ცდლიობს პოლიტიკური მოძრაობები ჩაახშოს და საკუთარი მოქალაქეებისგან უპირობო მორჩილება მოითხოვოს. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა  (1975-2012 წ.წ.) პრინცმა ნაეფმა 2002 წელს განაცხადა, რომ ყველა მათი პრობლემა მუსლიმთა საძმოსგან მოდიოდა.
რეგიონში ნებისმიერი ისლამური დემოკრატიის მაგალითი ძირს უთხრის ალ-საუდის სამეფო ოჯახის ეკონომიკურ და პოლიტიკურ დომინანტობას. მცირე ზომისა და პატარა მოსახლეობის გამო, ყატარი ამგვარი პოლიტიკური კატაკლიზმებისგან თავს დაცულად გრძნობს. იგი თვლის, რომ მას შეუძლია გაანეიტრალოს ის საფრთხეები, რომლებიც ყატარში მოქმედი მუსლიმთა საძმოსგან მომდინარეობს და ,ამავდროულად, მხარი დაუჭიროს ამ ორგანიზაციებს  მის საზღვრებს გარეთ.
სირიაში ორივე სახელმწიფო მხარს უჭერს ბაშარ ასადის რეჟიმის შეცვლას, თუმცა არსებობს განსხვავებული სტარტეგიები: ყატარი გამოირჩევა იდეოლოგიურად უფრო ექსტრემისტული ძალების დაფინანსებით, რომლებიც სირიის ისლამური ფრონტის ქოლგის ქვეშ მოქმედებენ, მაშინ როდესაც საუდის არაბეთი შედარებით ზომიერ ძალებს (სირიის თავისუფალი არმია, სირიის  ისლამური გათავისუფლების ფრონტი) უცხადებს მხარდაჭერას. ყატარი იქამდეც მივიდა, რომ დოჰაში სირიის საელჩო  სირიის რევოლუციური და ოპოზიციური ძალების ეროვნულ საბჭოს გადასცა. 2011 წლიდან მოყოლებული ყატარმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ოპოზიციის დასახმარებლად. ექსტრემისტული ძალების მხარდაჭერა ერთ-ერთი წინაღობაა სირიის სამშვიდობო პროცესის გზაზე.
წყაროები

How Saudi Arabia and Qatar are the Tortoise and the Hare of the Middle Easthttp://www.theatlantic.com/international/archive/2013/08/how-saudi-arabia-and-qatar-are-the-tortoise-and-the-hare-of-the-middle-east/279090/
Royal Rivalry in the Levant: Saudi Arabia and Qatar Duel over Syria
http://www.jamestown.org/single/?no_cache=1&tx_ttnews%5btt_news%5d=41249&tx_ttnews%5bbackPid%5d=7&cHash=426111877d2307e21e49ffc752186002#.UpOnKb9byg_
The Qatar Problem http://mideast.foreignpolicy.com/posts/2013/08/28/the_qatar_problem