Saturday, February 22, 2014

მათი სახეები ყველამ იცის, მათი სახელები ყველას სმენია


ირინა გურგენაშვილი
მსოფლიო ბევრ გამოჩენილ და ძლიერ პოლიტიკოსს იტევს. ადამიანებს ,რომლებიც იყვნენ და არიან ყოველთვის ყველაზე ცხელი და გახმაურებული ამბების სათავეში. მათი გადაწყვეტილებები მუდმივად ცვლიან სისტემებს, ისინი გვევლინებიან მთავარ მოკარნახეებად სახელმწიფოების თამაშის წესებში. მათი სახეები ყველამ იცის, მათი სახელები ყველას გაუგონია, თუმცა რეალურად რა ძალას ფლობენ, ალბათ, დანამდვილებით არავინ უწყის. საინტერესოა ისინი არიან პაიკები სახელმწიფოების ხელში თუ სახელმწიფოა მათ ხელში პაიკი. ფაქტია, რომ მსოფლიო სისტემაში მუდმივად არსებობენ ადამიანები, რომელთა გადაწყვეტილებები აგვარებენ ან ამწვავებენ კონფლიქტებს, ანაწილებენ ან აერთებენ ტერიტორიებს, იღებენ ან აუქმებენ კანონებს. ისინი ,,ჩვეულებრივ მოკვდავებს“  ქცევის წესებს გვიდგენენ.

IRGE - ს საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა   შემოგთავაზოთ რუბრიკა, რომელიც განიხილავს იმ პიროვნებათა ცხოვრებას და მოღვაწეობას, რომელთა მხრებზეც (თუ ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამი არ გამოვა) თანამედროვე ქვეყნები დგას.  ისინი საერთაშორისო ურთიერთობის სისტემაში სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მუდმივად მოქმედებენ მათი სახელით.  დღევანდელი სტატიის მთავარ გმირებად  ავირჩიე ორი გიგანტური სახელმწიფოს - ორი ,,მოთამაშე“: ამერიკის შეერთებული შტატების სახლმწიფო მდივანი - ჰილარი კლინტონი და მისი მუდმივი კონკურენტი-კოლეგა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი - სერგეი ლავროვი. ბატონ ლავროვს, ალბათ, არ ეწყინება თუ პირველ რიგში ექს-პირველ ლედიზე ვისაუბრებ.
ჰილარი დაიან როდემ კლინტონი დაიბადა  1947 წლის 26 ოქტომბერს ილინოისის შტატში- ჩიკაგოში. ჰილარი უფროსი ქალიშვილი გახლდათ ოჯახში, მის შემდეგ კიდევ ორი ვაჟი გაჩნდა - მამის სეხნია ჰიუ უმცროსი (1950 წ.) და ენტონი (1954წ.). უფროს როდემს (ჰილარის მამა), ალბათ, არც უფიქრია, რომ მისი ოჯახი ცნობილი ქალიშვილის მეშვეობით გახდებოდა, მაგრამ ეჭვი მაქვს, არც ის უფიქრია, რომ მსოფლიო გაიცნობდა არა ჰილარი როდემს, არამედ ჰილარი კლინტონს, სახელოვანი ბილ კლინტონის თანამებრძოლ, ერთგულ მეუღლეს. თუმცა არავინ იფიქროს, რომ ჰილარი ნაკლებ აქტიური და ძლიერი ქალი გახდათ ქორწინებამდე, ახალგაზრდა ქალბატონი მუდამ განსაკუთრებული სამოქალაქო აქტივობითა და პოლიტიკური ჩართულობით გამოირჩეოდა. ჰილარი როდემი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოღვაწეობა დაიწყო ახალგაზრდა რესპუბლიკელთა პარტიაში და აქტიური კამპანია გაუკეთა 1964 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს ბერი გოლდვოტერს. თუმცა 1968 წლიდან, ჰილარი ტოვებს რესპუბლიკელთა რიგებს და დემოკრატი ხდება.  მიუხედავად ამგვარი მოღვაწეობის, ჰილარი ცნოილი ხდება მხოლოდ მას შემდეგ რაც 1969 წელს კრიტიკულად გამოვიდა უელსის კოლეჯში წლის დასაწყისის მიმართვაში. ამ დროიდან მას იცნობენ ქალად, რომელიც არ ეგუება უსამართლობას და მუდმივად იბრძვის ადამიანთა სამოქალაქო უფლებებისათვის. პროფესიით იურისტი ჰილარი, რომელმაც იელის იურიდიული სკოლა დაამთავრა, გახლდათ პირველი ქალი როუზის ადვოკატთა ფირმაში (1979 წლიდან), 1988-91 წლებში იგი მოხვდა ამერიკის ას ყველაზე გავლენიან იურისტთა სიაში. 1975 წელს ჰილარი არკანზასში გადავიდა და იქვე გაჰყვა ცოლად ბილ კლინტონს, კარიერა კი კონგრესის იურიდიულ კონსულტანტად გააგრძელა. 1979-81 და 1983-92 წლებში იყო, არკანზასის პირველი ლედი, შემდგომ კი უკვე ამერიკის პირველ ლედად გვევლინება. ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკის საკითხებში, მისი მთავარი ინიციატივა კლინტონის ჯანდაცვის გეგმა , 1994 წელს კონგრესის მიერ არ დამტკიცდა , თუმცა 1997 წელს მისი დახმარებით დაფუძნდა სახელმწიფო ბავშვთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა და შვილად აყვანისა და უსაფრთხო ოჯახის აქტი.  საზოგადოება აღაფრთოვანა მისმა საქციელმა 1998 წელს  კლინტონ-ლევინსკის სკანდალის შემდეგ, მან მეუღლეს ღალატი აპატია, მის მხარეს დადგა და ფაქტობრივად იხსნა იმპიჩმენტისაგან. თუმცა ამერიკულ კულუარებში დადიოდა ხმები, რომ ჰილარიმ ეს არა საკუთარი დიდსულოვნების, არამედ დიდი პოლიტიკური კარიერის გამო გააკეთა, ამერიკა მოთმინებით ელოდა ლედის შემდგომ ნაბიჯებს და ადევნებდა თვალს მის კარიერულ კიბეს, რომელსაც სარჩულად საკუთარი პირადი ცხოვრება დაედო. ამერიკულ საზოგადოებას დიდი ხნით ლოდინი არ დასჭირდა, 2000 წელს, ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ,  ჰილარი კლინტონი სენატის წევრი ხდება. თავდაპირველად მხარს უჭერს ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკას, რომელიც ასევე მოიცავდა ერაყის ომის რეზოლუციას, შემდეგ კი იგი განუდგა ბუშს და მისი მთავარი მოწინააღმდეგე გახდა.
აშშ-ში ისევ დაიწყო ჩურჩული ჰილარის შორს მიმავალ  მიზნებზე. 2007 წე;ს ექს-ლედი საკუთარ კანდიდატურას აყენებს პრეზიდენტობის თანამდებობაზე. ჰილარი კლინტონი ხდება პირველი ამერიკელი ქალი, რომელსაც აქვს ყველაზე რეალური შანსი იყოს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, 2008 წელს აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრაიმერში ამარცხებს. ჰილარი არც აქ დაკარგულა 2009 წელს ხდება ამერიკის სახელმწიფო მდივანი  და უკვე ამ პოსტიდან აგრძელებს მსოფლიოსთვის მაგალითის  ჩვენებას.
მაგალითებში ამერიკელ ქალბატონს ტოლს არ უდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დღევანდელი მსოფლიო გადათამაშების გულმხურვალე“ მოღვაწე და ჰილარი კლინტონთან მუდმივად მოპაექრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
სერგეი ლავროვი დაიბადა 1950 წლის 21 მარტს, ჰილარი კლინტონის ოჯახისგან განსხვავებით ლავროვის ოჯახი მუდმივად სახელმწიფო საქმეებში იყო ჩართული. ლავროვის დედა მუშაობდა საბჭოთა საგარეო მინისტერიალში, საკმაოდ წარმატებულ თანამდებობაზე. თვითონ სერგეი ყოველთვის გამორჩეულ პიროვნებათ ითვლებოდა მის თანამოაზრეებში, მას ასახელებენ როგორც ყველაზე შეუვალ და რთულად სამართავ პიროვნებად (რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმში, ალბათ, მსგავსი სტატუსი დასაფასებელიც კია). სკოლის დამთავრების შემდეგ (ვერცხლის მედალზე დაასრულა) ახალგაზრდა ლავროვმა გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა ეროვნულ სამეცნიერო ინსტიტუტში ფიზიკური ტექნოლოგიების განხრით, თუმცა მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალა (რაც ლავროვისთვის, ვფიქრობ უცხო არ არის, თუ მის გადაწყვეტილებათა სიას გადავხედავთ) და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში (MGIMO) ჩააბარა.  ლავროვმა შეისწავლა შრი-ლანკას ოფიციალური ენა, აგრეთვე მალდივის ოფიციალური ენა, რა თქმა უნდა, ინგლისურთან და ფრანგულთან შეთავსებით, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად პოლიგლოტმა“ სერგეიმ განაცხადა, რომ ფრანგულად არ ილაპარაკებდა, მიზეზად კი ამ ენის თავისუფლად არცოდნა დაასახელა. ლავროვი განსაკუთრებული შრომის უნარიანობით გამოირჩეოდა, არასდროს ერიდებოდა საზაფხულო სამუშაოებს და შესაბამისად არც გამოცდილების დაგროვება გასჭირვებია, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მისი შრომა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში.  მას შემდეგ რაც გაიხსნა საბჭოთა საელჩო შრი-ლანკაში ლავროვი დაინიშნა მრჩევლად და დაევალა მუდმივი ანალიზი ქვეყანაში არსებული სიტუაციის. იმ დროს შრი-ლანკაში  მოვიდა სოციალისტურ მთავრობა, რომელსაც საბჭოთა რუსეთთან მუდმივი კავშირ-ურთიერთობა ჰქონდა, ამ უკანასკნელმა შრი-ლანკაში გააფორმა ახალი საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეკრულება. გარდა ვითარების კონტროლისა ლავროვი ითავსებდა თარჯიმნის პოზიციასაც, რადგან ცოტას თუ ნახავდით შრი-ლანკის ენის ასე კარგათ მცოდნეს.
ეს თანამდებობა გახდა ერთგვარი ტრამპლინი ლავროვის შემდგომი ნაყოფიერი პოლიტიკური კარიერისა. 1976 წელს ლავროვი დაბრუნდა მოსკოვში, სადაც მუშაობდა ჯერ მესამე შემდეგ კი მეორე მდივნად სსრკ-ს საერთაშორისო ეკონომიკურ სექციაში, აგრეთვე სხვადასხავ ორგანიზაციებში, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო). 1981 წელს, იგი გაემგზავრა ნიუ-იორკში, გაეროში, საბჭოთა ოფიციალური მისიის უფროსი მრჩევლის სტატუსით. 1990-92 წლებში გახდა დირექტორი საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროში.  1995 წლის დეკემბერში ლავროვი გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი, ეს თანამდებობა მან კიდევ 5-ჯერ დაიკავა, ბოლო იყო 2003 წელი. 2004 წლის 9 მარტს ვლადიმერ პუტინმა სერგეი ლავროვი დანიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრად. ამ თანამდებობას ლავროვი დღემდე მყარად ინარჩუნებს და, ალბათ, პუტინი უფრო ადვილად დათმობს პოზიციას, ვიდრე მრავალჭირნახული“ სერგეი.  ბოროტი ენები მას მოხელეს უფრო უწოდებენ, ვიდრე პოლიტიკოსს, თუმცა, საეჭვოა , ლავროვზე ეს მოქმედებდეს.
უფრო სერიოზული ხმებიც  არსებობს: თურმე ლავროვი საქართველოში გაზრდილა. 2008 წლის 24 იანვარს The Georgian Times-ში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით: ,,სერგეი ლავროვის სომხურ-თბილისური ფესვები“, სადაც მინისტრის ნამდვილ გვარად ქალანთაროვი, ხოლო აღზრდის ადგილად თბილისი, კერძოდ კი ავლაბარი, არარატის ქუჩა დასახელდა. სტატიის მეორე ნაწილში კი ლავროვი  უკვე ქალანთაროვად  კი არა, ლავრენტიანად არის მოხსენიებული. სტატიის წყაროდ სახელდება თბილიში იმჟამინდელი სომხური დიასპორის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ვან ბაიბურთი. თუმცა იმ სკანდალური ჭორების ფონზე, რომ პუტინი ქართველია, ეს  არც არავის გაჰკვირვებია.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ორივე ჰილარი კლინტონიც და სერგეი ლავროვიც იყვნენ და რჩებიან მსოფილიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წამყვან ფიგურებად, მთელი ჟურნალი არ ეყოფა იმ ნუსხას თუ რამდენ საქმეში არ ეთანხმებიან და უპირისპირდებიან ერთმანეთს, თუმცა ზოგიერთი ფაქტი, ვგონებ, აღნიშვნის ღირსია. 2012 წლის იანვარში სერგეი ლავროვმა საჯაროდ განაცხადა, რომ ვერ ახერხებდა კლინტონის ზარების პასუხს, რომელიც სავარაუდოდ გაეროს უშიშროების საბჭოს სირიის რეზოლუციის შესახებ მსჯელობისთვის ურეკავდა. მინისტრის თქმით, მას პასუხი არ შეეძლო, ვინაიდან ავსტრალიელ კოლეგებთან მოლაპარაკებით იყო დაკავებული. თუმცა ლავროვმა ამასთან დასძინა, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე განიხილავდა ჰილარი კლინტონთან სირიის საკითხს.
  ასე რომ, სანერვიულო დიდად არაფერია, ჰილარი კიდევ ბევრჯერ დაურეკავს ლავროვს.