ანა მიქაუტაძე
უკრაინის შიდა პოლიტიკური
ვითარება უკანასკნელი 2 თვის მანძილზე განსაკუთრებით გამწვავდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ
იანუკოვიჩის მთავრობამ ვილნიუსის სამიტამდე 2 კვირით ადრე, ეკონომიკური მიზეზებიდან
გამომდინარე, უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე,
ქვეყნის პროდასავლურად განწყობილმა მოსახლეობამ მთავრობის ამ ქმედებას ფართომასშტაბიანი
ქუჩის აქციებით უპასუხა. დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ალაპარაკდნენ
უკრაინის რუსეთის ხელისუფლების ზეწოლასა და მის გავლენაზე უკრაინის საგარეო პოლიტიკურ
კურსზე, ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა 2013 წლის 17 დეკემბერს იანუკოვიჩსა და პუტინს
შორის შემდგარი შეხვედრის შედეგებმა. რუსეთმა
უკრაინას გაზის ფასი 400-დან 287 დოლარამდე შეუმცირა და გარდა ამისა "საბიუჯეტო
კრიზისის დასაძლევად" 15 მლრდ დოლარის დახმარება გამოუყო, ვლადიმი პუტინმა ამ
ფაქტზე ასეთი განცხადება გააკეთა: "უკრაინა ვალის გარეშე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი
და მოკავშირეა", პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კი ღიად განაცხადა, რომ სავაჭრო
ბრუნვა რუსეთთან იმდენად დიდი იყო, რომ უკრაინას სხვა გზა არ ჰქონდა, ევროკავშირი მისთვის
რუსეთის ალტერნატივა ვერ გახდებოდა.
ზოგადად რთულია,
ისაუბრო იანუკოვიჩის საგარეო პოლიტიკაზე, თუ გავითვალისწინებთ იმ ურთიერთგამომრიცხავ
მიზნებს, რომელთაც ეს უკანასკნელი უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოსვლისას ისახავდა.
ვიქტორ იანუკოვიჩი სტრატეგიული წონასწორობის პოლიტიკის ფარგლებში, ერთი მხრივ, ევროკავშირთან ურთიერთობების
გაღრმავებასა და 2009 წელს ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას,
ხოლო, მეორე მხრივ, მისი წინამორბედის მიერ რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობების ნორმალიზებას
გეგმავდა. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის გადამეტებულ სიყვარულსა და მზრუნველობას მისი
უმცროსი ძმის - უკრაინის მიმართ და მის ნეგატიურ დამოკიდებულებას NATO-სა და ევროკავშირის გაფართოებისადმი, ნათელი გახდება,
რომ იანუკოვიჩმა იმთავითვე შეუსრულებელი მისია დააკისრა საკუთარ თავს.
უმჯობესია, მოკლედ
მიმოვიხილოთ იანუკოვიჩის მიერ გადადგმული ის ფუნდამენტური პოლიტიკური ნაბიჯები, რომელმაც
2010-2013 წლებში განსაზღვრეს უკრაინის საგარეო პოლიტიკური კურსი. პირველ რიგში,
ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით NATO-ში უკრაინის წევრობაზე უარის თქმას. ჯერ კიდევ საპრეზიდენტო
კამპანიის დროს, იანუკოვიჩმა არაერთგზის განაცხადა,
რომ NATO-უკრაინის თანამშრომლობის იმდროინდელი
დონე სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო უკრაინისთვის და აქედან გამომდინარე, ქვეყნის ნატოში
შესვლის საკითხიც დღის წესრიგში აღარ იდგა. "ჩვენთან არ დგას საკითხი უკრაინის
ნატოში შესვლის თაობაზე. ის დამოკიდებულებები, რომელიც უკრაინას ნატოსთან გააჩნია, დღეისათვის საკმარისია
ამ ბლოკთან პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად. მათ მოშლას ჩვენ არ ვაპირებთ"
- განაცხადა იანუკოვიჩმა.
2010 წლის
3 ივნისს უკრაინის რადამ მიიღო კანონი “უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკის
ბაზისის შესახებ”, რომელიც ქვეყნის არაბლოკურობას უსვამდა ხაზს. კანონის მე-11
მუხლი ითვალისწინებს უკრაინის უარს სამხედრო ბლოკების წევრობაზე, თუმცა ამავე
მუხლის მომდევნო წინადადებაში განმარტებულია, რომ ქვეყნის პრიორიტეტი ევროპის
კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნა და მასში აქტიური მონაწილეობაა, ეს ორი
მიზანი კი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. კანონის
თანახმად უკრაინა არ გაწევრიანდება არცერთ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში, მაგრამ
ამავდროულად ნებადართულია ისეთ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც ნატოა. მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაცია
კვლავ დარჩა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილად. კანონპროექტმა
მაინც შეარყა უკრაინის პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი.
2010 წლის 21 აპრილს იანუკოვიჩსა და მედვედევს შორის
გაფორმებულმა ხარკოვის ხელშეკრულებამ კიდევ უფრო გაამყარა დასავლეთის ვარაუდი იმის
თაობაზე, რომ იანუკოვიჩის უკრაინა რუსულ ორბიტაზე ბრუნდებოდა. შავი ზღვის ფლოტს უკრაინის
ტერიტორიაზე ყოფნის ვადა 2017 წელს ეწურებოდა, ამ შეთანხმებით ამ ვადამ 2042 წლამდე
გადაიწია. გარდა ზემოთაღნიშნულისა ხელშეკრულება
რამდენიმე ასპექტს მოიცავდა, მათ შორის:
·
უკრაინაში იმპორტირებული
რუსული გაზის ფასზე 30%-იან ფასდაკლებას (უკრაინა ამ დროს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ
აირს 305,7 დოლარად იღებდა, რაც ხელოვნურად გაზრდილი ფასი იყო, ფასდაკლების შედეგად
მიღებული თანხებით იანუკოვიჩი უკრაინის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას გეგმავდა)
·
რუსეთის მიერ
2 მლრდ-იანი კრედიტის გაცემას უკრაინაზე, ამ უკანასკნელისთვის საბიუჯეტო დეფიციტის
დაფარვის მიზნით (2013 წ, 17 დეკემბერი, რუსეთი იმავე ნაბიჯს დგამს)
·
საზღვრის დემარკაციის
ხელშეკრულებას, რაც პოზიტიური იყო უკრაინისთვის, რომელიც ევროინტეგრაციისკენ მიისწრაფოდა
და უვიზო რეჟიმის მიღწევას ცდილობდა ევროკავშირთან, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა
საზღვაო საზღვრებზე და ხელშეკრულებაშიც მხოლოდ სახმელეთო საზღვრების დემარკაცია იგულისხმებოდა.
ხარკოვის
ხელშეკრულებამ უკრაინის ოპოზიციის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, იანუკოვიჩის მიერ
გადადგმულ ამ ნაბიჯში ყველა ხედავდა რუსეთის მცდელობას, საკუთარი გავლენის სფეროში
კიდევ უფრო ღრმად შეეტყუებინა უკრაინა. ექს-პრეზიდენტ იუშჩენკოს პარტიის
"ჩვენი უკრაინის" წევრებმა ხარკოვის ხელშეკრულებას უკრაინის
რუსიფიკაციის დასაწყისიც კი უწოდეს. ყოფილმა პრემიერმა ტიმოშენკომ კი აღნიშნული შეთანხმება უკრაინის
კონსტოტიციის დარღვევადაც კი მიიჩნია, რადგან 2017 წლიდან კონსტიტუციის მიხედვით
უკრაინას ეკრძალებოდა საკუთარ ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოების საჯარისო
შენაერთების დისლოკაცია.
ხარკოვის ხელშეკრულებამ
იანუკოვიჩს არ მოუტანა ის დივიდენდები, რის მიღებასაც მისი მთავრობა ცდილობდა მისი
ხელმოწერისას. ეს ძალიან მალე გახდა თვალსაჩინო. 2010 წელს უკრაინული მიწების მიღება-ჩაბარების
აქტიც კი არ იქნა გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ბაზების ყოფნა სევასტოპოლის
მიწაზე, ფაქტობრივად, არალეგიტიმურია. გარდა ამისა რუსეთი არ უხდის უკრაინას საკუთარი
ბაზის დისლოკაციისათვის არენდას, უფრო ზუსტად, რუსეთი ამ თანხას უქვითავს უკრაინას
იმ ვალიდან, რაც 1990-იან წლებში დაუგროვდა გაზის იმპორტის თანხების გადაუხდელობის
გამო. ამის შესახებ უკრაინის ექს-პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი აზაროვმაც განაცხადა
2012 წელს: "უკრაინამ ხარკოვის შეთანხმებას ხელი გაზის ფასის დაკლების მიზნით
მოაწერა, თუმცა რეალური შედეგები ვერ მიიღო, იმ გაგებით, რომ რუსეთი არ იხდის არენდას
სევასტოპოლში ბაზების დისლოკაციისთვის და მხოლოდ ამის ნაცვლად აკლდება გაზის ღირებულებას
100 დოლარი."
უკრაინის მთავრობას
უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. ხარკოვის ხელშეკრულების დენონსირების შემთხვევაში უკრაინაში
გაზის ფასი 630 დოლარამდე აიწევს, რაც ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას
გამოიწვევს, გაიზრდება უმუშევრობის დონე, ასევე კომუნალური გადასახადებიც და ძირითადი
მოხმარების პროდუქტის ფასებიც, ეკონომიკა მთლიანად ენერგოსექტორზეა მიბმული.
თუ გავითვალისწინებთ
იმასაც, რომ უკრაინას მოუწევს რუსეთს აუნაზღაუროს ის 30%-იანი ფასდაკლება გაზზე, რასაც
ბოლო 3 წლის მანძილზე იღებდა, გამოდის რომ მას რუსეთის 12,5 მლრდ აშშ დოლარი აქვს ვალი
დაგროვილი, რის გადახდასახ "დიდი ძმა", რასაკვირველია, დაუყოვნებლივ მოსთხოვს.
ხარკოვის ხელშეკრულება იანუკოვიჩს მმართველობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგარეო
პოლიტიკური შეცდომაა.
ევროკავშირთან ურთიერთობების
წარმართვა იანუკოვიჩმა სირთულეების გარეშე დაიწყო, თუმცა აქაც წაააწყდა ერთ დაბრკოლებას.
ეს ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს, პატიმრობა იყო. ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების
რატიფიცირების წინაპირობად აყენებდა ამ უკანასკნელის გათავისუფლებას, იანუკოვიჩი კი
მიუხედავად დაპირებებისა, არ დგამდა ამ ნაბიჯს, რასაც ევროკავშირთან ურთიერთობების
დაძაბვა მოჰყვა. ამას დაემატა რუსეთის მიერ ვილნიუსის სამიტის მოახლოებისას დაწესებული
ეკონომიკური სანქციები - 2013 წლის ივლისში რუსეთმა საექსპორტო ქვოტები დაუწესა 2 უმსხვილეს
უკრაინულ ფოლადის მილების მწარმოებელ ფირმას: ინტერფაიფს და დონბასის ინდუსტრიულ გაერთიანებას.
ივლისშივე რუსეთის საბაჟო სამსახურმა 40 მსხვილ უკრაინულ ფირმას მიანიჭა სტატუსი
"სარისკო", რითიც გაართულა ამ ფირმების პროდუქციის შემოდინება რუსულ ბაზარზე.
2 ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად დაიძაბა, რომ კიევის რუსეთის გაქრისტიანების
1025-ე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ვიზიტისას ვლადიმირ პუტინმა საერთოდ უარი განაცხადა
იანუკოვიჩთან საუბარზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მის უკან იდგა. რუსეთმა
ესეც არ იკმარა და ონიშენკოს ბრძანებით უკრაინული შოკოლადის ფირმა "როშენის"
პროდუქციის იმპორტიც აკრძალა) და საბოლოო ჯამში შედეგად მივიღეთ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება,
ხელი არ მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებისთვის.
ზემოთ ჩამოთვლილ
ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ჩანს რუსეთის უხილავი
ხელი და კრემლის გავლენა. უკრაინის დაკარგვა რუსეთისთვის კიდევ უფრო ძნელად გადასატანი
იქნება, ვიდრე სხვა რომელიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის, იგი ყოველთვის აღიქვამდა უკრაინას
თავის განუყოფელ ნაწილად, უკრაინაში მას უფრო დიდი დასაყრდენიც აქვს ქვეყნის სამხრეთ
და აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის სახით. დღეისათვის უკრაინა
საკმაოდ მძიმე ვითარებაში იმყოფება. საერთაშორისო საზოგადოებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება
იმისათვის, რომ უკრაინა შექმნილი მდგომარეობიდან დიდი მსხვერპლის გარეშე გამოიყვანოს.
დროც შეზღუდულია, სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ რუსეთი უფრო გაააქტიურებს თავის
პოლიტიკას უკრაინის მიმართულებით და არც ისაა გამორიცხული, რომ საკუთარი მოქალაქეების
დაცვის მიზნით საჯარისო შენაერთები შეიყვანოს მის ტერიტორიაზე, ისევე როგორც ეს მოხდა
საქართველოს შემთხვევაში 2008 წლის აგვისტოში. რუსეთის გავლენის შემცირებისა და უკრაინის
ჩიხიდან გამოსაყვანად მომავალი 1 თვე საუკეთესო პერიოდია და დროის ამ მონაკვეთში დასავლეთმაც
ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს უკრაინული პრობლემის გადასაჭრელად.
წყაროები:
·
Pifer, Stiven: "Ukraine's foreign policy:
Losing its balance", May 2012 http://www.brookings.edu/research/papers/2012/06/11-ukraine-foreign-policy-pifer
(ნანახია
11.01.2014)
·
Manal, Luciano:
"post-orange Ukraine: internal dynamics and foreign policy
priorities", NATO Parliamentary Assembly, Spring, 2011
http://www.nato-pa.int/default.Asp?SHORTCUT=2439
(ნანახია
25.01.2014)
·
Wilson, Andrew:
"Dealing with Yanukovych's Ukraine", European Council on Foreign
Affairs, march 2010
http://www.ecfr.eu/page/-/ECFR20_UKRAINE_POLICY_BRIEF.pdf
(ნანახია
02.02.2014)
·
Watson, Ivan:
"Russia, Ukraine agree on naval-base-for-gas deal", CNN, April 21,
2010
http://edition.cnn.com/2010/WORLD/europe/04/21/russia.ukraine/index.html?hpt=T2
(ნანახია
25.01.2014)