Wednesday, March 19, 2014

„ევროპა ამას არ დაუშვებს“ ანუ დასავლური სანქციები უკრაინელ მაღალჩინოსნებს

                                  ირინა გურგენაშვილი 

ორი ათეული წლის განმავლობაში ბევრი პროტესტის ტალღა დაატყდა უკრაინის სახელმწიფოს, თუმცა  2013 წლის ნოემბერში დაწყებული გამოსვლები თავისი მაშტაბურობით და შემზარავობით მთლიანად აღემატება მანამდე არსებულ ყველა დემონსტრაციას. სამოქალაქო დაპირისპირება უფრო და უფრო აშკარად იჩენს თავს, აქციის მონაწილეები და ბერკუტი (უკრაინის პოლიცია) არ ერიდებიან ერთმანეთის ფიზიკურ განადგურებას. მომიტინგეების ხელშია აგრარული პოლიტიკის სამინისტრო კიევში და ადმინისტრაციის შენობები 9  რეგიონში: ლვოვი, ვოლინსკი, ივანო-ფრანკოვსკი, როვენსკი, ჩერნოვენსკი, ხმელნიცკი, პერნოპოლი, ჰოლტავა და ვინიცა.  დემონსტრატები დასავლეთისგან მკაფიო სიგნალებს ელოდებიან. აქციაზე, არაერთხელ, გაიჟღერა: „ამერიკა დაგვეხმარება“, „ევროპა ამას არ დაუშვებს“. მაიდანზე, სახალხო კრების მონაწილეებმა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ, სანქციების მიღებისკენ მოუწოდა. ხალხი, ოპოზიციის მეთაურობით, უკან დახევას არ აპირებს. ,,თუ მათ არ ესმით ჩვენი, ჩვენ ვაიძულებთ მათ უკრაინის პროტესტის ხმა გაიგონონ...“- აცხადებს  პარტია  „სვობოდას“ ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი.

უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას თავად მათი გუნდის ზოგიერთი წევრიც აკრიტიკებს, მაგალითად კლოდ რადუ (უკრაინის საპატიო კონსული ლუქსემბურგში), რომელიც თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ როდესაც ადამიანებს თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის სნაიპერები სჯიან, ეს უკვე დიქტატურაა.
მსოფლიოს წამყვანი მოვლენებს ქვეყნები სხვადასხვაგვარად გამოეხმაურნენ. სტატიაში შემოგთავაზებთ, როგორც დიდი სახელმწიფოების (აშშ, გერმანია, კანადა, რუსეთი), ისე ევროპის კავშირის შეფასებებს.
ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინელ ხალხს თანაუგრძნობს და მშვიდობისაკენ მოუწოდებს. თეთრი სახლი  იზიარებს ხოსე მანუელ ბაროზოს შეხედულებას და აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ეწინააღმდეგება აზრის გამოხატვის თავისუფლების პრინციპს. შეერთებული შტატები განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას აკისრებს არა მხოლოდ ხელისუფლების მაღალ ჩინოვნიკებს, არამედ ოპოზიციის ლიდერებსაც.  ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლაპარაკობენ ფინანსურ სანქციებზე, რომელიც შეზღუდვებს დაუწესებს ხელისუფლების წევრებთან ერთად, ოპოზიციასაც, მაგრამ ვინ მოხვდება შავ სიაში და რა რაოდენობის პოლიტიკოსს გაეყინება ანგარიში, ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებებში არ გაჟღერებულა. აღნიშნული სანქცია, შესაძლებელია, განხორციელდეს ნებისმიერ მომენტში,  საკუთარ პოზიციას ვაშინგტონი სამართალდამცავების და აქტივისტების მუდმივი შეჯახებით ხსნის, რომელიც გარდაუვალ მსხვერპლს იწვევს. ბარაკ ობამამ მოუწოდა ვიქტორ იანოკოვიჩს პატივი სცეს ადამიანის საყოველთაო უფლებების და თავისუფლებების პრინციპებს და მისცეს საკუთარ მოქალაქეებს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. აღნიშნულ საკითხზე სამჯერ შედგა სატელეფონო საუბარი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტ იანუკოვიჩს შორის.  ოფიციალურმა ვაშინგტონმა დაგმო იმ დეპუტატების გადაწყვეტილება, რომლებმაც დემონსტრაციის წინააღმდეგი კანონი მიიღეს და აშშ-ში შესვლა აუკრძალა ელენე ბონდარენკოს და ვლადიმერ ოლეინიკის, ამერიკის ვიზას ვერ მიიღებს იანოკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი კლუევიც.
პროტესტის მსგავს ფორმას მიმართა კანადის ხელისუფლებამაც, - ჩინოვნიკებზე, რომლებმაც უკრაინელი ხალხის აქცია დაარბიეს კანადის ვიზა არ გაიცემა.
სოლიდარობა და თანადგომა უკრაინელ ხალხს განსხვავებულად გამოუცხადა გერმანიის ხელისუფლებამ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე არაფორმალური ვიზიტით ჩავიდა კიევში და უკრაინელ ხალხს მშვიდობისკენ პირდაპირ „ხრეშატიკიდან“ მოუწოდა. გარდა ამისა მინისტრი შეხვდა ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ვიტალი კლიჩკოს (პარტია „უდარი“) და არსენ იაცენიუკს (პარტია „ბადკივშინა“). ვესტერველემ მათთან ერთად გაისეირნა მეიდანზე და მოთხოვნებიც მოისმინა. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა. გიდო ვესტერველეს  „გასეირნების“  შემდეგ პრემიერ-მინისტრმა აზაროვმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, თუმცა მეორე დღეს საერთაშორისო კონფერენციაზე მათი შეხვედრა მაინც შედგა. „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის არაფორმალური ვიზიტი კიევში, არ ნიშნავს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას და არ არღვევს საყოველთაოდ მიღებულ დიპლომატიურ ეთიკას. დიპლომატიური ენიდან მინისტრი ჩვეულებრივ ენაზე გადავიდა და ხალხს მშვიდობისკენ მოუწოდა, მან მოიხადა როგორც მინისტრის, ისე რიგითი ადამიანური ვალი...“- აცხადებს უკრაინის დამოუკიდებელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე რენა ნაზაროვა.
გიდო ვესტერველე იმყოფებოდა აქციის ეპიცენტრში, მან უკრაინელ ხალხს საკმაოდ ამაღელვებელი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ იგი ჩავიდა, როგორც ევროპელი ევროპელებთან და რომ უკრაინელი ხალხისთვის ევროკავშირის კარი ღიაა. საკმაოდ მძაფრი განცხადებები მოჰყვა მინისტრის სიტყვას მოსკოვში.
რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას. ევროკომისიის თავჯდომარეს და ვიკტორ იანუკოვიჩს შორის რამდენიმე სატელეფონო საუბარი შედგა. „ძალების გამოყენება ევროპისათვის არ ნიშნავს პასუხს პოლიტიკურ სიტუაციაზე. მოვითხოვთ დაიწყოს  უმაღლესი დონის დიალოგი ოპოზიციასთან. თუ სიტუაცია არ დასტაბილიზირდება, ევროკომისია განიხილავს შესაძლებელ საპასუხო მოქმედებას...“- აცხადბს ხოსე მანუელ ბაროზო.
მეიდანს ეწვია ევროკომისარი კეტრინ ენშტონიც, რომელსაც თან ახლდა უკრაინის ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ ოგრისკო.
რაც შეეხება უშუალოდ დემონსტრაციას. მრავალათასიან აქციას ძირითადად სამი პარტია და მათი ლიდერები უძღვებიან,  პარტია „ბადკივშინა“- არსენ იაცენიუკი, პარტია „სვობოდა“ - ოლეგ ტიაგნიბოკი და პარტია „უდარი“ - ვიტალი კლიჩკო. ეს უკანასკნელი საკმაოდ წარმატებული პოლიტიკოსი და კიდევ უფრო წარმატებული სპორტსმენია, ამიტომ, გადავწყვიტე, სტატიაში მისი მოკლე ბიოგრაფია წარმოვადგინო.
[2]
ვიტალი ვლადიმერის ძე კლიჩკო დაიბადა 1971 წლის 19 ივლისს, სოფელ ბელოვოდაში (ყირგიზეთი). 1984 წელისთვის კლიჩკოს ოჯახი გადასახლდა უკრაინაში. 1988 წელს დაამთავრა კიევის ნომერ 69-ე სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ კლიჩკომ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური, რის შემდგაც სწავლა გააგრძელა პერიასლავ ხმელნიცკის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვიტალი კლიჩკო კვლავ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა. მსახურობდა ოფიცრად უკრაინის არმიაში. 1996 წელს, საკუთარი ნებით, გათავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან, ამ დროისთვის მას უკვე კაპიტნის ჩინი ჰქონდა.  2011 წელს ვიტალი კლიჩკომ დაამთავრა ნაციონალური აკადემია და მიიღო მაგისტრის ხარისხი „საზოგადოებრივი განვითარების მიმართულებით“. რაც შეეხება სპორტულ კარიერას, იგი არის მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში; სამგზის უკრაინის ჩემპიონი კრივში, ევროპის არერთგზის ჩემპიონი პროფესიონალურ  კრივში და ვერცხლის პრიზიორი მსოფლიოს კრივის მოყვარულთა შორის. 1999 წელს შეიყვანეს გინესის რეკორდების  წიგნში, როგორც პირველი მსოფლიო ჩემპიონი მძიმე კატეგორიაში, რომელმაც 26 ბრძოლა მოიგო ნოკაუტით. ამით მან მაიკლ ტაისონის რეკორდი გადაფარა.
2003 წლიდან, ძმასთან, ვლადიმირ კლიჩკოსთან  ერთად დააარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ძმები კლიჩკოების ფონდი“. 2006 წლის აპრილში კიევის საქალაქო საბჭოში დეპუტატად აირჩიეს, ამავე წლის ოქტომბერში გახდა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიკტორ იუშჩენკოს მრჩეველი.
2006 და 2008 წლებში მონაწილეობა მიიღო კიევის მერის არჩევნებში. 2010 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს პოლიტიკურ პარტიას „Український Демократичний Альянс за Реформи Віталія Кличка - УДАР“ (უკრ.). 2012 წლიდან არის ფრაქცია „უდარ“-ის ლიდერი პარლამენტში. 2013 წლის 24 ოქტომბერს ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 2015 წლის  უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ოფიციალური ქონების დეკლარაციით ვიტალი კლიჩკო საკმაოდ მდიდარი პოლიტიკოსია, გარდა ამისა რამდენჯერმე გაიჟღერა, რომ კლიჩკო  კიევის სხვადასხვა უბანში ფლობს რამდენიმე ათეულ საცხოვრებელ კომპლექსს Comfort Town.
ამბობენ, რომ ლიდერები უკრაინელი ხალხის დაბნეულობით სარგებლობენ საკუთარი რეიტინგის გასაზრდელად, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იბრძვიან  არა კონკრეტული პიროვნებებისთვის, არამედ უკრაინის ევროპული მომავლისთვის.




ინტერნეტ რესურსები: