Thursday, March 20, 2014

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო არეალი (DCFTA)



 
                                                                                                                      მარიამ წიწიკაშვილი
 ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ მოლაპარაკებები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. პოლიტიკური მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის DCFTA-ის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაიწყო და მიზნად ისახავდა ამ შეთანხმების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას. თუმცა მხოლოდ 2011 წლის 5 დეკემბერს მიიღო ევროკავშირმა გადაწყვეტილება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. ასევე, აღნიშნული მიმართულება გამოცხადდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვან კომპონენტად.[i]

 DCFTA ასოცირების შეთანხმებასთან ერთად არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი განზომილება, რომელიც 2009 წლის პრაღის სამიტზე იქნა ინიცირებული იმ მიზნით, რომ ევროკავშირს მხარი დაეჭირა 6 მეზობელ ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური რეფორმებისათვის: საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელორუსია და უკრაინა.
თავისუფალი ვაჭრობა საბაჟო ტარიფებისა და ქვოტების გარეშე ვაჭრობას ნიშნავს. ამ შეთანხმებით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება ევროკავშირის ერთიანი ბაზარი (500 მილიონი მომხმარებლით). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე ნათქვამია: „ევროკავშირთან მსგავსი ტიპის ეკონომიკური ინტეგრაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების ზრდასა და დადებითად აისახება საქართველოს საექსპორტო პოტენციალზე“.[ii]
უშუალოდ მოლაპარაკებების დაწყებამდე ევროკომისიამ საქართველოსთვის გამოყო ოთხი პრობლემატური სფერო და საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების საფუძველზე შესაბამისი ზომების მიღების ვალდებულება აიღო. პრობლემატური საკითხები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:
1. ტექნიკური ბარიერების მოხსნა
2. სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებები სოფლის მეურნეობაში
3. კონკურენციის პოლიტიკა
4. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ჩატარდა 2012 წლის მარტში და მას შემდეგ კიდევ რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა ქართველ და ევროპელ ექსპერტებს შორის. ამ მოლაპარაკებების მიზანი იყო აღნიშნულ პრიორიტეტულ სფეროებში მომხდარიყო საქართველოს ევროკავშირთან სტრუქტურული და დინამიკური დაახლოება.
მოლაპარაკებებმა მოიცვა 17 თვე და 7 რაუნდი. საბოლოოდ, 29 ნოემბერს ვილნიუსის სამიტზე, საქართველოსა-ევროკავშირს შორის პარაფირება მოხდა ასოცირებისა და DCFTA-ის შეთანხმებების.
DCFTA-თან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების მომგებიანობის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს. პირველის მიხედვით მოკლევადიან პერსპექტივაში ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება გამოიწვევს დანახარჯებს როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის, ისე კერძო სექტორისათვის. მეორე მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხელშეკრულება დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს. ექსპერტების შეფასებით DCFTA-ის გაფორმებით 6.5%-ით გაიზრდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი. გარდა ამისა, კომპანია Ecorys-ის (ჰოლანდია) და Case-ის (პოლონეთი) მიერ DCFTA-ის შედეგების შესახებ ჩატარებული ერთობლივი კვლევის  მიხედვით, მოსალოდნელია საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის 12%-ით, ხოლო იმპორტის 7.5%-ით გაზრდა. [iii]

ევროკავშირის განცხადებით თავისუფალი სავაჭრო სივრცე შესაძლებლობას მისცემს საქართველოს უფრო ადვილად შეიტანოს საქონელი და მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე. თავისუფალი სავაჭრო სივრცე საფუძველს ჩაუყრის ვაჭრობასთან დაკავშირებული მექანიზმების - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჰიგიენური სტანდარტებისა და საწარმოო საქონლის მარეგულირებელი წესების ევროკავშირის წესებთან დაახლოების- შემდგომ რეფორმირებას. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოს საქონლის ევროკავშირის ბაზარზე გასვლას და აამაღლებს ქართველ მომხმარებელთა უსაფრთხოებას.
საქართველომ, როგორც უკვე აღინიშნა, მოახდინა დოკუმენტის პარაფირება, თუმცა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მას მოუწევს ევროკავშირის 350-მდე კანონის დანერგვა 10 წლის განმავლობაში. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა ელის საქართველოს, რომელსაც სურს გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია.




გამოყენებული ლიტერატურა

1.    http://trade.ec.europa.eu/doclib/press/index.cfm?id=760 ბოლო ნახვა 22 იანვარი, 2014 წ.
2.    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება DCFTA-თან დაკავშირებით. www.mfa.gov.ge/files/462_421_403807 , ბოლო ნახვა 22 იანვარი, 2014 წ.
3.    www.ei-lat.ge/vin-vin-aris/saqarthvelos-da-evrokavshiris-urthierthobebi/363 ბოლო ნახვა 22 იანვარი, 2014 წ.