Wednesday, March 19, 2014

რუსეთი საქართველოს პრო-ევროპული კურსის წინააღმდეგ

ელენე კურტანიძე

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა აღადგინეს. 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA). 1997 წლის სექტემბრიდან კი საქართველომ დაიწყო ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. თუმცა ამ ურთიერთობამ უფრო ინტესიური ხასიათი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიიღო, როცა მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერიას შედეგად მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. ქვეყანამ აირჩია განვითარების პროდასავლური კურსი, რაც რუსეთის მიერ საფრთხედ აღიქმება. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, პუტინის ღია სურვილი ევრაზიული კავშირის ფორმირებისა. შესაბამისად მას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლით სურს მათი პოლიტიკის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევა.  ამის საშუალებას მას აძლევს ის სამხედრო პოტენციალი, ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტები, ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია.

რუსეთის ყველაზე ძლიერი ბერკეტი საქართველოზე ზეწოლისთვის ამ მომენტისათვის კვლავ რჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, რომელთა საფუძველი მე-20 საუკუნის დასაწყისში განვითარებული მოვლენები გახდა. მოვლენების გამწვავება იმის მიხედვით ხდება, თუ რამდენად გაითვალისწინებს საქართველო რუსეთის „კეთილშობილურ რჩევებს“. თუმცა ამ საშუალების გამოყენებამდე მან მიმართა ეკონომიკურ ბერკეტს.
2007 წლამდე წამყვანი ადგილი საქართველოსთან ვაჭრობაში ეკავა რუსეთს, რომლის ბაზარზეც იყო ორიენტირებული საქართველოს პროდუქციის უდიდესი ნაწილი. რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. მან გამოიყენა ეს უპირატესობა და ევროკავშირი–საქართველოს შორის გაზრდილი თანამშრომლობის საფუძველზე, 2006 წელს, დაუწესა სავაჭრო ემბარგო – თავის ბაზარზე აკრძალა ქართული ღვინო, რომლის ექსპორტის 80% სწორედ რუსეთზე მოდიოდა და მინერალური წყალი „ბორჯომი“, რომლის ექსპორტის 63% ასევე რუსეთში გადიოდა. რუსეთის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ „ბორჯომი“ და ქართული ღვინო არ აკმაყოფილებდა რუსეთის სანიტარულ ნორმებს, თუმცა არსებული პრობლემის გამოსწორების შემთხვევაში საქართველოს კვლავ შეეძლებოდა მათი რუსეთში ექსპორტი.
 
კრემლის სტრატეგიის ანალიტიკოსმა კრის ვეიფერი რუსეთის პოზიციას შემდეგნაირად ხსნის: „თუკი აირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც რუსეთისადმი ლოიალური იქნება, მაშინ ეს ეკონომიკური პრობლემა გაქრება. რუსეთისადმი აგრესიულად განწყობილი პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, ეკნომიკური კავშირები დაირღვევა“. რუსეთი შეეცადა საქართვე–ლოსთვის მიენიშნებინა ქვეყნის ევროპაზე ორიენტირებული საგარეო ვექტორის შეცვლაზე.
ამას მოჰყვა სანქციების ახალი ტალღა – ოქტომბრის დასწყისში რუსეთმა საქართველოსთან გაწყვიტა საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საფოსტო კავშირები სხვადასხვა სახის არაპოლიტიკური მიზეზებით: რუსეთის საჰაერო ნავიგაციის უფროსმა ალექსანდრე ნერადკომ  განაცხადა, რომ ქართული ავიაკომპანიების მიერ 2001 წლიდან რუსეთისადმი დაგროვილი დავალიანება გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი (დაახლოებით $3 მლნ), სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის ოფიციალურ მოტივად მგზავრთა ნაკადის შემცირება დასახელდა და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო რუსეთში სამუშაო ძალის ერთ–ერთი „ექსპორტიორი“ იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2006 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი, დაახლოებით 67,5% რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. ამვე წლის შემოდგომაზე დაიწყო ქართველი ეროვნების მოსახლეობის უხეში დეპორტაცია რუსეთის ფედერაციიდან, რომელსაც მალევე მოჰყვა მეორე ტალღა. ამის შესახებ, ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე რამადანოვსკიმ, ოფიციალურად განაცხადა და აღნიშნა მოქმედების კანონიერება.


ამასთან, 2006 წლიდან - 2010 წლის მარტამდე ყაზბეგი–ზემო ლარსის ერთადერთი კანონიერი სასაზღვრო გამშვები პუნქტი, სქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, დაკეტილი იყო რუსეთის ცალმხრივი ინიციატივით მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად აქვს დაწესებული გამარტივებული სავიზო რეჟიმი.
მიუხედავად ამ ყველაფრისა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში ცვლილებები არ შეუტანია და კვლავ აქტიურად ცდილობდა ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან გაცილებით მკაცრი და უკვე ღია ნაბიჯის გადადგმა მოჰყვა. 2008 წლის 7 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში, რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. პარალელურად, აფხაზურმა ძალებმა, მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით. 5 დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 12 აგვისტოს ცეცხილს შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა 26 აგვისტოს რუსეთმა სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო. მიუხედვახად იმისა, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა „6 პუნქტიან“ სამშვიდობო შეთანხმებას, უმთავრეს მუხლს – „მხარეების მიერ სამხედრო ნაწილების ომამდელი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებას“ – რუსეთის მხარე დღემდე არ ასრულებს და რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები კვლავ რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
მოვლენების ესკალაციის გამო, 2008 წლის 2 სექტემბერს საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ 2009 წლის მარტში გაიხსნა საქართველოში, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია და რუსეთის ფედერაციაში – შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.
რუსეთმა კონფლიქტების ხელოვნური ინსპირირებით მნიშვნევლოვნად შეაფერხა საქართველოს დამოუკიდებელი განვითარება, ევროკავშირისკენ სვლა, რისთვისაც მნიშვნელოვანია შიდა კონქლიქტების არარსებობა, სუვერენული სახელმწიფოს აღმშენებლობა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება.
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უსამართლო ოკუპირება დაგმო ევროკავშირმა და გარკვეულ ზომებსაც მიმართა. 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) მთელ საქართველოში. წევრმა სახელმწიფოებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებელი, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მოუწოდა რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება და კონსტრუქციული როლი შეასრულოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში.
2009 წლის გაზაფხულზე ევროკავშირმა წამოაყენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის აპლიკანტ ქვეყნებში პოლიტიკური და სოციალური–ეკნომიკური რეფორმების მხარდაჭერასა და პოლიტიკური თანამშრომლობის გამტკიცებას.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რომელმაც უარყო ანტირუსული რიტორიკა და დიალოგისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. საქართველოსთვის რუსეთის ბაზრის დოზირებული გახსნის შესახებ მოლაპარაკებებმა სიტუაცია შედარებით განმუხტა. 2013 წლის ბოლოს რუსეთის ფედერაციამ ქართველი გადამზიდველებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა.  თუმცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსირება კვლავ გრძელდება. მოსკოვის ზეწოლა ამ მხრივ გააქტიურდა, რაც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოსს ვილნიუსის სამიტთან, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის მიმართულებით.
მიუხედავად ამისა, 2013 წლის ივლისში ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების (AA) თაობაზე. შეთანხმების პარაფირება 2013 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე შედგა, მაგრამ ამით პრობლემა არ გადაჭრილა. რუსეთისგან „საპაუსხო“ ნაბიჯები კვლავ მოსალოდნელია. რუსეთის მიერ  აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებით მისი ეს ბერკეტი შესუსტებულია, თუმცა, უკიდურეს  შემთხვევაში სამხედრო ზეწოლა, შეიძლება, გაიზარდოს. ეკონომიკის მხრივ, მას შეუძლია ახალი ემბარგოს დაწესება, მაგრამ მისი ეფექტი ასევე დაბალი იქნება, რადგან საქართველო რუსეთის ბაზარზე სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი. უყურადღებოდ არ უნდა იყოს დატოვებული ასევე ეთნიკური და რელიგიური საკითხიც: საქართველოში არსებობს ხალხის კატეგორია, რომელიც დასავლეთს რუსეთთან დაახლოებას ამჯობინებს, თვლის, რომ ევროპასთან ინტეგრაცია საქართველოს ტრადიციებს და მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება და ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა, რომელიც ძირითადად ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთშია თავმოყრილი, კარგ ბაზისს ქმნის ზეწოლისთვის – აღნიშნავენ ექსპერტები და პოლიტოლოგები.
                                                       ბიბლიოგრაფია
·         თამარ თარალიშვილი (12 ნოემბერი 2011 .) საგარეო ვაჭრობაძველი და ახალი ტენდეციები

·         პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოში ევროკაშირის წარმომადგენლობის ოფიციალური ვებ გვერდი

·         საქართველოევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ გვერდი.

·         Charles King (2008) the Five-Day War. Managing Moscow After the Georgia Crisis

·         А. Илларионов (30 сентября, 2008) «Россия сама подготовила и начала войну против Грузии»

·         European diplomat on Russia-Georgia conflict

·         გრიგოლ ვაშაძის ანალიტიკური სტატია რუსეთსაქართველოს ურთიერთობებზე