Wednesday, March 19, 2014

„ევრომაიდანის“ ოპოზიცია

არჩილ ყველაშვილი

ქვემოთმდებარე ინფორმაციული ხასიათის სტატია შეეხება ევრომაიდანის მოძრაობაში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებს. მასში მოკლედაა კლასიფიცირებული   უკრაინული ოპოზიციის შემადგენელი შედარებით მნიშვნელოვანი პარტიების იდეოლოგიურ-პოლიტიკური პროფილი და პრეფერენციები.

უკრაინაში გასული წლის ნოემბერში ევროინტეგრაციული კურსის გაგრძელების მოთხოვნით   აგორებული საპროტესტო ტალღა ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონები, სადაც ნაციონალისტური და ანტი-რუსული განწყობები, ტრადიციულად, მძლავრობენ. განსხვავებული სურათია აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს. ამგვარ ტენდენციებს სოციალური კვლევებიც ადასტურებენ. ევრომაიდანის მოძრაობას დასავლეთ უკრაინის მოსახლეობის 84 % და ცენტრალური უკრაინის მოსახლეობის 66 % უჭერს მხარს. რაც შეეხება სამხრეთ უკრაინას, ეს მაჩვენებელი იქ  33 %-ია, აღმოსავლეთ უკრაინაში კი -მხოლოდ 13 %[i].

საპროტესტო მოძრაობაში ჩაბმულ პოლიტიკურ ძალებს რაც შეეხება, ისინი ძირითადად ნაციონალისტური და ლიბერალური პარტიებით არიან წარმოდგენილნი. ასეთია ევრომაიდანის მანიფესტანტების ხელძღვანელი ორგანიზაციის, მაიდანის სახალხო გაერთიანების წევრი სამი წამყვანი პარტია, -  იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“, ვიტალი კლიჩკოს „უდარი“ (უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისთვის) და ოლეგ ტიაგონიბოკის „სვობოდა“. ტიმოშენკოს პარტია იდეოლოგიურად ლიბერალ-კონსერვატიულია[ii] და ევროკავშირთან ინტეგრაციას ესწრაფვის. „უდარიც“ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თვალსაზრისით იდეოლოგიურად დახლოებით იმავე პოზიციაზეა. ტიაგონიბოკის „სვობოდა“ კი მკაფიოდ ნაციონალისტური ძალაა, რომელსაც ზოგჯერ  ქსენოფობიაშიც ადანაშაულებენ. უკრაინის 2012 წლის არჩევნების თაობაზე მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტმა შეშფოთება გამოთქვა „უკრაინაში ნაციონალისტური სენტიმენტების გაძლიერების გამო, რაც გამოიხატა პარტია „სვობოდასადმი“ მხარდაჭერის გაძლიერებით[iii], რომელიც ანტი-სემიტიზმსა და რასიზმში დაადანაშაულეს. „სვობოდა“ მკვეთრად ანტი-რუსულ და ანტი-მემარცხენე პოზიციაზე დგას. ტიაგონიბოკი აცხადებს, რომ „უკრაინა, რომელიც მოსკოვურ-ებრაული მაფიის მიერ იმართება, დროა უკან დაუბრუნდეს უკრაინელ ხალხს[iv]. ეს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში ადგილებს ფლობენ. თავად მაიდანის სახალხო გაერთიანება გასული წლის დეკემბერში შეიქმნა და ზემოხსენებული სამი დომინანტი პოლიტიკური პარტიის გარდა, მასში გაერთიანებულნი არიან სხვა პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურები (პოლიტიკოსები არსენ იაცენიუკი, იური ლუტსენკო, აკადემიკოსი სერგეი კვიტი, მომღერალი რუსლანა და სხვები). ორგანიზაციის თანა-თავჯდომარეები არიან ტიმოშენკო, იაცენიუკი, კლიჩკო და ტიაგონიბოკი.
ევრომაიდანის მოძრაობას მხარს უჭერენ, თუმცა ევროინტეგრაციისადმი, ისევე როგორც რუსეთისადმი, უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს ხანდაზმული რადიკალი ნაციონალისტური პარტია - უკრაინის ეროვნული ასამბლეა-უკრაინის ეროვნული თავდაცვა ( УНА-УНСО, UNA-UNSO). ეს პარტია სანახევროდ გასამხედროებული ორგანიზაციაა იყო და პოსტ-საბჭოთა და ბალკანეთის რესპუბლიკების შიდა კონფლიქტებში მებრძოლებსაც კი აგზავნიდა რუსების და სხვა ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად (აფხაზეთი, ჩეჩნეთი, დნესტრისპირეთი, კოსოვო). ევრომაიდანის მხარდამჭერი სხვა არასაპარლამენტო პარტიებიდან აღსანიშნავია ლიბერალური  დემოკრატიული ალიანსი და კონსერვატიული უკრაინელი ნაციონალისტების კონგრესი.



[iii] 2012/2889(RSP) - 13/12/2012 Text adopted by Parliament. http://www.europarl.europa.eu/oeil/popups/summary.do?id=1239823&t=e&l=en 

[iv] Kuzio, Taras. Yushchenko Finally Gets Tough on Nationalists. The Jamestown Foundation. August 3, 2004


22.01.2014