Wednesday, March 19, 2014

DCFTA და ევროკავშირის პოზიცია უკრაინის საკითხზე

                                     ვანო აბრამაშვილი
იმედგაცრუება, შოკი, დაბნეულობა: ეს ის განცდებია, რომლებიც სრულიად დასავლეთ სამყაროს დაეუფლა ვილნიუსის სამიტის შემდეგ. უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ვერ მოხდა და ევროგაერთიანების ისტორიაში, არ გაფორმდა არაწევრ ქვეყანასთან მოლაპარაკებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც, რომლის მიზანს უკრაინის ევროპულ ბაზარზე ინტეგრაცია და რეგიონალური განვითარება წარმოადგენდა.

ევროკავშირის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, რომ მან თავისი ეკონომიკური შესაძლებლობები პოლიტიკურ „თაფლაკვერად“ გამოიყენა იქ სადაც „მათრახები“ იყო საჭირო. ერთ–ერთი მაგალითი სწორედ უკრაინაა, რომელთან დაახლოებას ევროპა მინიმალური მოთხოვნების ფასად ესწრაფვის და 500 მილიონიან სამომხარებლო ბაზარზე შესვლას სთავაზობს იმ ქვეყანას, რომელსაც პოლიტიკური პატიმრების, შერჩევითი და საარჩევნო სამართლის სერიოზული პრობლემები აქვს.DCFTA ევროპისთვის წარმოადგენს უფრო მეტს ვიდრე ეკონომიკურ იარაღს, მისი მეშვეობით მას არასტაბილურ რეგიონში შეუძლია „ექსპორტზე“ გაიტანოს დემოკრატია, კანონის უზენაესობა და კონკურენტული ეკონომიკა, მაგრამ როცა უკრაინას მეორე მხრიდან რუსეთი „ექაჩება“ თავისი საბაჟო კავშირითა და ენერგო რესურსებით, გეგმები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც ეს 2012 წლის დეკემბერში დაიგეგმა.
2009 წელს ამოქმედებული აღმოსავლეთ პარტნიორობა მიზნად ისახავდა ექვსი, აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოს დაახლოებას ევროკავშირთან და სიდიდით მეორე პოსტ–საბჭოთა ქვეყნის, უკრიანის ხელმოწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე ყველაფერთან ერთად ამ პროექტის დამაგვირგვინებელი ფაზაც იქნებოდა. ეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატება იქნებოდა აღმოსავლეთით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სანაცვლოდ, ევროპამ მიიღო გაურკვეველი ვადით გადადებული მოლაპარაკებების პროცესი და მესამე მხარესთან გასარკვევი საკითები. მიუხედავად საკმაოდ რთული მდგომარეობისა, ევროკავშირი ოპტიმიტისტურად უყურებს უკრაინის საკითხს და ურჩევს დაფიქრდეს იმ შორსმიმავალ გეგმებზე, რომლებსაც ის მიიღებს დასავლეთთან ურთიერთობით, მოდერნიზებული, დივერსიფიცირებული ეკონომიკითა და სტაბილური პოლიტიკური მმართველობის სახით.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი ერთხმად ადასტურებენ, რომ „უკრაინისთვის DCFTA–ს შეთავაზება ისევ მაგიდაზე დევს და ხელმოწერას ელოდება.“ ოფიციალური წარმომადგენლები ასევე მიიჩნევენ, რომ უკრაინა სწორ არჩევანს გააკეთებს მოკლევადიან და გრძელვადიან სარგებლებს შორის და ევროპა არანაირად არ ჩაერევა მის გადაწყვეტილებაში. აქვე აუცილებელია, რომ იანუკოვიჩმა გაითვალისწინოს საკუთარი ხალხის ის მოთხოვნა, რომელიც უკრაინას ევროპის ისტორიულ ნაწილად აღიქვამს და რუსეთს მოუწოდებს თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის ზეწოლისგან. ევროკავშირმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ასოცირების ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება განეხილა, რომელიც უკრაინას მოესურვებოდა. გაოცების საგანი იყო ასევე ის ფაქტი, რომ დასავლელი ლიდერები ახლა უკვე თვალს ხუჭავდნენ ტიმოშენკოს საკითხზე, რომელიც ნოემბრამდე ხშირად გამხდარა დავის საგანი. შედეგად ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ევროგაერთიანება ბევრ დათმობაზე წავიდა, თუმცა „დამამაცირებელი“ 600 მილიონიანი დახმარება უკრაინისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. სახელმწიფო, რომელსაც 18 თვეში 12.5 მილიარდი ევროს ვალის გასტუმრება მართებს (მოვალე ძირითადად რუსეთის ფედერაციაა), აშკარად მეტს მოელოდა ევროპული გიგანტისგან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კი გრძელვადიან პერსპექტივაზე იყო გათვლილი და ახლომომავალში, პირიქით მის მწარმოებლებსა და არსებულ მონოპოლიურ ბაზარს სერიოზულ ზიანს მიაყენებდა.
შედეგად ევროკავშირმა ღრმად უნდა გაანალიზოს ვილნიუსის შემდგომი სიტუაცია და უკრაინა დააინტერესოს კონკრეტული წინადადებებით, რომლებიც მას კრიზისიდან თავის დაღწევაში დაეხმარება და სავარაუდო ბანკროტობას აარიდებს. ამისთვის აუცილებელია  თავად უკრაინაზე ზეწოლა და 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სიტაუციის გამოსწორება, ამავდროულად კი რუსეთზე წნეხის გაზრდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ევროსაბჭოს ჩარჩოებში. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, თავად უკრაინელ ხალხს ეკისრება, ვინაიდან სწორედ მათ ევალებათ საკუთარი ქვეყანის წარმართვა იმ მიმართულებით, საითაც მათ სურთ.



ბიბლიოგრაფია