Tuesday, April 29, 2014

ყირიმის მკვიდრნი: წარსული და დღევანდელობა


არჩილ ყველაშვილი

             ქვემოთ მდებარე სტატიაში მოკლედ არის მიმოხილული ყირიმის ნახევარკუნძულზე მცხოვრები დომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარსული, მოყოლებული მე-15 საუკუნიდან. აგრეთვე, დღეისთვის შექმნილი გაურკვეველი მდგომარეობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ ახალ ყირიმში. განსაკუთრებით საინტერესოა ყირიმელი თათრების მომავალი. ცარისტულ და საბჭოთა რუსეთში ცხოვრებისას გამოვლილი მტკივნეული წარსულის შემდეგ, საკითხავია, როგორი იქნება მათი ადგილი და ბედი რუსეთის შემადგენლობაში. ასევე, შევეხები, რუსებისა და უკრაინელების არგუმენტებს  ნახევარკუნძულის ამა თუ იმ მხარისადმი კუთვნილებასთან დაკავშირებით.


ყირიმის ეთნიკური შემადგენლობა
ყირიმში შექმნილი ამჟამინდელი კრიზისული ვითარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად წარმოჩინდება, ნახევარკუნძულის მკვიდრი, სამი ძირითადი ეთნიკური ჯგუფის განსხვავებული ისტორიული გამოცდილება და შესაბამისად, მათ მიერ ისტორიული სამართლიანობის განსხვავებული გაგება. უკრაინელებს, რუსებს და თათრებს ურთიერთგანსხვავებული ხედვა გააჩნიათ ყირიმის ამა თუ იმ ხალხისადმი მიკუთვნებადობასთან დაკავშირებით. ყირიმელი თათრების მიერ თვითიდენტიფიცირება ხდება, როგორც კოლონიზირებული და რეპრესირებული აბორიგენი მოსახლეობისა, რომელმაც ცარისტული და საბჭოთა ხელისუფლებების პირობებში მძიმე დღეები გადაიტანა და სამშობლოში პოლიტიკურად უფლებაჩამორთმეული ნაც-უმცირესობის ხვედრი ერგო წილად.

რუსებისთვის ყირიმი არის მიწა, რომელიც რუსული სახელმწიფოს ფორ-პოსტის როლს ასრულებდა, ბოლო საუკუნეების მანძილზე ოსმალეთის იმპერიას თუ ნაცისტურ გერმანიასთან ომებში და სადაც უამრავი რუსი ჯარისკაცის სისხლია დაღვრილი. შესაბამისად, რუსული ნაციონალისტურად განწყობილი მოსახლეობისთვის ყირიმი წმინდა მიწაა“, რომლის ფლობის ისტორიულ-მორალური უფლებაც მისთვის გაღებული მსხვერპლის ფასად მოიპოვეს.
ყირიმის ნახევარკუნძულის წარსული თურქულენოვანი და სლავი ხალხების მტრული თუ თანამშრომლობითი ურთიერთობების მღელვარე ნარევს წარმოადგენს. სწორედ, ამ წარსულის შედეგად, ორივე ეთნოსს ჩამოუყალიბდა ისტორიის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით ზურგგამაგრებული  პრეტენზიები იმის თაობაზე, თუ ვის უფრო მეტი უფლება გააჩნია ამ მიწის ფლობაზე.  ყირიმის ეთნიკურ ჯგუფებს შორის თათრების გამოცდილება ყველაზე უფრო ტრაგიკულია, რომელიც რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში ცხოვრების პერიოდებს (მე-18 - მე-20 სს.) მოიცავს. 1440 წელს მონღოლთა ოქროს ურდოს“ იმპერიის ნანგრევებზე დაარსებული ყირიმის სახანო მოსკოვის რუსეთისთვის სამხრეთის სასაზღვრო ზოლში არსებული საფრთხის სერიოზული წყარო იყო. ყირიმის სახანოდან ეწყობოდა თათრების გამანადგურებელი ლაშქრობები რუსულ და უკრაინულ მიწებზე ტყვეების ხელში ჩაგდების მიზნით, რომლებსაც შემდეგ ოსმალეთში ყიდიდნენ. 1470-იან წლებში ყირიმის სახანო ოსმალეთის ქვეშევრდომობაში შევიდა. იგი იმპერიის მონებით მომარაგების ერთ-ერთ მთავარ პუნქტად იქცა. ზოგიერთი მონაცემით, მე-14 - მე-17 საუკუნეებში, თათრებმა და ნოღაელებმა სლავური მიწებიდან 3 მილიონამდე ადამიანი გაიტაცეს. 1571 წელს თათრებმა მოსკოვი გადაწვეს, საპასუხოდ, მოსკოვის სამთავრომ და საზღვრისპირა რუსულმა მოსახლეობამ გარკვეული თავდაცვითი სტრატეგია განავითარა, რომელიც სამხედრო ღონისძიებებს და სოციალურ ცვლილებებს მოიცავდა. სამხედრო ასპექტი იყო ხის  საფორტიფიკაციო ზოლის, ზასეჩნაია ჩერტას“, მშენებლობა მე-16 საუკუნეში. სოციალური - კაზაკთა დასახლებების გაჩენა მდინარე დონზე, რომლებიც ბუფერის როლს ასრულებდნენ თათრებსა და მოსკოვურ სამფლობელოებს შორის. 


ზაჩესტნაია ჩერტა“.
მე-17 საუკუნის მიწურულიდან მეფის რუსეთი აძლიერებს ზეწოლას ყირიმის სახანოზე და შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე ოსმალურ სამფლობელოებზე. 1772 წელს, ყირიმში, რუსული ჯარების მიერ ოსმალების დამარცხების შედეგად, თათრები იძულებულნი გახდნენ, ყარასუ ბაზარის შეთანხმების ძალით, რუსეთის მფარველობაში შესულიყვნენ. 1783 წელს კი რუსეთმა მოახდინა სახანოს სრული ანექსირება. ამ დროიდან მოყოლებული, იწყება თათარი ხალხის ტრაგედია, რომელიც გამოიხატებოდა მეფის რუსეთის მიერ, მათი ოსმალეთში ძალისმიერი გზით განდევნაში თუ ნებაყოფლობითი ემიგრაციის ხელშეწყობაში. 1784-90 წლებში, ასევე რუსეთ-თურქეთის 1806-1812 წლების ომის და ყირიმის ომის პერიოდებში, ასეულათასობით თათარს მოუწია თურქეთში გადახვეწა. სამაგიეროდ, იზრდებოდა რუსი მოსახლეობის რაოდენობა. 1917 წლისთვის ეს უკანასკნელნი ნახევარკუნძულის მოსახლეობის 50 %-ს შეადგენდნენ, თათრები  25 %-ს, დანარჩენ 25 %-ს კი უკრაინელები და სხვა ერები.

ყირიმელი თათარი
მე-19 საუკუნის მიწურულიდან, საგრძნობი ხდება, ყირიმელი თათრების ეროვნული გამოღვიძების პროცესი. იმ პერიოდში თვითგამორკვევისთვის ბრძოლაში თვალსაჩინო ფიგურა გახდა, თათარი ინტელექტუალი, ისმაილ ბეი გასპირალი. იგი საკუთარი ხალხის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ემანსიპაციას და მოდერნიზაციას ადვოკატირებდა. ემხრობოდა პან-თურქულ იდეებსაც. გასპირალი არ ესწრაფოდა რუსეთის იმპერიიდან თათრულისახელმწიფოს სრულ გამოყოფას, მას სურდა ყირიმის გარკვეული ავტონომიურობა, რუსული პატრონაჟის პირობებში. მოგვიანებით გააქტიურდნენ უფრო რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტები, ე. წ. ახალგაზრდა თათრები“. ცარისტული ხელისუფლების დამოკიდებულება რეაქციონისტული იყო თათრული ნაციონალიზმისადმი, განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის დაწყების მომენტისთვის, როდესაც გაიზარდა თურქულენოვანი თათრების ოსმალეთთან, შესაძლო, დაახლოების ალბათობა. თუმცაღა ახალგაზრდა თათრები“ ოსმალეთისადმი დაქვემდებარებას დიდად არ ესწრაფვოდნენ. 1917 წლის რევოლუციის შემდგომი ქაოსით ისარგებლეს ნაციონალისტმა თათრებმა და იმავე წლის ოქტომბერში გამოაცხადეს ყირიმის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, თუმცა, მომდევნო წელს, ბოლშევიკებმა თათრულ სახელმწიფოს ბოლო მოუღეს. რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში ყირიმი აქტიურ ბრძოლის ველს წარმოადგენდა. 1920-იან წლების შიმშილობამ, რომელიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ტერიტორიაზე მძვინვარებდა, ყირიმიც დააზარალა.

ისმაილ ბეი გასპირალი
ლენინის გადაწყვეტილებით, 1921 წელს, ყირიმმა, რუსეთის შემადგენლობაში, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიიღო. 20-იან წლებში ყირიმელი თათრები შედარებით მეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ, არ იზღუდებოდა მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები. 1930-იან წლებში, სტალინის კოლექტივიზაციის პერიოდში, ყირიმელ თათრებს ისევ მძიმე დრო დაუდგათ. ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი ენ-კა-ვე-დეს წმენდებს ემსხვერპლა. შეიზღუდა მათი კულტურული და ლინგვისტური თავისუფლება. სტალინურმა რეპრესიებმა უკიდურესად გაამწვავა ანტი-საბჭოთა განწყობა ყირიმის თათრულ მოსახლეობაში, რის შედეგადაც, 1941 წელს ნახევარკუნძულზე შეჭრილი გერმანული არმია მათ მიერ, ფაქტობრივად,  გამათავისუფლებელ ძალად იქნა მიღებული. 20 000-მდე თათარი შეუერთდა გერმანიის ჯარებს. გერმანელებმა თათრული მოსახლეობის გული, გარკვეული, ეროვნული თვითმმართველობების შეთავაზებითაც მოიგეს. 1944 წელს, საბჭოთა ჯარებმა კვლავ დაამყარეს კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულზე. სტალინმა, თათრული მოსახლეობა ღალატში დაადანაშაულა. საბჭოთა კავშირში მცხოვრები ბევრი სხვა მუსლიმი ხალხის მსგავსად, ყირიმელი თათრებიც მასობრივი დეპორტაციის მსხვერპლნი გახდნენ. 1944 წელს, 200 000-ზე მეტი მათგანი ცენტრალურ აზიასა და ციმბირში გადაასახლეს.  მომდევნო ათწლეულებში, მათი მცირე ნაწილი უზბეკეთიდან უკან დაბრუნდა ყირიმში, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებას ყირიმელი თათრების მასშტაბური რეპატრიაცია არასოდეს დაუშვია, მიუხედავად, ამ უკანასკნელთა აქტიური მოთხოვნებისა. 2001 წლისთვის, ყირიმის 2 მილიონზე მეტი მოსახლიდან 12 % (243 433 ადამიანი) ეთნიკურად თათარი იყო.
წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა თათრული მოსახლეობის შიში და უნდობლობა რუსეთის სახელმწიფოსადმი, რომლის შემადგენლობაში დაბრუნებაც მათ ისევ უწევთ 60 წლის შემდეგ. ყირიმელი თათრების მეჯლისის ყოფილი თავჯდომარის, მუსტაფა ჯემილევის განცხადებით, თათრების უმრავლესობას რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია. მოქმედი თავჯდომარე, რეფატ ჩუბაროვიც ღიად აცხადებდა, რომ თათრები რეფერენდუმის მოწყობას არ ემხრობოდნენ. ყირიმის ოფიციალურმა პირებმა, თათრების მეჯლისის წევრებს, მაღალი თანამდებობები შესთავაზეს მინისტრთა საბჭოში, ასევე მათი სამთავრობო ორგანოების, მეჯლისის და ყურულათის ოფიციალურად აღიარება და ბევრი სხვა უპირატესობები ახალ ყირიმში, მაგრამ თათრები, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით ამ ყველაფერს მოსყიდვის მცდელობად აფასებენ.

ყირიმელი თათრები პრო-უკრაინულ დემონსტრაციაზე

ყირიმის რუსულენოვანი მოსახლეობის ადგილზე თუ დავაყენებთ თავს, ჩვენი მთავარი არგუმენტი ის იქნება, რომ ნახევარკუნძულზე უკრაინელები უმრავლესობაში არასოდეს ყოფილან, ყოველთვის ძლიერი იყო მისი ისტორიულ-კულტურული კავშირი რუსეთთან და რომ ნიკიტა ხრუშჩოვმა 1954 წელს უკანონოდ გადასცა იგი უკრაინას. ისტორიკოსებში დავის საგანია ხრუშჩოვის ეს ნაბიჯი. ერთი ნაწილის აზრით, საბჭოთა ლიდერმა უკრაინული ელიტის გულის მოსაგებად გააკეთა ეს. აგრეთვე, ომის პერიოდში, ხრუშჩოვი გახდა რა მოწმე, გერმანიის მიერ ოკუპირებული  უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სასტიკი სამოქალაქო დაპირისპირებისა უკრაინელ ნაციონალისტებსა და პრო-საბჭოთა ძალებს შორის, ყირიმის (სადაც მილიონამდე რუსი ცხოვრობდა) მიერთებით იგი შეეცადა დაებალანსებინა ახლად შეერთებული დასავლეთ უკრაინის ანტი-საბჭოურად განწყობილი მოსახლეობა.
უკრაინელებისთვის ყირიმის დაკარგვა სუვერენიტეტის და ეროვნული ღირსების შემლახველი მომენტია. ყირიმში მრავალი უკრაინელი ცხოვრობს, გეოგრაფიულად ნახევარკუნძულს სახმელეთო კავშირი მხოლოდ უკრაინასთან აქვს (რუსეთისგან ქერჩის სრუტით არის გამოყოფილი) და წყლითა თუ ენერგო-მომარაგების მხრივ უკრაინაზეა დამოკიდებული. მწირი ჰიდროგრაფიული რესურსების მქონე  ყირიმს წყლის 80 %-ზე მეტი უკრაინის ტერიტორიიდან მიეწოდება. როდესაც ყირიმის ნახევარკუნძულს რუკაზე ვაკვირდებით, ჩნდება განცდა, რომ ამ გეოგრაფიული თავისებურებიდან გამომდინარე, ყირიმის უკრაინისადმი მიკუთვნებადობა უფრო მართებულია. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზე იმისა, თუ რატომ გადასცა უკრაინას, ყირიმი, საბჭოთა ხელისუფლებამ. ამ დროისთვის კი, ყველაზე საჭირბოროტო საკითხს, ყირიმის მომავალთან დაკავშირებით, წარმოადგენს ეთნიკურ ჯგუფების ურთიერთობების შესაძლო სცენარები, - საკითხავი ხდება გადატანილი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ შეინარჩუნებენ თუ არა ისინი მშვიდობიანი თანაცხოვრების სტილს. ასევე, დავის საგანია, ვლადიმერ პუტინის შემდგომი პოლიტიკა უკრაინის მიმართ - არის თუ არა იმის ალბათობა რომ ყირიმის სცენარი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვა რეგიონებშიც განმეორდეს, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ასევე ჭარბობს. ზოგი პუტინს ჰიტლერის ადარებს, რომელსაც ტერიტორიული გაფართოება განუზრახავს და შეჩერებას არ აპირებს, ზოგიერთი ანალიტიკოსი კი თვლის, რომ იგი საკმაოდ რეალისტი პოლიტიკოსია. მართალია რევანშისტი, ნაციონალისტი და რუსეთის ძველი დიდების დაბრუნების მოსურნე, მაგრამ მაინც რეალისტი, რომელიც საგარეო ავანტურებზე მხოლოდ მაშინ მიდის, როდესაც წარმატების შანსები მაღალია და როდესაც სასწორზე რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები (მისი გადმოსახედიდან) დევს. ასეთი იყო თუნდაც ყირიმი, სადაც რუსეთს დიდი სამხედრო-სტრატეგიული ინტერესები გააჩნია და სადაც არ არსებობდა წინააღმდეგობის გამწევი რეალური ძალა, არც უკრაინის შიგნით და არც საერთაშორისო საზოგადოებაში. დასავლეთთან შემდგომი კონფრონტაცია და უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტი კი რუსეთს ნამდვილად არ უნდა აწყობდეს, პირველ რიგში მათდამი მჭიდრო ეკონომიკური დამოკიდებულების გამო. 

ბიბლიოგრაფია:
David R. Marples and David F. Duke. Ukraine, Russia, and the question of Crimea. Nationalities Papers: The Journal of Nationalism and Ethnicity. 19 Oct 2007
Lenur Yunysov. Will History Repeat for the Crimean Tatars? The Ukrainian Week. March 18, 2014
Robert Orr. Why Crimea Matter for Russia? The World. March 3, 2014.
Victor Ospatchuk. Don’t Let Russia abuse Crimean History. The Globe and Mail. March 7, 2014
Tatar Leader says Crimean Tatars Boycotted “Referendum”. Euromaidan PR. March 17, 2014
Mark Kramer. Why Did Russia Give Away Crimea Sixty Years Later? Wilson Center. 2014