Tuesday, April 29, 2014

ევროპა და რუსული გაზი

       
ირინა გურგენაშვილი




         სწორი ენერგეტიკული პოლიტიკა არსებითი და განმსაზღვრელია ევროკავშირისათვის. ენერგორესურსების პრობლემა მწვავედ დგას ევროკავშირში, მას არ გააჩნია საერთო ენერგობაზარი და, ძირითადად, რუსეთის ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი არაა და რუსეთის გაზპრომის“ ბუნებრივი აირით მარაგდება, რომელიც გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია ევროპაში. ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას ალტერნატიული, ერთიანი ენერგობაზარი, რომელიც მაქსიმალურად დემონოპოლიზირებული იქნება და არ გახდება რომელიმე კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკური მანიპულაციის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.

გაზპრომი“ მსოფლიოში არსებული ბუნებრივი აირის ყველაზე დიდ მარაგს ფლობს. მსოფლიო ბუნებრივი აირის რესურსებიდან 17% და რუსეთის მარაგის 60 \% გაზპრომის“ საკუთრებაა. მან 2004 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინას, ესტონეთის, ფინეთის, მაკედონიის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვისა და სლოვაკეთის ენერგორესურსებით მომარაგებაზე მონოპოლია მოიპოვა. გაზპრომისაგან“ ბუნებრივი აირის 36%-ს გერმანია, 31%-ს იტალია, 69%-ს ავსტრია, 83%-ს საბერძნეთი, ხოლო 25%-ს საფრანგეთი იღებს. ამგვარი დამოკიდებულება, მართლაც, რომ სერიოზული საფრთხეა ევროკავშირისთვის, მართალია იგი ყოველწლიურად ამცირებს რუსული გაზის მოხმარებას, მაგრამ პროცესი დროში მაინც საგრძნობლადაა გაწელილი, რაც არახელსაყრელია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპა ელოდება ტრანზიტულ ქვეყნებსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესებას. დაძაბული პოლიტიკური ფონი შეაფერხებს მომარაგებას და სერიოზულ კრიზისს მოუტანს სამივე მხარეს.
2011 წლის ფინანსური შედეგებით, ,,გაზპრომი’’ მსოფლიოს ყველაზე მომგებიანი კომპანიების რეიტინგის სათავეში მოექცა, 2010 წელს მისმა მოგებამ 44,46 მილიარდი დოლარი შეადგინა, მისმა ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა  განაცხადა, რომ კომპანია წმინდა მოგებით მსოფლიო ლიდერია. თუმცა, 2013 წლის ივნისში კომპანიას წმინდა მოგება 11%-ით შეუმცირდა, რის შემდეგაც მისი საერთო ღირებულება  2009 წელთან შედარებით 100 მილიარდი დოლარით შემცირდა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ვლადიმერ მილოვმა განაცხადა: ,,გაზპრომი უმძიმეს სტრატეგიულ კრიზისს განიცდის. ის არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მოუქნელი, ხისტი და უვარგისი პოლიტიკა ზიანს მოუტანდა. დღეს სწორედ ამ პოლიტიკის შედეგებს ვხედავთ.“  გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება მას განუწყვეტელად უტარებს აუდიტს. ექსპერტების აზრით, კომპანიამ ფეხი ვერ აუწყო ენერგობაზარზე მოსალოდნელ რევოლუციურ ცვლილებას, როგორიცაა ფიქალის გაზი და გათხევადებული ბუნებრივი აირი.  მაგალითისთვის, პოლონეთი ცდილობს შეცვალოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობით და ფიქალის გაზის მოპოვების პროექტის განვითარებით.  მუდამ მერყევი ტარიფი ევროპას აიძულებს ეძებოს სხვა გზები.

რუსეთისთვის მნიშვნელოვანია გავლენა მოახდინოს ევროკავშირის თითეულ შემადგენელ სახელმწიფოზე და ასე დაამყაროს ენერგოკონტროლი მთლიანად ორგანიზაციაზე. 2006 და 2009 წელს ე.წ. ,,ევროპის გაყინვის“ შემდეგ უფრო ცხადად დადგა ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების პრობლემა, თუმცა თავის მხრივ, ეს რუსეთისთვისაც სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური ჩავარდნა იყო, ისიც მიხვდა რომ მისი ეკონომიკის ერთ-ერთი მყარი საფუძველი ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირი იყო. ევროპამ დაიწყო მანამდე არსებული ყველა ალტერნატიული პროექტის განხილვა, ხელახალი გადასინჯვა და ფინანსების მოძიება, რუსეთმა კი, თავის მხრივ, განუცხადა ფინანსურ კრიზისში მყოფ ევროპულ სახელმწიფოებს, რომ პრობლემას ქმნიდა არა ის, არამედ სატრანზიტო ქვეყნები, ამ კონკრეტულ ვითარებაში კი - უკრაინა. სამაგიეროდ რუსეთმა შესთავაზა ალტერნატიული ორი ხაზი: ჩრდილოეთის ნაკადი (North stream) რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და გერმანიამდე მიაღწევს და სამხრეთის ნაკადის მილსადენი  (South stream pipeline) ამ შემთხვევაში ბუნებრივი აირი იზობილნოედან (რუსეთი) შავი ზღვისა და ბულგარეთის გადაკვეთით, ევროპაში გავა, იგი ,,ნაბუკოს’’ პროექტის ალტერნატივაა.  ევროპასაც აქვს, თავის მხრივ, რიგი პროექტებისა, მაგალითად  ტრანსკასპიური მილსადენი (Trans-Caspian Pipeline (TCGP) - მისი აშენების შემთხვევაში თურქმენული გაზი, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით, კასპიის ზღვის მეშვეობით, აზერბაიჯანში გავა, ხოლო შემდეგ ევროპულ მილსადენებს დაუკავშირდება;  ტრანს-ადრიატიკის (The Trans-Adriatic Pipeline (TAP) - ამ მილსადენით ჩრდილო საბერძნეთიდან, ალბანეთის გავლით, იტალიაში დღეში 350 მლრდ. კუბა მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი; თურქეთ-საბერძნეთ-იტალიის დამაკავშირებელი მილსადენი (Interconnector Turkey-Greece-Italy Pipeline (ITGI); სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპული მილსადენი (South East European Pipeline (SEEP)) და ნაბუკოს პროექტი - ამ პროექტის მიხედვით, გაზის ტრანსპორტირება კასპიის ზღვის რეგიონიდან, რუსეთის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთის და ავსტრიის გავლით მოხვდება ევროპაში. თუმცა, საკმარისი თანხების არ არსებობის გამო, ეს პროექტები არც ისე ხელსაყრელია ევროპისთვის, რუსეთმა კი ზემოთ უკვე განხილული ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხაზის დაფინანსება მთლიანად საკუთარ თავზე აიღო, სწორედ ამიტომ ევროპის პროექტები დროში კვლავ გაიყინა.  თუმცა, ახლა იმ პირობებში, როცა რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს აშკარად დაუპირისპირდნენ, როდესაც ხალხმა ხანგრძლივი აქციების შემდეგ გადააყენა პრო-რუსულად განწყობილი მთავრობა და როდესაც უკრაინას გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუძვირდა, დადგა იმის საფრთხე, რომ კიდევ ერთხელ დამტკიცდეს მისი უპირატესობა და გათიშული ან გაძვირებული გაზის პრობლემა კვლავ ტრანზიტულ ქვეყნებს დაბრალდეს. ამ პირობებში ისიც შესაძლებელია, რომ ყირიმწართმეულმა უკრაინამ მართლა შექმნას ტრანზიტის პრობლემა. რა მოხდება შემდეგ? რამდენად გაუძლებს ევროპა კიდევ ერთ გაყინვას და რამდენად გადაიტანს რუსეთი კიდევ ერთ კრიზისს?! (2006 და 2009 წლებში კრიზისი მოსკოვმა გადაიტანა და არა რუსეთმა).
ალტერნატიული ხაზების დაფინანსება ევროპას ამ ეტაპზე არ შეუძლია მან შეცვალა სამოქმედო გეგმა და დაიწყო უფრო მარტივი გზებით მომწოდებლების ძიება. 2012 წელს ევროკომისიის მონაცემებით, ნორვეგიის გაზის ექსპორტი 16%-ით გაიზარდა, გაზპრომისა კი მის უკუპროპორციულად 8%-ით შემცირდა. ამის გამო ,,გაზპრომმა“, როგორც იქნა, შეუმცირა ფასები ზოგიერთ ევროპულ მომხმარებელს, პოლონეთს 27%-ით, ხოლო უნგრეთს 2%-ით ნაკლების გადახდა მოუწევს. ევროკომისიის ექსპერტები განუწყვეტლივ ცდილობენ დაადგინონ რუსეთის მიერ აირის ფასების დაწესების მეთოდი, რომლებიც ნავთობის მსხვილ კონტრაქტებზეა მიბმული. როგორც ზემოთ, აღვნიშნე, შემცირდა უმსხვილესი კომპანიის წლიური შემოსავალი, ექსპერტების აზრით პრობლემა მის ორმაგ როლში უნდა ვეძებოთ, წმინდა კომერციული თვალსაზრისის გარდა, იგი კრემლის ხელში ქცეული პოლიტიკური მართვის ბერკეტიცაა და საგარეო პოლიტიკის მთავარი აღმასრულებელი მექანიზმიც.

ევროპისთვის კიდევ ერთი ხსნა ენერგო ბაზარზე აშშ-ს და ყატარის არსებობაა. აშშ-ს ფიქალის გაზის ვრცელი რესურსები აქვს, ხოლო ყატარი გათხევადებული ბუნებრივი აირის უმსხვილესი ექსპორტიორია, ამის გარდა აშშ-მ გაზარდა ევროპაში ქვანახშირის მიწოდება. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც აშშ-სთან, ისე ყატართან, რათა მოსალოდნელი ,,გაყინვის,, საფრთხე აიცილოს თავიდან (მოკლე ვადიან პერსპექტივაში) და შექმნას ალტერნატივებით სავსე ენერგო ბაზარი (გრძელვადიან პერსპექტივაში).
როგორც ვხედავთ, ევროპა ყველანაირად ცდილობს თავის დაღწევას რუსეთის ენერგეტიკული მონოპოლიისგან, ექსპერტთა  ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ სამხრეთის ხაზი ,,გაზპრომის’’ პრობლემებს მოაგვარებს და იხსნის მას დანაწევრებისგან, რაც თავისთავად, ენერგობაზარზე რუსეთის მონოპოლიას საწყის ნიშნულს დაუბრუნებს. მეორე ნაწილის აზრით  კი,  კრიზისის მიუხედავად, ევროპა სულ უფრო შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას და მას ახალი რევოლუციური პროექტით (ფიქალის გაზი, თხევადი გაზი) ჩაანაცვლებს. იგი აქტიურად გააგრძელებს ნორვეგიასთან, აშშ-სთან და ყატართან ერთად ენერგეტიკული ბაზრის ფორმირებას. თუმცა ამ ყველაფერს დრო ესაჭიროება და ევროპას  წინ ელის 2014 წლის შესაძლო  სატრანზიტო პრობლემები.