Tuesday, April 29, 2014

ტერორისტული ორგანიზაცია „ერაყის ისლამური რესპუბლიკა“: პროფილი და მიმდინარე ტრანსფორმაცია

                                                      გიორგი ჩაფიძე, დიანა ენდელაძე


2010 წლის 18 დეკემბერს ტუნისის პროვინციულ ქალაქში სიღარიბით უკიდურეს გაჭირვებამდე მისულმა მოვაჭრემ, მუჰამედ ბუაზიზიმ ქალაქის მერიის წინ თავი დაიწვა. მისმა გარდაცვალებამ მთელ ტუნისში ააგორა მასობრივი პროტესტის ტალღა, რამაც სათავე დაუდო ისლამისტური ქვეყნების მოსახლეობის პოლიტიკურ გამოცოცხლებას.
არაბულ ქვეყნებში ბევრი საინტერესო გეოპოლიტიკური ძვრა მოხდა. შეიცვალა ტუნისის, ლიბიის, ეგვიპტის, იემენის მთავრობები, შესაბამისად, ქვეყნების პოლიტიკური ორიენტირები. რეგიონის ტრანსფორმაცია ტურბულენტურ ზონაში შევიდა და მოვლენები გაცილებით სწრაფად და მტკივნეულად ვითარდება, რასაც თან ახლავს მასობრივი პროტესტი, აჯანყება, სისხლისღვრა, - აქ ხელისუფლების ცვლილება მოქალაქეთა მსხვერპლის გარეშე საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია. ეს უკრაინამაც კი ვერ მოახერხა, რომელიც ერთი შეხედვით უფრო წინ წასული ქვეყანაა. მთავრობების ცვლილების პარალელურად რეგიონის ქვეყნებში შეიმჩნევა პოლიტიკური ისლამისა და ზოგადად ისლამური ფუნდამენტალიზმის მომძლავრება. ლიბიასა და ეგვიპტეში კადაფისა და მუბარაქის რეჟიმისაგან განსხვავებით, რომლებიც უფრო მეტად სეკულარულად შეიძლება ჩაითვალოს - მთავრობა მუსლიმი ძმების“ მსგავსი იდეოლოგიის მატარებელი  პირებით კომპლექტდება. გააქტიურდნენ ტერორისტული დაჯგუფებებიც, რომელთაც პოლიტიკური მადა გაეზარდათ და თანდათან უფრო დიდი მიზნები ამოძრავებთ. ამ მხივ გამონაკლისს არც ერაყისა და შამას ისლამური სახელმწიფო“ წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის ტრანსფორმაცია ყურადსაღებია, რადგან იგი 2014 წლამდე წარმოადგენდა ალ-ქაიდას“ ყველაზე დიდ, ძლიერ და ფართო გეოგრაფიულ არეალში მოქმედ დაჯგუფებას. დღეს კი ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი - იგი ალ-ქაიდას“ შემადგენლობაში აღარ მოიაზრება. თავდაპირველად წარმოვაჩენთ ორგანიზაციის მოკლე პროფილს დაარსებიდან 2013 წლამდე, ხოლო შემდგომ გიჩვენებთ, რა ცვლილებები განიცადა ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ“ და, როგორ აისახება ეს რეგიონის პოლიტიკურ კლიმატზე. 

ორგანიზაციის პროფილი: მიზნები, ისტორია ტერორისტული აქტები
ორგანიზაციის სათავეებთან აბუ მუსაბ ალ-ზარქაუი-ის მოღვაწეობა დგას, რომელიც იყო იორდანიელი სალაფისტი (ისლამის განშტოება). საბჭოთა კავშირის შეჭრის დროს ავღანეთში მუსლიმთა მხარეს იბრძოდა, ჰერთის პროვინციაში წვრთნიდა სამხედრო შენაერთსაც. თავდაპირველად მან ორგანიზაციის დაარსება იორდანიის პოლიტიკური რეჟიმის დასამხობად წამოიწყო თუმცა ეს მოძრაობა სხვა მხარეს განვითარდა. 2003 წელს აშშ-ს ავღანეთში შეჭრის დროს ზარქაუი ფეხის ჭრილობას ერაყში მკურნალობდა, სადაც მჭიდრო კავშირი დაამყარა ისლამის პარტიზანებთან“, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში ბაზირებულ ქურთულ დაჯგუფებასთან. ეს ჯგუფი დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნისათვის იღვწოდა, რის გამოც სადამ ჰუსეინის რეჟიმმა მასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და გამოაცხადა ერაყის მტრად.  აშშ-ს ერაყში შეჭრის შემდგომ ორგანიზაცია განვითარდა და გაფართოვდა, როგორც გასამხედროებული დაჯგუფება, რომელშიც მოიცავდა ისლამის პარტიზანების“ დაჯგუფებასაც. ორგანიზაციას დაფუძნებისას მცირე მასშტაბის მიზნები ამოძრავებდა, მცირე იყო მისი სამოქმედო გეოგრაფიული არეალიც, რაც ერაყით შემოიფარგლებოდა. უპირველესი საზრუნავი იყო კოალიციური ჯარების ერაყიდან გაძევება, დროებით მთავრობასთან ბრძოლა, შიიტი მოსახლეობის ინტერესების ხელყოფა და მათი მებრძოლების დამარცხება. მთავარ მიზანს კი  წარმოადგენდა სახელმწიფოს ჩამოყალიბება ისლამური მმართველობით.
ორგანიზაცია საწყის ფაზაში პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას მიმართავდა. მის სამიზნეებს არამებრძოლი მოსახლეობაც კი წარმოადგენდა ( ძირითადად შიიტები), აგრეთვე ერაყის პოლიტიკური პირები, ქურთი პოლიტიკური და რელიგიური ფიგურები , უცხოელები და გაეროს ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები. მისი სისასტიკე კი სამაგალითო იყო, რაც გამოიხატება ერაყელი და უცხოელი ტყვეების თავის მოკვეთასა და განსაკუთრებული სისასტიკით წამებაში.
რამდენი მებრძოლი არის დაჯგუფების განკარგულებაში? ზუსტი ციფრი, რა თქმა უნდა უცნობია, თუმცა 2007 წლისთვის ვარაუდობდნენ, რომ მათი რაოდენობა 900-დან რამდენიმე ათას მოხალისეს“ აღწევდა. აგრეთვე, ზოგიერთი წყარო მიუთითებს იმაზე, რომ დაჯგუფების მთავარ ძალას ეთნიკურად სირიელები არ წარმოადგენენ.
ორგანიზაციამ ალ-ქაიდა-სთან“ ოფიციალურად კავშირი 2004 წლის 4 ოქტომბერს გამოაცხადა, რის შემდეგადაც მას მოიხსენიებდნენ როგორც ალ-ქაიდას ერაყში“. გაერთიანების აღსანიშნავად მალევე იაპონიის მოქალაქე შეიპყრეს მებრძოლებმა და სიცოცხლეს გამოასალმეს. დაჯგუფებამ თავის თავზე აიღო 2004 წლის 30 სექტემბრის დაბომბვა ბაღდადში, რომლის დროსაც 41 ადამიანი იქნა მოკლული, თანაც უმეტესად ბავშვები.
2005 წელის ორგანიზაციის საქმიანობიდან აღსანიშნავია ტერორისტული სუიციდის მთელი სერიები, რომელთა ძირითადი სამიზნე ერაყის მთავრობა იყო. განსაკუთრებით სისხლიანი კი 2006-07 წლები გამოდგა, როდესაც კამიკაძეების ფარვატერში სხვადასხვა ქვეყნის, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები მოექცნენ. ამავე წელს აშშ-მ და მოკავშირეებმა მოახერხეს ერაყის მთავრობისა და ალ-ქაიდას“ მნიშვნელოვანი ფიგურების ლიკვიდაცია, მათ შორის მეთაურ ალ-ზარქაუის. მისი სიკვდილის შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა აბუ ჰამზა ალ-მუჰაჯირი, რომელიც წარმოშობით ეგვიპტელი აბუ აიუბ ალ-მასარი იყო. რაც შეეხება თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობაზე, მარტო 2007 წელს მათ 2000-მდე მშვიდობიანი ადამიანი იმსხვერპლეს.
ლიდერის შეცვლას სტრუქტურული ცვლილებებიც მოჰყვა. 2007 წლის 19 აპრილს გამოცხადდა, რომ ორგანიზაცია დროებითი მთავრობის ხელმძღვანელობით იმოქმედებდა პირველი ისლამური სახელმწიფოს“ ეგიდით. ამ ახალგამომცხვარი ემირატის მმართველი კი აბუ ომარ ალ-ბაღდადი იქნებოდა, რომელსაც ექვემდებარებოდა 10 მინისტრიანი“ კაბინეტი! აბუ ომარ ალ-ბაღდადის კაბინეტი მკაცრ პოლიტიკას ატარებდა მოწინააღმდეგე ჯგუფების და მათი მხარდამჭერი ქვეყნების მიმართ, მათ დიდ პრობლემებს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვაც უქმნიდა, თუმცა არც იმდენად, რომ ერაყის ისლამური შტატების მომავალი წარმატება“ ეჭვს ქვეშ დაეყენებინა. 2009 წელს ბაღდადზე განხორციელებული ორი ტერაქტის შემდეგ ჯამში 282 ადამიანი დაღუპა და 1200-ზე მეტი დაშავდა. გარდა ამისა, 2010 წელს იყო მთელი რიგი ტერორისტული თავდასხმებისა, რომლებსაც ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. ტრადიციული სამიზნე ადგილზე, ბაღდადზე ამ წელს ხუთჯერ მიიტანეს იერიში.  ერთ-ერთი თავდასხმა ერაყის ცენტრალურ ბანკზე განხორციელდა, რომლის დროსაც 18 ადამიანი დაიღუპა.  2012 წელს დაჯგუფებამ ჯამში 32 თავდასხმა განახორციელა, რომლის დროსაც 116 ადამიანი დაიღუპა.
ორგანიზაცია 2014 წელსაც აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას. ისინი იღებენ ქალაქებს, ქმნიან ახალ არმიებს ( ამა წლის 25 იანვარს ჩამოაყალიბეს ლიბანელთა არმია).

ორგანიზაციის ტრანსფორმაცია
ალ-ბაღდადის ერთადერთი სურათი

მეტად სენსიტიური თემაა როგორც დასავლეთის, ისევე თვითონ ისლამური სახელმწიფოებისთვის ამა თუ იმ დაჯგუფებების ერთმანეთთან ურთიერთობის დამახასიათებელი ნიშნები და თანამშრომლობის დონეები. ერაყის ისლამური სახელმწიფოს“ შემთხვევაში, სიტუაცია  2013 წლის აპრილიდან განსაკუთრებით დაძაბულია - ორგანიზაციის ერაყში მოქმედი ფრთის ლიდერმა აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადიმ საჯაროდ განცხადა სირიის სამოქალაქო ომში ჩართვის შესახებ და მოუწოდა  ჯაბათ ალ-ნუსრა -ს“, ალ-ქაიდას სირიაში მოქმედ ფრაქციას, კოორდინირებული მოქმედებებისაკენ. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი აცხადებდა, რომ ჯაბათ ალ-ნუსრა“ მათი შექმნილი და დაფინანსებული ორგანიზაციაა. ჯაბათ ალ-ნუსრას“ ლიდერი, აბუ მუჰამად ალ-ჯულანი, ალ-ბაღდადის განცხადების წინააღმდეგ წავიდა. სიტუაცია ამ ორ განშტოებას შორის იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო გახდა ალ-ქაიდა-ს“ ცენტრალური მმართველობის ჩარევა. ალ ჯაზირას ინფორმაციით, ალ-ქაიდას“ ლიდერმა ორივე მხარეს მოსთხოვა შეთანხმება, რასაც ალ-ბაღდადიმ უკმეხად უპასუხა მისი ბატონობის უარყოფით. გარდა ამისა, ის ჯიუტად იმეორებდა ალ-ნუსრასთან“ მჭიდრო ურთიერთობის არსებობას. ალ ზავაჰირის განცხადებით კი ალ-ნუსრა“ კვლავაც ცენტრალური მმართველობის პირდაპირ დაქვემდებარებაშია და არა ერაყისა და სირიის ისლამური რესპუბლიკის“. ამის საპასუხოდ, ალ-ბაღდადიმ საჯაროდ უარყო ზავაჰირის - ლიდერის, რომელთანაც ადრე პოლიტიკური კავშირი ჰქონდა, როლი.  ბუნებრივია, რომ რადიკალურად საწინააღმდეგო განცხადებები დაჯგუფებებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციას უწყობდა ხელს. საბოლოოდ, მრავალი თავდასხმისა თუ მანქანებში დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შემდეგ, სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებელმა ორგანომ გააკეთა განცხადება - ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო“ არის 100%-ით ყველაზე ძლიერი დაჯგუფება ჩრდილოეთ სირიაში. ვინც სხვა ინფორმაციას ავრცელებს - იტყუება.“

ზემოთ მოყვანილი სიტუაცია ალ-ქაიდას“ ფრენჩაიზის შიგნით დაუმორჩილებლობის პირველი შემთხვევაა, ამდენად ძალზე საყურადღებოა. შესაძლოა, ამ მოძრაობამ უფრო ფართო გამოხატულება ჰპოვოს და ალ-ქაიდამ“ დეცენტრალიზაცია განიცადოს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მის შემადგენლობაში არის სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის მქონე, დაჯგუფება. მათი  ერთი მმართველ ხელში დაჭერა თანდათან რთულდება - შეიმჩნევა ტენდენცია, რომ იხსნება დაქსაქსული პარტიზანული ფრონტზე მებრძოლი უბნები და არა კონსოლიდირებული ისლამისტური მონოლითი. შეიძლება ითქვას, რომ ალ-ქაიდამ“ სირიაში მოქმედი ორმაგი სტანდარტის“ სანაცვლოდ დათმო თავისი უძლიერესი განშტოება და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტული საქმიანობის გაწევის შესაძლებლობა.
მიუხედავად ერაყის ისლამური შტატების ფართო სამოქმედო გეგმებისა და არეალისა იგი მაინც არ არის წარმატებული ბრძოლის მწარმოებელი და კვლავაც ვერ აღწევს დასახულ მიზნებს ისლამურ ფრონტზე. ხშირად მისი ქმედებები“ ალ-ქაიდა-სთვის“ არაკანონიკური“ ხდება, რის გამოც გასამხედროებული ჯგუფის რეპუტაცია უმკვიდრდება და არა კონსოლიდირებული ორგანიზაციისა მმართველობის იერარქიითა და თანმიმდევრული მოქმედებებით. 2014 წლის თებერვალში ალ-ქაიდას“ ცენტრალურმა მმართველობამ, აიმან ალ-ზავაჰირის მეთაურობით განაცხადა, რომ ერაყის ისლამური სახელმწიფო“ აღარ წარმოადგენს მის ორგანულ ნაწილს. განცხადებამ ამ უკანასკნელის იმიჯი დააზარალა. ეს მცირედი განხეთქილება თუ გაუგებრობა სირიის კრიზისში ჩართული ქვეყნებს (განსაკუთრებით აშშ-ს) აძლევს შანსს, ვითარება თავის სასიკეთოდ გამოიყენონ.
მეორეს მხრივ, ტრანსფორმაციას განიცდის თავად ალ-ქაიდაც“ და ორგანიზაციის სტრუქტურის ნაწილებად დაყოფა მისი გრძელვადიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია. ალ-ქაიდამ“ 21- ე საუკუნის პირველ დეკადაში მუსლიმთა ხოცვისა და არამართლზომიერი“ მსხვერპლით ისლამურ ქვეყნებში პოპულარობა დაკარგა. მას სურს მუსლიმთა გულისა და გონების მოგება და საკუთარი თავის წარმოჩენა უსაფრთხოების უზრუნველმყოფელის, სამაგალითო მმართველობის უნარის მქონედ და ეკონომიკური საქმიანობის გამწევად. არაბულმა გაზაფხულმა კი მას მოქმედების სრულიად ახალი არეალი გაუხსნა. ამიტომაც, ორგანიზაციის დეცენტრალიზაციის პოლიტიკა, შესაძლოა, გამართლებულია სხვა, უფრო ობიექტური მიზეზებით.
ერთადერთი უტყუარი ფაქტი, რაც ჯერ სახეზე გვაქვს არის ის, რომ ერაყის ისლამური სახელმწიფო“ ალ-ქაიდასთან“ თანამშრომლობით უფრო მეტს იგებდა, ვიდრე დამოუკიდებელი აქტორი. შესაძლოა, წამოიჭრას დაქვემდებარების, გავლენის სფეროების განაწილებისა და პროტექციის საკითხები და მას არ ჰყავდეს უზენაესი დამცველი, რაც ორგანიზაციის ინტერესების შეკვეცას გამოიწვევს. აგრეთვე, ცხადია, რომ ალ-ქაიდასთან“ გამოყოფით შეწყდება სირიის ტერიტორიაზე ბაზირებული ყველაზე სასტიკი დაჯგუფების ქმედებები, რაც სასიკეთოდ წაადგება კონფლიქტის დეესკალაციას.