Tuesday, April 29, 2014

რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შედარება

ოგეხსენებათ, 2014 წლის თებერვალ-მარტში უკრაინაში  მოვლენები უკიდურესად იყო დაძაბული. ნებისმიერ  მომენტში  მოსალოდნელი  იყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება. რუსეთის შეიარაღებული ძალები შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, კერძოდ, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და  დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები. 16 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის (რომელიც არ სცნო საერთაშორისო საზოგადოებამ) შედეგების მიხედვით, 17 მარტს ყირიმის პარლამენტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა უკრაინისგან და იმავე დღეს მოითხოვა რუსეთთან შეერთება.
18 მარტს კი რუსეთმა ყირიმი საკუთარ ნაწილად გამოაცხადა. იმ სიტუაციაში, როდესაც უცხო ქვეყნის საჯარისო შენაერთები იმყოფებოდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ ეს ტერიტორია, ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე, გამოეყო მას და სხვა სახელმწიფოს შეუერთდა, უკრაინას სრული უფლება ჰქონდა დაეწყო ომი — საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ოკუპანტების წინააღმდეგ. თუმცა უკრაინის მთავრობა ასე არ მოიქცა. უკრაინამ, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო საკუთარი ტერიტორიის დაახლოებით 22%. ვეცდები გავაანალიზო უკრაინის უმოქმედობის მიზეზები.
უკრაინის მიზეზები შეიძლება გავაერთიანოთ ორ ჯგუფში: სამხედრო ფაქტორები და სტრატეგიული ფაქტორები.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სსრკ-ისგან მემკვიდრეობით მიღებული შეიარაღება შეიძლება ჩავთვალოთ რუსეთის ძალების შეიარაღების შემცირებულ ანარეკლად — თუმცა  აქ ერთვება უკვე თავდაცვის სფეროს დაფინანსების ფაქტორი—უკრაინის $2,72 (მშპ-ს დაახ. 1%) მილიარდი რუსეთის $91 (მშპ-ს დაახ. 4%) მილიარდის წინააღმდეგ სასაცილოც კია (შედარებისთვის, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი $371 მილიონია). ამ თანხის გამოყენებით, რუსული ტექნიკა უკრაინის ტექნიკასთან შედარებით გაცილებით მოდერნიზებული და უკეთ მოვლილია. მაგალითისთვის, 2006-11 წლებში უნდა მომხდარიყო 22 ტანკის მოდერნიზება, თუმცა აქედან მხოლოდ 10 მათგანის დასრულება მოხერხდა საბიუჯეტო შეზღუდვების გამო. ასევე, 31 საბრძოლო თვითფრინავიდან, რომელთაც მოდერნიზება ესაჭიროებოდათ, მხოლოდ სამი დასრულდა, საბრძოლო ხომალდები კი - 4 - 22-დან, ხოლო 38-დან არცერთი ვერტმფრენის მოდერნიზება არ მომხდარა. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ უკრაინის სამხედრო კომუნიკაციების სისტემის მხოლოდ 10%-ია ციფრული, დანარჩენი ისევ ანალოგიურ სისტემაზე მუშაობს, რაც სამხედრო ძალებში გამოსაყენებლად მოძველებული და არაეფექტურია. ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ უკრაინის აღჭურვილობა არქაულია და საერთოდ არ წარმოადგენს საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ ძალას. მნიშვნელოვანი დისბალანსია ასევე ცოცხალი ძალის მხრივაც: 2006-12 წლებში უკრაინის არმიის რეორგანიზების შემდეგ მისი რაოდენობა თითქმის განახევრდა და ახლა რუსეთის არმია დაახლოებით 6-ჯერ აღემატება მას. თანაც, არმიაში ხელფასები დაბალია, რაც უკრაინელებს არ უჩენს ჯარში მსახურის მოტივაციას. გარდა ამისა, უკრაინის არმიაში ბევრია ეთნიკურად რუსი და პრო-რუსულად განწყობილი უკრაინელიც. ერთი სიტყვით, უკრაინის არმია ვერც საბრძოლო სულისკვეთებით დაიკვეხნის. როგორც თანდართული ცხრილებიდან ნახავთ, რუსეთის უპირატესობა ტექნიკურად ძალიან დიდია.

             ახლა კი გადავიდეთ სტრატეგიულ ფაქტორებზე - ანუ რა უშლიდა ხელს უკრაინას დაეწყო ომი. პირველ რიგში, მას მოუწევდა მარტო ომი რუსეთთან - იგი არაა NATO-ს წევრი და არ უნდა ელოდოს მისგან დახმარებას. მეორე - შიდა კრიზისი და ძლიერი პრო-რუსული მოძრაობები ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში: უკრაინას რომ ომი დაეწყო, რუსეთს თავისუფლად შეეძლო უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრები რუსების დასაცავად შესულიყო, მით უმეტეს 150 000 კაციანი ძალა ჰყავდა უკრაინის აღმოსავლეთით მობილიზებული და აქტიურ წვრთნებს ატარებდა.
ასევე გასათვალისწინებელია რუსეთ- უკრაინის 2010 წლის შეთანხმება, რომლის ძალითაც იაფი გაზის სანაცვლოდ, რუსეთს უფლება ეძლეოდა 161 საჰაერო აპარატი განეთავსებინა ყირიმში ორ ავიაბაზაზე, 388 ხომალდი და კატარღა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში და 25 ოფიცერი და მეზღვაური სევას - ტოპოლსა და თეოდოსიაში.

            და ბოლოს, ვერ გავექცევით ბირთვული იარაღის ფაქტორს, რომელსაც როგორც სამხედრო, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: უკრაინამ 1994 წლის ბუქარესტის ხელშეკრულებით დათმო სსრკ-სგან დარჩენილი ბირთვული ქობინები საკუთარი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. დღეს უკრაინას რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა, ავტომატურად ამუშავდებოდა ბირთვული შეკავების პრინციპი და რუსეთი ასე თამამად ვერ გაბედავდა უკრაინის სუვერენტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სიტუაციისა და არმიის ბრძოლისუნარიანობის გათვალისწინებით, როგორც სტრატეგიული, ისე სამხედრო თვალსაზრისით, რადგან თავიდან აიცილა უფრო დიდი სამხედრო და ტერიტორიული დანაკარგები ყირიმის სანაცვლოდ.

გიორგი ჯიქია
გამოყენებული  წყაროები:
1. http://www.foxnews.com/world/2014/03/03/ukraine-outmoded-and-underfunded-military-no-match-for-russia/
2. http://america.aljazeera.com/multimedia/2014/3/russia-ukraine-militarycomparison.html
3. http://www.bbc.com/news/world-europe-26421703
4. http://www.abc.net.au/news/2014-03-04/ukraine-russia/5298314
5. http://www.nytimes.com/2014/03/23/world/europe/ukraine.html?_r=0