Tuesday, April 29, 2014

მეხსიერების პოლიტიკის გავლენა ორ ან მრავალეროვან სახელმწიფოში კონფლიქტის წარმოშობასა და შესაძლო ესკალაციაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე.


ელენე კურტანიძე

დღევანდელ საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ქვეყნებიდან ძნელია მოიძებნოს ისეთი, რომელიც დაკომპლექტებულია მხოლოდ ერთი ეთნოსის წარმომადგენლებით. ასეთებად  შეიძლება ჩაითვალოს მაგ: სომხეთი, ისრაელი, იაპონია - სადაც, მართალია მოსახლეობის უმრავლესობას ერთი ეთნიკური ჯგუფი შეადგენს, თუმცა სხვა ეროვნების წარმომადგენლები მაინც ცხოვრობენ მცირე რაოდენობით. ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ განსხვავებული ეთნოსის, ენის, რელიგიის, კულტურის მქონე ხალხებს შორის კი განვითარების რომელიმე ეტაპზე  აუცილებლად წარმოიშობა გარკვეული სახის უკმაყოფილება, რაც სხვადასხვა ფაქტორების გავლენით შეიძლება გაღრმავდეს და სერიოზულ შედეგებამდე მივიდეს.
ამ სახის პრობლემების წინაშე განსაკუთრებით ევროპა-აზიის საზღვარზე მყოფი პოსტსაბჭოური ქვეყნები დგანან, რომელთაც მოუწიათ 1922 წლის 30 დეკემბრიდან 1991 წლის 26 დეკემბრამდე ეცხოვრათ ფორმალურად მოკავშირე რესპუბლიკების ფედერალურ კავშირში (სსრკ), ფაქტობრივად კი სოციალუსტურ-ცენტრალიზებურად მართულ მრავალეროვან სახელმწიფოში რუსეთის დომინანტობით. 69 წელი კი საკმარისი იყო სსრკ-ს ქვეყნების მოსახლეობას გარკვეული ხარისხით ინტეგრაციისთვის. სსრკ-ს დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მათი ისტორია იტოტება და დამოუკიდებლად ვითარდება, თუმცა 1992 წლამდე საერთო წარსული, ისტორია, აზროვნება, პოზიცია, კურსი და ა.შ. გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პოსტსაბჭოთა სივრცეში დღეს არსებული კონფლიქტებისა, რომელთაც ძირითადად ეთნიკური შეფერილობა აქვს.
ფრანგი ისტორიკოსი პიერ ნორა ნაშრომში: მეხსიერებასა და ისტორიას შუა“ განიხილავს მათ ურთიერთმიმართებას და მნიშვნელობას, თუ რამდენად შეიძლება გახდნენ განმსაზღვრელი ფაქტორები კონფლიქტის გაღვივებისა და აღნიშნავს, რომ ისტორიული პროცესების ადრე მივიწყებული ან მიჩქმალული მხარეების გახსენება, წართმეული წარსულის“ დაბრუნება, ფესვების კულტი“, წარსულთან ანგარიშსწორება“ და ა. შ. რეალური თუ მოგონილი წარსულისადმი ერთგულება მჭიდროდაა დაკავშირებული კოლექტიურ ცნობიერებასთან, მეხსიერებასა და იდენტობასთან, რაც ხშირად კონფლიქტს უდევს საფუძვლად. ის, რაც შემორჩენილია წარსულიდან, როგორც ჯგუფის რეალური გამოცდილება და უცვლელი ფასეულობები, ადვილად შეიძლება გახდეს მანიპულირების საგანი. მეხსიერება შუამავალია წარსულსა და აწმყოს შორის და მასზეა დამოკიდებული თუ როგორ წარიმართება მერმისი. აქედან გამომდინარე, წარსულის კონტროლი სხვა ბერკეტებთან ერთად მნიშვნელოვანი ძალაა რომ დამოკიდებული ქვეყანა პირდაპირად თუ ირიბად აიძულო შენთვის სასურველი პოლიტიკის გატარებას, რასაც ასე ეფექტურად იყენებს რუსეთი.
პიერ ნორასთვის ისტორია და მეხსიერება განსხვავებული ფენომენია. მისთვის მეხსიერება ასახავს მომხდარ მოვლენებს, ისტორია კი სუბიექტური ასახვაა იმისა, რაც ისტორიკოსმა მიიჩნია ან იძულებული იყო მიეჩნია  მნიშვნელოვნად და დამახსოვრების ღირსად. შესაბამისად მის სამართლიან, ობიექტურ ბაზისზე ვერ ვიმსჯელებთ. ამ ყველაფრის ახსნა არც ისე რთულია პოსტსაბჭოური ქვეყნების მაგალითებზე, რომლებიც ამ ეტაპზე კონფლიქტის ცხელ ან გაყინულ ფაზაში იმყოფებიან.

დავიწყოთ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტით. დღევანდელმა დაპირისპირებამ მათ შორის მწვავე ხასიათი 1988 წელს მიიღო, როცა აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ რაიონში - მთიან ყარაბაღში - მცხოვრებმა სომხებმა სომხეთის რესპუბლიკაში გაერთიანების მიზნით ცალმხრივად გამოაცხადეს აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლობა. აღსანიშნავია, რომ ამ რაიონის მოსახლეობის უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ, რასაც ემატება 1923 წელს საბჭოთა იმპერიის ფორმირების პირველ წლებში მთიანი ყარაბაღისთვის ავტონომიური ოლქის სტატუსის მინიჭება, რაც შეიძლება ჩაითვალოს მათი სურვილის განხორციელებისთვის გადადგმულ პირველ ნაბიჯად, რომ შეერთებოდნენ სომხეთის რესპუბლიკას ან მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა. ერთი მხრივ, აზერბაიჯანის მხრიდან გამორიცხულია რაიმე სახის დათმობა, რადგან ყარაბაღს თავის ისტორიულ რაიონად მიიჩნევს, რომელიც ათწლეულებია ოფიაციალურად შედის მის შემადგენლობაში და აზერბაიჯანელების ცნობიერებაში ეს უკვე არის მათი საკუთრება, რომელსაც სრულიად უსამართლოდ ედავება სომეხი ეთნოსი და მეორე მხრივ, სომხეთის მხრიდანაც შეუძლებელია უკანდახევა, რომელიც ასევე მიჯაჭვულია ისტორიულ გამოცდილებას, არგუმენტებს და ვითარების მსგავს აღქმას, თუმცა თავიანთ სასარგებლოდ, რა თქმა უნდა. აღნიშნული ტერიტორია ათწლეულების განმავლობაში დასახლებული იყო სომხებით, ავტონომიური ოლქის სტატუსის მინიჭებაც იყო რეალური და ისტორიული ფაქტი. აქედან გამომდინარე, კონფლიქტში ჩართული ორივე ერი ასაბუთებს თავისი საქციელის სამართლიანობას და მეორეს ქმედებებს მიიჩნევს უკანონოდ. მხარეების მიერ უკან არ დახევისა და შეთანხმების ვერ მიღწევის შედეგად კი დღეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაწყვეტილია ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა  და დიდი მსხვერპლის მქონე კონფლიქტი გადასულია ე.წ. გაყინულ ფაზაში“. სომხეთს ოკუპირებული აქვს მთიანი ყარაბაღი და მის გარშემო არსებული 7 რაიონი - ლაჩინი, ქელბაჯარი, ქუბალტი, აგდამი, ფიზული, ჯებრაილი და ზანგელანი.
რაც შეეხება საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის“კონფლიქტის სათავეებიც ასევე 1920-იან წლებშია, როცა 1923 წელს შეიქმნა სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქი, და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, თუმცა აფხაზეთის შემთხვევაში გარკვეული პოლიტიკურ-ისტორიული საფუძვლები შეგვიძლია მოვიძიოთ, განსხვავებით ოსებისგან, რომლებიც იმდროინდელ საქართველოში აღიქმებოდნენ, როგორც ეროვნულ უმცირესობად კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებებით, მაგრამ ტერიტორიული თუ სხვა ავტონომიის უფლების გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ოსებსა და  ქართველებს შორის იყო კარგი ურთიერთობები და ყველაზე მეტი შერეული ოჯახები. მაგრამ, ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირის შორეულ მიზნებზე გათვლილმა პოლიტიკამ და მეორე მხრივ, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში ზვიად გამსახურდიას  ეთნონაციონალურმა მოწოდებებმა, ამ ორი ეთნოსის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა დაძაბა. აფხაზ და ოს სეპარატისტებს თავიანთი ქმედებების გასასამართებლად წარსულიდან მოჰყავთ ისტორიის ის მონაკვეთები, რომელიც ერთი შეხედვით მართლაც კანონიერ ბაზისს უქმნის მათ მოთხოვნებს, მაგრამ მეორეს მხრივ მათი ერთა თვითგამორკვევის პრინციპი სრულიად ეწინააღმდეგება მასზე მეტად მნიშვნელოვან და პირველხარისხოვან სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ურღვევობის პრინციპს. საბოლოოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სადაც რუსეთი თვითნებურად მოქმედებდა და სეპარატისტებს ემხრობოდა, მან არაკანონიერად და ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. დღემდე ამ რეგიონებში რჩება მისი ჯარები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად მას არ გაჰყავს (მიუხედავად იმისა, რომ 6 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე ხელი მოაწერა, სადაც ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ჯარების გაყვანას ეხება). ფაქტობრივად მან მოახდინა საქართველოს ამ რეგიონების ოკუპაცია.
ზემოთ ხსენებული ქეისებისგან განსხვავებით, ახალი და საკმაოდ ცხელი კონფლიქტია უკრაინის შიდა დაპირისპირება, რომელიც სამოქალაქო ომის ხასიათს იძენს. 2013 წლის ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უკრაინის ხელისუფლების უარმა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, რასაც ხელისუფლების მხრიდან მწვავე ნაბიჯების გადადგმა მოჰყვა - აქციის მოანწილეები და ბერკუტი (უკრაინია პოლიცია) არ ერიდებოდნენ ერთმანთის ფიზიკურ განადგურებას. მიუხედავად ასეთი ქმედებებისა, ხალხი უკან არ იხევს და დაპირისპირების მწვავე ხასიათი კვლავ გრძელდება. იქიდან გამომდინარე რომ უკრაინაც ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, აქ საკმაოდ დიდი წილია ეთნიკური რუსებისა (8 მლნ-ზე მეტი 2001 წლის აღწერით), რომლებიც ძირითადად კონცენტრირებულნი არიან აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე და შესაბამისად ესაზღვრებიან რუსეთს, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის საგარეო ვექტორთან დაკავშირებით მოსახლეობამ გამოხატა განსხვავებული შეხედულებები. ბუნებრივია, უკრაინელ ეთნოსის წარმომადგენლებს სურთ იყვნენ დამოუკიდებელი, განვითარებული, ძლიერი ეკონომიკის მქონე, დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები, რის მიღწევასაც ისინი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციით წარმოიდგენენ და ეს ლოგიკურიცაა, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყანა, ამასთან გეოგრაფიულადაც ევროპის ნაწილია. ევროკავშირი კი არის ევროპის ქვეყნების კავშირი. იგივე სიკეთენი სურს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მეორე ნაწილს, რუს ეთნოსს, თუმცა არა დასავლეთთან, არამედ რუსეთთან ინტეგრაციით. საბჭოთა კავშირი უკრაინელების ცნობიერებაში არის დამპყრობელი“, უცხო“, რომელმაც დამოუკიდებლობა წაართვა მათ ქვეყანას, მაგრამ რუსი ეთნოსისთვის ეს პირიქით იყო. იქიდან გამომდინარე რომ მათი წილი უკრაინელების შემდეგ გაცილებით მეტია სხვა ეროვნებებზე, მათი განსხვავებული შეხედულებები და მისწრაფებები აღმოჩნდა საკმაოდ ძლიერი, რაც გადაიზარდა მათ შორის შიდა დაპირისპირებაში და გაღვივდა ეთნიკური რუსებით დასახლებული რეგიონების რუსეთთან სიახლოვის გამო. აგორებული საპროტესტო ტალღა ზვირთად იქცა და  მოიცვა პარალელურად სხვა პრობლემებიც, უპირველესად კი ხელისუფლების შეცვლა. უკონტროლო არეულობით ისარგებლა რუსეთმა და ყირიმში გადაწყვიტა ჯარების შეყვანა, რამაც კონფლიქტი უფრო გაამწვავა. რუსები ინარჩუნებენ გავლენას აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმზე. მაშინ როცა ეს მათთვის არის წართმეული წარსულის დაბრუნების“ პროცესი, უკრაინელებესთვის ეს საპირისპიროდ აღიქმება და როგორც აღნიშნნეს, ისინი  მზად არიან  თავი გაწირონ, რათა რუსეთმა კიდევ ერთხელ არ წართვას თავისუფალი მომავალი, როგორც ეს წარსულში გააკეთა სსრკ-მ.
განხილული ქეისების მთავარი პრობელმა არის იდენტურობა და მისი აღქმა სხვადასხვა ეთნოსების მიერ წარსულიდან გამომდინარე, რომელსაც კელმანი ნაშრომში ეროვნული იდენტობის როლი კონფლიქტის მოგვარებაში“, განმარტავს, როგორც ჯგუფის მიერ საკუთარი თავის ერთობად განსაზღვრის მექანიზმს. მისი თქმით კონფლიქტში ჩართული თითოეული მხარის ხედვით მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს აქვს უფლება იყოს დომინანტ პოზიციაში, რასაც ემატება წარსულით მანიპულაცია, და საბოლოო ჯამში ვიღებთ კონფლიქტის გამწვავებას.
ერთი შეხედვით, თითქოს კონფლიქტი მოგვარებადია, თუ დაპირისპირებულ ეთნიკურ ჯგუფებს აზროვნება შეეცვლებათ, სტერეოტიპები გადაიხედება, გაკეთდება წარსულის სწორი ანალიზი და ორი ეთნოსის მიზნების/ინტერესების გადაკვეთა, ამ ეთნოსების იდენტიფიკაცია მინიმუმ ერთი ქვეყნის მოქალაქეებად, რომელთა მიზანი იქნება ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის წინსვლა და განვითარება, რაც თავის მხრივ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ ფონს უკეთესობისკენ შეცვლის; ეს გზა უკეთესია, ვიდრე ნაკლებად ობიექტური, ბუნდოვანი კონტურების მქონე წარსულის გამო ერთმანეთის ფიზიკური განადგურება, მაშინ როცა ეს წარსული მოიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებს და რეალურად ვერ უზრუნველყოფს კონფლიქტში ჩართული რომელიმე ერთი მხარის სრულ სამართლიან ბაზისს, რადგან სსრკ-ს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ მათ ერთდროულად მისცა და თან არ მისცა ამის პირდაპირი თუ ირიბი უფლება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და შეიძლება განვიხილოთ გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან უმნიშვნელოვანესი ფაქტორების: წარსულის, ისტორიის, მეხსიერების რეორგანიზებას სჭირდება თაობები, მონდომებასთან ერთად. თუმცა საბოლოო შედეგი ალბათ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე გაყინულ ფაზაში“ შესული კონფლიქტებისა, რომლებიც მონაწილე მხარეთა არდათმობების გამო სავარაუდოდ ათეულობით წელი კვლავ გადაუჭრელი იქნება.


Lionel beehner, november 3, 2005, “Nagorno-kharabakh: the crisis in the Caucasus” 
Pierre Nora, “Berween memory and history: les lieux de memoire
            http://www.jstor.org/
Herbert C. Kelman, 2001, “The role of national identity in conflict resolution”  
Andrea Chalupa, december 17, 2013, “How to explain what’s happening in Ukraine. The conflict that we
          are seeing today stems from a deadly famine that Stalin engineeres back in 1932.
Ulrich Speck, december 4, 2013, “The battle over Ukraine: Towards a new geopolitical game
ისტორიის აღქმა და რეპრეზენტაცია. მეხსიერების პოლიტიკა (ლექციები)
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, 1921 წლის 21 თებერვალი