Friday, November 20, 2015

ერთი და იმავე შედეგის სამი ალტერნატიული გზა: ჩეხოსლოვაკია - ,,საბჭოთა კავშირი’’ - იუგოსლავია



ირინა გურგენაშვილი


საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში მე-20 საუკუნე არის ეპოქა, როდესაც მსოფლიომ ფუნდამენტური ტრანზიცია განიცადა. ამ საუკუნეში დიპლომატიურ თუ საომარ ასპარეზზე გამოვიდნენ სახელმწიფოები, რომლებმაც არა მხოლოდ გეოპოლიტიკა არამედ სისტემის ყველა მახასიათებელი შეცვალეს. ეს იყო პერიოდი, სისხლიანი, დიპლომატიური, დინამიკური და სტატიკური ერთნაირად. მე-20 საუკუნემ გადაიტანა ორი მსოფლიო ომი, უზარმაზარი იმპერიების შექმნა და მათი დაშლა, ,,ცივი ომი“, ახალი სახელმწიფოების წარმოშობა და უკვე არსებულების დანაწევრება.
 ზედმეტად გადატვირთული იყო მსოფლიო ისტორიის ეს ასი წელი, მან სახელმწიფოთა ურთიერთობების თეორიებში ახალი რეალიები შეიტანა, გადაახარისხა ურთიერთ-დამოკიდებულებები და კაცობრიობის განვითარებას ხელახალი ბიძგები მისცა. ძალიან რთულია, აღნიშნულ ეპოქაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდების გამოყოფა. ყოველი ქეისი თავისთავად უნიკალური და საინტერესოა კვლევისთვის, თუმცა, მსოფლიო ომების შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაშლა, აგრეთვე, ჩეხოსლოვაკიისა და იუგოსლავიის დაყოფა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და უნიკალურ შემთხვევებად განიხილება საერთაშორისო ურთიერთობებში. სამი კავშირი და მათი განსხვავებული გზები, ერთი და იმავე, საბოლოო შედეგთან, თავისთავად, საინტერესო კვლევის საგანია. წინამდებარე თემაში მე-20 საუკუნის ამ უნიკალურ შემთხვევებს განვიხილავთ, შევადარებთ მათ მდგომარეობას, დაშლის მიზეზებს, განსხვავებულ გზებსა და მსგავს შედეგებს. აღსანიშნავია, რომ თემაში არ განვიხილავთ ამ მოვლენებზე გავლენის მქონე გარე პროცესებს, წინამდებარე ნაშრომი, მთლიანად, კავშირების შიგნით მიმდინარე პროცესებზეა ორიენტირებული.

მიუხედავად იმის, რომ 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენები, დღეისათვის უკვე ისტორიის საკუთრებაა, იგი მაინც არ კარგავს თავის აქტუალურობასა და მნიშვნელობას. ,,საბჭოთა კავშირის“ დაშლა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური მოვლენა იყო, მან 70 წლის მანძილზე ერთი საგარეო პოლიტიკის მატარებელი 15 ქვეყანა განსხვავებულ აქტორებად აქცია. მოვლენამ ჩამოშალა მსოფლიოში მანამდე არსებული ბიპოლარული სისტემა და მსოფლიო პოლიტიკა მულტიპოლარისტულად გადააქცია. სწორედ ამ მოვლენიდან იღებს სათავეს რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ახალი პოლიტიკა, რომელიც ჯერ პრო-დასავლურობით, შემდეგ კი მისწრაფებების გადახარისხებით და ჰეგემონობის დამკვიდრების სურვილით  გამოირჩევა. შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ თანამედროვე საერთაშორისო სისტემის მოწყობაზე, ძალთა ახალ ბალანსსა და გადანაწილებაზე, შეუძლებელია, კონტექსტიდან ამოვიღოთ საბჭოთა კავშირის დაშლის მოვლენა და არ ჩავიდეთ მისი დეტალების სიღრმეებში, სწორედ ამიტომ, თემა ვერ დაკარგავს თავის უნიკალურ მნიშვნელობას. რაც შეეხება იუგოსლავიას, მისი დაშლის დროს განვითარებულმა სისხლიანმა მოვლენებმა, მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა, წინა პლანზე გადმოწია ,,ჰუმანიტარული ინტერვენციის“ მნიშვნელობა და საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ სამართალს გადახარისხების საშუალება მისცა - ეს არის კიდევ ერთი მიზეზი აღნიშნული თემის აქტუალურობისა. ჩეხოსლოვაკიის შემთხვევაც, თავისთავად, უნიკალურია რადგან იგი აჩვენებს გამოყოფილი ქვეყნების მაღალი პოლიტიკური თვითშეგნების ხასიათს. იგი არის საუკეთესო მაგალითი მშვიდობიანი, ახალი, გეოპოლიტიკური წყობის ჩამოყალიბებისა.  ამ ყოველივეს გათვალისწინებით,  უნდა ითქვას, რომ თემა ნამდვილად მნიშვნელოვანია XXI საუკუნეშიც.
საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში არსებული მრავალი თეორიიდან, ძნელია მოიძებნოს ისეთი გრანდ-თეორია, რომელიც ზუსტად ხსნის ამ სამი მოვლენის განსხვავებული გზით დამდგარ ერთ შედეგს. თუმცა არსებობს საშუალო ზომის სხვადასხვა თეორია, რომელიც თითქმის შეუცდომლად ხსნის არსებულ მოვლენათა ჯაჭვს.  მათგან მნიშვნელოვანია ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთ - დამოკიდებულების თეორია. თეორიის ავტორები, ამ კონკრეტული ქეისების მიმართ იყენებენ ტერმინს ,,კასკადისებური შედარება“ და ცდილობენ ამ შედარების გზით სამ ძირითად კითხვას გასცენ პასუხი: 1. რატომ დამთავრდა კომუნისტური რეჟიმი მთლიანად კონტინენტზე? - ამ შემთხვევაში ისინი გამოკვლევას იწყებენ სოციალისტური რეჟიმების შედარებით ერთმანეთთან და ასევე სხვა აუტორიტარულ-ბიუროკრატიულ სისტემებთან. 2. რა უნდა ჩაითვალოს მათი გადახრილი ტრანზიციის მიზეზად? ამ შემთხვევაში იყენებენ ტრანზიციაში მყოფი ქვეყნების შედარების მეთოდს. და 3. რატომ მოხდა, რომ შემდეგმა სამმა ქვეყნამ სრულიად განსხვავებული გზით დაასრულა სოციალისტური სისტემა - ჩეხოსლოვაკია, სსრკ, იუგოსლავია - პირველმა მშვიდობიანად, მეორემ შედარებით  ნაკლებად მშვიდობიანად და მესამემ სისხლისმღვრელი ომით? - ამ შემთხვევაში ყურადღება ექცევა თითოეულ ქვეყნაში ცენტრსა და პერიფერიას შორის ურთიერთობების შედარებას. თეორია განსხვავებული დაშლის ახსნას ცენტრალური და პერიფერიული ელიტების მოქმედებებში, პოლიტიკური ინტერესების და პოლიტიკური გადარჩენის სხვადასხვა სტრატეგიებში ხედავს.
სოციალისტურ პერიოდში, საბჭოთა კავშირი, იუგოსლავია და ჩეხოსლოვაკია იზიარებდნენ ერთსა და იმავე მახასიათებელს: ნაციონალურ-ფედერალურ სტრუქტურას. ამ შემთხვევაში, ძალიან  მნიშვნელოვანი და პირველი არგუმენტია, სოციალიზმის ინტსტიტუციური დიზაინის არსებობა, კონკრეტულად - ინსტიტუციური განსხვავებები ერთი მხრივ, იუგოსლავიას და  მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირსა და ჩეხოსლოვაკიას შორის. პრაქტიკულად, სოციალისტურ პერიოდში, მხოლოდ იუგოსლავიაში იყო წარმოდგენელი ექსტრაორდინალური დეცენტრალიზაცია, განსაკუთრებით, 1974 წლის კონსტიტუციის შემდეგ. იუგოსლავიაში ყველაზე დომინანტ ქვეყანას, სერბიას, ზუსტად ისეთივე ინსტიტუციური შესაძლებლობები ჰქონდა როგორც იუგოსლავიის სხვა რესპუბლიკებს. სწორედ ეს ფაქტორი გვევლინება პირდაპირ კონტრასტში ჩეხოსლავაკიასთან და ,,საბჭოთა კავშირთან’’ შედარებით. რუსეთი ,,საბჭოთა კავშირში’’ და ჩეხეთი ჩეხოსლოვაკიაში აკონტროლებდა ცენტრალურ დონეზე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინსტიტუტებს, შესაბამისად მთლიანად რეჟიმს, ამისგან განსხვავევებით სერბეთი არ იყო ამგვარ დომინანტურ მდგომარეობაში სხვა რესპუბლიკებთან მიმართებით. რუსეთსა და ჩეხეთს ჰქონდათ პოლიტიკური დომინანტობა და შეზღუდული ინსტიტციური რესურსები, რამაც ნაციონალიზმის უფრო ლიბერალურ ფორმებში განვითარება გამოიწვია. ისინი ტოლერანტულები გახდნენ სახელმწიფოს დაშლის მიმართაც კი თუ ეს გზა მათ შეუნარჩუნებდათ თავიანთ რესპუბლიკაში პოლიტიკურ ძალაუფლებას. შესაბამისად, ცენტრალური ძალისთვის, „პურის ნაჭრის“ ნახევარი უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე საერთოდ არაფერი, მითუმეტეს, რომ იმ დანარჩენი ტერიტორიის შენარჩუნებას ძალაუფლებისა და რეფორმების გაჭიანურება და წარუმატებლობა შეეძლო, განსაკუთრებით ძლიერია ეს არგუმენტია ჩეხეთის შემთხვევაში,  იმიტომ რომ სლოვაკეთთან შედარებით ბევრად განვითარებული იყო და სლოვაკეთის დარჩენას შეიძლება დაემუხრუჭებინა მისი განვითარების ტემპები.
მეორე არგუმენტი, რომელიც მათ ცენტრსა და პერიფერიას შორის განსხვავებას კარგად აჩვენებს არის  სამხედრო თავდაცვით საკითხი. იუგოსლავიაში არსებობდა იუგოსლავიის ეროვნული არმია და ამასთან ერთად შემავალ რესპუბლიკებს საკუთარი სამხედრო  დანაყოფებიც გააჩნდათ. ეს დანაყოფები იყო საკმაოდ ძლიერი და თითქმის ისეთივე რესურსების მქონე, როგორც, თავად, ეროვნული არმია. ეს ფაქტორი იუგოსლავიას განსხვავებულ მდგომარეობაში აგდებდა, ვინაიდან, ჩეხოსლოვაკიის და ,,საბჭოთა კავშირის“ შემთხვევაში სამხედრო რესურსები მთლიანად ცენტრალურ დონეზე კონტროლდებოდა და შემავალ რესპუბლიკებს ცენტრის გარეშე უშუალო წვდომის საშუალება არ გააჩნდათ.
მესამე არგუმენტი, რომელიც ამ სამი სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს შორის განსხვავებას აჩვენებს არის რესპუბლიკების ურთიერთ-დამოკიდებულება. იყვნენ თუ არა ისინი ცენტრისგან დამოუკიდებლად მჭიდრო კავშირში.  იუგოსლავიაში შემავალი რესპუბლიკები იზოლირებულები იყვნენ ერთმანეთისგან და ხასიათდებოდნენ ძალიან გასნხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური პროფილით. მათ დაუგროვდათ კონფლიქტის დიდი ხნის ისტორია, რომელიც განპირებებული იყო სახელმწიფოს ინსტიტუციური მოწყობით და არა ძველი ისტორიული მიზეზებით თუ სიძულვილით. შესაბამისად, რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობა ცენტრის წინააღმდეგ, როგორც ,,საბჭოთა კავშირში’’ მოხდა, ან ხელშეკრულების საფუძველზე იუგოსლავიის დატოვება, როგორც ჩეხოსლოვაკიაში მოხდა, იუგოსლავიის შემთხვევაში შეუძლებელი აღმოჩნდა.
არსებობს მოსაზრება, რომ ცენტრსა და პერიფერას შორის ურთიერთ-დამოკიდებულება და ინსტიტუციური მოწყობა არ არის კორელაციაში ამ რესპუბლიკების დაშლის განსხვავებულ ფორმებთან. ამ მოსაზრების მომხრეები ზემოთ ხსენებულ არგუმენტებს ითვალისწინებენ, თუმცა ჩანასახშივე გამორიცხავენ, რომ ისინი შესაძლოა სხვადასხვაგვარი ტრანზიციის განმსაზღვრელი ფაქტორები გახდნენ. ისინი ძირითად მიზეზეად ისტორიული კონტექსტის განსხვავებულობას და პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილების სხვადასხვაგვარობას ასახელებენ.  ამ კონტრ-არგუმენტის მომხრეები (მაგ: ანდრეი ტრეისმანი) მიიჩნევენ, რომ ერთი, რომელიმე რესპუბლიკის დაწინაურება და პოლიტიკური კვოტების უპირატესობა ხდება კონფლიქტების და დაშლის უშუალო მიზეზი, შესაბამისად განსხვავებული  დაყოფის სათავე. მათ მოსაზრების გასამყარებლად  მოჰყავთ ჩეხოსლოვაკიის და იუგოსლავიის მაგალითი. კომუნისტური პერიოდში და მანამდეც (1918-1938) ჩეხები მუდმივად იკავებდნენ  სახელმწიფო ადმინისტრაციაში ყველაზე მნიშვნელოვან პოსტებს. არჩევნები ტარდებოდა ორ - ფედერალურ და რეგიონულ დონეზე. შესაბამისად, განვითარდა, პოლიტიკური სეპარატიზმის შეგრძნება ჩეხებსა და სლოვაკებს შორის. ორ დონიანი საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო ხელს უწყობდა უკვე ნაციონალური განსხვავებებით მოტივირებულ პოლიტიკურ გაყოფას. სლოვაკები სლოვაკებს - ირჩევდნენ და ჩეხები - ჩეხებს. 1990 წლისათვის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაყოფილი იყო ორ პარტიას შორის - ,,ჩეხური სამოქალაქო დემოკტაიის პარტია“ და ,,დემოკრატიული სლოვაკეთის პარტია.“ ჩეხური პარტია მხარს უჭერდა ძლიერ ცენტრალურ ხელისუფლებას და რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს, სლოვაკური პარტია კი დეცენტრალიზაციას ემხრობოდა და ეწინააღმდეგებოდა ეკონომიკურ რეფორმას. პოლიტიკურ-ინსიტუციური მოწყობის თვალსაზრისით ჩეხოსლოვაკიური პოლიტიკური სისტემა უმცირესობას უჭერდა მხარს ახალი კანონდმებლობის მიღების პროცესში, ეს ნიშნავს, რომ პოლიტკური სისტემა იცავდა სლოვაკებს, კონსტიტუციური ცვლილებების დროს, მაგალითად ისეთ უმრავლეოსობა იყო საჭირო რომ სლოვაკების ხმას გადაეწყვიტა შედეგი ან დამბლოკავი უმცირესობა ისეთი იყო, რომ  სლოვაკებს შეძლებოდათ დაბლოკვა. სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებებიც აშკარა იყო:  სლოვაკების ეკონომიკა ინდუსტრიასა და იარაღის წარმოებაზე იყო დამოკიდებული, რომელმაც დიდი დარტყმა მიიღო 1991 წლის  რეფორმების შემდეგ. უმუშევრობის რაოდენობა გაიზარდა. მაშინ როცა ჩეხეთში კვლავ მცირე პროცენტი იყო უმუშევრობის.  სრულიად განსხვავებული წარმოდგენები არსებოდა ქვეყნის განვითარეობის ამ ორ რესპუბლიკაში. სოციალურად საყურადღებოა, რომ მიგრაციის დონე ძალიან მცირე იყო. სლოვაკები სლოვაკეთში ცხოვრობდნენ და ჩეხები - ჩეხეთში.  სწორედ ამას განიხილავენ ჩეხოსლოვაკიის უმტკივნეულო დაშლის მიზეზად. იუგოსლავიის შემთხვევაში კი რეალობა ასეთი იყო: სერბეთში ძალიან იყო წახალისებული ეთნიკური ძალადობა,  სერბების ექსპანსიური ნაციონალიზმის გამო.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშკარა იყო რომ მრავალ პარტიული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ამავდროულად კი მოსახლეობის მხოლოდ 39% იყო ეთნიკურად სერბი, რაც ვერ უზრუნველყოფდა ეთნიკურად  სერბი მმართველი პოლიტიკური პარტიის გამარჯვებას. შესაბამისად, სისხლისღვრა გარდაუვალი გახდა. რა თქმა უნდა, ეს არგუმენტი არის სერიოზული წონის მქონე, იგი ნამდვილად შეიცავს გასათვალისწინებელ მიზეზებს, თუმცა ეს მოსაზრება არ გამორიცხავს პირველი სამი არგუმენტის ვალიდურობას. მიგვაჩნია, რომ ეს არგუმენტი პირიქით ამყარებს ჩვენს შეხედულებას, გამომდინარე, იქიდან, რომ საარჩევნო სისტემა უშუალოდ ინსტიტუციონალიზმში შემავალი ფაქტორია, ინსტიტუციონალიზმი კი ჩვენი მთავარი საკვლევი საკითხია.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნის მოვლენათა ჯაჭვის უსასრულობაში  სამი დიდი სოციალისტურ-კომუნისტური რესპუბლიკის დაშლა, უდავოდ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ჩეხოსლოვაკიამ, ,,საბჭოთა კავშირმა“ და იუგოსლავიამ დაშლითა და ტრანზიციით შეცვალეს არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მსოფლიო ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დააყენეს. მათი დაშლის განსხვევებების ახსნას არერთი მეცნიერის შრომა მიეძღვნა,  გადაახარისხდა მრავალი საერთაშორისო თეორია და მსოფლიო საზოგადოებას ახალი სისტემური რეალობა შეუქმნა.  ჩვენ დავსვით ლოგიკური კითხვა მათი დაშლის განსხვავებულობასთან დაკავშირებით და ასევე ლოგიკური ჯაჭვით ავაგეთ ჰიპოთეზა, რომ ცენტრსა და პერიფერიას შორის  დამოკიდებულებათა სხვაობა და ინსტიტუციური რესურსების სხვადასხვაგვარი დისტრიბუცია - იწვევს მრავალეთნიკური სახელმწიფოების დაშლის განსხვავებულ  ფორმებს.  გაცნობილი ლიტერატურის საფუძველზე, ჩვენ მიერ, შემუშავებული ჰიპოთეზა ეჭვქვეშ არ დამდგარა. ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიისა და ,,საბჭოთა კავშირის“  შედარებითმა ანალიზმა, პირიქით, გაამყარა მისი ვალიდურობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ კვლევის საწყისი ეტაპია, იგი აუცილებლად საჭიროებს განვრცობას, უფრო დიდი მასშტაბის ლიტერატურის გაცნობასა და სხვადასხვა მოვლენების სიღრმეებში ჩახედვას, რათა დეტალები უფრო სწორად და თანმიმდევრულად იქნას გაანალიზებული. ვთვლით, რომ შესაბამისი კვლევის განვრცობის და უფრო სიღრმისეული ანალიზების შემთხვევაში კვლევა იქნება უკვე არსებული ლიტერატურის გადახარისხება და ახალი სიტყვა აღნიშნულ საკითხში.

ბიბლიოგრაფია
ინგლისურენოვანი ლიტერატურა:
Gair , Lundestad. East, West, North, South Major Developments in International Relations Politics Since .Oxford: Oxford University Press, 2012 ( Sixth Edition).
Valerie J. Bunce. The Violent Dissolution of Yugoslavia: A Comparative Perspective. Minnesota: the Center for Austrian Studies, 1997.
Fink-Hafner, Danica. The Disintegration of Yugoslavia. Canadian Association of Slavists, 1995.
Arfi, Badredine. State Collapse in a New Theoretical Framework: The Case of Yugoslavia. Studies in Political Sociology, M.E. Sharpe, Inc. 1995.
Akturk, S. 15 Years after the “Collapse” of Soviet Socialism: The Role of EliteChoices, Class Conflict, and a Critique of Modernization Theory. 2008.
Cuff, Matthew. When Velvet Turns Red: The Peaceful Breakup of Czechoslovakia and the Violent Split of Serbia and Kosovo – Why the Difference?. 2014.
ქართულენოვანი ლიტერატურა:
რონდელი, ალექსანდრე. საერთაშორისო ურთიერთობები. თბილისი: ნეკერი, 2006 (მესამე გამოცემა).
ალექსიძე, ლევან. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი. თბილისი: ინოვაცია, 2010.
ზურაბიშვილი, თინათინ. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006.