Tuesday, April 29, 2014

BRICS და უკრაინა: საერთო პოზიციის ძიებაში


ლაშა ახალაია

          ფაქტი, რომ უკრაინის კრიზისის თემამ მთელი მსოფლიო მოიცვა სიახლეს აღარ წარმოადგენს. თუკი დასავლეთისა და შეერთებული შტატების პოზიცია, კრიზისთან დაკავშირებით, გასაგებია, იმავეს ვერ ვიტყვით ისეთ ქვეყნებზე, რომელებიც, ხშირად, რუსეთის ფედერაციის მოკავშირეებად მოიაზრებიან. რუსეთის მიერ, თანადაფუძნებულ, მზარდ ეკონომიკურ გაერთიანება „BRICS“- ის წევრებს (რუსეთი,ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია) სწორედ ასეთ მოკავშირეებში“ მოიხსენიებენ. BRICS-ის ქვეყნებს ხშირად გააჩნიათ ერთიანი ხედვა მსოფლიოს მომავალ ეკონომიკურ მოწყობასთან  დაკავშირებით. თუმცა ვრცელდება BRICS-ის საერთო პოზიცია პოლიტიკურ საკითხებზე? უკრაინის კრიზისზე?

ჩინეთი, გარდა იმისა რომ BRICS - ში შედის,  აგრეთვე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრიც არის და  რუსეთის უდიდესი მეზობელიც. მისი ეკონომიკა მსოფლიოში, სიდიდით მეორე ადგილზეა. საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთი თავშეკავებული და ზომიერი პოლიტიკის გამტარებელია. პოლიტიკურ საკითხებში იგი იშვიათად მოიაზრება დასავლეთთან ალიანსში და თავს იკავებს კონკრეტული პოლიტიკის მხარდაჭერისგან.

კრიზისის საწყის ეტაპზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხაზს უსვამდა უკრაინის მთავრობასა და ოპოზიციას შორის კონფლიქტის, დიალოგის გზით გადაჭრის აუცილებლობას. აფიქსირებდა, რომ უკრაინა არის სტრატეგიული პარტნიორი და ოფიციალური ჩინეთი შეშფოთებულია განვითარებული მოვლენების გამო. გადატრიალებისა და კონფლიქტში უშუალოდ რუსეთის ჩართვის შემდეგ, ჩინეთის საგარეო უწყება, შეიძლება ითქვას, დასავლეთის განწყობას დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ უკრაინაში დღევანდელ სიტუაციას ჰქონდა თავისი მიზეზები. მოიხსენიებდა რა მდგომარეობას ძალიან გართულებულად და მგრძნობიარედ“, ჩინეთი მოუწოდებდა კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისა საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარებისკენ და მიმართავდა მოსკოვს, ეთანამშრომლა ამ მხარეებთან, რათა დაეცვა რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამასთანავე, სერგეი ლავროვმა, ჩინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ, მსოფლიო საზოგადოებას ამცნო, რომ რუსეთისა და ჩინეთის პოზიციები უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მრავალ ასპექტში თანხვდებოდა. მეტიც, პუტინთან სატელეფონო საუბარში პრეზიდენტი სი ძინპინი გამოთქვამდა იმედს, რომ ნაბიჯები, გადადგმული რუსეთის ხელმძღვანელობით, შეამცირებდა სოციო-პოლიტიკურ დაძაბულობას და განაპირობებდა რუსულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას უკრაინის ტერიტორიაზე. ფაქტია ისიც, რომ ჩინური მხარე არ მიესალმა, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ინიცირებულ, ცალმხივი სანქციების პოლიტიკას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვანგ იმ, განაცხადა, რომ პრიორიტეტულია თავშეკავებული და ფრთხილი პოლიტიკის გატარება, რათა მოვლენების შემდეგი ესკალაცია თავიდან აიცილონ. გერმანიაში, ჩინეთის ელჩმა ში მინგდემ, დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის წინაღმდეგ სანქციების დაწესებამ შესაძლოა საშიში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს, რომლის გაკონტროლებაც ძნელი იქნება. ჩინური მხარე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებზე. ამავედროს,  თავი შეიკავა შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე ხმის მიცემისგან, რომელიც ყირიმის რეფერენდუმს ძალა დაკარგულად აცხადებდა. რუსეთმა ეს რეზოლუცია ჩააგდო.
ჩინელი ლიდერების ამ ზომიერად პრო-რუსულ განწყობას თავისი მიზეზები აქვს, რომელთაგან  ორი უმნიშვნელოვანესია: 1. ახალი მოკავშირე აზაური პოლიტიკის გატარებისთვის - ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ძირითადად, მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის ინიციატივებით, ახალ ერაში გადადის, რაც ქვეყნის რეგიონული ძალიდან მსოფლიო ძალად ტრანზიციაში გამოიხატება. ამ პროცესის ნიშანია აქტიურობა, როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ ორგანიზაციებში, ასევე პირველადი ინტერესების წინ წამოწევა, დასავლეთთან დაპირისპირება და საერთაშორისო ასპარეზზე მოკავშირეთა ძიება, მით უფრო, რომ ეს მოკავშირე გაეროს უშიშროების წევრია, ბირთვული შეიარაღების მქონეა და დასავლური დომინანტის წინააღმდეგია. ასე რომ, ჩინეთსა და რუსეთს სჭირდებათ ერთმანეთი გეოპოლიტიკურად.
დიდი სანავთობე გარიგება რუსეთი-ჩინეთი        

და  2. ენერგო პოლიტიკა - ჩინეთის ლიდერი პირველი საგარეო ვიზიტით სწორედ რუსეთში იმყოფებოდა გასულ წელს, სადაც ჩაეყარა კიდევაც საფუძველი დიდ სანავთობე გარიგებას, რომელიც ჩინეთში რუსული ნავთობის ექსპორტს გულისხმობს. შემთხვევითი არ შეიძლება იყოს სი ძინპინის სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე დასწრება და 4 მარტს პუტინთან სატელეფონო საუბრისას (ძირითადად, უკრაინის თემას შეეხებოდა), მათ მიერ, პროექტის განხორციელების გზების დასახვა. ჩინეთის ეკონომიკა უფრო და უფრო იზრდება და მისი რესურსებით უზრუნველყოფაც აუცილებელია. ეს არის გზა, რუსეთისთვის, შესაძლო დასავლური იზოლაციისგან თავდასაღწევად. პროექტის ირგვლივ მოლაპარაკებები მაისში გაიმართება, პუტინის ჩინეთში ვიზიტის დროს.
რაც შეეხება, პრო-რუსული განწყობის ზომიერებას„. მას სამი ფაქტორი აწონასწორებს. პირველი - ჩინეთისთვის ნაკლებ მომგებიანია გადაუხვიოს თავის საერთაშორისო სამართალს მიმყოლ იმიჯს“, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივი დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესების მხარდაჭერას გაეროს ტრიბუნებიდან. ეს პროცესი ხშირად სრულიად არაქმედითია კონფლიქტების მოსაგვარებლად, თუმცა ჩინეთს მატებს პოლიტიკურ დივიდენდებს. სწორედ ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ ის კრიზისის, მედიაციისა და დიპლომატიურ ჩარჩოებში მოგვარების გზები, რომლებიც ჩინეთის ელჩმა გაეროში შესთავაზა უშიშროების საბჭოს წევრებს, ხოლო სანქციების მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. მეორე - ჩინეთს არ სურს გაუფუჭდეს ურთიერთობები უკრაინასთან, რადგან იგი მსხვილი ბიზნეს პარტნიორია. ჩინეთზე მოდის უკრაინის ექსპორტის დაახლოებით 4%. ჩინელებს აქვთ ეკონომიკური ინტერესებიც, ფლობენ დამუშავებადი მიწის 9%-ს ქვეყანაში. უკრაინამ, ასევე, მიჰყიდა მათ სამხედრო დანიშნულების რამდენიმე თვითმფრინავიც. ამ მხრივ, ჩინეთსთვის ხელსაყრელია არ დაუშვას მოვლენების უკონტროლობა (ომი) უკრაინაში. და მესამე - რუსეთის არაზომიერი, უფრო ფართო მხარდაჭერა და მისი ყოველი ნაბიჯის გამართლება, განსაკუთრებით  რეფერენდუმთან დაკავშირებით, ჩინეთს პრობლემას შეუქმნის ქვეყნის შიგნით, სადაც ვხვდებით სეპარატისტულად განწყობილი რეგიონებს (ტიბეტი), რომელთათვისაც რეფერენდუმის ჩატარების უფლების მინიჭება სახალხო რესპუბლიკისგან გამოყოფის დასაწყისი იქნებოდა.
BRICS-ის მეორე ქვეყანა, რომელსაც რუსეთის მოკავშირეობა შეიძლება დავწამოთ არის ინდოეთი. მიუხედავად იმის, რომ მათი საგარეო უწყება ორი კვირის განმავლობაში, უკრაინის თემაზე ყოველგვარი ოფიციალური განცხადებისგან თავს იკავებდა, დუმილი მაინც, დაირღვა 6 მარტს. სამინისტრომ გააკეთა  დამაბალანსებელი მიმართვა, სადაც ოფიციალური დელი შეშფოთებას გამოთქვამდა კრიზისის გართულებასთან დაკავშირებით და ხაზს უსვამდა დიპლომატიური ძალისხმევისა და კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობას მდგომარეობის დასარეგულირებლად. მომდევნო დღეს მას მოჰყვა, ეროვნული უშიშროების მრჩევლის, შივ შანკარ მენონის, აშკარად, მიკერძოებული განცხადება, სადაც იგი რუსეთის ინტერესებს უკრაინაში ლეგიტიმურს უწოდებდა.

გარდა ამ გამოსვლისა, პრო-რუსულ განწყობაზე ინდოეთისა   სხვა ნაბიჯებიც მიუთითებს. 1. ინდოეთი დაუპირისპირდა სანქციების დასავლურ პოლიტიკას. 2. არ ცნო კიევის ახალი მთავრობა. 3. ურთიერთობები რუსეთთან არათუ გაცივდა, არამედ დათბა, რაზეც ისც მიუთითებს, რომ ყირიმის მიერთების შემდეგ, ინდოეთის ლიდერი იყო პირველი, ვისაც პუტინმა დაურეკა, გააცნო თავისი მოსაზრება უკრაინის ირგვლივ და ამასთანავე განიხილა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზები ეკონომიკისა და სამხედრო სფეროებში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ინდოეთსა და ჩინეთს, კრემლში გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა კრიზისის პერიოდში გამოხატული მხარდაჭერისთვის და მისი ქვეყნის ნაბიჯების სწორად გაგებისთვის.
ინდოეთის მუდმივ  პრობლემად რჩება პაკისტანი. შესაბამისად,  მისი დაბალნსება რუსეთთან სამხედრო ალიანსით ხდება (საპირისპიროდ აშშ-პაკისტანის ტანდემი). ამ ალიანსის მეშვეობით, რუსეთი იქცა ინდოეთისთვის იარაღის მთავარ მიმწოდებლად. რამდენად მნიშვნელოვანია ინდოეთთან ალიანსის შენარჩუნება მიუთითებს ქვეყანაში, კარს მომდგარი არჩევნების ფონზე, რუსეთის გააქტიურება. პუტინს ხელს აძლევს, ოპოზიციური კანდიდატის, ნარენდრა მოდის გამარჯვება, რომელსაც ამერიკა ქვეყანაში შესვლას უკრძალავს 2002 წელს განხორციელებული რელიგიური ხოცვა-ჟლეტის მოწყობის გამო. მოდიც, დიდი ალბათობით, გამარჯვების შემდეგ უფრო მეტად ანტი-ამერიკული პოლიტიკის გამტარებელი იქნება. პოზიციას, უკრაინის ირგვლივ, ზოგიერთი ექსპერტი უკავშირებს 70-იან წლებში ინდოეთის შიდა პოლიტიკას. კერძოდ, სიკიმის რეგიონის შეერთებას, რომელიც თითქმის ზუსტად ემთხვევა ყირიმის სცენარს.
რაც შეეხება ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას, ისინი ინარჩუნებენ მათთვის მეტად ხელსაყრელ სიჩუმეს. ორივე ქვეყნის საგარეო უწყებამ მოუწოდა მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი და დიალოგის გზით გადაწყვეტისაკენ. კონკრეტული პოზიცია ამ ქვეყნებს არ დაუჭერიათ. ბრაზილიის შემთხვევაში  დუმილი შეიძლება ავხსნათ იმით, რომ მთავრობისთვის ამჟამად პრიორიტეტული კარს მომდგარი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება და ქვეყაში არსებულ მძიმე სოციალურ გამოწვევებთან გამკლავებაა, ხოლო საგარეო საკითხები კი მეორე პლანზე დგას. თუმცა, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის დროს ძირითადად იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რის გამოც რუსეთი შეიჭრა ყირიმში, რაც მისი ამ ქმედების ნელ-თბილ მხარდაჭერად უნდა ჩავთვალოთ. დასავლურ ეიფორიას არც აფრიკელები შეერთებიან, რისი ერთ-ერთი მიზეზიც რუსულ სახელმწიფოსთან მათი კავშირები და პუტინის დაპირება, სამხრეთ აფრიკის ბირთვული პოტენციალის გაზრდის შესახებ, უნდა იყოს.
24 მარტს, ეკონომიკური გაერთიანების წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჰააგაში რიგგარეშედ შეიკრიბნენ, სადაც იმსჯელეს მიმდინარე მოვლენებზეც. შეხვედრის შემდგომ კი გაავრცელეს ერთიანი განცხადება, სადაც მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთის შესაძლო არ მოწვევა დიდი ოცეულის მომდევნო სამიტზე ავსტრალიაში და დააფიქსირეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები არა ცალმხრივად, არამედ საერთო თანხმობით უნდა მიიღებოდეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ BRICS ამ ნაბიჯით ხელს უშლის დასავლეთს, იზოლაციაში მოაქციოს პუტინი.
ხუთი დღის შემდეგ კი, გაეროს გენერალურ ასამბლეაში უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის რეზოლუციაზე ხმის მიცებისას გაერთიანების ოთხმა წევრმა თავი შეიკავა, ხოლო რუსეთმა მხარი არ დაუჭირა.
ზემოთ ჩამოთვლილი ქმედება-უმოქმედობებით, განცხადებებითა და მიმართვებით ცხადი ხდება, რომ გაერთიანების ქვეყნების პოზიცია უკრაინის თემასთან მიმართებაში უფრო პრო-რუსულია, ვიდრე პრო-დასავლური. რუსეთისადმი ლოიალურია სამხრეთ აფრიკაც და ბრაზილიაც. აქვე შეიძლება ავღნიშნოთ, რომ თუკი ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ლოიალური პოზიცია უფრო მეტად BRICS-ის წიაღში თანამშრომლობისას განვითარდა, ინდოეთისა და ჩინეთის მხარდამჭერ-მოკავშირული პოზიციები გაერთიანების გარეთ ჩამოყალიბდა, კერძოდ რუსეთთან ინდივიდუალურად, ორმხრივი მოლაპარაკების დროს, რომელიც განსაკუთრებით წახალისებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აშშ-ს წარმომადგენლობით. განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყნების თანმხვედრი შეფასებების სათავე BRICS-ის მრგვალი მაგიდაა, ჯერაც ადრეა და ორგანიზაციის შემაკავშირებელი ეფექტიც სუსტია. ამასთანავე, გაერთიანების არც ერთი ქვეყანა უსიტყვოდ არ უჭერს მხარს რუსეთის ყირიმულ კამპანიას, ეს მხარდაჭერა შეიძლება სიმპათიის გამოვლინება უფრო არის, ვიდრე კარგად ჩამოყალიბებული კავშირის, განსაკუთრებით აფრიკისა და ბრაზილიის მხრიდან. თუმცა საერთო ქმედებები ზევით და მრავალ ასპექტში, მსგავსი ხედვები უკრაინის ირგლივ, მეტყველებს წევრი ქვეყნების მზადყოფნაზე გაზარდონ პოლიტიკური თანამშრომლობა გაერთიანების შიგნით.

სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასთან გაგრძელდება, 25.02.2014http://thebricspost.com/strategic-partnership-with-ukraine-to-continue-china/
მოკავშირე პრეზიდენტები განიხილავენ უკრაინისა და ორმხრივი თანამშრომლობის თემას, 05.03.2014                               http://thebricspost.com/allies-xi-putin-discuss-ukraine-bilateral-ties/
ოფიციალური კრემლი რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ, 04.03.2014http://eng.kremlin.ru/news/6765
ჩინეთის საგარეო მინისტრის ვანგ ის შეხვედრა მედიასთან, 08.03.2014 http://www.fmprc.gov.cn/eng/wjb/wjbz/2461/t1135385.shtml
ჩინეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია, 14.03.2014 http://news.ge/ge/news/story/82909-chineti-rusetisatvis-sanqtsiebis-datsesebis-tsinaaghmdegia
რუსეთი ბლოკავს გაეროს რეზოლუციას ყირიმის რეფერენდუმის წინააღმდეგ, 15.03.2014http://www.reuters.com/article/2014/03/16/us-ukraine-crisis-un-idUSBREA2F02920140316
პუტინი დასავლური იზოლაციის წინააღმდეგ აზიის გამოყენებას აპირებს, 21.03.14 http://www.reuters.com/article/2014/03/21/ukraine-crisis-russia-asia-insight-tv-pi-idUSL6N0MH26N20140321
ჩინეთი მოუწოდებს თავშეკავებისკენ უკრაინაში http://www.reuters.com/article/2014/03/17/us-ukraine-crisis-china-idUSBREA2G03O20140317
უკრაინა - ჩინეთის ჩარევის მიზეზი, 10.03.2014 http://thediplomat.com/2014/03/ukraine-a-case-for-chinese-involvement/
ჩინეთის საგარეო პოლიტიკა: ახალი ერა, 17.03.2014 http://thediplomat.com/2014/03/chinese-foreign-policy-a-new-era-dawns/
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა, 06.03.2014http://www.mea.gov.in/press-releases.htm?dtl/23041/Recent+developments+in+Ukraine
ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის შეხვედრა მედიასთან, 06.03.2014http://www.mea.gov.in/media- briefings.htm?dtl/23042/Transcript+of+media+briefing+by+National+Security+Advisor+March+06+2014
რუსეთის პრეზიდენტისა და ინდოეთის პრემიერმინისტრის სატელეფონო საუბარი, 18.03.2014                                                                    http://www.mea.gov.in/press-releases.htm?dtl/23101/Prime+Ministers+telephone+conversation+with+Russian+President+Vladimir+Putin
ყირიმის სეცესიას საერთო აქვს ინდოეთთან სიკიმის შეერთებასთან,18.03.14 http://in.rbth.com/blogs/2014/03/18/crimean_accession_has_parallels_to_sikkim_joining_india_33823.html
არჩევნები ინდოეთში და მისი მნიშვნელობა რუსეთისთვის, 20.03.2014 http://in.rbth.com/blogs/2014/03/20/elections_in_india_and_their_significance_for_russia_33885.html
სამხრეთ აფრიკის გავრცელებული მიმართვა, 03. 03.2014 http://www.southafrica.info/news/international/ukraine-030314.htm
ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრი ყირიმის კრიზისზე, 04.03.14 http://www1.folha.uol.com.br/internacional/en/world/2014/03/1420805-brazilian-foreign-minister-supports-dialogue-in-venezuela.shtml
ბრიქსმა გააკრიტიკა პუტინის იზოლაციის მცდელობა, 24.03.2014 http://thebricspost.com/brics-at-hague-slam-attempts-to-isolate-putin/